კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-12(743)

იმ დღეს ლალი რობოტივით მოქმედებდა. არაფერმა უშველა – არც გონების გათიშვამ, არც თვითშეგონებამ, არც იმ ალერსმა, რომელსაც კლიენტი მის მიმართ იჩენდა. ზოგადად, ასეთი კლიენტები იშვიათად იყვნენ მის პრაქტიკაში. უფრო ხშირად პრეტენზიული, კომპლექსებიანი მამაკაცები ხვდებოდნენ, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ, რადგან ფულს იხდიდნენ, ყველაფრის უფლება ჰქონდათ...
ლალიმ ვერაფრით მოახერხა, არ ეფიქრა იმ უცნობზე, რომელსაც სრულიად მოულოდნელად გადაეყარა. ალბათ, ეს უფრო შემთხვევითობა იყო, რაც უნდა დაევიწყებინა, რადგან მისთვის სწორედ ასე აჯობებდა. ერჩივნა, ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყო საკუთარ თავთან...
... დოდომ თმა შეისწორა და ლალის წარბებს ქვემოდან გადახედა:
– შენ, რაღაც, არ ხარ გუნებაზე. რატომ? საკმაოდ კარგად გადაიხადეს. სიმართლე გითხრა, ამდენსაც არ ველოდი – ეს ირანელები დიდი ხელგაშლილობით არ გამოირჩევიან. სულ წუწუნებენ. სამაგიეროდ, ფანტაზიებში ბადალი არ ჰყავთ. თუმცა, ამჯერად ჩემსას არ შევუწუხებივარ, ტრადიციების ფარგლებში ჩაეტია.
– ჰო, არც მე ვარ უკმაყოფილო, – უხალისოდ მიუგო ლალიმ.
– აბა, რატომ გაქვს ასეთი სახე, ლიმონი ჭამე? – გაეცინა დოდოს, – თუ, პაშკასთვის მისაცემი თანხა გადარდებს? შეთანხმებები ცოტა ბევრს ითხოვს, ეს ოხერი, მაგრამ, სამაგიეროდ, პრობლემები არ გვექმნება, დაცულები ვართ, თან, მისგან წამოსული კლიენტები მაღალი ტარიფით იხდიან.
– ასეა, მაგრამ...
– რა მაგრამ, გოგო, არ გამაგიჟო... ხომ გითხარი, სისულელეებზე ფიქრს მოეშვი,  კარგს არაფერს მოგიტანს-მეთქი!
– არაფერზე არ ვფიქრობ, საიდან მოიტანე?
– მე ვერ მომატყუებ, ლალიკო, – თითით დაემუქრა დოდო.
– არც მიფიქრია. რატომ უნდა მოგატყუო? თანაც, შენი გამოცდილების ქალთან ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
– არ გინდა ეგ ირონია... – მოიღუშა დოდო.
– ისე, ზოგჯერ ძალიან მაოცებ. ასეთი გარდაქმნა როგორ მოახერხე?
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, – დოდომ სიგარეტს მოუკიდა და მხრები აიჩეჩა.
– აუჰ, ძალიან კარგადაც ხვდები... მოვყვე?
– არ გინდა, – ხელი აუქნია დოდომ, – არ ღირს. ყველაფერი ხდება, ჩემო კარგო და, შეეცადე, ნაკლებად გაიოცო რაღაც-რაღაცეები...
– არა, არ მიკვირს, უბრალოდ ის, რაც შენ გაიარე...
– რა გავიარე? გათხოვილი ვიყავი, მერე რა?! ყველა ქალი ოდესღაც თხოვდება...
– ყველა ქალი არ თხოვდება, – შეეკამათა ლალი.
– ნუ, ყოველ შემთხვევაში, გათხოვების სურვილი ყველა ქალს აქვს, უბრალოდ, ყველა არ აღიარებს ამას.
– რატომ?
– მე რა ვიცი, ფსიქოლოგი კი არ ვარ, რას გადამეკიდე. საერთოდაც, რას ვსხედვართ აქ, დავლიოთ ყავა. მოვწევ ამ სიგარეტსაც და წავიდეთ.
– პაშკა არ ვნახოთ?
– ჰო... დაურეკე ერთი, შემოვიდეს, – დოდომ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა.
ლალიმ მობილური აიღო, მაგრამ დარეკვა არ დასჭირდა – კარი გაიღო და ოთახში კეკლუცად შემონარნარდა საგულდაგულოდ მოვლილი და სუნამონაპკურები, ლაკით თმაგაპრიალებული არსება; ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მათ გვერდით, რბილ დივანზე მოკალათდა.
– რა ხდება, მამა, რამდენი მოგიწევიათ? გაბუღულია აქაურობა... ახლა თქვენ გაგისწორებთ ანგარიშს და ყველანი კმაყოფილები დავრჩებით. ის თქვენი მესამე დაქალოჩკა სად არის? მისთვის მყავდა ერთი შეგულებული, მაგრამ, მობილური გამორთული აქვს. ჰა, რა ხდება, მოტეხეთ საქმიდან?
– არა, რა მოვტეხეთ, – ჩაეცინა დოდოს, – ორი დღეა, ტატა ჩვენც არ გვინახავს.
– ვა, მამა... გათხოვდა? – ახითხითდა პაშკა, – ეგეთი სულელი რომ არ ჩანდა?
– გათხოვება სისულელეა? – ჩაეკითხა ლალი.
პაშკამ ორი თითით ნაზად ამოაძრო კოლოფიდან სიგარეტი, მოუკიდა და წამწამები მიამიტად, მორცხვი ჭაბუკივით დაახამხამა.
– ამას მე მეკითხები, მამა? გაგიჟდი?!
– ჰო, რა იყო?
პაშკამ ხელი ხელს შემოჰკრა და უფრო ხმამაღლა გაიცინა.
– ამას სექსი სწყენს, ხო? – მიუბრუნდა დოდოს.
– რა ვიცი, რა სწყენს.  მოგვეცი, რაც გვეკუთვნის და წავალთ.
– რაღაც ვარიანტი შეიძლება ჩავარდეს და შეგეხმიანოთ? აგარაკზე მოგვიწევს ასვლა. რას იტყვით?
დოდო შეიჭმუხნა.
– ხომ იცი, არ მიყვარს მასოვკა-ტუსოვკებზე სიარული, „გრუპიხაზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მე სხვა დონის ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას და, არც ისე მიჭირს, რომ...
– მოიცა, მოიცა... – შეაწყვეტინა პაშკამ, – ხომ მიცნობ... ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება. ფულიანი, სოლიდური ბიძები არიან. გადამოწმებული ვარიანტია, არ ინანებთ.
დოდომ ყოყმანით შეხედა ლალის. იმან მხრები აიჩეჩა.
– რას იტყვი, დავთანხმდეთ?
– ჰო, რა ვიცი...
– მოკლედ, მოიფიქრეთ, დევოჩკებო. იცით, რომ გამორჩეულები ხართ ჩემთვის... რაღაცნაირად „სვეცკები“ და რესპექტაბელურები...
– ჰა, ჰა, პაშ! იტყვი ხოლმე, რა! რესპექტაბელურები – მეტისმეტი მოგივიდა...
დოდომ ფული ჩანთაში ჩაიდო და წამოდგა:
– წავედით. მობილური დილის თორმეტი საათის შემდეგ სულ ჩართული მაქვს, იცი შენ...
– მე ის არ ვიცი, თორმეტ საათამდე რატომ გაქვს გამორთული, – თვალი ჩაუკრა პაშამ.
– ტყუილად გეცინება. მძინავს, – მიახალა დოდომ და ლალის მკვლავზე მოჰკიდა ხელი, – ადექი, გოგო...
– უცნაური სასტავი ხართ, – თქვა პაშკამ და გაეღიმა.
– რატომ?
– ჩემს პრაქტიკაში მარტო თქვენ ხართ, რომ მეგობრობთ... ცოტა უცნაურია...
– ვინ გითხრა, რომ ვმეგობრობთ? აი, აქედან რომ გავალთ, მოკვლავს ვუპირებ, – თქვა დოდომ და ლალი კარისკენ წაათრია.
***
... თავისი ოცდათვრამეტი წლის იუბილემდე ოთხი დღით ადრე მიხვდა დოდო, რომ მისი ოჯახური ცხოვრება დასრულდა. ქმარი უკვე აღარ უყვარდა. არც ის კაცი უყვარდა, რომელსაც ლოგინში ჩაუწვა, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლიდა. გრძნობა გაქრა და მის ადგილას სიცარიელემ დაისადგურა – ცივმა და ნაცრისფერმა. დოდო მიხვდა – ქმრისვის იმ დღეს უნდა ეთქვა, რომ მიდიოდა მისგან; რომ ყველაფერი მაშინ დამთავრდა, რა დღესაც მისი ღალატის ამბავი გაიგო... დანარჩენი პერიოდი წამება უფრო იყო, ვიდრე ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრება. ოჯახური ვალდებულებებიც მძიმე ტვირთად აწვა. ეგონა, უფრო სწორად, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ შვილის გამო ითმენდა ამ ყველაფერს. საბოლოო გადაწყვეტილება – ვერდიქტი, ნელ-ნელა და მტკივნეულად ფორმულირდა... შურისძიების სურვილიც გვიან მოვიდა – ჯოჯოხეთი უკვე გავლილი იყო. შურისძიების ობიექტიც სპონტანურად შეარჩია. ქმარზე ბევრად ახალგაზრდა, ერთი შეხედვით, სასიყვარულო საქმეებში გამოუცდელი ბიჭი, მაგრამ, როგორც კი მის მკლავებში აღმოჩნდა, მაშინვე დარწმუნდა, რომ შეფასებაში შეცდა – თავისი სინორჩის მიუხედავად, ალერსში საკმაოდ გაწაფული აღმოჩნდა. მისი ტუჩები, მხრები და ხელები საოცრებებს სჩადიოდნენ და დოდოც იწვა რბილ, ატლასის ზეწარზე მხურვალე ვნებისგან გათანგული. აქამდე მსგავსი არაფერი განუცდია,  ეს იყო ყველაზე გიჟური, ყველაზე შესანიშნავი ღამე მის ცხოვრებაში... მხოლოდ ერთი ბოკალი შამპანური დალია, მაგრამ მთელ სხეულში სასიამოვნო მოთენთილობას გრძნობდა, დაღლასაც  და, იმავდროულად, ენერგიის მოზღვავებასაც... არ უნდოდა გამოფხიზლება და რეალობაში დაბრუნება, იმ რეალობაში, სადაც საკუთარი თავი ეცოდებოდა... არა, აღარასოდეს შეიცოდებდა თავს... აღარასოდეს – ეს დრო დასრულდა...
დოდომ თვალები გაახილა. მის გვერდით მშვიდი, უშფოთველი ძილით ეძინა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მამაკაცს. მხარზე აკოცა და, ისე, რომ არ გაეღვიძებინა, საწოლიდან წამოდგა... შიშველ სხეულზე სასტუმროს ხალათი შემოიცვა და აივანზე გავიდა... ცივმა, სუფთა ჰაერმა ყავა მოანდომა... შემობრუნდა. ტელეფონი სააბაზანოში გაიტანა და სასტუმროს კაფეში საუზმე შეუკვეთა, თან სთხოვა, ყავა მაშინვე მოეტანათ.
– გღვიძავს? – ოთახში დაბრუნებულმა დოდოშკამ საწოლში წამომჯდარ ბიჭს გაუღიმა.
– ჰო... მოდი ჩემთან.
– მე გაგაღვიძე? არ მინდოდა... ისე კარგად გეძინა...
– არა, შენ არ გაგიღვიძებივარ... მოდი-მეთქი ჩემთან და ეგ ხალათიც გაიხადე...
დოდოშკამ თავი გააქნია. საწოლზე ჩამოჯდა და ბიჭს თმაში შეუცურა ორივე ხელი. ის ქამარზე დაეჯაჯგურა. ქალი გაუძალიანდა:
– არ გინდა, გთხოვ...
– რატომ? რატომ არა? მინდა...
– ახლა არ ბნელა...
ბიჭს გაეცინა:
– რატომ უნდა ბნელოდეს? სულაც არ არის აუცილებელი.
– არ შემიძლია... არ მინდა, ხალათი გამხადო.
– ჩემი გრცხვენია? – აშკარად გაუკვირდა ბიჭს.
– არა... – დაიბნა დოდოშკა, – ჰო, რა ვიცი შეიძლება...
– ნუ სულელობ, მშვენიერი სხეული გაქვს... ოცი წლის გოგოს რომ შეშურდება, ისეთი... საიდან ეს კომპლექსი?
დოდოშკას გოგონასავით შერცხვა და გაწითლდა, მაგრამ ბიჭისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია და ისევ თავიდან დაიწყო და განმეორდა ყველაფერი – ტუჩები... მკლავები... მხრები... გრილი ზეწარი და ცხელი ხელები...
კარზე მორიდებით დააკაკუნეს... ბიჭმა ქალის მკერდიდან ასწია თავი და თვალებში ჩახედა...
– ვინ იქნება?
– ყავა შევუკვეთე... ეტყობა, მოიტანეს...
– იყავი, მე ავდგები... მინდა, ყავა აქ მოგართვა, გაგანებივრო...
დოდოშკამ მადლიერებით გაუღიმა. ბიჭმა ტუჩებში აკოცა და, ისევე, როგორც იყო, შიშველი, კარისკენ გაემართა. ქალმა აღტაცებული მზერა ვერ მოაშორა...
– არ გადარიო ის ადამიანი, ხალათი მიიფარე.
 – ნუ გეშინია, ეს შიშველი ნატურა მარტო შენთვის არის... – ბიჭმა თაროდან პირსახოცი აიღო, წელზე შემოიხვია და კარი გააღო.
დოდო გულაღმა გადაწვა საწოლზე და ბედნიერებისგან გაიცინა...
***
... დოდომ სიგარეტს მოუკიდა და ტელევიზორის წინ არხეინად გაშხლართულ ქმარს წინ დაუდგა.
– რა იყო? – გაოცებით შეხედა კაცმა.
– გიღალატე!
– რა?! – კაცმა ხმამაღლა გაიცინა, – დოდოშკა, ხუმრობის გუნებაზე ხარ?
– არა, მართლა გიღალატე და მინდა იცოდე, რომ ამას არ ვნანობ.
კაცს ნელ-ნელა დაუსერიოზულდა სახე, ჯერ სიწითლემ გადაჰკრა, მერე გაფითრდა.
– შენ ხომ არ გაგიჟდი? – დაიღრიალა მთელი ხმით, – ვინ არის? ახლავე მითხარი!
– რა მნიშვნელობა აქვს? – მხრები აიჩეჩა დოდოშკამ, – არ იცნობ.
– მეტყვი!.. – კაცი უკვე ხაოდა, – გაგიჟდი? ეს როგორ გააკეთე? შემომხედე!.. შენ გელაპარაკები! როგორ მიღალატე-მეთქი, რატომ?.
– რატომ? რატომ გიღალატე? – ქალს ისტერიული სიცილი აუტყდა, – როგორ ბედავ, ამას რომ მეკითხები?
– ძუკნა! – კაცმა პერანგის საყელო შეიხსნა, – ჰაერი აღარ მყოფნის... სული მეხუთება... წადი, წყალი მომიტანე... ფანჯარა მაინც გამოაღე...
დოდოშკა გულზე ხელებდაკრეფილი იდგა და ირონიულად იღიმებოდა. ენით აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა ქმრის ტანჯვა... მერე შეტრიალდა, ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა...
***
... ლალიკომ პალტო ჩაიცვა და კარისკენ გაემართა.
– სად მიდიხარ? – სიტყვა დააწია დივანზე წამოწილილმა დოდოშკამ.
– გავივლი ცოტას, თბილი საღამოა.
– ოჰო! ვითომ მარტო თბილი საღამოა ამაში დამნაშავე?
– ნუ იცი შენ კუდების მიბმა ყველაფერზე! აბა, რა უნდა იყოს დამნაშავე?
– რა ვიცი, რა ვიცი... იქნებ, იმ ტიპთან შეხვედრის იმედით აპირებ ქუჩა-ქუჩა ხეტიალს.
– გააფრინე? უბრალოდ, უნდა გავისეირნო.
– კარგი, გაისეირნე... მაგრამ, ტატას არ მივაკითხოთ? ორი დღეა, არ გამოჩენილა.
– სად უნდა მოვიკითხოთ? ბავშვი ხომ არ არის, ძებნა დავუწყოთ... აშკარად კარგ პონტშია და მობილურიც იმიტომ გამორთო.
– შარში არ იყოს.
– რა შარში? არ იცი, როგორი ფრთხილია? ნუ გეშინია, თავს არავის დააჩაგვრინებს.
დოდო გაიზმორა.
– თუ გინდა, შენც წამოდი.
– არა, უნდა დავიძინო. მერე თორნიკემ შეიძლება შემოირბინოს.
– შემოირბენს, რატომაც არა, ფული ენდომება და შენც უარს არ ეტყვი.
დოდომ წარბი შეიკრა:
– შენი საქმე არ არის ჩვენი ურთიერთობა, რამდენჯერ გითხარი?
– ვიცი, არ არის, მაგრამ, ზოგჯერ ძალიან მეშლება ნერვები... გიყვარს მაინც?
დოდომ თვალები მოჭუტა და ცოტა ხანს ჩუმად იყო...
– არ ვიცი...


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3