კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე შეიძლება იეჭვიანოს ქმარმა და როდის უნდა დააჭიროს ცოლმა ენას კბილი

რამდენიც არ უნდა ვიდავოთ და ვიკამათოთ, ოჯახში ამინდს მაინც ცოლი ქმნის. რა თქმა უნდა, ქმრის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, მაგრამ, ურთიერთობის მართვის სადავეები ქალის ხელშია. ცუდია, რომ ცოლებს არავინ ასწავლის ურთიერთობის ხელოვნებას. თუ პოლიტიკური ნიჭი ბუნებრივად დაგყვა, გაგიმართლა, მაგრამ, თუ არ იცი, როდის გაჩუმდე და რა შეინახო საიდუმლოდ; რა დაუჯერო დაქალებს და რა – არა, აჯობებს, უფრო შინაგან ხმას, ინტუიციას ენდო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გარდაუვალი იქნება. იდეალური ურთიერთობის დანგრევაც კი შეუძლია ერთი შეხედვით უბრალო გაუგებრობას.

მაკა (31 წლის): ჩემი ბრალია ყველაფერი... მე და მხოლოდ მე ვარ დამნაშავე იმაში, თავზე ქარიშხალი რომ დამატყდა. მეუბნებოდა ჩემი ერთი დაქალი – ენას კბილი ხშირად უნდა დააჭირო და ქმარს ყველაფერი არ უნდა მოუყვეო. მართლა ვერ ვხვდებოდი, რა არ უნდა მომეყოლა. ზოგადად, არ მესმოდა ამ სიტყვების შინაარსი. განა რა უნდა გავაკეთო, ისეთი, რომ სათქმელად უხერხული იყოს-მეთქი, ვფიქრობდი.
– მაგალითად, ფლირტის შესახებ სხვა მამაკაცთან.
– რას ამბობთ, ასეთი რაღაც არასდროს დამიშვია. გათხოვილი ქალის ფლირტი სხვა კაცთან ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო. ხომ გეუბნებით, ძალიან მიამიტურად და გულუბრყვილოდ ვაზროვნებდი.
– არ იცოდით, რომ ფლირტი არ არის დანაშაული და თუ ის ზომიერების ფარგლებს არ სცდება, სასარგებლოა ურთიერთობისთვის?
– არა. ეტყობა, მისი არსი და შინაარსი არ ვიცოდი სწორად. ფაქტია, რომ ბევრი შეცდომა სწორედ იმის გამო დავუშვი, რომ სათანადო ცოდნა არ მქონდა. ქმართან ურთიერთობა ჩემი სისულელით გავაფუჭე, უცოდინარობითა და გამოუცდელობით. ახლა ამას რაღა ეშველება, ან, ეშველება თუ არა საერთოდ, წარმოდგენა არ მაქვს... სამი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენ შორის უფსკრული დღითი დღე ღრმავდება.
– შვილი გყავთ?
– არა ჯერ. ასე გადავწყვიტეთ. გვინდოდა, ცოტა უფრო მყარად დავმდგარიყავით ფეხზე. შეიძლება, ესეც შეცდომა იყო. იმიტომ, რომ ჩემმა ქმარმა ჩხუბში წამომაძახა – შენ ბავშვზეც იმიტომ არ იფიქრე, რომ თავისუფლება არ შეგზღუდვოდა და შენს ნებაზე გეგულავაო. თითქოს ერთად არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
– რამ მიგიყვანათ კრიზისამდე?
– ერთი შეხედვით, ლამის სასაცილოც კია. რეალურად მიზეზი არ არსებობს, ის ჩვენ შევქმენით. ჩემი ქმარიც დამნაშავეა რაღაც დოზით... მოკლედ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ოთხი დღით გამგზავნეს სხვა ქალაქში – სემინარის მსგავსი რაღაც იყო... არც მიფიქრია, უარი მეთქვა. მომწონს, როცა ჩემი შესაძლებლობების გაფართოების საშუალება მეძლევა. ჩემს ქმარსაც არ გამოუთქვამს პროტესტი. მითხრა, მოვიცლი და კვირის ბოლოს მეც ჩამოვალ, შაბათ-კვირა ერთად გავატაროთო. ანუ, წინასწარ ცუდი არაფერი მიგრძნია.
– თორემ არ წახვიდოდით?
– დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და ჩემს ბედნიერებას საფრთხის ქვეშ არ დავაყენებდი. მასაც ვუყვარვარ და ალბათ, იმიტომაც იქცევა ისე, როგორც იქცევა. ზოგჯერ ძალიან მესმის მისი, მაგრამ, ზოგჯერ ვნერვიულობ. ისე, მთლად ჩემი ბრალია ყველაფერი-მეთქი, ვერ ვიტყვი.
– როცა მიდიოდით, ქმარს პროტესტი არ გამოუხატავს? თანახმა იყო, რომ წასულიყავით?
– ხომ გითხარით, რომ თანახმა იყო. ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ვეღარ ჩამოვიდა, სემინარი კი გაგრძელდა. დავურეკე ჩემს ქმარს და ვუთხარი. მაშინ, წამოდიო. გამეცინა – ბავშვივით რატომ იქცევი, სათამაშოდ ხომ არ ვარ აქ. ბოლომდე უნდა დავრჩე და მერე ჩამოვალ-მეთქი. არაფერი უთქვამს და მეც აღარ ჩავთვალე საჭიროდ, დამატებით რამე ამეხსნა.
– ანუ, თქვენ იფიქრეთ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა?
– დიახ, სწორედ ასეა. მართლა არ მიფიქრია, რომ რამეს ვაფუჭებდი ან ამას რამე ნეგატიური მოჰყვებოდა. ბუნებრივია, სემინარზე მარტო არ ვიყავი. ბევრნი იყვნენ, მათ შორის, მამაკაცებიც, რა თქმა უნდა და ჩვეულებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ჩვენ შორის.
– ჩვეულებრივი? ფლირტი საერთოდ არ ყოფილა?
– კარგი, რა... კომპლიმენტი და მსუბუქი გაპრანჭვა ფლირტია? მე ასე არ მიმაჩნია. სწორად გამიგეთ. გულწრფელი ვარ. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემს ქმართან ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი, არაფერს მოვუყვებოდი.
– რა მოუყევით?
– იქ ერთმა მამაკაცმა ჩემ მიმართ ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინა, სულ ცოტათი მეტი, ვიდრე დანარჩენი ქალების მიმართ.
– რაში გამოიხატებოდა ეს ყურადღება?
– მითხრა, რომ კარგი გარეგნობა მაქვს... რომ ჩემს ქმარს გაუმართლა და რომ შეუძლებელია, კაცი გულგრილი დარჩეს ჩემნაირი ქალის მიმართ.
– ეს არ არის ფლირტი? კაცს აშკარად „შებმა“ დაუწყია.
– ჩემთვის ეს საერთოდ არაფერს ნიშნავდა და, იმისთვის თუ იყო მნიშვნელოვანი, ეს მისი პრობლემაა. არ არის ასე?! მთავარი ხომ ის არის, მე რას განვიცდიდი?  საერთოდ არაფერს, მხოლოდ მეცინებოდა. მორჩა, ამაზე იქით არ წასულა სიტუაცია. სემინარებიდან თავისუფალ დროს იქვე, სასტუმროს ფოიეში ან ბარში ვისხედით და იქ მელაპარაკებოდა... გასეირნება შემომთავაზა, უარი ვუთხარი და სულ ეს იყო...
– რატომ მოუყევით ქმარს. გინდოდათ, თავი მოგეწონებინათ? გეამაყათ და გეტრაბახათ?
– არა, არა... იცით, როგორ იყო? ჯერ სიცილით და ხუმრობით მოვუყევი ჩემს დაქალს – ქალურ პონტში, რა! მაგრამ, თურმე რა შარში ვყოფდი თავს. ჰოდა, სწორედ იმან მითხრა, რომ მომეყოლა ქმრისთვის – უფრო დაგაფასებსო. ავყევი, რა, გამაბრიყვა... რომ მცოდნოდა, ეს რა ბუმერანგი იქნებოდა... ჩემი ბუნჩულა და ჭკვიანი ქმარი ერთბაშად გაგიჟდა და გადაირია. აფეთქება მყისიერი იყო და, შესაბამისად, სრულიად მოულოდნელიც.
– აფეთქებაში რა იგულისხმება?
– სკანდალი მომიწყო. ჩხუბი ამიტეხა. როცა სიცილითა და ხალისით მოვუყევი, რაც იყო ორი დღე ხმა არ ამოუღია, მერე კი გაგიჟდა. ისეთი სიტყვები მითხრა, პირდაღებული ვუყურებდი. გაოგნებული და გაშტერებული. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და არაჩვეულებრივად გამომდის ბოლოს და ბოლოს, ადამიანებთან ურთიერთობა; ქალი ვარ და, რა მოხდა, თუ გავიკეკლუცე?! ქვეყანა დავანგრიე ამით?! თურმე, დამინგრევია. თან, იცით, როგორ პოზიტიურად მოვუყევი? იუმორით და, შესამჩნევი იყო, რომ ის ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებდა. მაგრამ, ვერ გაიგო და ამის გამო შოკში ვარ.
– ფაქტია, რომ მასზე ცუდად იმოქმედა იმის გააზრებამ, თქვენ რომ მაშინ გაერთეთ, როცა თავად მარტო იჯდა სახლში.
– შეიძლება. ახლა ნელ-ნელა მეც მაგას ვფიქრობ. მომატყუეო; საერთოდ არ გინდოდა, რომ ჩამოვსულიყავიო; გაგიხარდა და გიდევ გააგრძელე დრო, რომ უფრო კარგად გეგულავაო. რა არ ვუთხარი, როგორ არ დავიფიცე, მაგრამ, ვეღარ დავაჯერე, რომ იქ არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ასე გადარეულიყო. ნეტავი თუ ფიქრობ, რას ლაპარაკობ-მეთქი. ძალიან კარგად ვფიქრობ და ვნანობ, რომ ასე ბრმასავით გენდობოდი. ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ გყავარ მოტყუებული. ახლა ნახავ, მეც როგორ მოვიქცევი. აუცილებლად გიღალატებ და, მიხვდები, როგორი მტკივნეულიაო. შოკში ვარ. ნუთუ მე ჩემი უგუნურებით მოვახდინე ღალატის პროვოცირება? ამაზე რომ ვფიქრობ, ცუდად ვხდები და მეტირება. რატომ არ დავაჭირე ენას კბილი. ეს როგორ დამემართა? მაგრამ ახლა რაღა გამოასწორებს ამ მდგომარეობას... ურთიერთობა ნელ-ნელა გვიფუჭდება და ყოველდღე მიუარესდება სიტუაცია. ოჯახი რომ დამენგრას, გავგიჟდები. ძალიან ვნერვიულობ და გული მტკივა.

скачать dle 11.3