კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აჩენს სიღარიბე უსუსურობის სინდრომს, როგორ ეჩვევა მას ადამიანი და რატომ ჰგონია ღარიბ ოჯახში მცხოვრებ ბავშვს სიღარიბე დაუძლეველი ბედისწერა

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ბავშვების 6 პროცენტი ცხოვრობდა (უკიდურეს სიღარიბედ იგულისხმება მდგომარეობა, როდესაც ადამიანის შემოსავალი დღეში 1,5 აშშ დოლარზე ნაკლებია), ზოგადად სიღარიბეში კი – ბავშვების 28 პროცენტი (ღარიბად მოიაზრება ადამიანი, რომლის დღიური შემოსავალი 2,5 აშშ დოლარია). ეს მაჩვენებლები 2011-ში, შესაბამისად, 3 და 25 პროცენტი იყო. ამას გარდა, უმუშევრობას უჩივის უბავშვო ოჯახების 34 და ბავშვიანი ოჯახების – 52 პროცენტი. რა დაღს ასვამს სიღარიბე ადამიანს, მით უფრო, ბავშვობიდან და აქვს თუ არა სიღარიბეში გაზრდილს  სრულფასოვან მოქალაქედ შედგომის შანსი, – ამ მტკივნეულ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვზე სიღარიბე და ღარიბ ოჯახში ცხოვრება?

– გარდა იმისა, რომ ბავშვი გაჭირვებაში ცხოვრობს, ის, აგრეთვე, მოკლებულია ბევრ ისეთ რამეს, რაც მის განვითარებას შეუწყობდა ხელს.  რაც მთავარია: გაჭირვებაში მცხოვრები ადამიანი ეჩვევა სიღარიბეს და სიღარიბე ხდება მისთვის ცხოვრების სტანდარტი. სიღარიბე თავისთავად პრობლემაა, არის რაღაც ისეთი, რომელიც ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სიღარიბემ იცის შეჩვევა. ანუ ადამიანი ეგუება ამ მდგომარეობას.

– რას ნიშნავს, ეგუება? მოსწონს ღარიბად ყოფნა და არ უნდა ამ მდგომარეობის შეცვლა? მეორე მხრივ, თუ ეგუება, ესე იგი, ტრამვას აღარ იღებს, მაგრამ, რადგან ეჩვევა, მისი დაძლევა რომ არ უნდა, იმიტომაა ეს ცუდი?

– ერთხელ პატრიარქმა თავის საკვირაო ქადაგებაში თქვა: ნუ შეეგუებით სიღარიბესო. ეს შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ იყო. მან, როგორც ჩანს, შეამჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ღარიბად ცხოვრობენ, მიეჩვივნენ ამას და მიაჩნიათ, რომ სიღარიბეში უნდა იცხოვრონ. იმიტომ რომ, მათი აზრით, სიღარიბე არის ბედისწერა და მისი დაძლევა შეუძლებელია; ისინი შემწეობიდან შემწეობამდე ცხოვრობენ და სწორედ შემწეობა მიაჩნიათ კარგ რამედ. ამდენად, მხოლოდ სიღარიბე კი არ არის პრობლემა, არამედ სიღარიბესთან ადაპტაციაც და ის, რომ ადამიანს არ აქვს იქიდან გამოსვლის სურვილი. პირიქით, მისთვის ხელსაყრელია, იყოს სიღარიბეში, რადგან უფრო მოგებული რჩება, იმ თვალსაზრისით, რომ არ ცხოვრობს თავის ხარჯზე, თავისი ძალისხმევით, არამედ მას არჩენენ, ანუ პასუხისმგებლობა მოცილებული აქვს და ასე შეიძლება, გაატაროს მთელი ცხოვრება.

–  ერთ მაგალითს ვიტყვი, რომელიც სახასიათოა: არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვით, ცხოვრობს მეგობრების ხარჯზე. მათ ართმევენ შვილისთვის საკვებისა და საკუთარი სიგარეტის ფულსაც. ერთ-ერთმა მეგობარმა ქმარს უშოვა სამსახური, ყოველდღიური 30-ლარიანი ანაზღაურებით, მაგრამ ოჯახის უფროსმა უარი თქვა: ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ დღეში 30 ლარის გამოო. ანუ მუშაობა არ შეუძლია, მაგარამ დღეში ერთი კვერცხის მათხოვრობა შეუძლია.  ამას რა ჰქვია: სიღარიბის შეჩვევა თუ უბრალოდ პარაზიტობა?

– ასეთი მაგალითი უამრავია, ამიტომ, მოდი, განვაზოგადოთ: ამერიკელმა ფსიქოლოგმა მარტინ სელიგმანმა აღმოაჩინა „შეძენილი უსუსურობის“ სინდრომი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი სწავლობს უსუსურობას. როდესაც ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ის აჯერებს თავს, რომ არაფერი შეუძლია და მხოლოდ ის ძალუძთ, რომ იყვნენ ღატაკები და მუდმივად სხვებზე დამოკიდებულები. ისინი ეგუებიან შემწეობას, როგორც ცხოვრების ერთადერთ სტანდარტს და ეს ძალიან საშიში მოვლენაა. რატომ არის, რომ განვითარებადი ქვეყნები ვერ ვითარდებიან და კონსერვდებიან ერთ დონეზე? და ჩვენც სწორედ განვითარებადი ქვეყანა ვართ და დაკონსერვებული?! იმიტომ რომ, ადამიანები ეჩვევიან სიღარიბეს და არ უნდათ იქიდან გამოსვლა, სიღარიბე კარგია –  რისკი არ უნდა გასწიო, რა გენაღვლება? გარჩენს სახელმწიფო ან უცხოელი დონორები. შენ იწუწუნებ, რომ არაფერი გაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, შეღავათებს გაძლევენ, ლმობიერად გექცევიან და ნაკლებად ფიქრობ იმაზე, რა მოიმოქმედო თავად. ეს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ღარიბი ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც არა მარტო თვითონ იქნება ღარიბი, არამედ ღარიბი აზროვნების მომავალ თაობასაც გაზრდის.

რაც მთავარია, სიღარიბე მხოლოდ ფულადი პრობლემა არ არის, ეს მენტალური პრობლემაა: ღარიბ ადამიანს უვითარდება ღარიბი ტვინი, არა რუხი ნივთიერების სიმცირის თვალსაზრისით, არამედ აქვს ღარიბი მენტალიტეტი, რომ სიღარიბე მოცემულობაა და მუდმივად ღარიბი უნდა იყო. ასეთ ადამიანს არ აქვს გარღვევის უნარი და სურვილი. თუმცა არიან გამონაკლისებიც, მაგალითად, ივანიშვილისნაირი ხალხი, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, მაგრამ ეს მათთვის სტიმული გახდა. ოღონდ ეს მაინც გამონაკლისია. მასობრივად, როგორც წესი, უსუსურობის სინდრომი ვითარდება.

– როგორ არის შესაძლებელი თავის დაღწევა სიღარიბის ამ საბედისერო წრიდან?

– ერთადერთი გამოსავალი განათლებაა. შემუშავდა საერთაშორისო პროგრამა, რომელსაც ჰქვია ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამა. მისი საბრენდო სახელია „აპლატუნი“, რაც, ერთი მხრივ, ნიშნავს პლატონს; მეორე მხრივ –  მკვლევარს. პროგრამა აღმოცენდა ინდოეთში და ამ პროგრამით მუშაობდნენ ინდოეთის იმ შტატებში, სადაც სიღარიბე იყო, არა მხოლოდ ინდოელები, არამედ ევროპიდან ჩასული ადამიანები, ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციალისტები. შემდეგ სწორედ მათ ჩაიტანეს ეს პროგრამა ევროპაში. დღეს მათ სათავო ოფისში ჰოლანდიაში, 120 ქვეყანაა გაერთიანებული და ამ პროგრამას გადის 2,5 მილიონი ბავშვი.

– და ყველა ეს ქვეყანა განვითარებადია?

– ეს მეტწილად სიღარიბის დაძლევის პროგრამაა, თუმცა აქა-იქ განვითარებულ ქვეყნებშიც მუშაობს. მაგალითად, რაღაც ჯგუფებია ინგლისში, არის ჰოლანდიაშიც. პროგრამა შედგება ხუთი კომპონენტისგან. ბავშვებს ასწავლიან საკუთარი თავის გაცნობიერების უნარ-ჩვევებს; მეორე  –  ასწავლიან საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის, ეკონომიკურ უფლებებს; მესამე –  ასწავლიან რესურსების დაზოგვას, მათ შორის, ფინანსების დაზოგვას და ხარჯვას; მეოთხე –  ასწავლიან დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, რაც დაკავშირებულია ფულთან და ფული ძირითადი რესურსია, რაც აკლია ღარიბ ადამიანს და მეხუთე –  ასწავლიან მეწარმეობას, ანუ თუ კოჭებში არ გაუჯდა ადამიანს ბიზნესი, ტვინით ბიზენსმენი ვერ დადგება. ამდენი ადამიანი ამთავრებს ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტს, მაგრამ თავიანთ ბიზნესს კი არ იწყებენ, არამედ ხდებიან ლექტორები ან ბანკში იწყებენ მუშაობას.

– ანუ სხვების ბიზნესში საქმდებიან.

– გინახავთ ბიზენსმენი, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაემთავრებინოს?! ამიტომ ბიზნესი ბავშვობიდან უნდა გაუჯდეს ადამიანს და მისი არსების ნაწილი გახდეს. ეს პროგრამა მიდის თამაშის სტილში. სიმულაციური თამაშებია, სადაც ბავშვი გაათამაშებს, რასაც ასწავლიან და ამით მას უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, საკუთარი თემისადმი, სადაც ცხოვრობს, უვითარდება ლიდერობის უნარები; სხვანაირად უყურებს ცხოვრებას და უჩნდება იმ გარემოს შეცვლის სურვილი, რადგან ხვდება, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, უნდა იცხოვროს ახლებურად და სტანდარტები აამაღლოს.

სიღარიბე არის ის, რომ ადამიანი ეგუება დაბალ სტანდარტებს და არ უნდა ამ სტანდარტებიდან გამოსვლა, ხოლო კეთილდღეობის ამაღლება ნიშნავს, რომ ადამიანი მუდმივად ელტვის სტანდარტების აწევას. საქმე ის არის, ღარიბ ადამიანებს და მათ შორის, ბავშვებს, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრობენ, არ უკმაყოფილდება ოთხი ფუნდამენტური უფლება, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია, რომ ადამიანი ღარიბი არ იყოს.

– რა ფუნდამენტური უფლებებია ეს?

– საარსებო საშუალებების არქონა; უსაფრთხოების არქონა, ანუ დაცული არ არის; ხელმიუწვდომლობა განვითარებაზე, მაგალითად, ღარიბ ბავშვებს არ აქვთ წიგნების ფული და ასე შემდეგ და მათ არ აქვთ საზოგადოებრვ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება: მონაწილეობა რომ მიიღოს, ტრანსპორტის ფული უნდა ჰქონდეს გადასაადგილებლად. ამიტომ ასეთი ადამიანი განწირულია, იყოს მარგინალიზებული, რადგან მარგინალურ ცხოვრებას ეწევა და სიღარიბე ისეთი ჭაობია, რომელიც ითრევს და აგუებს სიღარიბეს, ეს კი ძალიან საშიში სენია. ფაქტობრივად, კიბოა. ამ პროგრამით სწორედ ეს დაიძლევა და ამ ბავშვებს ზრდიან ლიდერებად. მე ჩამოვიტანე ეს პროგრამა საქართველოში და დავიწყე მისი ექსკლუზიური დანერგვა. საქართველოში ხომ ასეთი წესია –  გარედან უნდა მოიზიდო რესურსი, მაგრამ ეს ორგანიზაცია გეუბნება, შენს საზოგადოებაში მოძებნე დონორი, ანუ თქვენს ბავშვებზე უნდა იზრუნოს თქვენმა საზოგადოებამ და თუ თქვენი საზოგადოება არ ისწავლის საკუთარ ბავშვებზე ზრუნვას, ჩათვალეთ, მუდმივად ღარიბები იქნებით; რამდენი ფულიც უნდა მოგცეთ, თქვენ არაფერი გეშველებათ, იმიტომ რომ, თუ საზოგადოება შიგნით არ აკეთებს საგანმანათლებლო პროგრამის ინვესტირებას, რატომ უნდა დავხარჯოთ ფული ჩვენ?! 

ამიტომ დავიწყე ამაზე მუშაობა ადგილობრივ ბანკებთან. ერთ-ერთმა ბანკმა ორსემესტრიანი პროგრამა დააფინასა, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ მეორის დაფინანსებაზე უარი თქვა, რადგან იმ წელს დაგეგმილი 90 მილიონი მოგების ნაცვლად 30 მილიონი აიღო, თითქოს 30 მილიონი ცოტა თანხაა. ეს იყო 2012 წლის ბოლო და გადაკეტეს ამ პროექტის განხორციელება. მაინც მადლიერი ვარ, რომ ორი წიგნი გამოვეცი და მაქვს შანსი, გამოვიყვანო ეს ბავშვები სიღარიბიდან. ამის შემდეგ მივადექი მეორე ბანკს, წარვადგინე ეს პროგრამა და ექვსი თვეა, დღემდე ფიქრობენ, დააფინანსონ თუ არა. თან, შევთავაზე, რომ ხელფასი არ მინდა პირადად მე, უბრალოდ გააკეთეთ ამის პრომოუშენი და ხელფასი მიეცით მხოლოდ პედაგოგებს, რომლებიც დავატრენინგე. მაგრამ ჯერჯერობით ძვრა არ არის.

– პროგრამის შედეგები როგორია?

– მე აქაც ვიმუშავე ბავშვებთან. მათ ფულის გაკეთება დაიწყეს, შემდეგ ეს შეგროვილი ფული მოახმარეს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მივმართე პრემიერ-მინისტრს, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო, პრემიერ-მინისტრის აპარატმა გადაამისამართა ჩემი წერილი განათლების სამინისტროში. განათლების სამინისტრომ შემომთავაზა, დონორი თქვენ თვითონ იპოვეთო. ჩემი სურვილია, რომ ეს პროგრამა კურუკულუმის სახით იქნას შეტანილი სახელმწიფო პროგრამაში და გადამზადდნენ მასწავლებლები. საქმე დავძარი იმით, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით „აპლატუნის“ რაღაც ელემენტები ჩაიდო. არადა ერთადერთი, რამაც შეიძლება, გამოიყვანოს უსუსურობის სინდრომიდან ჩვენი ბავშვების თაობა, არის განათლება. მაგრამ ამას სჭირდება სახელმწიფოს ნება, რომ ამაში ინვესტიცია ჩადოს.

– ზოგადად, რა წარმატებებს მიაღწიეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც გაიარეს ეს პროგრამა სხვა ქვენებში? გამოიყენეს შეძენილი უნარები, დაძლიეს სიღარიბე? გამოვიდნენ სიღარიბესთან შეუგების დამღუპველი მდგომარეობიდან?

– ბოლოს კენიაში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია. საერთოდ, აფრიკაში კარგად მუშაობს ეს პროგრამა. მოხსენებებით გამოვიდნენ როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები და იგრძნობოდა კვალიფიკაცია პედაგოგებისაც, ბავშვებისაც და, ბუნებრივია, მეცნიერებისაც. აფრიკის ბევრ ქვეყანაში ხორციელდება ეს პროგრამა და საკმაოდ სწრაფი ტემპით მიიწევენ წინ. ამ პროგრამას აფრიკული ბანკები აფინანსებენ. მთელი ეს პროგრამა ეფუძნება კვლევას, ყველაფერი გათვლილია და ციფრებშია გადატანილი. ყოველწლიურად ამსტერდამის სათავო ოფისში იკრიბება მასალები, რომლებსაც აზოგადებენ. მე წელს ვერ გავგზავნე მასალა, იმიტომ რომ, ვერ შევქმენი ბავშვების ჯგუფები, რომლებთანაც ვიმუშავებდი. თუმცა მე, როგირც ტრენერი, დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში და ვატარებ ამ ტრენინგებს საქართველოს გარდა, ყველგან. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ჩათვლით. მაგრამ აქ ეს არავის აინტერესებს. თან, მე უკვე საპენსიო ასაკის ვარ და ამდენის გაკეთებაც აღარ შემიძლია მარტოს. გრანტებსაც ვერ ვპოულობ, იმიტომ რომ, გრანტების მეტი ნაწილი ხმარდება ციხეების თემას.

–  მომგებიანია უფლებების დაცვის სფერო, განსაკუთრებით, უმცირესობების, თუმცა ამ დროს გვერდზე რჩება, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის ბავშვები უბრალოდ განწირულები არიან მეორეხარისხოვნობისთვის სიღარიბის გამო.

– ასეთ თემებზე რთულია სპონსორის მოძიება. არადა 120 ქვეყანაა ჩართული ამ პროგრამაში და ყოველწლიურად ორ-ნახევარი მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას. თავდაპირველად, ოპტიმისტურად ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ სიღარიბის დაძლვის თვალსაზრისით, ამ ქვეყანას ჯერჯერობით არაფერი ეშველება. ეს იმითაც ჩანს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე, ესე იგი, არ იყურებიან ხალხისკენ, იმიტომ რომ, მსხვილი ბიზნესი სასახლო არ არის. სახალხოა წვრილი ბიზნესი, მაგრამ წვრილი ბიზნესის ინვესტირება და დახმარება არ ხდება. არც მენტალობაზე მიდის მუშაობა, რაც კიდევ ცალკე თემა და პრობლემაა.

скачать dle 11.3