კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-15(746) 

– გმადლობთ. სახლში შემობრძანდით, – კარმენმა ჯაბა სახლში შეიპატიჟა და გვერდით გაჰყვა.

დონ კარლო მოზესი ძველი მეგობარივით შეხვდა სტუმარს. გადაეხვია. შემდეგ ზურგზე მოუთათუნა ხელი. სავარძელში დასვა და უთხრა:

– როგორ იმგზავრეთ, ჩემო მეგობარო, შორეულმა გზამ ხომ არ მოგქანცათ?

– გამოგიტყდებით და ცოტა არ იყოს, მართლაც დავიღალე, – მიუგო ჯაბამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, მარტო დარჩენილიყო. დაესვენა და საკუთარი მამის მკვლელთან სალაპარაკოდ განწყობილიყო, რათა მტერს ის არ გაეშიფრა.

– თქვენთვის კომფორტული აპარტამენტებია გამზადებული. ერთი საათი დაისვენეთ, შემდეგ ვისადილოთ. ცოტა გავისეირნოთ კიდეც და საქმესაც მივხედოთ, – უთხრა მოზესმა სტუმარს და ქალიშვილს მიუბრუნდა:

– კარმენ, სტუმარს მიხედე და თავისი ოთახი უჩვენე.

დიასახლისმა ჯაბა აპარტამენტებამდე მიაცილა. გაუღიმა და უთხრა:

– დაისვენეთ, ძვირფასო სტუმარო. ერთ საათში კი სუფრასთან გელოდებით.

მოზესის სასტუმრო აპარტამენტები სამი ოთახისგან შედგებოდა. ჯაბამ მხოლოდ ცალი თვალით შეათვალიერა ოთახი და სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად. ის დარწმუნებული იყო, რომ მასპინძლები ფარული ვიდეოკამერებით უთვალთვალებდნენ და არც შემცდარა. მოზესებს სასტუმრო ოთახებში უამრავი ვიდეოკამერა ჰქონდათ დამონტაჟებული და არა მარტო უყურებდნენ, არამედ უსმენდნენ კიდეც ოთახში მყოფთ.

„მიყურეთ და მისმინეთ. ბევრს ვერაფერს შეიტყობთ. აი, მე კი ბევრ რამეს გავიგებ თქვენგან“, – ფიქრობდა ჯაბა და სხეულს ისაპნიდა. ყურებს რომ მიადგა, უხილავი მოძრაობით მარცხენა ნიჟარაში გამჭირვალე, პლასტიკური ბურთულა შეიტენა და შხაპს შეუდგა. შემდეგ, ვითომ და საპონს იცილებდა, ბურთულას ნეკა თითი მიაჭირა და მოსასმენი მოწყობილობა აამოქმედა.

საქმე კი ის იყო, რომ კარლო მოზესს პერანგზე მინიატურული, თვალისთვის უხილავი გადამცემი მოწყობილობა ჰქონდა მიკრული. როდესაც მასპინძელმა ზურგზე მოუთათუნა ხელი, ჯაბამ „ჟუკიც“ მაშინ მიაწება. ჩამწერი და მოსასმენი მოწყობილობები სპეციალური ნივთიერებებისგან იყო დამზადებული. ორი საათის შემდეგ დნებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ამიტომ, მათი აღმოჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა და აგენტი უშბა წარმატებით იყენებდა მათ ავღანეთშიც, როცა საველე მეთაურებისგან საიდუმლო ინფორმაციებს იგებდა.

– ფიგურას ვერ დაუწუნებ, – მოესმა ჯაბას კარმენის ხმა, რომელიც მამამისის გვერდით იდგა და უზარმაზარ მონიტორზე შხაპის ქვეშ მდგომ ჯაბას აკვირდებოდა.

მამა-შვილი ქართულად საუბრობდნენ და დონ კარლომ შვილს მიუგო:

– ცარიელი კუნთია. მაგრად წვრთნიან ამ  რჯულძაღლებს, – დაეთანხმა ქალიშვილს კარლო მოზესი, – თანაც, საკმაოდ ჭკვიანიცაა და თავს არ მოგატყუებინებს. ასეთთან მტრობას, მეგობრობა ჯობია. რა თქმა უნდა, პირობითად. თორემ, ჩვენს ბიზნესში, ისევე როგორც ყველაფერში, მეგობრები არ არსებობს და ყველა მტერია. ამიტომ, ყოველთვის მზად უნდა იყო მათ მოსაგერიებლად და გასანადგურებლად. გახსოვდეს ეს, შვილო და არასდროს მოდუნდე. მთელი ცხოვრება ასე გავატარე და ეს რომ არ მცოდნოდა, აქამდე ვერ მოვიდოდი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დამხვრეტდნენ ან ჩემი მტრები მომკლავდნენ.

– ხომ გაანადგურე ისინი?

– ყველა არა. დარჩნენ კიდევ. მაგრამ, იმედია, მათაც მოვუღებ ბოლოს. მე თუ ვერ მოვესწარი, მაშინ შენ იზამ.

– ბევრნი დარჩნენ?

– არც ისე. მაგრამ, ყველაზე მთავარი და საშიში მტრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ჩვენს საქმეებს რომ მოვაგვარებთ, ისევ მათ მივუბრუნდები და გავწყვიტავ. საკუთარი ხელით უნდა ამოვხადო მათ სული.

– რომ გაიშიფრო?

– როგორ? – გაეცინა კარლო მოზესს.

– რა ვიცი. ვინმემ რომ გიცნოს. ან ისეთი რამ მოხდეს, რაც გაგშიფრავს... – მხრები აიჩეჩა კარმენმა.

– გამორიცხულია. შენ გარდა, არავინ იცის, თუ ვინ ვარ სინამდვილეში და დანარჩენი სამყაროსთვის თვითმფრინავის კატასტროფაში დავიღუპე და მოსკოვის პრესტიჟულ სასაფლაოზე ვარ დაკრძალული.

– მაინც, როგორ მოახერხე ეს?

– ყველაფერი კარგად დავგეგმე და შევასრულე.

– მომიყევი, თუ არ გეზარება. რამდენჯერ შემპირდი და ვერ მოახერხე.

– საბჭოთა უშიშროების გენერალი ვიყავი და დიპლომატის საფარით, საგარეო დაზვერვის დავალებებს ვასრულებდი კოლუმბიაში. საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა და კარიერული წინსვლის პერსპექტივაც აღარ არსებობდა. თანაც, ჩემი მტრები ძალიან მომიახლოვდნენ და ჩავარდნის პირას ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე, გავმქრალიყავი. თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა შევიტანე და ფარულად დავამონტაჟე. შემდეგ დასაძინებელი გაზი გავუშვი. სახეზე აირწინაღი გავიკეთე. სპეციალური ჩემოდანი კი, სადაც საიდუმლო ინფორმაცია ინახებოდა, ერთ-ერთ მგზავრს ხელბორკილით ხელზე მივაბი. ტაიმერი ჩავრთე და პარაშუტით გადმოვხტი. თუმცა, თვითმფრინავი ჯერ ჩამოვარდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა შემდეგ ამოქმედდა, რადგან ჩაძინებულმა პილოტებმა მართვის უნარი დაკარგეს. სხვათა შორის, ძლივს გადავრჩი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან სულ რაღაც ორასიოდე მეტრში დავეშვი. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღა მეც მომწვდა და ჩემი პარაშუტიანად შორს მომისროლა.

– ასე გარისკვას არ ჯობდა, რომ თვითმფრინავი უბრალოდ დაგენაღმა. შენ კი ხმელეთზე დარჩენილიყავი?

– გამორიცხული იყო, – გაეცინა მოზესს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მეთვალყურე მითვალთვალებდა. მე ხომ საიდუმლო ინფორმაციებით სავსე ჩემოდანი მიმქონდა და სანამ თვითმფრინავი ჰაერში არ აიჭრა, ფეხი არ მოუცვლია.

– თუ ასე იყო საქმე, მაშინ ხომ გვამებსაც დაითვლიდნენ და ერთი რომ მოაკლდებოდათ, შეიძლება, ეჭვი შეჰპარვოდათ და არც შენი სიკვდილი დაეჯერებინათ.

– მართალი ხარ. ამიტომ, მე ამაზე ადრევე ვიზრუნე და თვითმფრინავში ერთი ზედმეტი მგზავრი შევაპარე, ვითომ და ის საბჭოთა კავშირში უნდა ჩამეყვანა ფარულად. სხვათა შორის, მას კარლო მოზესი ერქვა და მისი საბუთებით ვცხოვრობ დღემდე.

– სინამდვილეში, ვინ იყო ის მოზესი?

– მარტოხელა კოლუმბიელი გლეხი. ამ საქმისთვის წინასწარ შევარჩიე და დავაბოლე, რადგან ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან აორთქლება დამჭირდებოდა.

– შემდეგ რა მოხდა. სად და როგორ შეიცვალე გარეგნობა?

– ბრაზილიაში. რიოში ერთი ქირურგი-კოსმოლოგი მყავდა შეთვალიერებული და ოპერაცია მან გამიკეთა. სამი თვე თავადვე მივლიდა არალეგალურად. ბოლოს ის ოკეანეში ჩავუგდე ზვიგენებს. უკანასკნელი მოწმეც მოვიცილე და ქვეყანას ახალ ამპლუაში მოვევლინე. ფული მქონდა. ინფორმაციებს ვფლობდი. ამიტომ, ნარკობიზნესში ჩართვა არ გამჭირვებია და სულ რაღაც ერთ წელიწადში, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. შემდეგ შენც წამოგიყვანე. დანარჩენი კი კარგად იცი. ათი წლის იყავი და ყველაფერი გემახსოვრება.

– მამა, რაღაც უნდა გკითხო.

– მკითხე, გისმენ.

– დედაჩემს რა დაემართა?

– შვილო, ამ ამბის გახსენება არ მიყვარს. მაგრამ, რადგან მეკითხები, გიპასუხებ. მხოლოდ შევთანხმდეთ, რომ ამ თემას აღარასოდეს დაუბრუნდები, რადგან ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია და ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს. ის ცხონებული, რა თქმა უნდა, შენ გარდა, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში და მის გარეშე ახლაც კი მიჭირს.

– მეტს აღარ გკითხავ.

– დედაშენი ფეხმძიმედ იყო. ფანჯარას წმენდდა, ფეხი დაუცურდა, ჩამოვარდა და დაიღუპა. მე იმ დროს სამსახურში ვიყავი, შენ კი – ჩვილი და გეძინა.

– ძალიან გიყვარდა დედა?

– უზომოდ.

– მამა, დედაჩემის ფოტო არ გაქვს?

– არა, შვილო, სამწუხაროდ, არა.

– დედა რომ დაიღუპა, მერე რა მოხდა?

– თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ შენ მიხსენი. ჩვილი იყავი და ვერ გაგწირე. დროებით დეიდაშენთან დაგტოვე და მოსკოვში გადავედი სამუშაოდ. იქ კი ჯერ საბავშვო ბაღში მოგაწყვე, შემდეგ სკოლაში გაგიშვი და ძიძა გივლიდა.

– მახსოვს ჩემი ძიძა. კარგი ქალი იყო, ანა ვასილიევნა. ნეტავ, როგორაა ან ცოცხალი თუა საერთოდ.

– მკვდარია.

– შენ რა იცი?

– შენ და ის სოჭში ისვენებდით. ხომ გახსოვს, მე რომ წამოგიყვანე?

– მახსოვს.

– სამწუხაროდ, შენი ძიძის გაქრობა გახდა საჭირო, რომ კვალი დამეფარა. ისე მოვაწყვე საქმე, თითქოს შენ და ის ზღვაზე კატერით სეირნობისას დაიხრჩვით. ისევ შენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

– მოკალი?

– ის და კატერის მძღოლი ზღვაში ჩაიძირნენ. შენ კი თურქეთის გავლით წამოგიყვანე.

– სამწუხაროა. მაგრამ, რას იზამ. ასე სჭირდებოდა საქმეს, – თქვა კარმენმა და პათოლოგიურად გაეღიმა.

– რას იზამ, შვილო. ზოგჯერ უდანაშაულო ხალხის გაწირვაც გიწევს კაცს საქმის გამო, – პათოლოგიურადვე გაეღიმა კარლო მოზესს და მცირე პაუზა გააკეთა, –თუმცა, აბსოლუტურად უდანაშაულო არავინაა ამქვეყნად.

– ჩვენ გარდა, – გაეცინა კარმენს.

– რა თქმა უნდა, – მიუგო კარლო მოზესმა.

– მამა, კიდევ ერთს გკითხავ.

– გისმენ.

– დედაჩემის მერე ცოლი არ მოგიყვანია?

– ცოლი არა. თუმცა, ერთი ქალისგან შვილი მყავს.

– შვილი გყავს?

– კი. შვილი მყავს და ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. დედამისი ცოცხალი აღარაა, თუმცა მე მას ვპატრონობ. ერთ-ერთ ბანკში მის სახელზე ანგარიში მაქვს გახსნილი.

– გიცნობს?

– რა თქმა უნდა. არა, თუმცა სულ მალე გამოვეცნაურები და შენც გაგაცნობ. ხომ არ ეჭვიანობ?

– არა. პირიქით. ერთი სული მაქვს, გავიცნო.

– აუცილებლად გაგაცნობ. უკვე ერთი წელია, რაც არ მინახავს და ყველაფერს რომ მოვაგვარებ, აქ ჩამოვიყვან. იმედია, გაუხარდება და შემოგვიერთდება.

– იმედია.

– კმაყოფილი ხარ ჩემი პასუხებით?

– კი. მამა. მეტი შეკითხვა აღარ მაქვს.

– წადი და ჩვენი სტუმარი გააღვიძე. ერთ საათზე მეტია, სძინავს და ეყოფა, – უთხრა კარლო მოზესმა კარმენს და გაუღიმა.

ჯაბას, რა თქმა უნდა, არ ეძინა. მან თავი მოიმძინარა. გულდასმით ისმენდა მამა-შვილის საუბარს და ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვია.

– გაიღვიძე, ძვირფასო სტუმარო. სუფრა უკვე გაშლილია და გელოდებით, – უთხრა კარმენმა ტახტზე წამოწოლილ ჯაბას, რომელიც წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა, დიასახლისს გაუღიმა და მიუგო:

– ბოდიშს გიხდით, ჩამძინებია... ხუთ წუთში გეახლებით.

კარმენი წავიდა. ჯაბა წამოდგა. თავი მოიწესრიგა და სასადილო ოთახისკენ გაემართა.

– დაბრძანდით და გემრიელად მიირთვით, – უთხრა დონ კარლომ სტუმარს და გაუღიმა.

მოზესების მდიდრული სუფრა მრავალფეროვანი კოლუმბიური კერძებით იყო გაწყობილი, რომლებიც ჯაბას მართლაც ძალიან მოეწონა და მასპინძლებს გულწრფელად შეუქო ტრაპეზი. სადილს რომ მორჩნენ, მამა-შვილმა სტუმარი თავიანთ უზარმაზარ მამულში გაასეირნეს და ყველაფერი დაათვალიერებინეს. გიგანტურ ტერიტორიაზე გადაჭიმული კარ-მიდამო ხუთმეტრიანი სქელი, რკინა-ბეტონის ღობით იყო გარშემორტყმული. ყოველ ორ მეტრში უახლესი წარმოების ვიდეოკამერა და სასიგნალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. კბილებამდე შეიარაღებული მცველები კი ჭადრაკული სისტემით იყვნენ განლაგებულები და ჯაბამ ოცდაათამდე „გორილა“ დაითვალა. კარ-მიდამოს ჩრდილოეთ ნაწილში უზარმაზარი, ტროპიკული ხეებით შემოღობული ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი იყო მოწყობილი, რომელზეც უახლესი მოდელის სწრაფმავალი დაჯავშნული შვეულმფრენი იდგა. მოზესების სამფლობელოს სამხრეთ ნაწილში მტაცებლებისთვის განკუთვნილი ტერიტორია იყო გამოყოფილი, სადაც კატისებრთა ოჯახის ყველა დიდ ცხოველს მოეყარა თავი. იქვე მდებარეობდა უზარმაზარი აუზიც და მასში ყველაზე საშიში და სისხლისმსმელი ზვიგენები დაცურავდნენ. ველური ბუნების ამ ფრაგმენტს, მსოფლიოს ყველაზე შხამიანი და მახრჩობელა გველების საშენი აგვირგვინებდა ქვეწარმავალთა ასამდე სახეობით. ექსკურსია სამიოდე საათი გაგრძელდა და ვილაში რომ დაბრუნდნენ, კარლო მოზესმა ჯაბას უთხრა:

– ახლა კი, ძვირფასო სტუმარო, საქმეს მივხედოთ. ჩემს კაბინეტში გადავინაცვლოთ და დავილაპარაკოთ.

კარლო მოზესის კაბინეტიც ისევე მდიდრულად იყო მოწყობილი, როგორც მთელი მისი კარ-მიდამო. ძვირფასი, წითელი ხისგან დამზადებული ინკრუსტრირებული ავეჯი იდეალურად ერწყმოდა ხეში ჩასმულ ოთახსა და იატაკზე დაგებულ, ძვირფასი ბეწვის ხალიჩას. ჯაბამ დიდი გულისყურით დაათვალიერა კაბინეტი. მასპინძელს გემოვნება შეუქო და უთხრა:

– ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, სენიორ მოზეს. გისმენთ.

– როგორც წინასწარ შევთანხმდით, თქვენთვის განკუთვნილი იარაღის პარტია რიოს ტერმინალშია. აი, ამ მისამართზე, – მოზესმა ჯაბას ფურცელზე დაწერილი მისამართი გადასცა, – ასევე, შეთანხმებისამებრ, საქონელი შეგიძლიათ, დღესვე წაიღოთ. ფულის გადახდას კი ორი კვირის განმავლობაში თუ შეძლებთ, კარგი იქნება. თუ არა და კიდევ ორ კვირას გაცდით.

– ფულს იარაღის წაღებამდე მოგართმევთ, სენიორ მოზეს. თქვენ, ის ბრძანეთ, როგორ გნებავთ, გადარიცხვით თუ ხელზე?

– ნაღდი ქეში, რა თქმა უნდა, ჯობია, მაგრამ სირთულეები რომ არ შეგექმნათ, გადარიცხვაზეც თანახმა ვართ. რაც არ უნდა იყოს, ორმილიონ-ნახევარი დოლარი პატარა თანხა არაა და ამხელა გზაზე მისი ტრანსპორტირება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

– დარდი ნუ გაქვთ, ძვირფასო დონ კარლო. ფული ორ დღეში ჩამოვა აქ და ანგარიშს რომ გაგისწორებთ, იარაღსაც მაშინ წავიღებთ. ამ ხნის განმავლობაში კი, თუ, რა თქმა უნდა, თავს არ მოგაბეზრებთ, თქვენი სტუმარი ვიქნები.

– რას ბრძანებთ. რა თავს მოგვაბეზრებთ. სანამ არ მოგწყინდებათ, მანამდე დარჩით აქ.

– აქ ისეთი სამოთხეა, რომ აქაურობა არასდროს მომბეზრდება, მაგრამ საქმეს დიდი ხნით ვერ მივატოვებ. მით უმეტეს, რომ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაჭრელი და უთქვენოდ არაფერი გამოვა.

– რა საკითხი?

– ძვირფასო დონ კარლო, ლეონიდ კოზლოვს თქვენ კარგად იცნობთ.

– დიახ, ვიცნობ.

– ჰოდა, მან ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე ერთი დელიკატური საკითხი წამოაყენა და სასწრაფოდ ითხოვს მის გადაწყვეტას.

– რა საკითხი?

– კოზლოვს მიაჩნია, რომ კოლუმბიური საქონლის შემოტანა ევროპულ ბაზარზე უნდა შეიზღუდოს და როგორც მინიმუმ, ნახევარჯერ.

კარლო მოზესს სახე წამოეჭარხლა. შუბლსა და საფეთქელზე ძარღვები დაებერა. თვალები ჩაუსისხლიანდა და ჩახლეჩილი ხმით იკითხა:

– მერე და რა უპასუხეს რუს დონს?

– ხმები შუაზეა გაყოფილი. ზოგი ემხრობა მას, ზოგიც – არა. დაახლოებით ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. ამიტომ, საერთაშორისო შეკრების ჩატარებაა საჭირო, რომელსაც თქვენც უნდა დაესწროთ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი საერთო საქმისთვის.

– თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? – ჰკითხა მოზესმა ჯაბას და ჩასისხლიანებული მზერა მიაპყრო სტუმარს.

„მე იმ აზრის ვარ, რომ ევროპაში ჩაგიტყუებ და ბოლოს მოგიღებ“, – გაიფიქრა ჯაბამ. მასპინძელს კი გაუღიმა და მშვიდად მიუგო:

– ჩვენი პარტნიორული და ურთიერთხელსაყრელი კავშირებიც რომ არ იყოს, რუსებს ვერ ვიტან და მაინც თქვენ დაგიჭერდით მხარს. ამ პირობებში კი ჩემი და ჩემი ბოსების თქვენდამი მხარდაჭერა უპირობოა და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიღონებთ, კოზლოვის წინადადება ვერ გავიდეს და ვერც გავა.

ჯაბას სიტყვებმა მასპინძელს გუნება-განწყობა გამოუკეთა. კარლო მოზესი სავარძლიდან წამოდგა. ასევე წამომდგარ სტუმარს მიუახლოვდა. გადაეხვია, მხარზე აკოცა და უთხრა:

– დღეიდან თქვენთან ვალში ვართ და მერწმუნეთ, კარლო მოზესმა ღირსეულად იცის ვალის დაბრუნება. გმადლობთ, ჩემო მეგობარო მხარდაჭერისთვის და თუკი ეს თქვენს საქმეს არ დააზარალებს, პრაღაში ერთად გამგზავრებას გთავაზობთ. თანაც, ნახევარ მილიონ დოლარს დაგიკლებთ და მხოლოდ ორი მილიონის გადახტა მოგიწევთ.

– დონ კარლო, ბიზნესი ბიზნესია და ვერ დაგაზარალებთ. თქვენ ისედაც შეღავათი გაგვიკეთეთ, რისთვისაც მადლობელი ვართ. ფულს, შეთანხმებისამებრ, ორ დღეში და ორ მილიონნახევარ დოლარს მიიღებთ. პრაღაში კი ერთად გავემგზავროთ, – მიუგო ჯაბამ მასპინძელს, გაუღიმა და დაამატა, – და, ძალიან გთხოვთ, რომ ეს თემა ამით დავხუროთ.

– კარგი. რა გაეწყობა, – ხელები გაშალა მასპინძელმა. ჯაბამ კი ზურგზე მოუთათუნა ხელი და მორიგი მოსასმენი მოწყობილობა მიაკრა, რომელიც მხოლოდ რვა საათის მერე დნებოდა და მასპინძელს უთხრა:

– თქვენთან ერთი უხერხული თხოვნა მაქვს.

– ბრძანეთ. ჩვენ შორის უხერხულობა არ უნდა არსებობდეს. გისმენთ, ჩემო ძვირფასო.

– დონ კარლო, თუკი თქვენ და თქვენს მომხიბვლელ ქალიშვილს არ ეწყინება, ნება მიბოძეთ, ცოტა ადრე დავწვე. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე და ზეზეურად მეხუჭება თვალები.

– ივახშმეთ და მოისვენეთ.

– ნამდვილად არ მშია, დონ კარლო. ერთი სული მაქვს, შხაპი მივიღო და დავიძინო. ნება მიბოძეთ, დროებით დაგემშვიდობოთ.

– რა გაეწყობა, ძვირფასო. მოისვენეთ. კარმენი მიგაცილებთ ოთახამდე. აბა, დროებით, ტკბილ ძილს გისურვებთ, – დონ კარლომ ხელი ჩამოართვა ჯაბას და ქალიშვილს ანიშნა – გააცილეო.

კარმენმა სტუმარი აპარტამენტამდე მიაცილა და ძილი ნებისა უსურვა. ჯაბა ხელზე ეამბორა დიასახლისს და ოთახში შევიდა. შემდეგ, კვლავ შეუმჩნეველი მოძრაობით მოსასმენი ბურთულა ჩაიდო ყურში და აბაზანას მიაშურა. მამის კაბინეტში დაბრუნებულმა კარმენმა კი კარლო მოზესს ქართულად უთხრა:

– უყურე ამ კოზლოვს, ამ მართლა „კაზიოლს“, რა მოუნდომებია. რას იტყვი, ხომ არ გავაგოროთ კამათელივით?

– არავითარ შემთხვევაში. ამის გაკეთება ჯერ არ შეიძლება, თორემ გავიშიფრებით. ვნახოთ, რა მოხდება შეკრებაზე და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ... ვფიქრობ, ჩვენი სტუმრის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება და ამ პრობლემას ჩვენ სასარგებლოდ მოვაგვარებთ.

– ჩვენი სტუმრის მხარდაჭერამაც რომ ვერ გვიშველოს?

– რას გულისხმობ?

– ხომ არ იცი, რა უტრიალებს თავში კოზლოვს და უბრალოდ, ტერაქტი რომ მოგვიწყოს პრაღაში?

– ამის საშუალებას არ მივცემთ.

– როგორ?

– როგორ და ჩვენს სტუმარს იქ გვერდიდან არ მოვცილდებით. მის მოკვლას კი ის ვერ გაბედავს, ავღანელებს არ გადაიკიდებს.

– და მაინც, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– სიფრთხილე ყოველთვის გვმართებს.

მოზესის კარზე დააკაკუნეს. შემდეგ მისი ერთ-ერთი ხელქვეითი კაბინეტში შევიდა და პატრონს ესპანურად მოახსენა:

– დონ კარლო, სტუმარია და თქვენთან სასწრაფო შეხვედრას თხოულობს.

– ვინ არის?

– ასე ამბობს, ჯეკ ფრიში ვარო.

ფრიშის სახელის ხსენებაზე მასპინძელი შეცბა. თუმცა, არ შეიმჩნია და ხელქვეითს უთხრა:

– ათ წუთში ამოიყვანე.

ხელქვეითი რომ წავიდა, კარმენმა მამამისს ჰკითხა:

– ფრიში ვინღაა?

– თომას ბრაუნი. ამერიკელი ბობოლაა და რადგან ასე მოულოდნელად ჩამოვიდა, ესე იგი, რაღაც სერიოზული მოხდა. ნუ დაენახვები, გადი და რომ წავა, მე თვითონ მოგიყვები ყველაფერს. თუმცა, შეგიძლია, გვერდით ოთახში გახვიდე და ჩვენი ლაპარაკი მოისმინო, თან გვიყურო.

კარმენი გავიდა. ხუთიოდე წუთის მერე კაბინეტში გრიმიანი თომას ბრაუნი შემოვიდა. სავარძელში დაუპატიჟებლად მოკალათდა და გამარჯობის მაგივრად მასპინძელს ჰკითხა:

– აქაურობა სუფთაა?

– ჯერ გამარჯობა, ბრაუნ, – მიუგო ახალმოსულს კოპებშეკრულმა მოზესმა.

– ცერემონიის დრო არ მაქვს. მიპასუხე – აქაურობა სუფთაა?

მოზესმა კაბინეტში მიიხედ-მოიხედა და ბრაუნს ირონიით მიუგო:

– განა აქ სადმე სიბინძურეს ხედავ?

– არც ოხუნჯობის დრო არ მაქვს. მითხარი, ხომ არავინ გვისმენს. ან ხომ არ მიღებ ან მწერ?

– არა, – მოკლედ მოუჭრა მასპინძელმა.

– არც იფიქრო. მით უმეტეს, რომ ეს არც შენ გაწყობს.

– რა გინდა, რისთვის მოხვედი? – მასპინძელმა სურნელოვანი სიგარა ამოიღო ყუთიდან და გააბოლა. სტუმრისთვის კი არც შეუთავაზებია.

სიგარა ბრაუნმა დაუკითხავად ამოიღო ყუთიდან, გააბოლა და მოზესს უთხრა:

– სასწრაფოდ მჭირდება ისეთი კაცი, რომელიც ყუმბარმტყორცნს უშეცდომოდ ისვრის და ყველაფერზეა წამსვლელი. შენს გორილებში თუ მოიძებნება ასეთი?

– ყველა ჩემი გორილა ასეთია, მაგრამ რაში გჭირდება?

– ერთი ზესაიდუმლო ოპერაციისთვის.

– კონკრეტულად?

– კონკრეტიკა აუცილებელი არაა. ასეთი კაცი ახლავე უნდა გამატანო, მაგრამ უკან ვეღარ დაგიბრუნებ.

– ალბათ, მოკლავ, ხომ?

– რას იზამ, ასე მოითხოვს საქმე.

– მაინც, ვისი მოკვლა გსურს?

– მტრის, – მოკლედ მოუჭრა ბრაუნმა.

– მერე და ამისთვის ამ სიშორეზე ჩამოხვედი? შენს უწყებაში დაილია ასეთი ხალხი?

– ჩემი უწყების ხალხს ასეთ საქმეს ვერ დავავალებ და უცხო მჭირდება.

– თუ საქმის კურსში არ ჩამაყენებ, მაშინ ვერაფრით დაგეხმარები.

– ვერ დამეხმარები და ამ შენს წალკოტს ერთ უახლოეს მშვენიერ დღეს ამერიკელი სპეცები მიწასთან გაასწორებენ, რა თქმა უნდა, მასპინძლებთან ერთად. ეს ოპერაცია კი ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეგიდით ჩატარდება.

– და, მაინც არა. გეტყობა, ვიღაც ძალიან ბობოლას გასაღება გინდა და ამიტომ მალავ მის ვინაობას.

– რად გინდა მისი სახელის ცოდნა?

– დიდ შარში რომ არ გამხვიო, იმიტომ.

– შენ ისედაც დიდ შარში ხარ გახვეული, – ირონიით მიუგო ბრაუნმა მოზესს, – უკან დასახევი გზა აღარ გაქვს და ჯობია, დამემორჩილო.

– ბრაუნ, ნუ გავიწყდება, ვის ელაპარაკები. თანაც, ჩემთან ხარ და ინკოგნიტოდ. ამიტომ, შეიძლება, უკან ვეღარ დაბრუნდე. არ მგონია, შენს მოსაძებნად მე მომაკითხონ.

– ტყუილად არ გგონია.

– მომაკითხონ მერე. ვიტყვი, რომ საერთოდ არ გიცნობ და ჩემს ზვიგენებს ხომ არ შეუმოწმებენ კუჭს?

– შენ რა, სულელი გგონივარ? ნუთუ ფიქრობ, რომ აქ მართლა ინკოგნიტოდ ვარ მოსული და ამის შესახებ არავინ იცის? თმიდან რომ ერთი ღერიც ჩამომვარდეს და თორმეტ საათში უკან არ დავბრუნდე, აქაურობას ცელქი ამერიკელი სპეცები აუცილებლად ეწვევიან.

– ეწვევიან და ჩვენც აქ დავხვდებით. ნუ მაშინებ! ან მეტყვი სიმართლეს ან არადა სხვა კანტორას მიაკითხე.

 მოზესის სიჯიუტემ გაჭრა. ბრაუნმა პაუზა გააკეთა და მასპინძელს უთხრა:

– რა გაეწყობა, გეტყვი. მაგრამ, იცოდე, რომ უკან დასახევი გზა ნამდვილად არ გაქვს და ორივეს დიდი საფრთხე გვემუქრება.

– თქვი, – მოკლედ მოუჭრა დონ კარლომ.

– ობიექტი „ეფბეერის“ დირექტორია.

 მასპინძელი ნამდვილად არ მოელოდა ასეთ პასუხს. მან სტუმარს გაოცებული მზერა ესროლა და უთხრა:

– გაგიჟდი, ბრაუნ? 

– სულაც არა. ეს საქმე რომ არ გავჩარხოთ, ორივეს გაგვანადგურებენ.

– რომ გავჩარხოთ არ გაგვანადგურებენ?

– ამით დროს მოვიგებთ. შემდეგ კი ყველაფერი დალაგდება და გამოვძვრებით.

– რას როშავ? „ეფბეერის“ დირექტორის მკვლელობას ვინ მიჩქმალავს. მთელ ქვეყანას დააყენებენ ფეხზე და მაინც მომაგნებენ. შენ შეიძლება, მართლაც გამოძვრე. მე კი მუდმივი სამიზნე უნდა გავხდე. არა, არ მაწყობს.

– შენ ისედაც სამიზნე ხარ, მოზეს და უარით რომ გამისტუმრო, ნუ გგონია, „ეფბეერის“ თანამშრომლების მკვლელობებს გაპატიებენ. აბა, კარგად გაიხსენე. შენი ბრძანებით არ დახოცეს იმ სპეცჯგუფის ყველა წევრი ამ ოციოდე წლის წინ, როდესაც დამაპატიმრეს და ჩემს მეგობრებს რომ არ გადავერჩინე, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი, ისევე, როგორც შენ.  მათი უფროსი დღევანდელი „ეფბეერის“ დირექტორის მეგობარი იყო. როგორც შევიტყვე, დირექტორი იმ საქმეს ქექავს. თავის ხელქვეითებს ფარული გამოძიება დაავალა და დღეს იქნება თუ ხვალ, მომადგება. ყელზე ყულფს მომიჭერს და ვერაფერი გვიშველის. ამიტომ, ჩვენ უნდა დავასწროთ და თავიდან მოვიშოროთ.

– დავუშვათ, დაგთანხმდი ამ სიგიჟეზე. როგორ აპირებ ამ საქმის ტექნიკურად მოგვარებას?

– მკვლელობის შესრულებას გულისხმობ?

– სწორედ მაგას.

– როგორ და, შემსრულებელი ყუმბარმტყორცნიდან გაისვრის. შემდეგ კი თავადვე აფეთქდება და კვალიც მოისპობა.

– მოისპობა? – გაეცინა მოზესს, – ნუთუ ფიქრობ, რომ თუნდაც აფეთქებულ შემსრულებელს ვერ გაშიფრავენ? სულ ნაკუწ-ნაკუწ აკრეფენ მის ხორცებს და დაადგენენ, რომ კოლუმბიელი იყო. შემსრულებლის კოლუმბიელობა კი ჩემზე გამოიყვანს მათ. არა, ასე არ ივარგებს. ამ საქმეში კოლუმბიელის მონაწილეობა საერთოდ უნდა გამოირიცხოს.

– აბა, რას მთავაზობ?

– გირჩევ, სხვა შემსრულებელი მონახო.

– მოზეს, ცეცხლს ეთამაშები. უარით რომ გამისტუმრო, იცოდე, არც შენ დაგადგება კარგი დღე და ჯობია, დამეხმარო.

– ბრაუნ, ნუ მაშინებ. დიდი ხანია, ეს გრძნობა გადავლახე. დახმარებით მართლაც დაგეხმარები, მაგრამ არა იმიტომ, რომ შემაშინე. მართლაც შესაჩერებელია „ეფბეერის“ დირექტორი და ამიტომ.

– რას მთვაზობ?

– ამ საქმეში რუსი უნდა გამოვიყენოთ და მყავს ერთი ასეთი კაცი. ის ნიუ-იორკში ცხოვრობს. ჩემთან ვალშია. თუმცა, არ იცის, ვინ ვარ სინამდვილეში. მას პავლე ზუევი ჰქვია. საბჭოთა კავშირიდან ჯერ კიდევ ოცდახუთი წლის წინ ჩამოვიდა შტატებში. ყოფილი სამხედროა და კარგი შემსრულებელი. მას მე რუსი ვგონივარ და ასე ეტყვი, ანტონ პავლოვმა მოგიკითხაო. ცოტა ფულსაც გადაუხდი და ყველაფერს იდეალურად შეასრულებს. შემდეგ კი შეგიძლია, მოსპო.

– ნიუ-იორკი მაწყობს. სამი დღის შემდეგ სწორედ ნიუ-იორკში ტარდება ის კონფერენცია, რომელზეც „ეფბეერის“ დირექტორიც უნდა მივიდეს და ზუევი მას სასტუმროს შესასვლელთან ესვრის.

– დირექტორის გარდა სხვებიც დაიღუპებიან.

– რა ვუყოთ, მოზეს. ამ შემთხვევაში მსხვერპლი გამართლებულია.

– იცოდე, ფრთხილად იყავი, ბრაუნ. ეს საქმე რომ გაიშიფროს, ორივეს გაგვანადგურებენ.

– ჰოდა, რომ არ გაგვანადგურონ, ამიტომაც მივდივარ ასეთ რისკზე. ახლა კი უკან უნდა დავბრუნდე. ხვალ დილით თეთრ სახლში უნდა ვიყო და დაგვიანება არ შეიძლება.

ბრაუნი რომ წავიდა, მოზესის კაბინეტში კარმენი დაბრუნდა და მამამისს უთხრა:

– რატომ დაეთანხმე ბრაუნს. ხომ იცი, რა მოხდება, ეს ამბავი რომ გასკდეს?

– სხვა რა გზა მქონდა? ხომ გაიგონე, რა მითხრა? ჩვენ მართლაც დიდი საფრთხის ქვეშ ვართ და „ეფბეერის“ დირექტორმა რომ ძველი საქმე ამოქექოს, არც მაშინ დამადგება კარგი დღე. ასეც და ისეც შედეგი ერთნაირი იქნება. ამიტომ დავთანხმდი ბრაუნს და ვფიქრობ, არ შევმცდარვარ.

ჯაბა საწოლში იწვა და თავს იმძინარებდა, როდესაც მოზესისა და ბრაუნის ლაპარაკი მოისმინა. ინსტრუქციისამებრ, მას მუდამ ხელთ ჰქონდა მინიატურული გადამცემი მოწყობილობა, რომელსაც პეიჯერული ფუნქციაც გააჩნდა. ამ მოწყობილობას აგენტი უშბა თვალდახუჭული ფლობდა და ტექსტის ისე აკრეფა შეეძლო, რომ ეკრანისთვის არც კი შეეხედა. მან ფრთხილად გამოაძვრინა ბალიშიდან მოწყობილობა. ხელებში მოიხელთა და სულ რაღაც ორ წუთში შემდეგი შინაარსის ტექსტი აკრიფა: „მოზესთან ვიმყოფები. მძინავს. აქ თომას ბრაუნი იყო ჯეკ ფრიშის სახელით. აპირებს დირექტორის ლიკვიდაციას ნიუ-იორკში. მოზესმა მას ნიუ-იორკელი რუსის, პავლე ზუევის მისამართი მისცა. მასთან ანტონ პავლოვის სახელით მივლენ და ზუევმა ყუმბარმტყორცნი უნდა გამოიყენოს. შემდეგ ზუევსაც ააფეთქებენ. მოზესს ხელი არ ახლოთ. ჩემთან ერთად პრაღაში მოემგზავრება და მერე იმოქმედეთ. სიტუაციას ვაკონტროლებ. უშბა“. ჯაბამ ეს შეტყობინება პირდაპირ „ეფბეერის“ დირექტორს გაუგზავნა. რადგან, ინსტრუქციის მიხედვით, ასეთი კავშირი ექსტრემალურ სიტუაციაში დაშვებული იყო. ამაზე ექსტრემალურ სიტუაციას კი ძნელად თუ წარმოიდგენდა კაცი. მას მხოლოდ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ან 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მომზადება თუ შეედრებოდა.

ადგილობრივი დროით, ღამის ორი საათი იყო. ჯაბას მართლაც ძალიან ეძინებოდა. მან კვლავ ბალიშის ქვეშ დამალა ელექტრომოწყობილობა. მარცხნივ გადაბრუნდა და დაიძინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3