კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

ინტიმური საუბრები

მამაკაცებო, იზრუნეთ ცოლებზე!

3 მარტს, დილით, 3-ლარიანი ტაქსი გამოვიძახე. უკვე რამდენი წელია, ამ ტაქსების მომსახურებით ვსარგებლობ და პირველად შემხვდა ქალი მძღოლი. საკმაოდ სიმპათიური ქალბატონი იყო. 40 წლის ვარო, მითხრა, მაგრამ 30-32 წლისას ჰგავდა. ხელში ყოჩივარდების საკმაოდ მოზრდილი კონა ეჭირა და ბედნიერი სახით ყნოსავდა. ერთმანეთს დედის დღე მივულოცეთ. ეტყობა, იმდენად კარგ ხასიათზე იყო, რომ თვითონ გამომელაპარაკა და, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანა, შეიძლება ითქვას, გული გადამიშალა.

– ეს ყვავილები ჩემმა თანამშრომელმა მომართვა, სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით. თავისი ტაქსით გამოიარა და, აქ გაჩერებული რომ დამინახა, გააჩერა, იქვე მდგარი მეყვავილისგან იყიდა ეს ყოჩივარდები და ფანჯრიდან მომაწოდა. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, 40 წლის ისე გავხდი, ჯერ ჩემთვის კაცს ყვავილები არ მოურთმევია, ეს პირველი შემთხვევაა... არა გჯერათ?

– სამწუხაროდ, მჯერა, – ვუპასუხე მე, – ბევრისგან გამიგია ის, რაც ახლა თქვენ მითხარით.

– საკმაოდ სიმპათიური გოგო ვიყავი, თანაც, ორჯერ ვარ გათხოვილი და ორჯერვე გავეყარე ქმრებს და, არც გათხოვებამდე და არც იმ პერიოდში, როცა გათხოვილი ვიყავი, არცერთს ერთხელაც არ მოჰფიქრებია, თუნდაც ერთი ღერი მინდვრის ყვავილი ეჩუქებინა.

მივხვდი, რომ საუბარი და გულის გადაშლა უნდოდა და მეც ავყევი, ოღონდ, შევეცადე, არ გამეღიზიანებინა და ვუთხარი, ქართველ კაცებს ეუხერხულებათ თუ ეთაკილებათ ასეთი სინაზეების გამოჩენა და ამიტომ არ უნდა გვეწყინოს-მეთქი. თავის დაქნევით დამეთანხმა.

შუქნიშანთან რომ გავჩერდით, ჩემკენ მობრუნდა და რაღაცნაირი მორიდებით მითხრა:

– ამ დილას ისეთი ნერვებაშლილი წავედი სამსახურში, ტანსაცმელიც კი არ გამომიცვლია, რაც სახლში მეცვა, იმით გამოვედი, – მერე კი გახალისებულმა დაამატა, – მაგრამ, ამ ყვავილებმა ისე კარგ ხასიათზე დამაყენა, თქვენ რომ მიგიყვანთ, რამდენიმე წუთით შევირბენ სახლში, ყველაზე კარგი რაც მაქვს, იმას ჩავიცვამ, თმასაც ცოტა მოვიწესრიგებ და მაკიაჟსაც გავიკეთებ – ამ ლამაზი ყვავილების გვერდით ლამაზი და მოწესრიგებული ქალი უნდა იჯდეს. ერთი იმაზე მწყდება გული, რომ არანაირი ჭურჭელი არ მაქვს, წყალში რომ ჩავდო, არ მინდა, საღამომდე დამიჭკნესო.

დანიშნულების ადგილზე რომ მიმიყვანა, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წარმატებები ვუსურვეთ. მე ჩემს საქმეს შევუდექი, მაგრამ, ისე იმოქმედა იმ ქალბატონის სიტყვებმა, რამდენიმე დღე მასზე ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. რა სჭირთ ამ ჩვენს კაცებს, რატომ ჰგონიათ, რომ ყვავილები (უფრო ძვირფას საჩუქრებზე აღარაფერს ვამბობ) მხოლოდ საყვარლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს უნდა მიართვან? რა გახდა 2-3 ლარი, თუნდაც თვეში ერთხელ რომ გაიმეტონ ცოლებისთვის, ამით ხომ უფრო შეაყვარებენ თავს და თვითონაც ხომ უფრო ბედნიერი ქალი ეყოლებათ გვერდით? იცით, ქართველი კაცების უმრავლესობის დევიზი რა არის? აბა, ჩემს ცოლს ხომ არ წავუღებ ამ ყვავილებსო... არადა, რა ცოტა ჰყოფნით ოჯახის საქმითა და ქმარ-შვილზე ზრუნვით გადაღლილ ცოლებს, რომ ხანდახან მაინც, ბედნიერ, სასურველ ქალებად იგრძნონ თავი!..

რაც მოგიყევით, იმ ამბიდან მეორე დღეს ყვავილებს ვყიდულობდი. გაჩერდა „რეინჯ როვერის“ „ჯიპი“, გადმოვიდა ძალიან ძვირფასად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი და გამყიდველს ჰკითხა, იების კონა რა ღირსო. 3 ლარიო, უპასუხა გამყიდველმა გოგონამ. სამი ცალი 5 ლარად მომეციო. გოგონამ უარი უთხრა. ეს ბიჭი არ მოეშვა – ახალშერთული ცოლისთვის მინდა და თითო კონა 2 ლარად მაინც მომეციო. გამყიდველმა ისევ უარი უთხრა. გაბრაზებულმა ვაჟმა იის კონები ფეხებში მიაყარა გამყიდველს, ერთი კარგად შეუკურთხა, მერე ჩაჯდა თავი „რეინჯ როვერში“ და წავიდა. მამაცხონებულო, ლამის ნახევერმილიონიან მანქანაში რომ ზიხარ და ერთი ამდენის ტანსაცმლითა და აქსესუარით რომ მოგაქვს თავი, ცხრა ლარი ვერ გაგიმეტებია ახალშერთული ცოლისთვის?!

მოკლედ, ქართველო მამაკაცებო, მოგმართავთ უკვე ხანდაზმული ქალბატონი და მოგიწოდებთ: თუ გსურთ, რომ ცოლებს სიცოცხლის ბოლომდე უყვარდეთ; თუ გსურთ, რომ გქონდეთ მტკიცე, მყარი და თბილი ოჯახი; თუ გსურთ, რომ თქვენმა მეუღლეებმა არასდროს ინანონ ის, რომ თქვენ გამოგყვნენ ცოლად და გულშიც კი არ გაივლონ სხვა მამაკაცის სახე ან სახელი, ცოტათი მაინც შეიწუხეთ თავი და ხანდახან მაინც იზრუნეთ მათზე – ბედნიერ ქალს ყოველთვის ბედნიერება მოაქვს, უპირველეს ყოვლისა კი მისთვის, ვისაც მან ეს ბედნიერება მიანიჭა.

თინათინი, 62 წლის.

скачать dle 11.3