კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გალობს და დასტირის ჯვარცმულ მაცხოვარს ნაირა ნაჩხატაშვილი მთელი საქართველოს ნაცვლად ყოველ წითელ პარასკევს სამი ათეული წელი და უწმიდესის მიერ აღსრულებული რა სასწაულის მხილველი გახდა ის

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ვნების შვიდეული დაიწყო – ყველაზე მძიმე, რთული კვირა, რომელიც მაცხოვარმა ჩვენთვის, ჩვენს საცხოვნებლად გაიარა. სამი ათეული წელია, ნაიარა ნაჩხატაშვილი ამ გზას გადის, წითელ პარასკევს კი, მთელი საქართველოს ნაცვლად, ანგელოზებრივი, სულში ჩამწვდომი ხმით გოდებს და დასტირის ჩვენთვის ნაწამებ, ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს. ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია,  განსაკუთრებით კი – „ვაი, რა კარგი საჩინო“, რომელსაც ხალხი „ღვთისმშობლის დატირებას“ ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას – დღეს, რომელსაც ყველაზე დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.

ნაირა ნაჩხატაშვილი: მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად მოდის დედისა და მამის მხრიდან. დედაჩემი საქმეს რომ აკეთებდა, მაშინაც მღეროდა, ოღონდ, სხვადასხვა საქმეს სხვადასხვა რეპერტუარი ჰქონდა. მამაჩემის მამა იეთიმ გურჯთან მეგობრობდა, სულ ერთად იყვნენ. ჩვენს ოჯახში სიმღერა იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ჩემი მუსიკალური ნიჭი განსაკუთრებულად არ აღუქვამთ. სამუსიკო სასწავლებელშიც მხოლოდ იმიტომ შემიყვანეს, რომ გოგო ვიყავი და უნდა მევლო. შემდეგ მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო-სადირიჟოროზე ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი დირიჟორი ლეილა აბაშიძე იყო, რომელიც ჩუმად დადიოდა სიონის საკათედრო ტაძარში – მაშინ ასეთი რაღაცეები აკრძალული იყო. გაკვეთილები რომ ცდებოდა, ბავშვები კინოთეატრში მიდიოდნენ, მე და ჩემი მეგობარი მზია მურადაშვილი, რომელიც ჩემი შვილის ნათლიაა და დღესაც მგალობელია, მივდიოდით სიონის ტაძარში. ოღონდ, რატომ ჩავდიოდით, არ ვიცი, გული გვთხოვდა. მერე ხატებს შევხედეთ და ლოცვა დავიწყეთ, ოღონდ, ლოცვის წესიც არ ვიცოდით და მხოლოდ ვთხოვდით და ვთხოვდით. მაშინ მხოლოდ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე გალობდნენ მოხუცები, რომლებსაც ვერსაიდან ვერ გარიცხავდნენ ამის გამო. 70-იანი წლების მიწურული იყო, როდესაც უწმიდესმა მოისურვა, ყოველდღე ჩატარებულიყო წირვა-ლოცვები, რასაც გუნდები, მგალობლები სჭირდებოდა. დღემდე ბავშვივით ვეფერები უწმიდესს, რომელიც, ამ დღიდან მოყოლებული, არ გაჩერებულა: აშენებს, აშენებს, სულ რაღაცას აკეთებს, ხალხს ასაქმებს, ეკლესიაში მოჰყავს. ერთ დღესაც, ჩემმა პედაგოგმა, ლეილა აბაშიძემ, აუდიტორიის კარი ჩაკეტა და მითხრა: ნაირა, რაღაც მინდა მოგასმენინოო. „მრავალჟამიერი” მომასმენინა და კიდევ ერთი საგალობელი, რომელიც მანამდე არ მქონდა მოსმენილი. ვუთხარი, ეს საგალობელია-მეთქი. მართალი ხარ და, იგალობებდიო? რას ბრძანებთ, მე მაგის ღირსს ვინ გამხდის-მეთქი. უწმიდესის კურთხევაა, რომ ეკლესიაში საგალობლები იგალობონ, პირველს შენ გითხარი და, ვინც გინდა, ის წამოიყვანეო. შევკარით გუნდი, ჩუმად დავიწყეთ მეცადინეობა და, მზად რომ ვიყავით, მოვასმენინეთ პატრიარქს. გულში ჩაგვიკრა ყველა და მოგვეფერა. მახსოვს, ხელი გამოგვიწოდა კურთხევის ასაღებად. მაშინ არ ვიცოდი, ხელზე რომ უნდა ვმთხვეოდი  და დიდის ამბით ჩამოვართვი. რა თქმა უნდა, გაეცინა.
– იმ პერიოდში ეს გარკვეულ რისკთან, საფრთხეებთან იყო დაკავშირებული. არ გქონიათ შიში, ან, არ შეგქმნიათ ამის გამო პრობლემები?
– არანაირი შიში არ მქონია, თუმცა, პრობლემები იყო. სადირიჟოროს დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე. ერთ დღეს, კონსერვატორიაში დამიბარეს და მკითხეს, რატომ დადიხარ ეკლესიაშიო. იმიტომ, რომ ვგალობ, ღმერთს ვუგალობ-მეთქი. მითხრა: ჩვენ სხვა სამსახურებს შემოგთავაზებთ და იქიდან წამოდიო. კაპელაში ისედაც მეპატიჟებიან, ისედაც ვმღერი-მეთქი. ყოველთვის მეძახდა ჯანსულ კახიძე, სადაც კი ქალის ხმა გაჟღერდებოდა, მე იქ ვიყავი: საფრანგეთში, შვეიცარიაში წამიყვანა გასტროლით მაშინ. დამირეკავდა: „ნაჩხატ, გაემზადე, იქ ამას იმღერებ.” ასე რომ, უარი ვუთხარი: სხვაგან ისედაც ვმუშაობ, ტაძარში გალობის დიდი სურვილი მაქვს და ჩემს სურვილს წინ ვერავინ აღუდგება-მეთქი. წარბშეკრული დამემშვიდობა. კონსერვატორიიდან კი გამრიცხეს. თუმცა, ერთი წლის მერე საბჭოთა წყობა შესუსტდა, დაშლისკენ მიდიოდა და ისევ დამიბარეს კონსერვატორიაში აღდგენაზე. იმ პერიოდში გასტროლებზეც ხშირად გვიწევდა წასვლა. გერმანიაში რადიომ მგალობლების გუნდი მიგვიწვია. ერთ-ერთ სერიოზულ აგენტს მოუნდა ჩემთან საუბარი, რომელმაც მითხრა: თქვენ აქ მილიარდერი გახდებით, მე კი, თქვენი წყალობით – მილიონერი; თქვენ განუმეორებელი ტემბრი გაქვთო. თან, ჩამომითვალა რამდენიმე ძალიან ცნობილი მომღერლის სახელი, რომლებსაც მათმა სააგენტომ გაუკვალა მომავალი. იმ დროს ჯერ კონსერვატორიის სტუდენტიც არ ვიყავი, ვოკალურზე არ ვსწავლობდი და გამიკვირდა: არც რეპერტუარი ვიცოდი და რატომ მტოვებდნენ, ვერ ვხვდებოდი. ჩვენ გასწავლით და, ზოგადად, ყველაფერს ჩვენ გაგიკეთებთო. რასაკვირველია, უარი ვუთხარი და ამას დღემდე არ ვნანობ. მერე, როდესაც ვოკალისტი გავხდი, სულ იყო გასტროლები, მოსმენები, შემოთავაზებები, მაგრამ გალობისთვის არასდროს დამინებებია თავი. მივდიოდი ღვთისმშობლის ხატთან, ვუყურებდი, ფიზიკურადაც კი ვხედავდი და ვთხოვდი: თუ ეს მადლი წამერთმევა, არ მომემართოს ხელი-მეთქი. როგორ მინდოდა სცენაზე დგომა, იმდენი ამბები გადავიტანეთ, მაგრამ ამ მადლზე ვერასდროს ვიტყოდი უარს. თან, უცხოეთში რომ მივდიოდი, ელემენტარულ რაღაცაზე მეშლებოდა ხელი: ოდისეი დიმიტრიადიმ საბერძნეთში დაანიშნინა მოსმენა. ერთი თვით ადრე ჩავედი და პირველივე დღეს ტაძარში შევედი. რუსები გალობდნენ. მღვდელი გამომელაპარაკა, გაიგო, მგალობელი რომ ვიყავი და მთხოვა, იგალობეო. ავიღე ფურცელი და დავიწყე გალობა. რომ დამთავრდა წირვა, მღვდელი გამოვიდა დიდი პარკით, რომელშიც ტკბილეული იდო და, თან, ეკლესიაში გალობა და რეგენტობა შემომთავაზა. მაშინ მივხვდი, რომ მე უნდა ვიგალობო და, ამიტომაც, სულ ვგალობ და ვგალობ... 21 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, შვილი მეყოლა – მაყვალა ასპანიძე, რომელიც დღეს საოპერო მომღერალია და ევროპაშიც კარგად იცნობენ. როდესაც ტაძარში მივდიოდი, ისიც თან მიმყავდა. ცოტა ხანს ჩერდებოდა წირვაზე, მერე იღლებოდა და მონაზვნებს გაჰყავდათ იქვე, პატრიარქის რეზიდენციაში. ისიც უწმიდესის კანფეტებს მიირთმევდა მთელი დღე და მერე ეხუმრებოდნენ – ამიტომაც გაქვს კარგი ხმაო. დედაღვთისმშობელმა მისი დახმარებით დამაბრუნა სცენაზე – ესეც არ მომაკლო.
– თქვენ უკვე ათეული წელია, ყოველ წითელ პარასკევს, სათუთად, საოცარი ემოციებით, გულში, სულში ჩამწვდომად გალობთ „ვაი, რა კარგი საჩინოს“, რომელიც უფრო მეტად გვაგრძნობინებს ამ დღის სიმძიმეს და ცოდვილ ადამიანებს უფრო მეტად გვაახლოებს ღმერთთან.
 – ჩემი ძმები ძალიან მუსიკალურები არიან, ნიჭიერები და, ერთ-ერთ ძმას პირველად რომ მოვასმენინე „უფალო, იესო ქრისტეს“ საგალობელი, მითხრა: რას შვრები, ნაირა, მთელ საქართველოს შენ ტირიხარო? მას მერე მართლაც მთელ საქართველოს ვჭირდები – როგორც მიცვალებულებს, ასევე ცოცხლებს. რაც შეეხება „ვაი, რა კარგი საჩინოს“, უწმიდესმა დაგვიბარა თავისთან. ძალიან მიყვარს ჩვენი უწმიდესი, ისეთი წმიდა და უძლიერესია! ერთხელ მრევლმა დამირეკა: ნაირა, შენზეა დამოკიდებული ჩემი შვილის სიცოცხლე, რამენაირად უწმიდესს უნდა შევხვდე. ყელის სიმსივნე აქვს, უცხოეთში ვიყავით, იქაც ეს დიაგნოზი დაუსვევს და ერთადერთი მხსნელი შენ ხარ, უნდა შემახვედროო. შევძელი, შემეხვედრებინა და დალოცა უწმიდესმა, ერთ კვირაში მიიყვანა ექიმთან – აბსოლუტურად გაქრა ყველაფერი, ჯანმრთელი იყო. გადავუხვიე თემას. უწმიდესს ძალიან უნდოდა, ხალხი ტაძარში დაებრუნებინა. ყველა კომპოზიტორს დაავალა, რომ დავით გურამიშვილის „ვაი, რა კარგი საჩინოზე“ მუსიკა შეექმნათ. მერე მე დამიბარა: მინდა, სოლო შენ შეასრულო და მოისმინეო. ერთი მოვისმინეთ, მეორე, მესამე... ლამაზი იყო, მაგრამ, არ იყო გოდება, რაღაც არ ეთანხმებოდა. ბოლოს მკითხრა: აბა, რას იტყვი, არ მოგეწონაო? ჰარმონიები ძალიან გართულები აქვთ, არ არის ეს საჭირო, ეს ხომ დატირებაა, თან ქრისტესი-მეთქი. აბა, როგორო, – მკითხა. ჩემი მგალობელი გოგონები იქვე იდგნენ: აბა, ბანი გამიჩერეთ-მეთქი და დავიწყე გალობა ისე, როგორც ახლა ისმენთ. ჰო, ეს არის ესო, – მითხრა პატრიარქმა, – დღეიდან ამას შენ იგალობებო და მას მერე ბევრი წელია, ვგალობ. პირველად სიონში ვიგალობეთ. ამ გალობის დროს ცოცხალი აღქმა ხდება ჩვენთვის ნაწამები მაცხოვრის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მირჩევნია, სხვებმა ისაუბრონ ხოლმე, მაგრამ, თქვენ მოგიყვებით რამდენიმე მაგალითს: ერთხელ, მახსოვს, სტომატოლოგთან ვიყავი, ვიმკურნალე და ფული არ გადამახდევინა: ნაირა, პირველად ტაძარში რომ შევედი, ხატს შევხედე და ანგელოზის ხმა გავიგონე – შენ გალობდი და, აბა, რას მეუბნებიო... ლევან ცუცქირიძე ფრესკებს წერდა სიონის საკათედრო ტაძარში, მაშინ ახალბედა მგალობელი ვიყავი. გოგონები დღეებს ვინაწილებდით. ერთხელ, წირვის მერე მითხრეს, ლევან ცუცქირიძე გიბარებსო. მივედი და მეუბნება: რატომ არ იყავი, ნაირა, თანაც, სამი დღეო. რა არის, რაშია საქმე-მეთქი. სამი დღეა, ფუნჯი ვერ ავიღე ხელში. შენი გალობა რომ მესმის, ორ საათში მთელი კვირის საქმეს ვაკეთებო. მახარებს, ეს ფრესკები ჩემს გალობასთან თანხვედრაში რომ შეიქმნა.
– ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს საგალობელი არ შეგისრულებიათ?
– არასდროს. რომ ვკვდებოდე, მაინც ვიგალობებ. ისე ვუფრთხილდები ამ დროს თავს, მაგრამ, მაინცდამაინც მაშინ ვცივდები, მაშინ მაქვს ხველება. მებრძვის ბოროტი – არ უნდა. ყოფილა შემთხვევა, ყელზე ხელი მიმიჭერია – არ გავუშვებ, მაინც ამოვიყვან იმ ხმას. ერთ ვაის რომ იტყვი, აქ უკვე ღმერთია, ის გეხმარება. უფლის დიდ წყალობად მივიჩნევ იმას, რომ პატარა აღარ ვარ, მაგრამ ისევ იმ ფორმაში ვარ. ძველ შესრულებას რომ ვადარებ, ახლა იმით არის უკეთესი, რომ პროფესიონალიზმია ჩართული – ახლა უკვე საოპერო მომღერლებს ვამეცადინებ, ხმის დაყენებაში ვეხმარები, ასე ვთქვათ, ხმის „ექიმი“ ვარ.
– სულის ექიმიც ხართ – თქვენმა გალობამ ბევრი ადამიანი მიიყვანა ეკლესიაში და სულიერ კურნებაშიც დაეხმარა.
– დიდი მადლობა. ბავშვის, ახალგაზრდის ხმას მაინც ანგელოზის ელფერი დაჰკრავდა, ახლა კი დედა დასტირის შვილს. ეს დღე რომ ახლოვდება – დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, პარასკევი – მძიმდები და მძიმდები. რთულია, მაგრამ, როცა უფალი შენ გვერდით არის, ყველაფერს შეძლებ...

скачать dle 11.3