კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსკოვში მოპარული სტრადივარიუსის ვიოლინო „მურის“ ოპერჯგუფმა თბილისში, ვერაზე აღმოაჩინა

ინფარქტი
1967 წლის 8 ივლისს 68 წლის იური ლუჩანსკი მეუღლესთან ერთად აგარაკიდან სახლში დაბრუნდა. ის თავის კაბინეტში შევიდა და მხოლოდ ცოლის სახელის დაყვირება მოასწრო, მერე ფეხები მოეკვეთა და ხალიჩაზე დაეცა. საავადმყოფოში მოთავსებულ ლუჩანსკის ექიმებმა მძიმე ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს და სიკვდილს ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან.
იური ლუჩანსკი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, პროფესიით მევიოლინე იყო. სახლში მას ცნობილი იტალიელი ოსტატის, ანტონიო სტრადივარიუსის მიერ დამზადებული ვიოლინო  ჰქონდა. ამ ინსტრუმენტს პროფესორი თავის კაბინეტში, სპეციალურ ვიტრინაში ინახავდა. 8 ივლისის საამოს კი ლუჩანსკის ვიოლინო ადგილზე არ დახვდა და ინფარქტიც ამის გამო დაემართა.
შემთხვევის ადგილზე „მურის“ საგამოძიებო ჯგუფი იქნა გამოძახებული. მოიყვანეს კინოლოგიც ძაღლთან ერთად, მაგრამ მან კვალი ვერ აიღო. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი დაადგინეს, რომ ბინის კარი ჩვეულებრივი გასაღებით იყო გაღებული. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ბინიდან მხოლოდ უნიკალური ვიოლინო იყო წაღებული; ფული, ძვირფასეულობა და ანტიკვარიატი კი ხელუხლებელი დახვდათ. იმავე საღამოს ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას მაიორი კოტე მაღრაძე უძღვებოდა
გამოძიების ვერსიები
იური ლუჩანსკი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის კარის მუსიკოსის, ანტონ ლუჩანსკის ძმისშვილი იყო და სტრადივარიუსის ვიოლინო მას მემკვიდრეობით ერგო. იმდროინდელ შავ ბაზარზე ვიოლინოს ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღწევდა. ლუჩანსკის ვიოლინო სამჯერ იყო შემოწმებული ექსპერტების მიერ და მას სპეციალური სერტიფიკატი ერთვოდა, რომელიც ინსტრუმენტის ნამდვილობას ადასტურებდა.
კოტე მაღრაძემ და მისმა ჯგუფმა რამდენიმე სამუშაო ვერსია შეიმუშავეს, მთავარი კი, მათი აზრით, შეკვეთილი ქურდობა იყო. გამომძიებლებს მიაჩნდათ, რომ ვიოლინო იმიტომ მოიპარეს, რათა ის უცხოეთში გაეტანათ და ძვირად გაეყიდათ. ამიტომ, ყველა საბაჟოზე დაიგზავნა შესაბამისი ინფორმაციები და საზღვარგარეთ მიმავალი მგზავრების შემოწმება გაძლიერდა. ამის პარალელურად, მილიციამ დაკითხა ანტიკვარიატისა თუ სხვა პროფილის მსხვილი სპეკულანტები, მსგავს საქმეზე მომუშავე ქურდები, მაგრამ, შედეგი ნულის ტოლი იყო და ლუჩანსკის ბინიდან მოპარული უნიკალური ვიოლინოს კვალი არსად ჩანდა.
მაიორმა მაღრაძემ თავის ერთ-ერთ ხელქვეითს, თამაზ ქვარცხავას, გასაღებების ხელოსნების დაკითხვა დაავალა. კოტე მაღრაძის ვარაუდით, გამორიცხული არ იყო, რომ ქურდმა ხელოსანს გასაღებები დაამზადებინა და, თუკი ეს ასე იყო, ბოროტმოქმედზე გასვლა ხელოსნის მეშვეობით გახდებოდა შესაძლებელი. მოსკოვში 5 ათასს აჭარბებდა გასაღების ხელოსანთა რიცხვი. მართალია, ისინი მილიციის აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი გამოკითხვა ძალიან დიდ დროს მოითხოვდა და ქვარცხავა დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს.
ლუჩანსკის ჩვენება
იური ლუჩანსკის დაკითხვის უფლება ექიმებმა კოტე მაღრაძეს მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მისცეს. მაიორი კლინიკაში რომ მივიდა, პროფესორის მკურნალმა ექიმმა ანა ლოზოვსკაიამ მას უთხრა:
– მხოლოდ ოცი წუთი გაქვთ დრო, ამხანაგო მაიორო. ავადმყოფის გადატვირთვა არ შეიძლება. ეცადეთ, არ გაანერვიულოთ. ახლა მასთან მნახველია და უთხარით, რომ მისი დრო ამოიწურა.
ერთადგილიან პალატაში შესულ გამომძიებელს ლუჩანსკისთან ოციოდე წლის შავგვრემანი ყმაწვილი დახვდა.
– ეს კოტე გიორგაძეა, ჩემი საუკეთესო სტუდენტი და თქვენი თანამემამულე, – გააცნო გამომძიებელს პროფესორმა ყმაწვილი და დაამატა: – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ამხანაგო გამომძიებელო, ეს ახალგაზრდა სულ მალე მსოფლიო სახელს მოიპოვებს.
მასწავლებლის სიტყვებზე კოტე გიორგაძე წამოწითლდა და მაიორს ხელი ჩამოართვა, შემდეგ ლუჩანსკის გამოემშვიდობა და წავიდა.
– იური ისაკოვიჩ, ეჭვი ხომ არავისზე გაქვთ? – ჰკითხა მაღრაძემ ლუჩანსკის.
– არავისზე, – მოკლედ მიუგო პროფესორმა.
– ექსპერტიზის დასკვნით, თქვენი ბინის კარი გასაღებებითაა გაღებული. გასაღები ხომ არავისთვის გადაგიციათ?
– არა. გასაღები გვაქვს მხოლოდ მე და ჩემს მეუღლეს.
– ვინმე კერძო პირს ხომ არ მოუმართავს თქვენთვის ვიოლინოს გაყიდვის წინადადებით?
– ადრე თითქმის ყოველდღე მთავაზობდნენ ვიოლინოს გაყიდვას და ყველას უარით ვისტუმრებდი. ორი წელი მშვიდად ვიყავი. ორი თვის წინ კი ვინმე ჯულიანო სალა მესტუმრა სახლში. ის ლა სკალას თეატრის მუსიკოსია და მითხრა, რომ ნახევარ მილიონ დოლარს გადამიხდიდა ვიოლინოში. რა თქმა უნდა, ისიც სასტიკი უარით გავისტუმრე.
– სალა ვინ მოიყვანა თქვენთან?
 – ის მაშინ გასტროლებზე იყო მოსკოვში. ჩვენთან, კონსერვატორიაში უკრავდა და მე თვითონ დავპატიჟე ჩემთან.
– ესე იგი, ეჭვი არავისზე გაქვთ?
– ხომ გითხარით, რომ არა. ჩემი ახლობლები წესიერი, პატიოსანი ხალხია და ასეთ რამეს არ იკადრებდნენ.
– ბოდიში, პროფესორო, მაგრამ, უნდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, თქვენი ვიოლინო და მიზნით მოიპარეს?
– ამას რა ცოდნა უნდა – გაყიდვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სტრადივარიუსის ყველა ვიოლინო უნიკალური და დიდებულია, ჩემი ვიოლინო მაინც განსაკუთრებულია. ის სტრადივარიუსმა 87 წლის ასაკში გააკეთა, სიკვდილამდე ხუთი წლით ადრე.
– მაინც, რაშია მისი უნიკალურობა, ოსტატის ასაკს გულისხმობთ?
– არა. საქმე ისაა, რომ ამ დიად ოსტატს ხის მასალა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ჰქონდა მომარაგებული. ჩემი ვიოლინო კი ისეთი მასალისგან შეიქმნა, რომელსაც 65 წლის განმავლობაში შრებოდა და ამიტომაც აქვს მას ასეთი განსაკუთრებული ჟღერადობა. აქ მასალის ასაკია მთავარი და არა ოსტატის. სტრადივარიუსს სულ 624 ცალი ვიოლინო აქვს დამზადებული, ჩემი ვიოლინოსნაირი კი – მხოლოდ 19 ცალი.
დაკითხვის დრო რომ ამოიწურა, მაიორი მაღრაძე პროფესორ ლუჩანსკის დაემშვიდობა და წავიდა.
უნიკალური ვიოლინო
იური ლუჩანსკის დაკითხვამ კოტე მაღრაძე თავისი ვერსიის სისწორეში დაარწმუნა. ის ფიქრობდა, რომ სტრადივარიუსის ვიოლინო იტალიელი ჯულიანო სალას შეკვეთით იქნა მოპარული და საქმის კურსში „კაგებე“ ჩააყენა, რათა საბჭოთა უშიშროებას საკუთარი არხებით გადაემოწმებინა ეს ვერსია. პარალელურად კი, „მური“ გამოძიებას განაგრძობდა და მილიცია ქურდის კვალზე დადგომას ცდილობდა. თუმცა, ამ საქმეს საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა: 23 დეკემბერს, მაღრაძეს თამაზ ქვარცხავა ეახლა და უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, მგონი, ქურდის კვალს მივაგენი.
– როგორ? – გაოცდა მაიორი.
– ამ დილით გასაღებების ორი ათას მეცხრე ხელოსანი დავკითხე და გამოვტეხე, რომ წარმოდგენილი ნიმუში, ანუ პროფესორ ლუჩანსკის ბინის გასაღებების ასლი, მან დაამზადა. თითოეულში კი (სულ სამ ცალ გასაღებში) შემკვეთმა 100-100 მანეთი გადაიხადა. კლიენტს მისთვის პლასტელინის ანაბეჭდები მიუტანია და 6 ივლისს პეტრე პროხოროვმა გასაღებები დაამზადა.
– სადაა ხელოსანი?
– დერეფანში იცდის.
– შემოიყვანე, – უთხრა მაღრაძემ ქვარცხავას.
50 წლის პეტრე პროხოროვი თეატრალურ მოედანზე მდებარე ჯიხურში ამზადებდა გასაღებებს მას შემკვეთის ფოტორობოტი შეადგენინეს და მაღრაძემ რომ სურათს შეხედა, წამოიძახა:
– ეს ხომ ლუჩანსკის სტუდენტია, თბილისელი კოტე გიორგაძე!..
მოსკოვის კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტი, 21 წლის კოტე გიორგაძე, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. იქ მისულ მაღრაძეს კომენდანტმა უთხრა:
– კოტე გუშინ დილით გაემგზავრა თბილისში არდადაგებზე, მოსკოვში კი 6 იანვარს დაბრუნდება, რადგან რვაში კონცერტი აქვს.
„მურის“ ოპერჯგუფი კოტე მაღრაძის მეთაურობით 23 დეკემბერს, შუაღამისას გადაფრინდა თბილისში. დილის 9 საათზე კი ისინი ვერაზე, გიორგაძის ბინაში მივიდნენ და იმ დროს მოიხელთეს, როდესაც კოტე  ვირტუოზულად უკრავდა სტრადივარიუსის ვიოლინოზე...
– მე მინდოდა, რომ ვიოლინოს ჯადოქარი გავმხდარიყავი. ინსტრუმენტი მე მეკუთვნის და ამიტომაც მოვიპარე, – განუცხადა გიორგაძემ მილიციელებს, – გთხოვთ, სანამ ვიოლინოს ჩამომართმევთ და დამაპატიმრებთ, ერთხელ კიდევ, უკანასკნელად დავუკრავ მასზე.
გიორგაძეს თხოვნა შეუსრულეს და დაკვრა აცალეს. შემდეგ კი, ვიოლინო ჩამოართვეს, დააპატიმრეს და მოსკოვში წაიყვანეს.
 21 წლის კოტე გიორგაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს. ვიოლინო კი კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს. იური ლუჩანსკი ჯერ გააოგნა ამ ამბავმა. შემდეგ კი ყველა ინსტანციაში დადიოდა და საყვარელი სტუდენტის ციხიდან გათავისუფლებას სთხოვდა. თუმცა, მისი თხოვნა არ დააკმაყოფილებს და გიორგაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი...
P.S. კოტე გიორგაძის ვინაობა მოგონილია, სინამდვილეში, სტრადივარიუსის ვიოლინოს ქურდი სხვა სახელსა და გვარს ატარებდა. ის დღესაც ცოცხალია, საქართველოში ცხოვრობს და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანია, თუმცა, სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს.

скачать dle 11.3