კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი წყალობით აღმოჩნდა ლაშა ოყრეშიძე „ბონდიანას“ ახალ სერიაში და რატომ მოუწია მას ინგლისში სამი კაცის „მოკვლა“

მსახიობი ლაშა ოყრეშიძე უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მართალია, ბავშვობაში ისე კარგად ხატავდა, ყველას ეგონა, რომ მხატვარი გახდებოდა, მაგრამ, შეცდნენ. თუმცა, იმასაც ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ის უცხოეთში საკმაოდ წარმატებული მსახიობი იქნებოდა და „ბონდიანაშიც“ მიიწვევდნენ სათამაშოდ. ლაშა დღეს შოტლანდიაში ცხოვრობს და, თავისი პროდიუსერის წყალობით, საკმაოდ მოთხოვნადი კინომსახიობია.

ლაშა ოყრეშიძე: ქუთაისში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობაში კარგად ვხატავდი და ყველას ეგონა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, მაგრამ, მაშინ „ჩაწყობები” იყო და მითხრეს, პიკასოც რომ იყო, მაინც ვერ ჩააბარებო. ასე რომ, პიკასოობა ვერ „გავქაჩე”, არადა, სტუდენტობა მინდოდა და თეატრალურში ჩავაბარე. დღესაც ვხატავ და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მამაც და ბებიაც მსახიობები იყვნენ, ამიტომ, თამამად ვიტყვი, რომ ქუთაისის თეატრის კულისებში ვარ გაზრდილი. არ დამავიწყდება ის აურა, რაც თეატრში ტრიალებდა. თან, იმ პერიოდში ვნახე ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლი „წუთისოფელი ასეა” და, ისე იმოქმედა, მაშინ გავიფიქრე, მსახიობობა მინდა-მეთქი. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია, თვითონ ვიმეცადინე, რეპეტიტორების დახმარების გარეშე და თეატრალურში ჩავაბარე. სხვათა შორის, ნუგზარ ლორთქიფანიძე, ვისი სპექტაკლის გამოც ცხოვრების სტილი შემეცვალა, ჩემი ლექტორი გახლდათ და, ალბათ, ესეც ბედისწერაა. მერე საბჭოთა ჯარშიც ვიმსახურე ორი წელი და, რომ ჩამოვედი, მარჯანიშვილის თეატრში, დიდ სცენაზე, გურანდა გაბუნიას რეკომენდაციით, სრულიად შემთხვევით მოვხვდი. პირველად პატარა როლი მომცეს, ტექსტიც კი არ მქონდა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ის იყო ყველაზე საყვარელი როლი. დღესაც არ ვარ ამბიციური, არასდროს ვამბობ „მასობრივ” როლზე უარს – ვფიქრობ, მსახიობი თუ ხარ, ამაზე უარი არ უნდა თქვა. მაგრამ, ერთი რამ ზუსტად ვიცი: დღეს სცენისა და გადაღებების გარეშე არ შემიძლია, ეს ჩემი ცხოვრებაა. დავაპირე კიდეც სხვა რამეების კეთება, როცა ცუდი პერიოდი იყო საქართველოში, თუმცა, საბოლოოდ, ისევ სცენას დავუბრუნდი. მახსოვს, სანთლების შუქზე ვთამაშობდით სპექტაკლებს, მაგრამ მაყურებელი ყოველთვის გვყავდა. 

– საქართველოში წარმატებულ მსახიობად მოიაზრებოდი – გქონდა როლები, გყავდა მაყურებელი, თუმცა, მაინც წახვედი უცხოეთში და დღეს იქ, ერთ-ერთ მოთხოვნად მსახიობად ითვლები. როდის გადაწყვიტე უცხოეთში ძალების მოსინჯვა, ეს ხომ ერთგვარი რისკიც იყო?

– რასაკვირველია, რისკი იყო, მაგრამ, უცხოეთში ჩემს წასვლას წინ უძღოდა მთელი რიგი ამბები. ის, რომ იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი, ფაქტია. წარმოიდგინეთ, მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი ვარსკვლავი მსახიობების გვერდით: თემურ ჩხეიძემ „ბახტრიონში“ მათამაშა, შემდეგ ლევან წულაძემ – „ქაქუცა ჩოლოყაშვილში“, მერე იქვე, დოიმ „მეფე ლირი“ დადგა, რომლითაც ბევრი ქვეყანა მოვიარეთ და, აი, ამ სპექტაკლის წყალობით გავედი პირველად ევროპაში. 1996 წელს მაშინდელი ჩაბნელებული საქართველოდან ედინბურგის ფესტივალზე რომ გავემგზავრეთ, ისე მომეწონა შოტლანდია, გავგიჟდი. ვამბობდი, შოტლანდია ჩემი ქვეყანაა-მეთქი, მაგრამ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიცხოვრებდი (იცინის). თუმცა, მანამდე,  1997-2005 წლებში, ჯერ ესპანეთში და შემდეგ ჰოლანდიაში წავედი – ვიფიქრე, დამოუკიდებლად ავიწყობ ცხოვრებას-მეთქი. ბევრს ვმუშაობდი და ესეც ერთგვარი გამოცდა და „ამოვარდნის“ პეროდი იყო ჩემთვის. მერე ისევ დავბრუნდი საქართველოში. ქუჩაში შემთხვევით შემხვდა ბატონი გოგი ქავთარაძე და მითხრა: „თეთრ ბაირაღებში“ ლიმონას როლს ითამაშებო? ვიფიქრე, რვა წელია, სცენაზე არ დავმდგარვარ და ეს როგორ უნდა შევძლო-მეთქი, მაგრამ, არც კი მითამაშია, ისე გავითავისე და ისე მოვირგე ეს როლი; კარგი ქურდი ლიმონა ვიყავი (იცინის). ლიმონა, იცით, რაში მგავდა? ბოროტი არ იყო. 

– ამის მერე ინგლისში აღმოჩნდი, ითამაშე შექსპირის პიესაში, გადაგიღეს ტელეფილმებში, და ბოლოს „ბონდიანას“ ახალ სერიაშიც მიგიწვიეს.  ეს როგორღა მოხდა?

– 2010 წელს მონაწილეობა მივიღე რუსთაველის თეატრში ბრიტანელი რეჟისორის, ალეკ ბლაითის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?“. ამ დადგმამ წარმატებით მოიარა ედინბურგის ფესტივალი და თბილისში სამი პრიზით დაბრუნდა. ამის მერე ინგლისში ავღმოვჩნდი. ზოგადად, მიყვარს თავგადასავლები და არც მაკლია (იცინის), თუმცა ამაში იღბალი და ბედისწერაც მეხმარება ალბათ. ინგლისის ყველაზე ძველ თეატრ „ბრისტოლდ ოლდ ვიქშიც“ ვიმუშავე, სადაც სპექტაკლი „ლურჯი დათვები“ დავდგით. ინგლისშივე მაქვს მონაწილეობა მიღებული შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „როგორც გენებოთ“. აქ თეატრებში დასი არ ჰყავთ, ყველა მსახიობი კონკრეტულ სპექტაკლში თამაშობს. წესია, რომ ამ დროის მერე სპექტაკლს ხსნიან. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა. ერთ სპექტაკლში რამდენიმე წელი რომ მონაწილეობ, შემდეგ  ახალმა სახემ უნდა შეგცვალოს. გარდა სპექტაკლებისა, ერთ ფილმსა და ხუთ ტელეფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან ორი – სერიალი იყო. ახლა კი „ბონდიანას“ გადაღებებზეც დამამტკიცეს, რაც ჩემი აგენტის დამსახურებაა. ლონდონში დროს დიდი ფასი აქვს და მისი დაკარგვა ცხოვრებისგან ჩამორჩენის ტოლფასია. თუ არ აუწყვე ამ რიტმს ფეხი, ჩათვალე, რომ ვეღარ დაეწევი; ამიტომ, უნდა მოინდომო, გაიჭირვო და იბრძოლო საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. შოტლანდიაში კი, სადაც ახლა გადავედი საცხოვრებლად, ჩემი სახლიდან ისეთი ხედია, ისეთი ბუნება, წყალი და ჰაერია, გგონია, სამოთხეში ხარ. ლონდონის გიჟური რიტმის შემდეგ, შოტლანდია სიმშვიდეს მანიჭებს. ხშირად ვზივარ, გავცქერი სივრცეს და ვხატავ. წარმოიდგინეთ, მარტო ლონდონში უამრავი კომპანიაა, თუმცა, პირდაპირ ვერ მიადგები. ანდა, რომ მიხვიდე, რა უნდა უთხრა?! მე აგენტი მყავს, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია. აქ კი კარგი აგენტის სახელი იმით განისაზღვრება, რამდენად წარმატებული კლიენტები ჰყავს. ჩემს აგენტს ჰყავს ასეთები, რომლებთანაც კონტრაქტები აქვს გაფორმებული. ჩემი აქცენტის გამო ხშირად მიწვევენ უცხოელის როლის შესასრულებლად: ხან ინდოელი ვარ, ხან უკრაინელი, ხან რუსი და ხან არაბი; ხან ქილერი, ხან ძველი ბიჭი, ხან გამომძიებელი და ხან – ტერორისტი. რუსი ტერორისტის როლი რომ შევასრულე, სამი ტიპიც „შემომაკვდა,” თუმცა, არ გამჭირვებია, ასე რომ, „მკველელიც” ვარ (იცინის). „ბონდიანას“ ქასთინგზე წინასწარ მომზადებული ტექსტი არ მქონდა, მაგრამ, ათას რამეზე ვილაპარაკეთ. წამოვედი და მერე დამირეკეს – აყვანილი ხარო. ბონდი ისევ დენიელ კრეიგია და მთლიანობაში მაგარი „სასტავი“ მონაწილეობს. გადაღებები უკვე დაწყებულია. ეს რიგით 24-ე „ბონდია“ და, მიხარია, რომ ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც ამ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. მე „ბონდში“ ბოროტის როლი მაქვს, აღმოსავლეთუკრაინელი ვარ და, ვფიქრობ, ეს ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მერე რა, რომ ბოროტი ვარ, მთავარია, ბონდი თავის სიმაღლეზეა და მებრძვის (იცინის). 

скачать dle 11.3