კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქვრივი დაქვრივებამდე

თადეუშ კონვეის დამკრძალავი ბიურო მამისგან ერგო მემკვიდრეობით, მაგრამ ამ საქმეში გამოცდილებაც ჰქონდა. ბევრნაირი ჭირისუფალი ენახა, რომელთა შორის უნუგეშო ქვრივებიც მრავლად იყვნენ და ისეთებიც, რომლებსაც ქმრის სიკვდილი მხოლოდ მოჩვენებითად თუ აღელვებდათ. მაგრამ იმ დღეს მოსულმა კლიენტმა განაცვიფრა. ქალი ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, საშუალო სიმაღლის, კოხტა ტანისა და ელეგანტური გარეგნობის. არც ისე ძვირფასი, მაგრამ, ხარისხიანი ტანსაცმელი ეცვა. თადეუშმა ვისკის გადაკვრა მოასწრო, სანამ კარს გაუღებდა. სახეზე კარგად დამუშავებული მწუხარე გამომეტყველება მოირგო და ქალბატონი თავაზიანად შეიპატიჟა მისაღებ ოთახი:

– ჩაის ან ყავას ხომ არ ინებებთ, მემ?

– მისის პედინგტონი ვარ. დიახ, დავლევ ჩაის, ლიმონით და ერთი ნატეხი შაქრით...

თადეუშმა ზარი დარეკა. ბალზამირებისთვის განკუთვნილ ოთახში მყოფი მისი თანაშემწე მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა და ცეცხლზე ჩაიდანი შემოდგა წყლის ასადუღებლად.

– შეიძლება, მოვწიო? – იკითხა ქალმა.

– რა თქმა უნდა, მემ, – თადეუშმა ქალს დაკვირვებული მზერა შეავლო და იფიქრა, ეს ნებისმიერ მამაკაცს აჯობებს ეშმაკობაშიო. – მგონი, აჯობებს, ფუჭი ლაპარაკით ძვირფასი დრო არ წაგართვათ. თქვენ, ალბათ, მისტერ პედინგტონის დაკრძალვის თაობაზე მობრძანდით. უკაცრავად, ასე პირდაპირ და მოურიდებლად მოგახალეთ. ხომ არაფერი მეშლება?

– არა, არ გეშლებათ. ჩემი მეუღლე წუხელ საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევაც შეიძლება დავარქვათ – აივანზე გავიდა ძილის წინ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, აივანი კი აღარ იყო.... მეთერთმეტე სართულიდან გადავარდა...

თადეუშმა გაოცება ვერ დამალა:

– ვერ გავიგე... აივანი არ იყო? რანაირად?

– წინა დღეს მოხსნეს, როგორც ამორტიზებული, ჩემმა ქმარმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. მინდოდა, გამეფრთხილებინა, მაგრამ, ვერ მოვასწარი.

– რა სამწუხაროა...

ქვრივმა შუბლი შეიჭმუხნა:

– ვერ მოგატყუებთ, ამის გამო სასოწარკვეთაში არ ჩავვარდები. ჩემი ქმარი ძალიან ძუნწი და პედანტი იყო. კარგი არაფერი მახსენდება, თაფლობის თვეც კი არ გვქონია. სულ ხელმომჭირნეობდა. ანდერძიც კი ისეთი დაწერა, ორი წლის განმავლობაში ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა. იძულებული ვარ, დაკრძალვის ხარჯებიც მინიმუმამდე დავიყვანო. არავითარი ძვირფასი კუბო და პანაშვიდები არ იქნება. ტანსაცმელსაც არ შევუკერავთ და გამოვუცვლით...

– მაგრამ... – გაოგნებულმა თადეუშმა შუბლი შეიჭმუხნა, – თქვენი მეუღლე ხომ მეთერთმეტე სართულიდან გადმოვარდა!

– სწორედაც! თითქმის გაბრტყელდა. ამიტომაც, კრემაციას გავუკეთებთ. ტანსაცმელი რაღა საჭიროა? მორგიდან აქ გადმოასვენებენ, მერე უბრალო, სადა ყუთით დავკრძალავთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმარი მხოლოდ მიესალმებოდა ასეთ მომჭირნეობას... არ ვაპირებ უნუგეშო ქვრივის როლი ვითამაშო. მისი პრაქტიკული და ანგარიშიანი ხასიათის გადამკიდემ, ორი წელი სულ სიღატაკეში უნდა ვიცხოვრო. ვერც გავთხოვდები, ვერც ვიმუშავებ, ვერც დაზღვევის თანხას გამოვიყენებ ამ ხნის განმავლობაში. სულ რაღაც უბადრუკი ორი ათასი დოლარი... არადა, საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი. მაგრამ, გავუძლებ... ახლა გესმით ჩემი, რატომ ვცდილობ, ყველაფერში ეკონომია გავაკეთო?!

– დიახ, მემ, მესმის, – თანაგრძნობით დაუქნია თავი თადეუშ კონვეიმ – ძალიან გაგიჭირდებათ. სად ცხოვრობთ, მისის პედინგტონ?

– ბრიარვუდ გარდენის 11.

თადეუში შეიჭმუხნა. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული რაიონი იყო. ქალი მაშინვე მიხვდა მის მიმიკას.

– დიახ... სახლი საკმაოდ ძვირადღირებულ რაიონში შევიძინეთ – ამაზე ჩემს ქმარს ფული არ დანანებია. აივანიც მისი ახირება იყო... საკუთარ აღსასრულს შეუწყო ხელი. თუმცა, შეიძლება, მისმა სიკვდილის გარემოებამ ძალიანაც მახეიროს.

– ეს როგორ უნდა გავიგოთ, მემ?

– როგორ და, ჩემი კომპენსაცია გაორმაგდება, თუკი სიკვდილის გარემოებები არაბუნებრივად ჩაითვლება. არარსებული აივნიდან ჩავარდნა, მგონი უნდა იყოს არაბუნებრივი გარემოება. კიდევ 500 დოლარი მაქვს, რომლის შესახებაც ადამმა არაფერი იცოდა.

– თუ არ შეასრულებთ ანდერძის პირობებს...

– ო, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. მაშინ, მთელი თანხის მხოლოდ მეათედი მერგება. ეს კი ნამდვილად არ დამიმსახურებია.

– ძვირფასო ლედი, მართალი ბრძანდებით... ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის...

ერთი საათის შემდეგ თადეუში და მისი კლიენტი უკვე ყველაფერზე შეთანხმებულები იყვნენ. თადეუშმა მისის პედინგტონი გააცილა და თავის დამხმარეს, ჯონს დაუძახა.

– სადილის შემდეგ, ალბათ, გაბრტყელებულის გადმოსატანად მოგიწევს წასვლა.

– საიდან უნდა მოვიტანო?

– არ ვიცი. დაგვირეკავენ და გვეტყვიან. ალბათ, ქალაქის მორგიდან.  

– დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა?

– მეთერთმეტე სართულიდან... იცი, ამაზე ლაპარაკი შეიძლება ცოდვაა, ჯონ, – კეფა მოიქექა თადეუშმა, – მაგრამ, რატომღაც, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იმ საცოდავს ხელი ცოლმა ჰკრა.

– რას ამბობ, იმ ქალს გულისხმობ, ახლა აქედან რომ გავიდა?! ისეთი ჰაეროვანი და უწყინარი ჩანდა...

– ჰმ, მე კი მგონია, რომ წინათგრძნობა არ მატყუებს, – თავი გადაიქნია თადეუშმა.

– ბარემ ახლავე წავალ, რაღას ველოდოთ?

– არა. სანამ არ დარეკავს, ვერსადაც ვერ წავალთ – ასეთია პირობა.

სადილის შემდეგ თადეუში და ჯონი ვისკის წრუპავდნენ და კლიენტის ზარს ელოდებოდნენ. გარედან სირენის ხმა მოისმა.

– რა ხდება, სადმე ხანძარია? – იკითხა თადეუშმა.

– არა, სასწრაფოს მანქანაა, თანაც, პოლიციის სასწრაფოსი, ჩვენთან გაჩერდა.

– აჰა, ალბათ, მისის პედინგტონმა თავისი ქმრის გვამი გამოგვიგზავნა, მაგრამ, პირველად ვხედავ, ამისთვის პოლიციის სასწრაფოს მანქანა გამოეყენებინოთ.

ორმა პოლიციელმა გვამი, უფრო სწორად, მისტერ პედინგტონის გვამის ნარჩენები, სპეციალური ტომრით შეიტანა დამკრძალავ ბიუროში. თადეუშმა მათ ვისკი შესთავაზა.

– მორგიდან? რა მორგიდან, პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან მოვდივართ. როგორც კი ექსპერტმა გვამის თქვენთან წამოღების უფლება მოგვცა, ეგრევე წამოვედით.

თადეუშმა ყურებს არ დაუჯერა.

– რაო?! ექსპერტი გვამს თერთმეტი საათი ამოწმებდა?!

– რატომ თერთმეტი საათი? – პოლიციელმა მხრები აიჩეჩა, – ეს უბედური საათ-ნახევრის წინ გადმოვარდა მეთერთმეტე სართულიდან ქვიშით სავსე ტომარასავით, ხელოსნებს დაზიანებული აივანი მოუხსნიათ, ცოლმა კი მისი გაფრთხილება ვერ მოასწრო. კარგი ვისკია, ბიჭებო, გმადლობთ.

თადეუშმა და ჯონმა ერთმანეთს გადახედეს.

скачать dle 11.3