კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა ჯადოსნურ ქვეყანაში

ელერ კუინი სულაც არ აპირებდა მკვლელობის საქმეზე მუშაობას. ის, უბრალოდ, ჩაიზე დაპატიჟეს ლონგ-აილენდში, მისტერ ოუენის ახალ მამულში. ელერმა იცოდა, რატომაც იყო სასურველი სტუმარი – მაღალ საზოგადოებას უყვარდა მისი ფანტასტიკური ისტორიების მოსმენა... სხვა დროს დაეზარებოდა წასვლა, მაგრამ, ერთი სტუმარი აინტერესებდა – ლამაზმანი სონია დერილი – თეატრის ახალი, ამომავალი ვარსკვლავი...
ნამდვილი ინგლისური ჩაის სმა მთელი რიტუალია თავისი ყველა ატრიბუტით... ჰოდა, როცა ელერი მისტერ ოუენის ფეშენებელურ ვალაში მოიყვანა მილანმა – ოუენის მძღოლმა, იქ უკვე შეგროვილიყვნენ სტუმრებიც და ოჯახის წევრებიც. ოუენი თავისი მეუღლით და ორი შვილით შეეგება. ცოლი საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი გახლდათ. რაც შეეხება დანარჩენ სტუმრებს: მისტერ და მისის ვილოუზები – თმაშევერცხლილი არქიტექტორი, ოცი წლით უმცროსი, მომხიბვლელი, კეკლუცი მეუღლით; მისის ვილოუზი ისეთი დამატყვევებელი იყო, რომ კუინმა მზერა ვეღარ მოაშორა და ლამის მის ლაურა მენსფილდიც კი დაავიწყდა, რომელიც არც ისეთი ვნებიანი ჩანდა, როგორც სცენაზე. კუინმა უკვე სუფრასთან შეამჩნია სახენაყვავილარი, სათვალიანი მამაკაცი, რომელსაც ჯონით მოიხსენიებდნენ და, ეტყობოდა, რომ ოჯახთან საკმაოდ დაახლოებული პირი გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, კუინს თავისი ისტორიები მოაყოლეს. ჩაის სმას რომ მორჩნენ, მისტერ ოუენმა ყველას დაათვალიერებინა მამული და სახლი, თან სიამაყით ყვებოდა:
– ჩვენს ძვირფას ვილოუზს ვთხოვე და მთელი სახლი თავად დააპროექტა. ჩემს მდგომარეობასაც შეეფერება და თან ძალიან კომფორტულია. ოჯახის ყველა წევრის, პატარა უილიამის კაპრიზებიც კი გაითვალისწინა, აღარაფერს ვამბობ ჩემს ცოლზე, რომელსაც განსაკუთრებული ბუდუარი და სამზარეულო უნდოდა.
საღამოს სტუმრებმა ეზოს მოედანზე გოლფი ითამაშეს და თავ-თავიანთ ოთახებში წავიდ-წამოვიდნენ. კუინს რაღაც არ მოეწონა. უფრო სწორად, ვიღაც არ მოეწონა და ეს „ვიღაც“ ცოლ-ქმარი ვილოუზები იყვნენ. მათ შორის თითქოს დაძაბულობა იგრძნობოდა. მაგრამ მერე კუინმა გადაწყვიტა, ეს ყველაფერი ჩემი აღგზნებული ნერვების ბრალიაო და დასაძინებლად დაწვა, თუმცა, ვერ დაიძინა. ბევრი იტრიალა და იბრუნა საკმაოდ დიდ, მასიურ ხის საწოლში, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა. იფიქრა, ბიბლიოთეკიდან რამე წიგნს ამოვიტან და გავერთობიო. კიბეზე ძალიან სუსტად ანათებდა ღამის ნათურა, დერეფანში კი სრული სიბნელე სუფევდა. კუინმა ხელის ცეცებით მიაგნო კარის სახელურს – მისი ვარაუდით, ეს სწორედ ბიბლიოთეკის კარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, შეცდა... ისეთ უკუნში შედგა ფეხი, თვალები დაეძაბა, მაგრამ, მაინც ვერაფერი დაინახა. მიხვდა, ეს არ იყო ბიბლიოთეკა. ახსოვდა, რომ ბიბლიოთეკას კარი ჰქონდა... ისევ დერეფანში დაბრუნდა და ხელის ცეცებით გაუყვა... ბიბლიოთეკას მიაგნო, თაროდან ერთი წიგნი აიღო მოგზაურობაზე და გამოვიდა. კიბესთან მისტერ ვილოუზი დახვდა.
– თქვენც არ გეძინებათ? – ჰკითხა თავაზიანად.
– არა. წიგნი ავიღე წასაკითხად.
– მე ბაღში ჩავედი. ისე, წიგნიც კარგი აზრია, რატომ არ გამახსენდა...
კუინმა თავი დაუქნია და თავის ოთახში ავიდა. წიგნის ორი ფურცელი წაიკითხა და ღრმად ჩაეძინა...
დილით უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა. ქვემოდან ჩოჩქოლისა და შეკივლების ხმა ამოდიოდა. სწრაფად ჩაიცვა და კიბეზე დაეშვა. ყველანი სასტუმრო ოთახში შეკრებილიყვნენ. მისის ოუენი ტიროდა. ცრემლები ჰქონდა თვალებში ელიზავეტასაც.
– რა მოხდა?
– მისტერ ოუენი დაიკარგა.
– რას ნიშნავს – დაიკარგა?
– ღამით გამეღვიძა და ჩემ გვერდით არ იყო... – ამოისლუკუნა მისის ოუენმა, – ჩვენ ერთი საძინებელი გვაქვს. ახლაც ვეძებთ და არსად ჩანს.
– იქნებ სადმე გავიდა? – ვარაუდი გამოთქვა მძღოლმა.
– არა, არა, სახლში სტუმრები გვყავს, არსად წავიდოდა ისე, რომ ჩემთვის არ ეთქვა. თანაც, დღეს ელიზავეტას დაბადების დღეა.
– სახლი უნდა დავათვალიერო... – გადაჭრით თქვა კუინმა, – გთხოვთ, ყველანი ადგილებზე დარჩეთ. მისის ოუენ, ადგილობრივი შერიფი გამოიძახეთ, პოლიციელების დახმარება დაგვჭირდება.
– ვაიმე! – შეჰყვირა მისის ოუენმა, – გინდათ, თქვათ, რომ ჩემი ქმრის თავზე რაღაც უბედურებაა?
– მხოლოდ ვვარაუდობ, მისის ოუენ. ღმერთმა ქნას, ჩემი ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდეს.
ელერ კუინმა მთელი სახლი გულდასმით გადაჩხრიკა და ამას სამი საათი მოანდომა. ამასობაში შერიფიც მოვიდა.
– რა ხდება აქ?
– მე კერძო დეტექტივი ვარ, ელერ კუინი... ვშიშობ, სერიოზულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ცალკე დავილაპარაკოთ.
– მითხარით, რა დაემართა ჩემს ქმარს?
– მისის ოუენ, დრო მოგვეცით, მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.
– არავინ გამოვიდეს ამ ოთახიდან! – ამჯერად უკვე შერიფმა გასცა ბრძანება... – თქვენს მძღოლს დაუძახეთ... აქ მოვიდეს...
საათ-ნახევრის შემდეგ ელერიმ ყველანი კაბინეტში მიიპატიჟა და, ყველას გასაოცრად, მოულოდნელი რამ იკითხა:
– მისის ოუენ, გთხოვთ, მიპასუხოთ – დიდი ხანია, ეს საათი კარის თავზე კიდია?
– დიახ, რაც გადმოვედით. ჩემს ქმარს მოეწონა. საერთოდ, სიძველეების მოყვარულია, მაგრამ, ეს ელექტროსაათი მოეწონა. კარგად ანათებსო...
– დიახ. კარგად ანათებს. საკმაოდ კარგადაც კი, – ჩაილაპარაკა კუინმა და პირველ უცნაურ შეკითხვას მეორეც მოაყოლა:
– მისის ოუენ, ეს სარკე?
– რა სარკე? ვერ ვხვდები, რა გაინტერესებთ? – მხრები აიჩეჩა გაოგნებულმა დიასახლისმა.
– კედელშია, ხომ, ჩამონტაჟებული?
– დიახ, სივრცის გასაზრდელად – ასე გვირჩია მისტერ ვილოუზმა.
– ძალიან კარგი. მისტერ ვილოუზ, თქვენ მე გუშინ ღამით კიბესთან შეგხვდით, ასეა?
– დიახ. არცერთს არ გვეძინებოდა.
– მართალია. მე ბიბლიოთეკას ვეძებდი. შემთხვევით აქ, ამ კაბინეტში შემოვედი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბნელოდა.
– რა არის ამაში უცნაური? ღამე იყო – მხრები აითაშა ვილოუზიმ.
– უცნაური ის არის, რომ კარის წინ, ნახევარ კედელზე სარკეა, რომელშიც, წესით, კარის თავზე დამაგრებული ელექტროსაათის შუქი უნდა არეკლილიყო, თუკი ეს საათი აქ დღეს საღამოს არ დაკიდეს... მისტერ ვილოუზ, რატომ გაფითრდით? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი საიდუმლო გამოვიცანი? ამ სარკის უკან ნიშაა და ეს სარკე იღება, ამიტომაც ვერ დავინახე საათის ანარეკლი. წუხელ ეს ნიშა ცოტა ხნით, მაგრამ, მაინც ღია იყო.
– მერე რა, შეიძლება, მისტერ ოუენმა გააღო, – გაფითრებული ვილოუზი უხერხულად აწითლდა, – ოუენმა იცოდა ნიშის არსებობა, მისი მოთხოვნით დავაპროექტე...
– და თქვენი მიზნებისთვის გამოიყენეთ. თუ შეიძლება, გააღეთ, მინდა ვნახო.
ვილოუზი სარკესთან მივიდა, რაღაცას ხელი დააჭირა და სარკეც უჩუმრად გამოიწია გვერდზე... გაისმა გულისგამგმირავი კივილი და ვილოუზის ველური შეძახილი:
– ეს რა არის? მე ხომ ჩემი ხელით დაგმარხე პარკში?!
– სწორედ ამისი მოსმენა მინდოდა, – თქვა კუინმა, – შერიფო, ხელბორკილი დაადეთ მისტერ ვილოუზს. მან სახლის პატრონი, ოუენი მოკლა. თქვენ კი შეგიძლიათ, გამოხვიდეთ, ძვირფასო მილან, კარგი სამსახური გამიწიეთ. შიშმა ვილოუზს სიმართლე ათქმევინა... დანარჩენებს კი ყველაფერს აგიხსნით: როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მისის ოუენისთვის, ქმარი მას მისის ვილოუზთან ღალატობდა – ისინი საყვარლები იყვნენ და მისტერ ვილოუზმაც შეიტყო ამის შესახებ. წუხელ აქ, ამ კაბინეტში, შეურაცხყოფილ ქმარსა და მისი ცოლის საყვარელს შორის შელაპარაკება მოხდა. ვილოუზმა, შეიძლება განზრახ, შეიძლება აფექტის დროს, მოკლა მისტერ ოუენი, მაგრამ, ამ დროს ჩემი ნაბიჯების ხმა გაიგონა, გვამი სწრაფად დამალა ნიშაში და თავადაც კარს უკან დადგა – აი, რატომ ვერ აირეკლა საათი სარკეში და ვერც ვერაფერი დავინახე. ყველამ რომ დავიძინეთ, გვამი პარკში დამარხა. მძღოლს ვთხოვე, ნიშაში შემალულიყო. შიგნით ბნელა, ამიტომ ვილოუზს ოუენის გვამი ეგონა და იყვირა... სამწუხაროა, ჩაის სმა ასე რომ დასრულდა...

скачать dle 11.3