კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-12(743)

ჯამალი და ჯალალი თბილისიდან პრაღაში ჩავიდნენ და კლაუს ჰაშეკს შეხვდნენ. ჩეხი ნარკოდილერი შიშისგან სანთელივით ჩამომდნარიყო. უძილობისგან ჩაწითლებული, დასიებული თვალები უთამაშებდა და ეს უნებლიე მოძრაობა რომ დაეფარა, ყვრიმალებით ხელისგულებს ეყრდნობოდა. მან მოკრძალებით ჩამოართვა ხელი სტუმრებს. ჯერ ისინი დასხა სავარძლებში, შემდეგ თავადაც მოკალათდა და ახალმოსულებს უთხრა:
– როგორ იმგზავრეთ, ბატონებო. გზამ ხომ არ დაგღალათ?
– საქმეს დაღლა არ შვენის. თქვენ როგორ გიკითხოთ, ბატონო კლაუს? – მიუგო ჯამალმა.
– გელოდით. როგორ ჩაიარა ჩვენს მეგობრებთან შეხვედრამ?
– არაერთგვაროვნად.
ჯამალის სიტყვებზე მასპინძელი გაფითრდა. უნებლიე მოძრაობები გაუძლიერდა და ენის ბორძიკით იკითხა:
– რას გულისხმობთ?
– დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ჩეჩნების იმაში დასარწმუნებლად, რომ ბადალოვის მკვლელობა თქვენი ბრალი არაა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათ ჩვენ ბოლომდე არ დაგვიჯერეს.
– რატომ? რას მერჩიან? რაში მჭირდებოდა  ეს მკვლელობა ან რომელი ტერორისტი მე მნახეს?! მე ხომ ბიზნესმენი ვარ და მეტი არაფერი, – აკნავლდა ჰაშეკი.
– მათ თქვენთან შეხვედრა უნდათ.
– ჩემთან შეხვედრა? რატომ, რას მერჩიან?
– ჩვენი ბიზნესის თაობაზე, ბატონო კლაუს. თანაც, ჩვენთან ერთად და ჩვენი გარანტიებით, რომ სტუმართმოყვრულად მიიღებთ.
– რაზეა ლაპარაკი, ბატონებო, – ჰაშეკი ფერზე მოვიდა, – ოღონდ, კონფლიქტი ამოიწუროს და სტუმართმოყვარეობა ჩემზე იყოს. ისეთ მასპინძლობას გავუწევ ჩვენს პარტნიორებს, სიცოცხლეში არ დაავიწყდებათ.
– ესე იგი, თანახმა ხართ მათთან შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე?
– რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ოღონდ, ეს შეხვედრა აქ უნდა შედგეს.
– თავისთავად.
– თუ ასეა, მაშინ, შეხვედრის თარიღზე მოვილაპარაკოთ და ჩეჩნებს შევატყობინებთ.
– ერთ კვირაში შეძლებენ პრაღაში ჩამოსვლას?
– შეძლებენ.
– მაშინ, დღეის სწორს შევხვდეთ.
– შევთანხმდით.
ჰაშეკი ოდნავ დამშვიდდა და მცირე პაუზის შემდეგ სტუმრებს უთხრა:
– ბატონებო, თქვენთან ერთი წინადადება მაქვს.
– ბრძანეთ, ბატონო კლაუს.
– რას იტყვით იმაზე, ბატონო ჯამალ, რომ თქვენ და თქვენი მეგობარი, დროებით მაინც, პრაღაში გადმოსახლდეთ?
– პრაღაში?
– დიახ. ჩემს რეზიდენციაში იცხოვრებთ, არაფერი მოგაკლდებათ და თქვენს გემოზე იქნებით.
– ამ შემოთავაზების აზრს ვერ ვხვდები.
– ბატონო ჯამალ, რა დაგიმალოთ და, კარგად მოგეხსენებათ, რა საშიშ ბიზნესში ვართ ჩართულები. პოლიციასა და უშიშროებაზე მეტად ჩვენი კოლეგები უფრო საშიშნი არიან ხშირად. ჩემი წინადადება ბიზნესის უსაფრთხოებას გულისხმობს, – თქვა მასპინძელმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – მე რომ მომკლან, ჩვენს ბიზნესს დიდი პრობლემები შეექმნება და ამას ვგულისხმობ.
ჯამალს გულში გაეცინა, მასპინძელს კი უთხრა:
– ბატონო კლაუს, პირად მცველობას გვთავაზობთ?
– არა, რას ბრძანებთ!
– აბა, როგორ გავიგოთ თქვენი სიტყვები?
– არა, ბატონებო, არა. აქ რომ იქნებით, თქვენი სიძლიერისა და ავტორიტეტის წყალობით, ვერავინ გაბედავს თავდასხმას.
– გეთანხმებით, მაგრამ, აქ თუ გამოვიკეტეთ, საქმეს ვინ გააკეთებს?
– ჩემთან ერთად იმოძრავებთ: ყველა შეხვედრასა და მოლაპარაკებას დაესწრებით, ყველაფრის საქმის კურსში იქნებით. პარტნიორები ვართ და ამაზე მეტი საქმე რა გინდათ?
– ახლა ამაზე ვერ გიპასუხებთ, ჩვენს შეფებს უნდა მოვეთათბიროთ.
– როდის გექნებათ პასუხი?
– ერთ კვირაში, ბატონო კლაუს. ჩეჩნებთან ერთად რომ ჩამოვალთ, პასუხსაც მაშინ გეტყვით.
– კარგი, ბატონებო, ასე იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამაწბილებთ, – თქვა საგრძნობლად ფერზე მოსულმა ჰაშეკმა, სტუმრებს გაუღიმა და დაამატა: – ახლა კი, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, საქმე დროებით გვერდზე გადავდოთ და გავერთოთ. ფანტასტიკურ დროს გაგატარებინებთ – საუკეთესო გოგონებსა და სუფრას გთავაზობთ. რას იტყვით, ხომ თანახმა ხართ?
– არა, ბატონო კლაუს, ეს შეუძლებელია. სმასა და გარყვნილებას სასტიკად გვიკრძალავს ჩვენი რჯული. თანაც, არც დრო გვაქვს, სასწრაფოდ უნდა გავემგზავროთ. შეთავაზებისთვის კი მადლობლები ვართ, – მიუგო ჯამალმა ჰაშეკს და სავარძლიდან წამოდგა.
„თქვენ და თქვენი რჯულიც, თქვე კაციჭამია ფანატიკოსებო! თქვენ რა იცით გართობისა და დროსტარების გემო. თქვენ მხოლოდ ხალხი გახოცინათ და მეტი არაფერი გინდათ“, – გაიფიქრა ჰაშეკმა, ჯამალს კი უთხრა:
– რა გაეწყობა, ბატონებო. მე დიდ პატივს ვცემ თქვენს რჯულსა და მათ მიმდევრებს. ნახვამდის. მოუთმენლად გელოდებით ჩვენს ძვირფას ჩეჩნებთან ერთად ერთ კვირაში. დიდება ალაჰს!
– დიდება ალაჰს! – ერთხმად გაიმეორეს ჯამალმა და ჯალალმა. ჰაშეკს გამოემშვიდობნენ და მისი რეზიდენცია დატოვეს.
– ჰაშეკი, რა, ისლამზე მოექცა? – ჰკითხა ჯალალმა ჯამალს, როდესაც სასტუმროში დაბრუნდნენ.
– მაიმუნი და მხდალია. ალაჰი კი იმიტომ ადიდა, რომ ჩვენთვის ეამებინა.
– მე მგონი, რაღაცას გვთავაზობდა და უარი უთხარი, ხომ?
– მეძავებსა და სასმელს.
– შაითანია, ნამდვილი ურჯულო, – თავი გააქნია ჯალალმა.
– ამიტომაც გავწევთ გვერდზე, – მიუგო ჯამალმა და ჯალალს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
– როგორც აჰმად მანსურმა იწინასწარმეტყველა, ზუსტად ისე მოხდა. ნამდვილი ბრძენია აჰმად მანსური, – თქვა ჯალალმა და ჯამალს ჰკითხა, – დაეთანხმე?
– რა თქმა უნდა, არა. ასე ვუთხარი, ჩემს შეფებთან შევათანხმებ-მეთქი. იყოს ეს ერთი კვირა გაურკვევლობაში, ჩვენთვის უკეთესიცაა.
– შიშისა და მოლოდინისგან გული არ გაუსკდეს.
– არა მგონია, – გაეცინა ჯამალს და ჯალალს უთხრა, – დროა, რომ ინგლისურის შესწავლა დაიწყო. როდემდე უნდა იყო თევზივით?
– მაგის დრო მაქვს?
– დრო რა შუაშია, უბრალოდ, გეზარება, – გაეცინა ჯამალს.
– კარგი რა, რა ჩემი საქმეა სწავლა. აი, ურჯულოების განადგურება კი სულ სხვაა.
– ჯალალ, მტერს უფრო იოლად მოიხელთებ, თუკი მას კარგად გაიცნობ, ენა კი ამაში ბევრად დაგეხმარება.
– მერედა, ვინ მასწავლის?
– თუნდაც მე.
– შენ?
– რატომაც არა. სულ ერთად ვართ და მეტი რა საქმე გვაქვს? ახლავე დავიწყოთ.
– ახლავე?
– ჰო, ახლავე. აბა, გაიმეორე – „ძირს ამერიკა,” – ინგლისურად უთხრა ჯამალმა ჯალალს.
– „ძირს ამერიკა,” – რის ვაი-ვაგლახით წარმოთქვა ჯალალმა და ჯამალს ჰკითხა, – რას ნიშნავს?
– ძირს ამერიკა, – ავღანურად გაუმეორა ჯამალმა.
– მშვენიერია. მომეწონა, – გაეცინა ჯალალს.
ავღანელი ემისრები ოთხი დღის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, საველე მეთაურებს შალაშში ეახლნენ და მოწიწებით მიესალმნენ.
– რა ამბები ჩამოგვიტანეთ, არწივებო? – ჰკითხა ახალმოსულებს აჰმად მანსურმა.
ჯამალმა ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა საველე მეთაურებს და ბოლოს თქვა:
– აჰმად მანსურ, თქვენი წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა და ჰაშეკმა თავისთან ყოფნა შემოგვთავაზა.
– ძალიან კარგი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. სად და როდის უნდა შეხვდეთ ანდიევს?
– სამი დღის მერე, პრაღის სასტუმროში და მათ ჰაშეკთან მივიყვანთ.
– ესე იგი, ანდიევი არ მოგეწონათ? – იკითხა რამზან ბეიმ.
– ძალიან ამპარტავანი, ვერაგი და არასანდო ადამიანია, – მიუგო ჯამალმა, ვფიქრობ,  ისინი პრობლემებს შეგვიქმნიან, თუკი არ ვაგრძნობინეთ, ვინაა მთავარი.
– ჩეჩნები ჰაშეკის საფრთხობელად გვჭირდებიან, ისიც მანამ, სანამ ჩვენ არ დავეუფლებით ბიზნესს. მერე კი, თუ არ დაგვემორჩილებიან, ანდიევიც თავისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს, – თქვა აჰმად მანსურმა, – სწორედ ამიტომ გგზავნით პრაღაში, რომ მსგავს პრობლემებს ადგილი არ ჰქონდეს.
– აჰმად მანსურ, რამზან ბეი, ჯალალმა ინგლისურის შესწავლა დაიწყო და საკმაოდ კარგად ითვისებს, – თქვა ჯამალმა და ჯალალს მიუბრუნდა:
– თქვი ჯალალ!
– ძირს ამერიკა! მოვა დრო და ჩვენი საღვთო არმია მეხივით დაატყდება თავს ამ ბოროტების იმპერიას და ურჯულოებს გაანადგურებს, – ინგლისურად თქვა ჯალალმა და გაეცინა.
– ყოჩაღ, ჯალალ! ასე გააგრძელე. შენ რაც თქვი, ის რომ ახდეს, შენ, ჯამალმა და თქვენნაირმა არწივებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ საამისოდ, – მიუგო აჰმად მანსურმა ჯალალს. რამზან ბეიმ კი დაამატა:
– ჭეშმარიტი სიტყვებია. დიდება ალაჰს!
– დიდება ალაჰს! – გაიმეორეს დანარჩენებმაც.
***
ჯამალი და ჯალალი წარმატებით ჩაერთნენ მსხვილ ნარკოსაქმიანობაში და ჰაშეკის წყალობით საჭირო კავშირები დაამყარეს. ჯალალმა საკმაოდ კარგად აითვისა ინგლისური ენა და, მართალია, გამართული ლაპარაკი ჯერ არ შეეძლო, მაგრამ საუბრის შინაარსს იგებდა. ერთი- ორჯერ, მოლაპარაკებების დროს, საუბარშიც კი ჩაერთო.
– არ მეგონა, თუ ასე სწრაფად აითვისებდი ენას, – ეუბნებოდა ხოლმე ჯამალი ჯალალს და სწავლებას განაგრძობდა.
ავღანელები ჰაშეკის რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. თუმცა, ხშირად გადიოდნენ ხოლმე ქალაქში და პრაღა ისე შეისწავლეს, ძირძველი პრაღელები გეგონებოდათ. ამის შედეგად, ჯაბას უფრო მეტად გაუადვილდა ცენტრთან კავშირი და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეეძლო ამის გაკეთება. ჯამალი და ჯალალი ევროპულ ყაიდაზე იყვნენ გამოწყობილები. თვალში ზედმეტად რომ არავის მოხვედროდნენ, იაფფასიანი „შკოდებით“ გადაადგილდებოდნენ და კაფეებში დადიოდნენ. ჯაბა ერთ პატარა კაფეში დადიოდა, რომელსაც „სტუდენტური“ ერქვა და სადაც ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. ერთ დღეს ჯაბა კაფეში იჯდა, ყავას სვამდა, ფორთოხლის წვენს აყოლებდა და თან სიგარეტს ეწეოდა.
– თავისუფალია ეს ადგილი? – მოესმა ჯაბას ქალის ხმა. მარჯვნივ გაიხედა და შეცბა, თუმცა, თავი მოთოკა, რადგან მის წინაშე მისი შეყვარებული ჯინა ქროსი იდგა და მას უღიმოდა.
– დაკავებულია, – მიუგო ჯაბამ და გადაწყვიტა, სხვა ადამიანის როლი ეთამაშა და შეყვარებული დაერწმუნებინა, რომ ჯაბა არ იყო.
ჯინა მაგიდას მიუჯდა, ჯაბას გაუღიმა და უთხრა:
– გმადლობთ, უშბა.
თავისი მეტსახელის გაგონებაზე ჯაბა მიხვდა, რომ ჯინა მას შემთხვევით არ შეხვედრია და მიუგო:
– რა გქვიათ?
– ქეით როისი.
– სასიამოვნოა, ქეით. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.
– მე უფრო მეტად. ორი წელია, არ მინახავხარ. ამ შეხვედრისთვის კი ორი თვე მამზადებდნენ.
– გასაგებია. რა მიზნით?
– დღეიდან შენი მეწყვილე და მეკავშირე ვიქნები. შენ მე აქ გამიცანი. შემდეგ დავმეგობრდებით და შენი გერლფრენდი გავხდები – ასე უნდა გააცნო ჩემი თავი შენს ფანატიკოს მეწყვილეს.
– გასაგებია. ქეით როისი პრაღაში რას აკეთებს?
– ავანგარდისტულ ხელოვნებას ეუფლება, სტუდენტია.
– გასაგებია. რა მიზნით გამოგიშვეს?
– მეკავშირედ. რასაც სატელიტით ვერ გადასცემ, ის მე უნდა მივაწოდო შეფებს. ხვდები, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.
– თომას ბრაუნის გვერდის ავლით, ხომ?
– კი.
– მარტო მეკავშირე ხარ?
– დროთა განმავლობაში თქვენს საქმიანობაში უნდა ჩამრთოთ და შენს დაზღვევაზე ვიმუშავებ.
– ესე იგი, ბრაუნს ეს არ ეცოდინება.
– რა თქმა უნდა, არა. ეს ვიცით ჩვენ: დირექტორმა, პოულმა და მორისმა. სწორედ მათ მოიგონეს ეს კომბინაცია.
– შენზე როგორ გამოვიდნენ?
– პოული მელაპარაკა ორი თვის წინ, მანამდე კი თურმე კარგა ხანს მამოწმებდნენ.
– სიმართლე გითხრა, ამ საქმეში შენი გარევით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ.
– რატომ?
– სახიფათოა.
– სამაგიეროდ, ერთად ვიქნებით და სხვებისკენ ვეღარ გაიხედავ.
– რაც ერთმანეთს დავშორდით, არც გამიხედავს.
– არ მჯერა.
– ნუ გჯერა. ამის არც დრო მქონდა და არც საშუალება.
– სურვილი?
– სურვილებს დათრგუნვა სჭირდება.
– ჰოდა, მეც ვთრგუნავდი. არ გჯერა?
– შენ გინდა თქვა, რომ კაცი არ გყოლია?
– არა.
– შენი ტემპერამენტის გოგონას?
– შენ რა, ნაკლები ტემპერამენტი გაქვს? მე კი – შენზე ნაკლები ნებისყოფა?
– არ იცვლები, ისეთივე ჯიუტი ხარ.
– არც შენ ხარ ნაკლები. რას წარმოვიდგენდი, კანტორაში თუ მუშაობდი.
– იმას ვერც მე წარმოვიდგენდი, კანტორა თუ გამოგგზავნიდა ჩემთან.
– ეს ცხოვრება პარადოქსებისგან შედგება. მოკლედ, ასე – ორი კვირის შემდეგ ლოგინში ჩამიწვენ.
– მე ახლავე თანახმა ვარ.
– ახლა არ შეიძლება, თუმცა, მეც მინდა. ჯერ შენი გიჟი პარტნიორი უნდა მოამზადო ამისთვის, რომ ეჭვი არ აიღოს.
– მართალია.
– კარგი. ახლა საქმეზე გადავიდეთ. გადასაცემი ხომ არ გაქვს რამე?
– ჯერჯერობით არაფერი.
 – კარგი. ახლა ოციოდე წუთი კიდევ ვიჯდები აქ და მერე წავალ. ხვალ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს და დღესვე შეუგდე ჩემზე სიტყვა შენს გიჟ მეწყვილეს.
– გასაგებია, – მიუგო ჯაბამ ჯინას.
***
პოული შეფს კაბინეტში ეწვია და „ეფბეერის“ დირექტორს უთხრა:
– სერ, ჯინა ქროსი კავშირზე გამოვიდა და თქვა, რომ უშბასთან უკვე დაამყარა კონტაქტი.
– როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
– კარგად.
– ხომ არაფერი გადმოუცია უშბას?
– არა, სერ.
– ბრაუნი მადარდებს.
– რატომ, სერ?
– ჩვენი კომბინაცია არ გაშიფროს.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– დიდი გაიძვერა ვინმეა და იმიტომ.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ის ამას ვერ მოახერხებს, სათადარიგო ვარიანტზე კი უკვე ვმუშაობ და საიმედო კაცს ველაპარაკე.
– ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მარტინ. თუკი ბრაუნის ლიკვიდაცია დაგვჭირდა, ეს არავინ არ უნდა გაიგოს.
– ვერავინ გაიგებს, სერ. მას სნაიპერი მოკლავს, სნაიპერს კი ეშმაკიც ვერ მიაგნებს – ის იმავე დღესვე აორთქლდება.
– მოკლავენ?
– არა, სერ. უბრალოდ, ამერიკიდან გაემგზავრება.
– მერე, რომ წამოაყრანტალოს სადმე?
– გამორიცხულია, სერ.
– რატომ?
– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ობიექტის ვინაობა არ ეცოდინება, თანაც, ყრუ-მუნჯია.
– ყრუ-მუნჯი?
– დიახ, სერ. ვიეტნამში ისეთი კანტუზია მიიღო, აღარც ესმის და ვეღარც ლაპარაკობს.
– კი, მაგრამ, რა ხნისაა?
– სამოცდაათი წლის.
– ამ ასაკის კაცს რა შეუძლია?
– მერწმუნეთ, სერ, რომ მაგარი ვინმეა და ყველაფერი რიგზე იქნება, თუ, რა თქმა  უნდა, ასეთი რამ დაგვჭირდა.
– ღმერთმა არ დაგვაჭირვოს.
– ვნახოთ, სერ. მაგრამ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე რომ მკითხოთ, ბრაუნს დღესვე მოვსპობდი.
– არა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. მაინც ბობოლაა, პრეზიდენტთან დაახლოებული პირი და მის მკვლელობას საგულდაგულოდ გამოიძიებენ.
– კარგი, სერ. ყოველ შემთხვევაში, სნაიპერი უკვე მზადაა და ნაძირალა ბრაუნისთვის განკუთვნილი ტყვია ლულაში დევს.
„ეფბეერის“ დირექტორმა მცირე პაუზის მერე პოულს უთხრა:
– მარტინ, ძალიან ფრთხილად იყავი. ხომ იცი, რომ უფსკრულის პირას დავდივართ და მცირე შეცდომაც კი გადაგვჩეხავს.
– ვიცი, სერ და ყველა ზომებია მიღებული. თუმცა იმას ვერ ვხვდები, ბოლომდე ბრაუნისნაირ ნაძირლებზე რატომ დგას ეს ქვეყანა. ვამბობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს, მესამეს კი ვფიქრობთ.
– გვეყოფა ამაზე ლაპარაკი, – „ეფბეერის“ დირექტორმა ხელით ანიშნა – გაჩერდიო...
***
მერაბ გამრეკელის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა.
– გისმენ, გოჩა, – უპასუხა გამრეკელმა მორიგეს.
– ბატონო მერაბ, აქ ერთი ბატონი იმყოფება და თქვენი ნახვა უნდა. რუსია და ვიქტორი მქვიაო, ამბობს.
– ჩემთან ამოიყვანე. რეგისტრაცია საჭირო არ არის.
– გასაგებია, ბატონო მერაბ, – მორიგემ ტელეფონი გათიშა, გამრეკელმა კი ზვიადაურს დაურეკა და უთხრა:
– ჩემთან შემოდი, ლიადოვი ჩამოვიდა.
ზვიადაური გამრეკელის კაბინეტში შევიდა და მასპინძლის გარდა რომ ვერავინ დაინახა, ჰკითხა:
– სადაა ლიადოვი?
– გოჩას ამოჰყავს. დაჯექი.
– ნეტავ, რა მოხდა? ლიადოვი ტყუილად არ ჩამოვიდოდა, თანაც, ასე გაუფრთხილებლად, – თქვა ზვიადაურმა.
– მოვა და გავიგებთ, – თქვა გამრეკელმა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და მერაბმა დაამატა: – აი, მოვიდა.
ლიადოვი დინჯად შევიდა კაბინეტში და მორიგემ კარი რომ გაიხურა, დამხვდურებს ღიმილით უთხრა:
– გაკვირვებულები ხართ?
სტუმარი ჯერ ზვიადაურს გადაეხვია, შემდეგ გამრეკელს და მერაბმა მას ჰკითხა:
– ხომ მშვიდობაა, პავლე?
– თქვენთან? – კითხვა შეუბრუნა ლიადოვმა.
– თითქოს კი. გააჩნია, რას გულისხმობ.
– ჯაბასგან რა ისმის?
ჯაბას ხსენებაზე ზვიადაური შეცბა, გამრეკელმა კი მიუგო:
– ახალი არაფერი. რატომ იკითხე?
ლიადოვმა ვაჟას შეხედა და უთხრა:
– ნუ გეშინია, მამიკო, შენი შვილი ჯანმრთელადაა, – შემდეგ ლიადოვმა ჯიბიდან ფოტოები ამოიღო, მასპინძლებს უჩვენა და თქვა: – აი, ჩვენი არწივი. ეს მეორე ყმაწვილი, როგორც ჩანს, ჯაბას მეწყვილეა. ეს მშვენიერი გოგონა კი, ჩემი ინფორმაციით, სტუდენტი.
ფოტოებზე სტუდენტურ კაფეში გადაღებული ჯამალი, ჯალალი და ჯინა ქროსი იყვნენ აღბეჭდილები. მასპინძლებმა ყურადღებით დაათვალიერეს ფოტოები და ზვიადაურმა ლიადოვს ჰკითხა:
– საიდან გაქვთ ესენი?
– ჩემმა კაცმა მომაწოდა.
– სადაა გადაღებული?
– კაფე „სტუდენტურში”.
– ქალაქი?
– სადაც ბადალოვი ააორთქლეს.
– პრაღაში?
– პრაღაში, – გაეცინა ლიადოვს.
გამრეკელი შეიშმუშნა და სტუმარმა უთხრა:
– რაღაც უნდა გითხრათ, პავლე.
– ეს უკვე საქმესთან ახლოა და სწორედ ამის მოსასმენად დაგატყდით დილაადრიან გაუფრთხილებლად, – ღიმილით მიუგო ლიადოვმა გამრეკელს და გააბოლა.
გამრეკელმა დაწვრილებით უამბო ლიადოვს „მოხუცებისა“ და ბადალოვის შეხვედრის ამბები და ბოლოს თქვა:
– ბოდიში, პავლე, რომ მაშინ სრული ინფორმაცია არ მოგაწოდეთ, მაგრამ, ეს ჯაბას თხოვნა იყო.
– ამ კაბინეტშიც, ალბათ, თქვენ მოაწყვეთ ხანძარი, რომ ჩემთვის ფარული ჩანაწერები არ გეჩვენებინათ, რათა შემთხვევით ჯაბა არ ამომეცნო, ხომ? – ღიმილით დაამატა ლიადოვმა.
– სწორედ ასეა და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, – დაუდასტურა მერაბმა.
– პრაღაში რას აკეთებს ჩემი შვილი, თანაც ასე აშკარად? – თქვა ვაჟამ.
– კლაუს ჰაშეკს სდარაჯობენ, როგორც ეტყობა, – გაეცინა სტუმარს.
– სდარაჯობენ? – გაიმეორა გამრეკელმა.
– თუ ლოგიკა და ინტუიცია არ მღალატობს, ჩეჩნების შურისძიებით შეშინებულ ჰაშეკს უსაფრთხოების გარანტად ეს ორი ყმაწვილი მიუჩინეს, – ლიადოვმა ფოტოებს დაადო თითი, – დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ბიჭები ჰაშეკს ყველა შეხვედრაზე დაჰყვებიან და, იცით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, იმას, რომ ვიღაც ჰაშეკის გვერდზე გაწევასა და ევროპული ნარკობიზნესის დაუფლებას ცდილობს. ამისთვის კი ჯაბასა და მის მეწყვილეს ამზადებენ. ეს კი ძალიან სახიფათო რამაა და სწორედ ამიტომ ჩამოვფრინდი თქვენთან ასე სასწრაფოდ.
მერაბმა ვაჟას გადახედა და ლიადოვს უთხრა:
– ეს ჩვენც ვიცით. უფრო სწორად, მივხვდით და ჯაბასთანაც კი გვქონდა ამაზე ლაპარაკი.
ლიადოვს არ გაჰკვირვებია გამრეკელის პასუხი და მიუგო:
– ჰოდა, ძალიან კარგი. ერთად განვიხილოთ, რა და როგორ შეიძლება მოხდეს და რით ვუშველოთ ჩვენს ბიჭს, როდესაც მას ეს დასჭირდება. ხოლო ეს რომ ასე იქნება, დარწმუნებული ვარ.
– რატომ ხარ ამაში ასე დარწმუნებული? – ჰკითხა გამრეკელმა.
– ორი რამის გამო: პირველი – თავისთავად, სახიფათოა ისეთ საშინელ საქმეში მონაწილეობა, როგორიც ნარკობიზნესია; მეორე – ამერიკელები ძალიან არასანდონი არიან და ისე შეუძლიათ თავიანთი კაცის გაწირვა, თვალსაც კი არ დაახამხამებენ. ამიტომ, ჩვენ ჯაბას დერეფანი უნდა შევუქმნათ, რათა მას უსაფრთხოდ გამოსვლა შეეძლოს ამ ოპერაციიდან და სამუდამოდ გაუჩინარდეს.
– ზუსტად ეს ვუთხარით მას ჩვენც, – თქვა გამრეკელმა.
– მერე, რა გიპასუხათ?
– მოღალატე ვერ გავხდებიო.
– მოღალატე, ხომ?! – თავი გააქნია ლიადოვმა, – მას ჯერ კიდევ გამოცდილება აკლია და ემოციებით მოქმედებს.
– გეთანხმები. მაგრამ, ჯერ ერთი, როგორ უნდა შევიტყოთ, თუკი ჯაბას საფრთხე დაემუქრება და, რომც შევიტყოთ, მისი ნების წინააღმდეგ, როგორ გამოვიყვანოთ იმ ოპერაციიდან, რომელზეც ჩვენ სრული იფნორმაცია არ გაგვაჩნია?
– გამოყვანა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე საფრთხის გაგება. თუმცა, ამის გაკეთებაც შეიძლება.
– კარგი, გეთანხმები, რომ ჯაბას როგორმე გავიტაცებთ. მართალია, მისი ნების წინააღმდეგ ვიმოქმედებთ, მაგრამ, საფრთხეს ავარიდებთ და ოპერაციიდან გამოვიყვანთ, – თქვა გამრეკელმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – ამ საფრთხის შესახებ როგორღა შევიტყობთ ან რა საფრთხე შეიძლება იყოს ეს?
– საფრთხე შეიძლება ბევრი რამ იყოს და ყველაფრისგან ვერ დავაზღვევთ, მაგრამ, ერთი მიმართულება ნამდვილად ჩემია და იმ წყაროდან შემიძლია ინფორმაციის მიღება.
– რა წყაროა?
– ევროპაში რუსული მაფიის შეფი მეშოკში მყავს და ის მომაწვდის ინფორმაციას.
– ვინ არის?
– ლეონიდ კოზლოვი. ადრე ჩემს განყოფილებაში იყო და ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა. მე რომ წამოვედი და რეორგანიზაცია მოხდა, ლეონიდის ჩვენთან მოყვანა მინდოდა, მაგრამ ის გაუჩინარდა, წლების მერე პრაღაში ამოყვინთა და მძლავრი რუსული დაჯგუფების მეთაურად მოევლინა სამყაროს. დროთა განმავლობაში კი ევროპული რუსული მაფიის შეფი გახდა და პრაღაშია მომჯდარი.
– გასაგებია. ყოფილი „ძაღლი,” თანაც – საიდუმლო აგენტი... ამაზე მეტი კომპრომატი რა გინდა? – თქვა გამრეკელმა.
– სწორედაც, – მიუგო ლიადოვმა,  – თუმცა, სულაც არ ვაპირებ მასთან კომპრომატებით ლაპარაკს. პირადად დავეკონტაქტები და უარს არ მეტყვის ინფორმაციის მოწოდებაზე.
– სწორი სვლაა. რა საჭიროა ადამიანის დამცირება, თუნდაც გაავაზაკებული „ძაღლის.” მით უმეტეს, თუ მას პირადად შენთვის არაფერი დაუშავებია? – თქვა გამრეკელმა და ლიადოვს ჰკითხა: – როდის აპირებ კოზლოვთან შეხვედრას?
– ხვალ.
– ხვალ? ასე მალე?
ლიადოვმა მასპინძლებს თვითფმრინავის ბილეთი უჩვენა და თქვა:
– თბილისი-პრაღის რეისია, ექვს საათზე მივფრინავ.
– ოპერატიულად მოქმედებ, ამხანაგო თადარიგის გენერალო, – გაეცინა გამრეკელს.
– აქეთობაზე ისევ შემოგივლით და ამბავს გეტყვით. ახლა კი მაჭამეთ რამე, თორემ, დილით ჩაიც კი არ დამილევია და ძალიან მშია, – უთხრა ლიადოვმა მასპინძლებს და გაუღიმა.
***
ჯამალი და ჯალალი იმდენად კარგად გაერკვნენ ევროპულ ნარკობიზნესში, რომ ჰაშეკი შეშფოთებული იყო და პირველობის დაკარგვის საშიშროება იგრძნო. რამდენჯერმე თქმაც კი დააპირა ამის შესახებ ჯამალისა და ჯალალისთვის, თუმცა, ბოლო მომენტში გადაიფიქრა, რადგან ჰაშეკს ჩეჩნების უფრო მეტად ეშინოდა. ავღანელები კი მისი უსაფრთხოების გარანტები იყვნენ და მათ განაწყენებას მოერიდა. ჰაშეკი იმასაც კარგად გრძნობდა, რომ სულ მალე მას გვერდზე გადგომასა და პირველობის დათმობას შესთავაზებდნენ და ამაზეც თანახმა იყო, რადგან, საკუთარი სიცოცხლე ყველაფერზე ძვირად უღირდა.
„ჯანდაბას ამათი თავი. უწილოდ ხომ არ დამტოვებენ და კისერიც უტეხიათ“, – ფიქრობდა კლაუს ჰაშეკი და წინასწარ ემზადებოდა უფლებამოსილებების გადასაბარებლად.
ჯალალი მართლაც ნიჭიერი კაცი აღმოჩნდა და რამდენიმე თვეში ინგლისური ენა ბრწყინვალედ აითვისა. გარდა ამისა, ის ჩეხურადაც კარგად ლაპარაკობდა და, საერთოდ, ტოლს არაფერში უდებდა ჯამალს. ადრე თუ მოლაპარაკებებსა და სხვადასხვა შეხვედრაზე ის თევზივით უხმოდ იჯდა ხოლმე და მხოლოდ ჯამალი ლაპარაკობდა, ახლა უკვე ჯალალიც აქტიურობდა და არაფერი ეშლებოდა.
ჯინა ქროსი უკვე ოფიციალური გერლფრენდი გახდა, ჯაბას ხშირად ხვდებოდა და წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს შეყვარებულისა და აგენტ-მეკავშირის ფუნქციებს. ქალ-ვაჟი ძირითადად სტუდენტურ კაფეში ხვდებოდა ერთმანეთს და ჯაბას მეწყვილეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
– ამ დილით ცენტრიდან მიბრძანეს, გითხრა, რომ ჩემი შემოყვანის ოპერაცია დაიწყო, – უთხრა ჯინამ ჯაბას, როდესაც ისინი კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს.
ჯაბა ამ ცნობამ გააღიზიანა და მიუგო:
– რა სულელური ახირებაა, რაში სჭირდებათ ეს?
– ეგ უკვე აღარ ვიცი. ბრძანებებს კი შესრულება უნდა, – მიუგო ჯაბას ჯინამ.
– მე უკეთ არ ვიცი, რა არის საჭირო? – თქვა ჯაბამ, – ცენტრს გადაეცი, რომ მე თავადვე გადავწყვეტ, როდის დავიწყო შენი შემოყვანა და ბრძანება გააუქმონ.
– აგენტო უშბა, სტრატეგიული ოპერაციის ჩაშლა გსურთ? – ოფიციალური ტონით თქვა ჯინამ.
– პირიქით.
– რა პირიქით, მე მსურს ეს?
– მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, მე უკეთ ვიცი, რა უნდა გავაკეთო და ასე გადაეცი ცენტრს, – თქვა ჯაბამ.
ჯინამ შეყვარებულს გაუღიმა და მიუგო:
– ნუ გეშინია, ძვირფასო. არაფერს გაგიფუჭებ და არაფერი მომივა. შეასრულე ბრძანება და ჩემი შემოყვანის ოპერაცია დაიწყე.
– ნუ ჩქარობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შენს ჩვენთან შემოყვანას სერიოზული მომზადება სჭირდება. ამას კი დრო უნდა. რა, არ მეთანხმები?
– გეთანხმები. მაგრამ, რაც უფრო გვიან დაიწყებ, მით უფრო გაიწელება დროში. ცენტრში კი ეჩქარებათ.
– სიჩქარით წინ ვერ წახვალ და მხოლოდ წავაგებთ ამით. ცენტრისთვის ადვილია დაჩქარება. აქაური სიტუაცია კი სხვაგვარადაა. ყველაფერი ძალიან ყურადღებით და თანამიმდევრულად უნდა გავაკეთოთ.
– მიედ-მოედები რაღაცას. პირდაპირ თქვი, რომ ცენტრის ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობ, – გაბრაზდა ჯინა.
– ჩვენს საქმეში სიბრაზე და წინდაუხედაობა ცუდი მოკავშირეა. ამიტომ, ჩემო კარგო, ჯობია, თავი შეიკავო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრს შენს შეცვლას კატეგორიულად მოვთხოვ.
ჯინას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჯაბას მეწყვილე გამოჩნდა და გოგონამ უშბას უთხრა:
– აი, შენი ფანატიკოსი, გიჟი მეწყვილე მოდის.


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3