კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რატომ დაუდო სტალინმა სომეხ ვაჭარს ძმობის ფიცი

1952 წლის იანვრის მიწურულს, დიდმა ბელადმა კავკასიაში გამგზავრება განიზრახა. საქმე ის იყო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში, კვლავ გააქტიურდნენ ნაციონალური ძალები და ეს მოვლენა საგანგაშოდ ეჩვენა სტალინს. საუბარია, ძირითად, საქართველოსა და სომხეთზე, სადაც მოსახლეობაში ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის აგიტაციას ეწეოდნენ. ამ მოგზაურობაში სტალინმა ბერია და მიქოიანი იახლა და სპეციალურმა სამთავრობო მატარებელმა 27 იანვარს კავკასიისკენ აიღო გეზი. მეც მათ ვახლდი თან. 29-ში უკვე თბილისში ვიყავით. დიდი ბელადი ჯერ სომხეთში გამგზავრებას აპირებდა. მანქანებში გადავსხედით და ერევნისკენ გავემართეთ დიდი ბელადის ეს ვიზიტი არ იყო ფართოდ აფიშირებული, რადგან თავად მან ისურვა ასე. გზებზე  არავინ გამოსულა. მგზავრობის რამდენიმე საათის განმავლობაში, სტალინი ყურადღებით აკვირდებოდა სომხეთის ხრიოკ, კლდოვან ტერიტორიას, სადაც უღარიბეს, დანგრევის პირას მისულ, გაპარტახებულ სოფლებში ნახევრად გაუნათლებელი, წელში გაწყვეტილი მოსახლეობა ცხოვრობდა. „არც არის გასაკვირი, რომ ასეთ ბნელ, გაუსაძლის პირობებში მყოფი ადამიანები ვინმემ ააბუნტოს”, – თავისთვის ჩაილაპარაკა სტალინმა და დაბა სპიტაკის შესასვლელთან მანქანის გაჩერება უბრძანა მძღოლს. აქაური წყალი დავლიოთ, თქვა სტალინმა და მანქანიდან ფეხი გადმოდგა. სპიტაკის შესასვლელთან პატარა წყარო ამოდიოდა. იქვე, რამდენიმე უხუცესი იჯდა, რომლებიც დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ექვსი სამთავრობო მანქანიდან გადმოსულ ადამიანებს. სტალინმა უკანმოუხედავად მოიხმო მიქოიანი და უთხრა: „ეს ადგილი თუ გახსოვს?” მიქოიანი, რომელიც აქამდე კოპებშეკრული იჯდა სტალინის მანქანაში, ერთბაშად გამოცოცხლდა, სტალინს წამოეწია, გაეღიმა და თქვა: „როგორ არ მახსოვს,  მაშინ აქ ისეთი აურზაური ატყდა, რომ ალბათ, დღემდე ემახსოვრებათ აქაურებს”. სტალინი წყაროსთან მივიდა. მისი მოჩუქურთმებული თაღიდან ალუმინის ჭიქა ამოიღო, წყალი გამოავლო, აავსო და დიდი სიამოვნებით დალია. შემდეგ ეს პროცედურა ერთხელაც გაიმეორა და მეორედ რომ გამოსცალა სასმისი, ჭიქა ამოატრიალა. მეფისდროინდელ გერბს, რომელზეც ორთავიანი არწივი იყო ამოტვიფრული, დახედა და ჩაილაპარაკა: „ჭიქაც კი იგივეა, არ დაკარგულა”. ჭიქა უკვე მიქოიანს ეჭირა და ისიც ღიმილით ათვალიერებდა სასმისს. მას შემდეგ, რაც მიქოიანმა ორი ჭიქა წყაროს წყალი გამოსცალა, ბერიას გადასცა ჭიქა. როდესაც ყველამ დავლიეთ სახელგანთქმული სომხური მთის წყაროს წყალი, სტალინი იქვე მსხდომ უხუცესებთან მივიდა და გამართული სომხურით ჰკითხა: „არმენ მარტიროსიანი თუ არის ახლა ცოცხალი და სად შეიძლება მისი ნახვა?” ერთ-ერთმა უხუცესმა, რომელმაც, როგორც ეტყობა, უმალვე იცნო სტალინი, ფეხზე წამოუდგა და დინჯად უპასუხა: „ათი წელიწადია, გარდაიცვალა და სასაფლაოზე განისვენებს”. სტალინმა გამოჰკითხა, სად იყო სასაფლაო და გამომშვიდობების შემდეგ წასვლა ბრძანა. სასაფლაო საკმაოდ შორს, დაბის მეორე ბოლოში მდებარეობდა და სანამ იქამდე მივიდოდით, მიქოიანმა ორმოცი წლის წინანდელი ისტორიის მოყოლა დაიწყო: „1912 წლის ნოემბერში, როცა კობა მორიგი დასახლებიდან ახალი გამოქცეული იყო და მას რუსეთის იმპერიის მთელი „ოხრანკა” გამწარებული ეძებდა, ცენტრალური კომიტეტის დავალებით ამხანაგი სტალინი და მე თბილისიდან  ერევანში გავემგზავრეთ ცხენებით. იქ რევოლუციური აგიტაცია უნდა გვეწარმოებინა. თან 2 000-2 000 ცალი პროკლამაცია გვქონდა ჩვენი აქტივისტებისთვის ერევნის მოსახლეობაში გასავრცელებლად. სანამ სპიტაკში შევიდოდით, სწორედ იმ წყაროსთან შევჩერდით, რომ წყალი დაგველია და გვესადილა. გავშალეთ მოკრძალებული სუფრა. ამასობაში ერთი ახოვანი ახალგაზრდა მოგვადგა სახედრით, რომელიც არმენ მარტიროსიანად გაგვეცნო, დაგვეწვია და ნაირნაირი ხორაგი ამოალაგა. არმენი ადგილობრივი ვაჭარი აღმოჩნდა. ჩვენ მას ეთნოგრაფებად გავეცანით. სხვათა შორის,  მშვენიერი არაყი დადგა სუფრაზე. მისი გემო დღემდე მახსოვს. ამხანაგი სტალინი არ სვამდა,  მე და არმენმა კი ერთლიტრიანი ჭანჭურის არაყი ბოლომდე გამოვცალეთ”. უეცრად, სტალინი ჩაერთო საუბარში და მოკლე ფრაზა წარმოთქცა: „რომ არა შენი სიმთვრალე, შესაძლოა, იმ აურზაურს ავცილებოდით კიდეც”. მიქოიანი წამოწითლდა და მოყოლა განაგრძო: „უეცრად წყაროსთან კაზაკთა ექვსკაციანი შეიარაღებული ჯგუფი მოვიდა. მათაც წყალი სდომებიათ, მაგრამ ერთადერთი ალუმინის ჭიქით ჩვენ არაყს ვსვამდით და მეც სწორედ არაყი შევთავაზე მათ. ერთი სიტყვით, ერთ-ერთმა კაზაკმა არყით სავსე ჭიქა გამომართვა, მაგრამ კი არ დალია, სახეში შემომასხა, თან შემომიკურთხა. შემდეგ ჭიქა გამორეცხა, წყაროს წყლით აავსო და ყველამ დალია. ჩვენ ხმა არ ამოგვიღია. მართალია, ორ-ორი მაუზერით ვიყავით შეიარაღებულები, მაგრამ კაზაკებთან შეტაკებას თავი ავარიდეთ და მოთმინებით ველოდით მათ წასვლას. ერთი სიტყვით, კაზაკებმა გვიყურეს, გვიყურეს და საბუთები მოგვთხოვეს. თან, აბგების შემოწმებაც მოგვინდომეს, სადაც პროკლამაციები გველაგა. უეცრად ამხანაგმა სტალინმა მაუზერიდან გაისროლა და ორი კაზაკი ფეხში დაიჭრა. ამ დროს არმენმა ერთ- ერთი კაზაკი ცხენიდან ჩამოაგდო, კარაბინი წაართვა და მეორეს ესროლა, რომელიც ამხანაგ სტალინს უმიზნებდა. ერთი სიტყვით, ატყდა სროლა, ექვსივე კაზაკი  დავხოცეთ და არმენთან ერთად გავიქეცით. მან უხიფათო გზებით გვატარა და სამშვიდობოზეც გაგვიყვანა. გამომშვიდების წინ, ამხანაგმა სტალინმა და არმენმა ძმობის ფიცი დადეს და გავიყარენით”. 

სასაფლაოს მივადექით. არმენ მარტიროსიანის საფლავი მოვძებნეთ. დიდმა ბელადმა  და მიქოიანმა კი გზაში ნაპოვნი ყვავილები დააწყვეს მის საფლავზე. ერევანში რომ ჩავედით, პირდაპირ ცენტრალური კომიტეტის შენობას მივადექით, სადაც უკვე გველოდნენ რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მესვეურები და ადგილობრივი პარტიული აქტივი. სტალინი შემჭიდროვებულ თათბირზე სიტყვით გამოვიდა, მიწასთან გაასწორა ადგილობრივი ხელმძღვანელობა და მათ ნაციონალისტური ელემენტების გააქტიურებაში დასდო ბრალი. შემდეგ კი, ისე რომ სავახშმოდაც არ დავრჩენილვართ, გეზი  თბილისისკენ ავიღეთ, ოღონდ უკვე თვითმფრინავით, რომელიც ერევნის მახლობლად მდებარე, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე იყო გაჩერებული.

თბილისში შუაღამისას ჩავფრინდით და ჩვენთვის განკუთვნილ სამთავრობო რეზიდენციისკენ გავემართეთ დასასვენებლად. მეორე დღეს, დიდმა ბელადმა საქართველოს პარტაქტივს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო. უფრო უარესი, ვიდრე სომხებს და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პირადად ბერიას დაავალა დამნაშავეების გამოვლენა-დასჯა. როცა სხდომა დასრულდა, სტალინმა მთაწმინდაზე მოინდომა ასვლა, რათა პანთეონში დედამისის საფლავი მოენახულებინა. პანთეონამდე ფეხით ავედით და დედის საფლავზე ყვავილების დაწყობის შემდეგ,  ბელადმა თბილისს გადახედა და ბერიას უთხრა: „დაპატიმრებული ადგილობრივი ნაციონალისტების ერთ-ერთი მოთხოვნა თბილისში მეფე დავითის ძეგლის დადგმა იყო. რატომაც არა, მეც დიდი ხანია, ვფიქრობდი ამაზე და ჩემი აზრით, მისი ძეგლი მართლაც უნდა დაიდგას თბილისში.”

შემდეგ სტალინმა თითით მიუთითა ქვევით და თქვა: „ჩემი აზრით, აი, იქ რკინა-ბეტონის კვარცხლბეკი უნდა აიგოს და ზედ მეფე დავითის უზარმაზარი ქანდაკება დაიდგას, რომელიც ქალაქის უმეტესი ნაწილიდან გამოჩნდება (სხვათა შორის, მოსკოვში რომ ჩავედით სტალინმა თავისთან ცნობილი საბჭოთა მოქანდაკე, „მუშა და კოლმეურნე ქალის” სკულპტურის ავტორი, ვერა იგნატიევნა მუხინა დაიბარა და მას დავით აღმაშენებლის ქანდაკების რამდენიმე ვარიანტის შემნა დაავალა. ვერა მუხინამ მართლაც წარადგინა თავისი ნამუშევრები. ერთ-ერთი უკვე ასაგებადაც კი იყო შერჩეული, მაგრამ ეს პროცესი სტალინის გარდაცვალებამ ჩაშალა. ხრუშჩოვმა კი უკვე აღარ ისურვა დიდი  ქართველი მეფის ქანდაკების დადგმა – მ.თ).” თბილისში კიდევ ერთი დღე დავრჩით. სტალინმა რამდენჯერმე ფეხითაც გაისეირნა ქალაქის  ქუჩებში. თან, ძველი დროც გაიხსენა, როდესაც ის საქართველოს დედაქალაქში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვში კვლავ მატარებლით დავბრუნდით. ეს იყო სტალინის ბოლო მოგზაურობა კავკასიაში. 

მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3