კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაადო ხელბორკილები პარიზში, კაფე „როტონდაში” პოლიციამ ლადო გუდიაშვილს და მისი რომელი ნამუშევარი ვერ თავსდებოდა ტრადიციულ ჩარჩოებში

მხატვარი, რომლის მიმართ ყურადღება არასდროს შენელდება; მხატვარი, რომელსაც ბევრი ისეთი რამ გაუვლია ცხოვრებაში, რომლის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგებს ფართო საზოგადოება. ეს ლადო გუდიაშვილის დღიურებია.            

ლადო პარიზში სწავლობდა რონსონის ეგრეთ წოდებულ „თავისუფალ აკადემიაში”. დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში. ლადო პარიზში განთქმული „ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამადეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. პარიზში ყოფნისას მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა… ზეიმის შემდეგ, კაფე „როტონდაში” შეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს… მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს. ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვეო, – თქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები, დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე, რომ მის წინაშე ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა. 1920 წელს, „საშემოდგომო სალონში” მოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა – ორი სურათი გამოფენის პირველივე დღეებში გაიყიდა. ერთ-ერთი  – „კინტოების ქეიფი” – ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა. გამოფენის მდივანმა ლადოს სთხოვა, სურათი შეეფასებინა. სიხარულისგან მხატვარმა ცრემლების „ბურთი” ძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა: მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი. ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებსო… მეორე დღეს, ესპანელი მხატვარი თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში. კარგა ხანს ათვალიერა სურათები, რამდენიმე აარჩია. ამ ნახატებს თუ შეელევითო? – ჰკითხა. როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო. მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა. ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთო, უთხრა...  ლადოს წარმატება დღითი დღე იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის „პრადოს” მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა. მიუხედავად დიდი წარმატებებისა, ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი… ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა. წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა. სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდა – პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს. ჯერ საკუთარ გალერეაში გამოფენდა და შემდეგ – მამასისხლად ყიდდა… ლადოს სტუმრად მოსული როზენბერგი არწმუნებდა: ,,თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს, როცა იწყება თქვენი აღიარება. თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა.. თუ გინდათ, ამაღლდეთ, დარჩით”. ამ შეხვედრას ლადო მოგვიანებით ასე იხსენებდა: ,,მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს, მატისს. მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს”. 

1926 წელს ლადო ფრანგული გემით დაბრუნდა საქართველოში. „ალბათ, ამქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე სამშობლოში დაბრუნება. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა, როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი”… სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე, ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. შემდგომ, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობით შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას უეჭველად მივიდოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა… ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. გოგონა ნინო მგელაძე აღმოჩნდა. ის რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში სწავლობდა. გამოფენამ მტკიცედ დაამეგობრა 30 წლის ლადო და 16 წლის ქალიშვილი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზა – მეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო. მართლაც 1930 წლის თებერვალში, პაემანი შედგა. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელაია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარ?  – იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძლისგანო, – უპასუხა  თამადამ. სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს… ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ, საქორწინო მოგზაურების პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა. როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და... ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ. ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენ – მეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნენს ცოლ-ქმარი. ქორწინების შემდეგ, ნინო ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი გახდა. როგორც კი სურათი დაიბადებოდა, პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა, ენახა და აზრი გამოეთქვა, ნინო გუდიაშვილი გახლდათ… 

1946 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გადაწყვიტა, ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძარი მოეხატათ. ამის თაობაზე თხოვნით მიმართა მხატვართა კავშირსაც და ლადო გუდიაშვილსაც. ორივე მხრიდან თანხმობა მიიღო. გუდიაშვილი ასე იგონებდა იმ პერიოდს: „მე გადავწყვიტე, ღვთისმშობელი წამომეყვანა ჩვენკენ, მიწისკენ. უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ენკაუსტიკის ურთულესი წესით – ცხელი, ადუღებული ფერებით. მაგრამ, ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა. ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს… ხარაჩოებზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაკიდებული, სისხლი მდიოდა ცხვირიდან.“ ლადო დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა, მხოლოდ ორი ადამიანი ეხმარებოდა. „კეთილისმყოფელნი“ თავიდავნე არწმუნებდნენ, უარი ეთქვა ამ საქმეზე. მოშურნენიც გამოცოცხლდნენ და უშიშროების კომიტეტში წერილები დააგზავნეს. საბოლოოდ, გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს. კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა. საპატრიარქო და მრევლიც დაეჭვდა – წმიდანთა სახეები ტრადიციულ ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა. მხატვარს ურწმუნოება და ღვთის გმობა დასწამეს. ცხრა თვისა და ცხრა დღის შემდეგ მოხატვა შეაწყვეტინეს. უარყოფილი მხატვარი თითქმის ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული მუშაობდა. ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს. დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით, 1957 წელს 12 მაისს თბილისში დიდი ექსპოზიციის გახსნა დაიგეგმა. კატალოგი დაიბეჭდა, სამხატვრო გალერეაში ტილოები განათავსეს, მაგრამ რომელიღაც „ჩინოვნიკმა“ გადაწყვიტა, გამოფენა აღარ გაეხსნათ. ხმა უცებ გავრცელდა, გამოფენა აკრძალეს და ნახატები უნდა გაიტანონო. სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა მთელი ღამე საგამოფენო დარბაზთან გაატარა. დილით უკვე იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იძულებულნი გახდნენ, დარბაზის კარი გაეღოთ. საზოგადოებამ უპრეცედენტო მასშტაბის, 835 ნახატი ნახა. ოფიციალური გახსნა 14 მაისის საღამოს მოეწყო, მხატვარს ოვაცია ქუჩაშივე გაუმართეს. ამ გამოფენას მოჰყვა ლადო გუდიაშვილის საყოველთაო აღიარება და სიყვარული… 

„პარიზში რომ ვიყავი, ერთხანს ისე გამიჭირდა, ლამის ქუდი ჩამომეტარებინა ქუჩა-ქუჩა. ვიჯექი ჩემს მანსარდაში და ამაოდ ვიგონებდი ნაცნობებს, რომელთანაც ფულის სასესხებლად მიმესვლებოდა… ხატვა არ მინდოდა. ავდგებოდი, მივდიოდი ფანჯარასთან და გავცქეროდი ჩამოჯანღულ ცას, სველ სახურავებს, ხავსმოდებულ კედლებს. ვნახოთ, ვიღაცამ დააკაკუნა. ვინ ეშმაკია-მეთქი, დაღრეჯილი მივედი კართან. გამოვაღე და… ცოტა არ იყოს, შევცბი. ახალგაზრდა ქალ-ვაჟი მწვეოდა. აი, კინოში რომ გვაჩვენებენ ხოლმე ბედნიერ ამერიკელ ახალგაზრდებს, სწორედ ისეთები… მერე ქალი გამომელაპარაკა ფრანგულად – დიდად ზრდილობიანად და მოხდენილად: ჩვენ თქვენი ნამუშევრები გვინახავს, ბატონო მხატვარო, მოხიბლულნი ვართ მეც და ჩემი მეუღლეც. გავბედეთ და შეგაწუხეთ, იქნებ დაგვავალოთ და თქვენი რომელიმე ნახატის მფლობელი გაგვხადოთო. ის რომ ლაპარაკობდა, მისი ქმარი სულ იღიმებოდა და ხან მე მიყურებდა სიხარულით, ხან თავის მეუღლეს. მე აღარ ვიცოდი, რომელი სკამი შემეთავაზებინა, რომ საღებავით არ დასვრილიყვნენ. ძალიან მინდა, თქვენი სურვილის ასრულება, მაგრამ თქვენი საკადრისი არაფერი მაქვს-მეთქი, – მოვახსენე. ეს რომ გაიგონეს, შეწუხდნენ… უბრალო, მცირე რამე მაინც, ბატონო მხატვარო, სულ უბრალო, თუნდაც მონასმიო. ვიფიქრე, ოღონდ ახლა როგორმე თავიდან მოვიშორო და, ჯანდაბას, მერე რაც იქნება-მეთქი. ვეუბნები, ორი დღის შემდეგ შემოიარეთ-მეთქი. ხელად დაუბრუნდათ ბედნიერი ღიმილი… მოიბოდიშეს და გამომეთხოვნენ. მე მოვბრუნდი და საწოლზე ჩამოვჯექი. მათი წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენი ჩემი უბედობა. თბილისი გამახსენდა. ავიღე ფანქარი და ალბომში მოვუსვი. დავხატე მოცეკვავე ქართველი ქალი, თითქოს იმ ამერიკელი ბედნიერი ქალის საპასუხოდ; დავხატე დაღლარა კინტო და საკინძეჩამოხეული ყარაჩოხელი – ესეც თითქოს იმისი ქმრის საპასუხოდ; დავხატე ვირი თბილისის ქუჩაზე და იღლიაში სახრეგაჩრილი წყნეთელი – ესეც თითქოს იმათი ნიუ-იორკის საპასუხოდ. მერე მივეგდე და მივიძინე ნაცემი ძაღლივით. გავიდა ორი დღე და ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა ის ცოლ-ქმარი. ისევ ბედნიერნი, ხალისიანნი, ატაცებულნი. ვაჩვენე ერთი ნახატი, მეორე, მესამე… აღარ იციან, რა ქნან… თუ შეიძლება, რომ ყველა სურათი დაგვითმოთო. მე გამეცინა: რის დათმობა, აიღეთ, წაიღეთ-მეთქი. მაშინ მამაკაცმა საქმიანად მთხოვა, მიბრძანეთ, რამდენი უნდა მოგართვათო. ჩემთვის ყველა ის ნახატი, ახლანდელ ფულზე რომ ვთქვათ, ათი თუმანიც არ ღირდა. აბა, ამაზე ხომ არ შევევაჭრებოდი. ინებეთ, ბატონებო, ფასზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, მე ქართველი გახლავართ-მეთქი. მაშინ მამაკაცმა საბანკო ჩეკი ამოიღო, რაღაც დაწერა, ერთი ფურცელი ამოხია და გამომიწოდა. მე რომ ჩემი ქართველობა დამემტკიცებინა, ჩეკისთვის არც დამიხედავს, კარებამდე მივაცილე ცოლ-ქმარი და, როგორც კი თვალს მიეფარნენ, ადგილს მოვწყდი. ისე როგორ შეირცხვენდა კაცი თავს, ერთი სადილის ფული მაინც არ დაეტოვებინა-მეთქი. დავავლე ჩეკს ხელი, წავიკითხე და… ჩემს სიცოცხლეში ნამდვილი ლოცვით პირველად დავლოცე მდიდარი – მდიდარი, ბედნიერი ხალხი. ჩეკში ეწერა, რომ ამის წარმდგენელს ათასი დოლარი მიეცემაო”. 

(ლადო გუდიაშვილის ნაამბობი). რევაზ ინანიშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი ეს ნოველა ჩართულია მწერლის ერთ-ერთ პირად წერილში.

скачать dle 11.3