კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო კანში ბიძინა ივანიშვილმა თემურ ჭკუასელი და რა დღესასწაულებს უწყობს მას ბედობის დღეს

ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი ცოტა ხნის წინ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. „ქართული ხმების” ცნობილი და კოლორიტული სახე, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდა, თორემ, როგორც თავად ამბობს, თავად ამაზე არასდროს უფიქრია. ექსპრემიერისა და თემურ ჭკუასელის მეგობრობა წლების წინ, კანში დაიწყო. თუ რა ბარიერების გადალახვა მოუწიათ მათ ერთად და როგორ აწყობდნენ ჩემპიონატებს ურეკში, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელიც ძველებურად ხალისიანი და სიტყვაუხვია. 

თემურ ჭკუასელი: ორი წელია, პოლიტიკაში ვარ, მაგრამ ბოლო სამი-ოთხი თვეა, რაც ალღო ავუღე და „გემო” გავუგე იმას, რასაც ნამდვილად პოლიტიკა ჰქვია. თავიდან მაინც მორიდებული გახლდით, ბევრი რამ არც ვიცოდი, რაც ყველა სხვა სფეროდან პოლიტიკაში მისულ კაცს სჩვევია. არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკაში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. ეს გამოცდილების ამბავია, მე ასე არ ვიყავი. თავიდან ყველანი ხომ ახალბედები ვართ. ქართული პოლიტიკა ნამდვილად არ არის იოლი. პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ საკუთარ ქვეყანაზე – რასაც ლაპარაკობენ, იმასვე ფიქრობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო მეტად ფიქრობენ საკუთარ თავსა და ადგილზე პოლიტიკაში. მათ აქვთ ამბიციები, რის გამოც წარამარა იცვლიან პოზიციებს, დამოკიდებულებებს.

– გურული მოხერხებულობა და იუმორი არ არის თქვენთვის ერთგვარი „კომპასი” ქართული პოლიტიკის რთულ „კულისებში”?

– ისე არ გამიგოთ, თითქოს ვიტანჯებოდე. პარლამენტარის მთავარი ფუნქცია საკანონმდებლო მუშაობაა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დეპუტატი, მით უფრო მაჟორიტარი, მხოლოდ ამ საქმით იყოს დაკავებული. მე უფრო ორგანიზატორი და ლობისტი ვარ იმ საქმეებისა და თემების, რაც სჭირდება ხალხს ჩემს რაიონში. დავრბივარ სამინისტროდან სამინისტროში და ამ საქმეში ჩემი წარსული ცხოვრება ხშირად მშველის (იცინის). მე არასდროს მქონია გეგმაში პოლიტიკაში ჩართვა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გადაწყვეტილებას არც მივიღებდი. ეს ყველამ კარგად იცის. უამრავი შემოთავაზება მქონია სხვადასხვა დროს, მაგრამ სიცილით ვხვდებოდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის ჭირ-ვარამს თავს ვარიდებდი. ვწერდი, მათ შორის პარლამენტარებზეც მაქვს დაწერილი გროტესკული მოთხრობა, რა ვიცოდი, რომ წლების შემდეგ მეც მათ რიცხვში აღმოვჩნდებოდი. ახლა, რაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელად ამირჩიეს, ახალი ფუნქციები დამემატა. უკვე რამდენჯერმე შეხვდი დიასპორის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, გადასარევი ადამიანები არიან.

– დიასპორებთან ურთიერთობის გამოცდილება გქონიათ?

– პრაქტიკული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ქვეყანა არ არის, იქ მცხოვრებ ქართველებს არ შევხვედროდი. ახლა, როცა ჩემი წარდგენა უნდა მომხდარიყო ამ პოზიციაზე, მთხოვეს რაღაც, დამეწერა. აი, „სივს” რომ ეძახიან. ერთი ისტორია გამახსენდა, ძალიან მიყვარს ფოთის ბაზარი, საოცარი ხიბლი აქვს იქაურობას. ერთხელ ფოთის ბაზარში მივდივარ, ერთი კაცი დგას, შორიდანვე შეამამჩნია. შემოდგომა იყო, ციოდა. ჩემი მისამართით დაიწყო იმ კაცმა ლაპარაკი, მაგარი მეგრული აქცენტი აქვს – კარგი ვაშლი მაქვს მე, კარგი ვაშლი. არ მივაქციე ყურადღება, გავაგრძელე გზა. კიდევ მსხალი მაქვს მე, წაბლი და თხილი – გააგრძელა საუბარი. ატამი მაქვს კიდევ, ატამი – მომაძახა, და გავცდი კიდეც იმ კაცს. უცებ მესმის: რამდენი რამე მქონია, კაცო?! – აი, იმ კაცივით დამემართა, როცა ჩემი ბიოგრაფია „სივისთვის” ჩამოვწერე. მივხვდი, რამდენი რამ გამიკეთებია (იცინის). ჩემს „ანგარიშზე” ბევრი ქვეყანაა. „ქართული ხმები” ინტენსიურად დადიოდა უცხოეთში. ჩვენი მისია იყო არა მხოლოდ სიმღერა, არამედ ურთიერთობები, რაც სხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულისთვის ყველაზე ძვირფასია. ბევრი სევდიანი, ნოსტალგიური და ემოციური ისტორიის მომსწრე და თვითმხილველი ვარ. ამერიკაში გავიცანი კაცი, ქართველი, რომელიც ყოველი წლის იანვრის დასაწყისში იღებდა თბილისში წამოსასვლელ ბილეთს დეკემბრის ბოლოსთვის. მთელი წელი ეს კაცი სამშობლოში ჩამოსვლის სიხარულითა და მოლოდინით ცხოვრობდა. დეკემბერში, რომ ხვდებოდა, რომ თბილისში ვერ მოდიოდა, იმ ბილეთს აბარებდა და ახალ ბილეთს იღებდა. ყოველ წელს ასეთი ემოციით ატარებდა. ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, გერმანია, რუსეთი. რა ვიცი, რომელ ერთი ქვეყანა და ისტორია გავიხსენო?! უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს ჩემი შვილი თავის ოჯახთან ერთად. დათო კომპოზიტორია, თბილისში დაამთავრა კონსერვატორია, ამერიკაში კი – მაგისტრატურა. მერე „მწვანე ბარათი” მოიგო, თუმცა სამუდამოდ არ აპირებენ ამერიკაში დარჩენას. იქ ხშირად ჩავდივარ ხოლმე. დაახლოებით ორმოცდაათჯერ ვარ ნამყოფი საფრანგეთში. თაობა არ არის იქ ქართველების, რომ არ ვიცნობდე და არ შევხვედროდი. 

– როგორც ვიცი, საფრანგეთთან არის დაკავშირებული თქვენი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა, იქ გადაიკვეთა თქვენი გზები. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 1997 წელს, კანში. წელი კარგად იმიტომ მახსოვს, რომ წინა წელს გოგი დოლიძე გარდაიცვალა და ის არ იყო ჩვენთან ერთად. „ქართულ ხმებს” კანში კონცერტი გვქონდა. ბიძინა ივანიშვილს მანამდე ჰქონდა შეხება ჩვენი გუნდის სამ წევრთან. მახსოვს, მათ გვითხრეს, ძალიან საინტერესო პიროვნება გავიცანითო. ჩემი და ბიძინას შეხვედრა მოხდა კანში, კონცერტის შემდეგ. ისეთი გრაფიკი გვქონდა, რამდენიმე დღეში გერმანიაში უნდა გაგვეგრძელებინა კონცერტები. ეს ხუთი დღე ბიძინა ივანიშვილთან დავრჩით, სან-ტროპეში. დაავალა თავის მოურავს, გადაგვანაწილეს სხვადასხვა სასტუმროში, თუმცა ყველა ხარჯი თვითონ აიღო – ის იყო ჩვენი მასპინძელი. მას შემდეგ ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები. როცა მოსკოვში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა, ბიძინამ დააფინანსა ჩვენი სტუმრობა მოსკოვში. 

– ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ახლო მეგობრად გთვლით, როგორია ეს მეგობრობა კადრს მიღმა? 

– ეს არის ჩვეულებრივი მეგობრობა, სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე აგებული. ის იოლად არ უმეგობრდება ადამიანებს. თუმცა თუ ვინმეს მეგობარი ხდება, საუკეთესო მეგობარია. თავიდან, როცა ერთმანეთს შევხვდით, ჩვენ გვქონდა ერთგვარი ფილოსოფიური საუბრები ყველაფერზე, მათ შორის მეგობრობაზეც. ის წუხდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეგობრობას ხომ არ „ყიდულობდა”. მე მაშინვე მივხვდი მის წუხილს. ვუთხარი: ყველაფერს ღიად ვერ გეტყვით, მაგრამ როცა აქედან წავალ, ერთ წერილს დაგიტოვებთ და ჩემი წასვლის შემდეგ წაიკითხეთ-მეთქი. მართლაც ასე გავაკეთე. ნიცაში ვიყავი და ჯერ თვითმფრინავში არ ვიყავი ასული, დამირეკა: თქვენი წერილი წავიკითხე, და მივხვდი, რომ მართალი-ხართო. იმ წერილში ძალიან გულწრფელი ვიყავი და ჩემი სათქმელიც გამოვხატე – მეგობრობის „ყიდვა” წარმოუდგენელია. ადამიანმა შეიძლება, იყიდო პატივისცემა, მოვალეობა, მაგრამ მეგობრობაში სხვანაირადაა. სურვილისა და სიყვარულის გარეშე მეგობრობა არ გამოდის. ჩვენი მეგობრობა, შემიძლია გითხრათ, რომ გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ მე ბიძინასთვის არასდროს არაფერი მითხოვია, თვითონ არის ყურადღებიანი. უყვარს მეგობრებისთვის საჩუქრების გაკეთება. ერთი-ორი საუკეთესო პერანგი მაქვს მისგან ნაჩუქარი. ბიძინა ჩემ გვერდით იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მქონდა მძიმე პერიოდი და ნანა – ჩემი მეუღლე ავად იყო. მე თვითონ ვერიდები ხოლმე მასთან რაიმეზე დაწუწუნებას, ეს ვუთხარი კიდეც, არ დამიმალავს. დავუშვათ, სხვა მეგობარს თამამად ვეტყვი: ვახ, კაცო, ამერიკაში ვაპირებ წასვლას და ბილეთი ვერ ავიღე-მეთქი. ამას ბიძინასთან ვერ ვიტყვი. ვიცი, რომ თვითონ შეწუხდება. ეს ქმნის ერთგვარ დისკომფორტს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ბარიერები უკვე გადალახული გვაქვს,

– თქვენ იმ იშვიათთა შორის ხართ, ვისაც ის ენდობა და მასთან ოფიციოზის გარეშე აქვს ურთიერთობა. 

– ფორმალობების ეტაპი ადრე გავიარეთ. ბიძინა ჭოტიკას მეძახის, მეც – ბიძის ვეძახი. უყვარს, როდესაც სუფრაზე მე ვარ თამადა. 2 იანვარს, ბედობას, ტრადიციას არ ვარღვევთ და მასთან სახლში ვხვდებით. დღესასწაულებს ვაწყობთ ხოლმე. წელს რესტორანში მოხდა ეს შეხვედრა. როცა ვკითხე მიზეზი, იქ, სადაც ჩვენ გვიყვარს სუფრის გაშლა, რემონტი გვაქვსო. ვეხუმრე: ხო, იმ ოთახის გარდა, სხვა ადგილი არ გაქვს სახლში და სად დაგვსვამდი-მეთქი (იცინის). ბიძინა ახლო ურთიერთობებში გახსნილი და თავისუფალია. ერთხელ ნარდის თამაშის დროს მითხრა ერთ ადამიანზე: მასთან თამაში არ მიყვარს, სულ ცდილობს, რომ წააგოსო. ბიძინა ნარდს თამაშობს ბრწყინვალედ. ძალიან აზარტულია – ნარდს, პრეფერანსს, ბილიარდს – ყველაფერს კარგად თამაშობს. ჩვენგან ისწავლა გრძელი ნარდი, რომელიც უფრო საინტერესოა, ვიდრე – მოკლე. ადრე, როცა პოლიტიკისგან თავისუფლები ვიყავით, ურეკში, ბიძინას რეზიდენციაში ნარდის ჩემპიონატი ჩავატარეთ. ჩვენ, „ქართული ხმები” ვიყავით და ბიძინა. ჩემპიონატის მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით და მსაჯებიც. ერთ ჩემპიონატში მე გავიმარჯვე, ჩემპიონი გავხდი. მაგარი პრიზიც მივიღე (იცინის).

– მან თქვენ აგიყოლიათ და ჩაგითრიათ პოლიტიკაში, თქვენ თუ აიყოლიეთ სიმღერაში?

– მღერის ხოლმე ხანდახან, ახლობელი ადამიანების წრეში. ახლობლებთან ძალიან ლაღი და ბუნებრივია. ერთხელ იმერეთში წინასაარჩევნო შეხვედრაზე სცენაზეც კი ავიდა და იმერლებს სიმღერაში აჰყვა. იმერული სიმღერა სხვანაირად „მოხვდა”. 

– პოლიტიკამ თქვენი ცხოვრება ალბათ, ძალიან შეცვალა... 

– დეპუტატობამ და პოლიტიკამ არა, წლებმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. თუმცა, ცხოვრება არც იცვლება – იცვლება მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულებები. როცა ნელ-ნელა ქრება სურვილები – ბაბუაწვერას რომ მოწყდება ისე, შენც სხვანაირი ხდები. უფრო ბრძენი, მშვიდი და წინდახედული ხდები, ადამიანებსაც მეტ პატივს სცემ. უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ ყველაფერზე. ადამიანს, რომ შეხედავ, მაშინვე ეტყობა, იცის თუ არა ფიქრი, ვინც იცის, რომ მარადიული არაფერია, ის სხვანაირია ქცევაშიც, ფიქრშიც. ასეთ კაცს სხვა ჰორიზონტი აქვს. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. დეპუტატობამ ცოტა კი მომაქცია ჩარჩოში – ერთხელ მორიდებით შემომითვალეს პიარსამსახურიდან, იქნებ სხდომების დროს შარფი არ გეკეთოთო. არადა, ყველამ იცის, რომ მე შარფის გარეშე არ შემიძლია. ამას წინათ პარლამენტში შარფი დაიკარგა, მე დამირეკეს პირდაპირ – თქვენი შარფი ვიპოვეთო. არც მკითხეს, ჩემი იყო თუ არა. ძალიან ბევრი შარფი მაქვს არსენალში, ადრე თუ ჭოტებს მაჩუქებდნენ ხოლმე, ახლა შარფები მოაქვთ. ერთი-ორი კარგი შარფი პრემიერ-მინისტრმაც მაჩუქა. მე კი მოვიხსენი ის შარფი, მაგრამ ამ ბოლო დროს პარლამენტში ბევრმა დაიწყო მისი გამოყენება (იცინის). საპარლამენტო ცხოვრების პარალელურად, სიმღერისთვისაც ვიცლი და წერისთვისაც. როცა იმპულსი მოდის, არ შემიძლია არ დავწერო. „ქართულ ხმებს” ბელორუსიაში ჰქონდა გასტროლი. მომავალ თვეში სამი კონცერტით საფრანგეთში მივდივარ. ჩემს საყვარელ საქმეს, დიასპორებთან ურთიერთობებს უკვე ახალ ამპლუაში – კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში შევუდგები.

скачать dle 11.3