კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N4-12(743)

– არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ უფრო მეტად შემიყვარდი.
– მაშინ, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და, მაინტერესებს, შენ რას იტყვი.
– გისმენ.
თეა ცოტა ხანს ჩაფიქრდა, თითქოს გაუჭირდა თქმა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, ბოლომდე მიეყვანა საქმე და პირდაპირ უთხრა:
– დღეს გენომ დამიბარა კაბინეტში.
– რა უნდოდა?
– ვითომ რაღაც საქმე დამავალა, მაგრამ სინამდვილეში, ცოტა წამეარშიყა და თავის აგარაკზე დამპატიჟა.
– მერე? – უცბად გაეცინა ვერიკოს.
– რა გაცინებს? – გაუკვირდა თეას.
– ჯერ შენ დაასრულე და მერე გეტყვი. შენ რა უპასუხე?
– თავიდან შორს დავიჭირე, მერე ვახვეწნინე და ბოლოს დავთანხმდი, მაგრამ, ერთი პირობით, ჩემთვის შემთხვევითი და ერთჯერადი ურთიერთობები არ არსებობს და მამაკაცთან მანამდე არ ვიჭერ საქმეს, სანამ ორმხრივ გრძნობაში არ დავრწმუნდები-მეთქი.
– და, რა გითხრა გენომ, მიყვარხარო?
– ჰო, საბოლოოდ, ასე გამოუვიდა.
– მერე, გჯერა მისი სიტყვების?
– არა, მაგრამ, მინდა, რომ მჯეროდეს.
– შენ?
– მე ჯერჯერობით მომწონს.
– რას აპირებ?
– არ ვიცი, ალბათ, წავალ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთ რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე: პერეხვატს ხომ არ გიკეთებ? – და თეამ გამომცდელად შეხედა ვერიკოს.
– ხომ გითხარი, მე გენოსნაირი ტიპები არ მომწონს-მეთქი.
– აბა, რაზე გაგეცინა?
– მეც დამპატიჟეს, ოღონდ, ქალაქგარეთ, პიკნიკზე.
– ვინ?
– ილიამ.
– მერე, უნდა წახვიდე? არ გიტყდება ვიღაც ჭკუამხიარულ მონტიორთან ურთიერთობა?
– ჭკუამხიარული კი არა, ხალისიანი ადამიანია. თან, როცა მას ველაპარაკები, საოცრად მშვიდად, დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. და, კიდევ, როცა დავინახავ, გული ამიფართხალდება ხოლმე, – გაწითლდა ვერიკო.
– მაგას სიყვარული ჰქვია, ჩემო კარგო, მაგრამ, თუ სერიოზულად განვითარდა თქვენი ურთიერთობა, შეძლებ ხელმოკლე ელექტრიკოსის ცოლობას?
– მგონია, რომ შევძლებ, – ისევ გაწითლდა ვერიკო.
– როგორც ვხვდები, უკვე გადაგიწყვეტია ყველაფერი და ამიტომ აღარ დაგღლი ჩემი შეგონებით. მხოლოდ ერთს გეტყვი: თუ მართლა გიყვარს და იგრძენი, რომ მასაც უყვარხარ, არანაირ ურთიერთობაზე არ უთხრა უარი. პრინციპში, სიყვარული მაინც ყველაზე მთავარია.
– თუნდაც ნისიად?
– ჰო, თუნდაც ნისიად.
– კარგი, გავითვალისწინებ.
გოგოები გაჩუმდნენ და თავიანთ ფიქრებში წავიდნენ, მერე თეამ უცებ მხიარულად შემოკრა ტაში და წამოიძახა:
– იცი, ახლა რა გავიფიქრე? თუ ერთ-ერთი ჩვენგანის პაემანი ქორწილით დაგვირგვინდა, მეორე მისი მეჯვარე იქნება. თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა! – გაუხარდა ვერიკოს, – აი, ახლა კი მართლა დავლევდი ცოტას.
ვისკის ბოთლი სულ სიცილ-კისკისში გამოცალეს და ისე მიეძინათ სავარძლებში, დილამდე არც კი განძრეულან.
***
ეს იყო ყველაზე რომანტიკული საღამო და რომანტიკული ღამე ვერიკოს ცხოვრებაში. ილიამ ქალაქგარეთ წაიყვანა, ლამაზ პატარა სახლში, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც მინდვრის ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული.
– სად ვართ? – იკითხა გაოცებულმა ვერიკომ და ბედნიერებისგან გააჟრიალა.
– ჩემი ძმაკაცის აგარაკია. თვითონ უცხოეთშია წასული და მე დამიტოვა მისახედად.
– მომწონს ასეთი პატარა სახლები, არ მიყვარს, როცა აგარაკი სასახლეს ჰგავს, – ვერიკომ აღფრთოვანებით მოათვალიერა ეზო.
– წამოდი, შიგნით შევიდეთ, პატარა სიურპრიზი მაქვს შენთვის.
– მართლა? ვგიჟდები სიურპრიზებზე.
ოთახში ლამაზად გაწყობილი მაგიდა იდგა, პატარა ბუხარი კი ზღაპრულ ფერებად გიზგიზებდა.
– ჯერ ისე ძალიან არ ცივა, მაგრამ, მიყვარს, როცა ბუხარი ანთია – რაღაცნაირ მყუდრო და ინტიმურ გარემოს ქმნის, – თქვა ილიამ და სტუმარი მაგიდასთან მიიპატიჟა.
ვერიკო სიტყვა „ინტიმურზე“ ცოტა შეიშმუშნა, მაგრამ არ შეიმჩნია და ცდილობდა, ბუნებრივი და თავისუფალი ყოფილიყო.
 სანამ ვახშამს შეუდგებოდნენ, ილიამ მუსიკა ჩართო და ოთახში ძალიან მშვიდი და მელოდიური ბლუზი გაჟღერდა.
– კარგი მუსიკა ნერვებსაც აწყნარებს და მადასაც აღვიძებს, – თქვა ილიამ და ქალს პირველი კერძი მიაწოდა.
...ვახშამმა მართლაც რომანტიკულად ჩაიარა. ათას რამეზე ისაუბრეს და ვერიკო მაშინვე მიხვდა, რომ მისი მასპინძელი, მონტიორობის მიუხედავად, ნამდვილად არ იყო უბრალო კაცი და ამ აზრმა ძალიან გაახარა.
დესერტს ცეკვა მოჰყვა და, როცა ილიამ წელზე მოჰხვია ხელი ოდნავ შემთვრალ ქალს, ვერიკომ იგრძნო, რომ თავს ჰკარგავდა.
იმდენად დაარეტიანა ამ შეხებამ, რომ თავბრუ დაეხვა და კინაღამ წაიქცა.
– ცუდად ხომ არ გახდი? – შეშინებულმა ილიამ ხელში აიყვანა თვალებდახუჭული ქალი და სავარძელში ჩასვა.
– პირიქით, ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, – თვალები არ გაუხელია, ისე უპასუხა ვერიკომ და სავარძლის ზურგს ბედნიერი ღიმილით მიეყრდნო, – თავი ზღაპარში მგონია, თან, ცოტა შამპანურიც მომეკიდა...
ილიამ რამდენიმე წუთს უყურა სავარძელში ნებიერად გადაწოლილ ქალს, მერე მიუახლოვდა, მის წინ მუხლებზე დაეშვა და ორივე ხელი ხელისგულებში მოიქცია. ვერიკოს თითქოს დენმა დაუარა, მთელ სხეულში გააჟრიალა და თვალების გახელას შეეცადა, რადგან სახესთან ძალიან ახლოს იგრძნო კაცის ცხელი სუნთქვა. მერე კი ყველაფერი თავისთავად მოხდა, ისე, როგორც მხოლოდ ფილმებში, რომანებში ან სიზმარში ხდება.
რომ გაეღვიძა, გული დასწყდა – არ უნდოდა ამ სიზმრიდან გამოფხიზლება. საწოლში წამოჯდა და ოთახი მოათვალიერა. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო – ავეჯი, ფარდები, ლოგინი, კედლები... შეხსნილი ფანჯრიდან გაზაფხულის სურნელოვანი ნიავი უბერავდა, თეთრი აბრეშუმის ფარდებს გემის იალქანივით ბერავდა და ვერიკომ უცებ წარმოიდგინა, რომ ქათქათა ღრუბლებში დაფრინავდა. ილია ოთახში არ იყო და ქალს შეეშინდა, ვაითუ დამტოვა და წავიდაო. შეშინებული წამოხტა, იქვე სკამზე გადაფენილი ასევე თეთრი, გრძელი აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და ფრთხილი ნაბიჯით კარისკენ  გაემართა. გააღო თუ არა, მოულოდნელობისგან შეჰკივლა – კარის ზღურბლთან მინდვრის ყვავილებით ცოცხალი ბილიკი იყო გაკეთებული. ვერიკო გაჰყვა ამ ბილიკს და სამზარეულოს მიადგა, საიდანაც უგემრიელესი სურნელები გამოდიოდა. მიხვდა, იქ რაღაც სასიამოვნო ელოდა და კარი ძალიან ფრთხილად შეაღო. პატარა მაგიდა სადღესასწაულოდ იყო გაშლილი, ნაცრისფერ შორტებსა და მოკლესახელოებიან მაისურში გამოწყობილი ილია კი მაგიდის კუთხესთან იდგა და აღფრთოვანებული შესცქეროდა ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ ქალს.
„როგორ უხდება თეთრი აბრეშუმის ხალათი. მისი ლამაზი სხეულის ყოველ ნაკვთს უსვამს ხაზს და უფრო ვნებიანსა და მიმზიდველს ხდის“, – გაიფიქრა კაცმა და დინჯად დაიძრა ქალისკენ.
„როგორი დაკუნთული და ნავარჯიშევი სხეული აქვს!.. ამ ნაცრისფერ მაისურსა და შორტებში ისე გამოიყურება, რომელი ქალი ეტყვის უარს“... – გაიფიქრა ქალმა და კატის ნაბიჯით გაემართა კაცისკენ. მერე შეჩერდნენ, ანთებული თვალებით შეხედეს ერთმანეთს და ასე იდგნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მერე ილიამ გულზე მიიხუტა ვერიკო და ყურში ჩასჩურჩულა:
– ხომ არ ნანობ?
– არა, – ჩურჩულითვე უპასუხა ვერიკომ და დამორცხვებულმა ახედა, – შეიძლება, რაღაც გკითხო?
– რა თქმა უნდა.
– ყოველთვის აქ, შენი მეგობრის აგარაკზე ამოგყავს ხოლმე ქალები?
– არა. შენ პირველი ხარ და, მერწმუნე, უკანასკნელიც.
ალბათ, ყველა კაცი ასეთ პასუხს გასცემდა, მაგრამ ვერიკომ მაშინვე დაიჯერა, რადგან იგრძნო, რომ ილიამ სიმართლე უთხრა.
– მეც მინდა, რაღაც გკითხო, – ისევ ჩურჩულით უთხრა ილიამ, – ოღონდ, შენც გულწრფელად უნდა მიპასუხო. თანახმა ხარ?
– მკითხე, რაც გინდა.
– მე შენთვის პირველი მამაკაცი ვარ?
დარცხვენილმა ვერიკომ სახე კაცის მკერდში ჩამალა და თავი ისე დაუქნია.
– ცოტა არ იყოს, საოცარია, – დაფარული კმაყოფილებით თქვა ილიამ და ქალს ნაზად აკოცა შუბლზე, – შეიძლება, კიდევ დაგისვა რამდენიმე კითხვა?
– ჰო, – მოკლედ უპასუხა ქალმა.
– არ ნანობ, უბრალო მონტიორს ხომ გაუყადრე თავი ფირმის მთავარმა ეკონომისტმა?
– რამე მეტყობა სინანულის? – საყვედურით ახედა ქალმა და კიდევ უფრო ჩაეხუტა, – ასეთი ჭკვიანური ნაბიჯი ცხოვრებაში არ გადამიდგამს და, ძალიან გთხოვ, აღარასდროს მაკადრო მსგავსი რამ.
– როგორი მსგავსი?
– ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პრესტიჟული სამსახური გექნება თუ საერთოდ არსად იმუშავებ. მე შენთან ლამაზ ქალად ვიგრძენი თავი, ლამაზ და ბედნიერ ქალად, ამის უნარი კი ყველა მამაკაცს არ აქვს.
– დარჩები კიდევ ორი დღე? – ჰკითხა პასუხით კმაყოფილმა ილიამ.
– რა თქმა უნდა, დავრჩები, თუნდაც უთვალავი დღე.
– მერე, სამსახური?
– სიმართლე გითხრა, ფეხებზე მკიდია. თუ გამომიშვებენ, გამიხარდება კიდეც, ისედაც დიდად გულზე არ მეხატება იქაურობა. შენ? არაფერს გეტყვის ჩვენი ნარცისი?
– არა, სამი დღით გავეთავისუფლე. რატომღაც, ასე ჩავთვალე საჭიროდ. შენც ხომ არ დაგერეკა და გაგეფრთხილებინა?
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, მაგრამ, ბუღალტერიაში დავრეკავ, იმ ტიპთან ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მაქვს, – ვერიკომ ფრთხილად გააშვებინა ხელი ილიას, საწოლი ოთახიდან თავისი მობილური შემოიტანა და ნომრის აკრეფა რომ დაიწყო, უცებ შეშინებულმა შეჰყვირა: – ვაიმე, როგორ დამავიწყდა!
– რა დაგავიწყდა? – შეეშინდა ილიას.
– დედაჩემის გაფრთხილება, რომ ღამით სახლში არ მივიდოდი... ღმერთო, ალბათ, როგორ ინერვიულა! – და სასწრაფოდ დაურეკა დედას.
– დედიკო, მე ვარ! გეხვეწები, არ მეჩხუბო, არც ინერვიულო... ჰო, ვიცი, ცუდად მოვიქეცი და მაპატიე, გთხოვ... შენს თავს გეფიცები, მართლა კარგად ვარ... კიდევ ორი დღე არ ვიქნები და, რომ ჩამოვალ, ყველაფერს მოგიყვები... მეგობართან ერთად ვარ ქალაქგარეთ. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის. გკოცნი, დედიკო, აბა, დროებით!.. – ვერიკომ ყურმილი გათიშა და ამოიოხრა.
– კარგი, ნუღარ ნერვიულობ, მთავარია, რომ უკვე გაფრთხილებულია. ახლა კი ყველაზე მთავარი კითხვა მინდა დაგისვა: აქედან თბილისში რომ დავბრუნდებით, კიდევ მოგინდება ჩემთან შეხვედრა?
– ამას კითხვა უნდა? – გაუკვირდა ქალს და მერე უცებ სევდა ჩაუდგა ხმაში: – ცხადია, თუ შენ თვითონ გექნება ამის სურვილი. თუ არა და, არც ეგ იქნება პრობლემა, ჩემ წინაშე არაფრით იქნები ვალდებული.
– რამე რომ იყოს, გაუძლებ ხელფასზე ცხოვრებას?
– სულ ასე არ ვცხოვრობ?
– ჰო, მაგრამ, ქალები რომ თხოვდებიან, ქმრებისგან გაცილებით მეტ კონტაქტსა და პირობებს  ითხოვენ ხოლმე, ვიდრე გათხოვებამდე ჰქონდათ.
– ვერ გავიგე, რას მეუბნები, – დაიბნა ვერიკო.
– რა ვერ გაიგე, – ხმამაღლა გაეცინა ილიას, მერე უჯრიდან პატარა წითელი კოლოფი ამოიღო და გაოგნებულ ქალს გახსნილი დაუდო ხელისგულზე, – გახდები ჩემი ცოლი?
 გაოცებისა და მოულოდნელობისგან ვერიკოს სუნთქვა შეეკრა, მერე, როგორც იქნა, სული მოითქვა და თავი დაუქნია.
– მიუხედავად ყველაფრისა, რაც გითხარი?
 – ჰო, მიუხედავად ყველაფრისა.
ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ილიამ ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა თითზე, მერე ხელში აიყვანა და საწოლ ოთახს მიაშურა.
ლამაზად გაწყობილი საუზმე არცერთს აღარ გახსენებია.
***
ქალბატონი მეგი უამრავი შორისდებულით შეხვდა შვილის გათხოვების ამბავს. მართალია, ილია მოეწონა, მაგრამ, ასეთი ანკეტური და მატერიალური მონაცემების მქონე სიძეზე ნამდვილად არასდროს უოცნებია, თუმცა გულში მაინც აღიარა, რომ გაუთხოვრად დარჩენას მაინც ასეთი ქმარი ჯობდა – ღარიბი და დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი. მაგრამ, მის მომავალ სიძეს ისეთი დახვეწილი სიტყვა-პასუხი და არისტოკრატიული მანერები აღმოაჩნდა, შვილი ვეღარ გაამტყუნა, ასე უცბად რომ შეუყვარდა.
მეგის მერე ეს ამბავი თეამ გაიგო, გულით მიულოცა და ეშმაკურად ჰკითხა.
– გამოდის, რომ ნისიად სიყვარულმა „იმუშავა“?
– მე წინასწარ არ გამითვლია, თავისთავად მოხდა ყველაფერი. თუ დამიჯერებ, გამიხარდება, თუ არა და, რაც გინდა, ის იფიქრე.
– რატომღაც, შენი მჯერა, თუმცა, ეს ჩვენი თეორია ყოველთვის არ ამართლებს.
– შენ რა ქენი, შეხვდი გენოს?
– ჰო, მაგრამ, ჯობდა, არ შევხვედროდი. შენ მართალი იყავი, ჩვეულებრივი ნაძირალა აღმოჩნდა, ფულით გადიდგულებული. იცი, რა მითხრა? გავიგე, შენ და ვერიკო რომ მეგობრობთ და, ის რომ ვერ „შევაბი“, იმის დასაინტრიგებლად დაგიბარე პაემანზე – მინდოდა, შენგანვე გაეგო და გული გახეთქვოდაო. წარმოგიდგენია?! მაგრამ, მერე მაინც დამიწყო ჩალიჩი, თან, ისე ხეპრულად, რომ ერთი კარგი სილაც მიიღო „გასამრჯელოდ.”
– მერე? რა უნდა ქნა, სამსახურიდან რომ გაგიშვას?
– ვერ გამიბედავს. ისეთი რამეები ვიცი მაგაზე, შეეშინდება, სადმე რომ არ ვთქვა. მოკლედ, მაგის დედაც ვატირე, შენ ის მითხარი, როდის რას აპირებთ.
– ილიას აღარ უნდა გადადება. ხვალ თავისიანების გასაცნობად მივყავარ და, ალბათ, თვის ბოლოს გვექნება პატარა ქორწილი.
– სად აპირებთ გადახდას?
– ქალაქგარეთ მის მეგობარს აქვს ულამაზესი აგარაკი დიდი ეზოთი და ყველა სხვა პირობებით და იქ გავშლით სუფრას. მეჯვარედ ხომ წამომყვები?
– რა თქმა უნდა! სიხარულით!
***
სამსახურში არაერთგვაროვანი აზრები და ემოციები გამოთქვეს და გამოხატეს თანამშრომლებმა. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ცხვირს იბზუებდა – ასეთი რა გაუჭირდა ვერიკოს, რომ ვიღაც სპეცტანსაცმლიან ხელოსანს გაჰყვა, თანაც, ამ ასაკშიო; მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, თანდათან შენელდა ამ საკითხის განხილვა და ყველა მოთმინებით დაელოდა ქორწილს, რომ მერე ახალი თემა მისცემოდათ აზრების გადმოსაფრქვევად; ერთადერთი, რაც ისევ გრძელდებოდა, იყო ვერიკოს თვალთვალი, მაგრამ ის ისეთი ბედნიერი დადიოდა, ამას ვერც ამჩნევდა და საერთოდაც არ ადარდებდა.
გენოს მაგრად „გაუტყდა“ – ამ საცოდავმა შინაბერამ ვიღაც უბირი ელექტრიკოსი როგორ მამჯობინაო, მაგრამ, შელახული პატივმოყვარეობა იმით დაიწყნარა, რომ რამდენიმე თანამშრომელი ქალის თანდასწრებით, ვითომ სხვათა შორის თქვა, ცხოვრებაში ყველა თავის წყვილ კალოშს პოულობსო, რაზეც ქალებმა მლიქვნელურად შესცინეს.
***
...პატარა ქორწილი არ გამოუვიდათ. ილიამ დაიჟინა და ქორწილში მთელი სამსახური დაპატიჟა – ისედაც უამრავი მეგობარი მყავს და ოცი-ოცდაათი კაცი არაფერს წყვეტსო.
ქორწილი სწორედ იმ აგარაკზე გადაიხადეს, სადაც პირველი უბედნიერესი ღამე გაატარეს ერთად, მაგრამ, ვერიკო, ისევე, როგორც მთელი სამსახური, გაოგნებული დარჩა ჯერ იმით, რომ მართლაც გრანდიოზულად მორთული ეზო-კარი თბილისის ელიტამ აავსო, ბოლოს კი ილიას ოფიციალური განცხადებით – ამ სახლის დიასახლისი დღეიდან ვერიკოა და, იმის ნიშნად, რომ ასე გამაბედნიერა, მინდა, საქორწინო საჩუქარი მივართვაო. მერე ვიღაცას ხელით რაღაც ანიშნა და რამდენიმე წუთში ეზოში ფერადი ლენტებით მორთული „მინი-კუპერი“ შემოსრიალდა.
– ეს – დასაწყისისთვის. სულ მწვანე შუქზე გევლოს! – უთხრა ილიამ, საზეიმო ვითარებაში გადასცა გასაღები და გადაეხვია.
– ვინ ხარ? – ჰკითხა დაბნეულმა ვერიკომ.
– ერთი თავმდაბალი მილიონერია, რომელსაც საოცრად ორიგინალური ჰობი აქვს – მონტიორობა, – სიცილით გასცა პასუხი მათ გვერდით მდგარმა ილიას მეჯვარემ.
... ქორწილმა მაღალ დონეზე ჩაიარა. შურით აღვსილმა თანამშრომელმა ქალებმა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სალმის ღირსადაც არ აგდებდნენ ილიას, შურისგან ლამის იდაყვები დაიკბინეს, მაგრამ, ამით ვეღარაფერს შეცვლიდნენ და, ამიტომ, ბოღმა სასმელში ჩაიხრჩვეს. ბოლოს ილია წამოდგა, საზოგადოებას სიჩუმე სთხოვა და, თავისი საიდუმლო, რომელსაც ამდენ ხანს ინახავდა, ხმამალა გამოაცხადა:
– ქორწილის დასასრულს, მინდა ვადღეგრძელო დღევანდელი საღამოს და ჩემი ცხოვრების დედოფალი, რომელმაც მთელი გულით შეიყვარა ღარიბი მონტიორი. სწორედ ასეთ ქალს ვეძებდი – მე რომ შევყვარებოდი და არა ჩემი ფული. ღვთის წყალობით, როგორც იქნა, მივაგენი და მე ახლა უბედნიერესი კაცი ვარ!

скачать dle 11.3