კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ მოაკვლევინა თავდაცვის კომისარი – ფრუნზე საოპერაციო მაგიდაზე

ახალი 1925 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ქვეყნისთვის. სახელმწიფო ბოლო წლების ჭრილობებს საკმაოდ მალე იშუშებდა და ყოველდღიურად წარმატებებს აღწევდა. „ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ” – „ნემპმა” ახალი სისხლი გადაუსხა სახელმწიფოს საშემოსავლო პოლიტიკას, რომლის უდიდესი ნაწილი სამხედრო მრეწველობასა და არმიის მშენებლობაზე იხარჯებოდა. იმ პერიოდის ერთ-ერთ საიდუმლო დირექტივაში, რომელსაც სტალინი აწერს ხელს, ვკითხულობთ: „მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი, ვითომდა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გავგზავნეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათი სამხედრო მრეწველობის გასაცნობად”. პირველი ასეთი ჯგუფი მარტის ბოლოს გაიგზავნა გერმანიაში. მათ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჩამოიტანეს იქიდან, რის შედეგადაც, საბჭოთა კავშირში სამხედრო ტიპის სამი მანქანათმშენებელი ქარხანა შეიქმნა. მათ ბაზებზე კი შემდგომში სატანკო ქარხნები გაიხსნა. ბელადი მშვენივრად ხვდებოდა, რომ დიდი ომი გარდაუვალი იყო. გაძლიერებულად ემზადებოდა ამისთვის და უახლოეს გარემოცვასაც აფრთხილებდა: „აშკარაა, დიდი ომის მიჯნაზე ვდგავართ და მაქსიმუმ 15 წელიწადში, ეს ყველაფერი რეალობად იქცევა. გერმანია და ბრიტანეთი ევროპაში და არა მარტო აქ, ჰეგემონის ფუნქციის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. ამას კი სწორედ ეს დიდი ომი უნდა მოჰყვეს. ჩვენი უპირველესი ამოცანებია: 1. ყოველმხრივ გავაძლიეროთ სამხედრო პოტენციალი და ხალხის სულისკვეთება საომარ ყაიდაზე გადავაწყოთ; 2. შიდაპოლიტიკა გავწმინდოთ მოღალატე, მერყევი ელემენტებისგან და ერთიანი, ურყევი პარტულ-სახელმწიფოებრივი მმართველი აპარატი ჩამოვაყალიბოთ; 3. საგარეო პოლიტიკის მხრივ: ყოველმხრივ შევუშალოთ ხელი გერმანიისა და ბრიტანეთის არამცთუ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს, არამედ ნებისმიერ საკითხში მათი პოზიციების დაახლოების მცდელობასაც კი”. სტალინის მთელი იმდროინდელი მოქმედება ზემოაღნიშნულ სამ პრინციპზე იყო დამყარებული და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მან აბსოლუტურად ზუსტად იწინასწარმეტველა „დიდი ომის” – მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღი.
აპრილის დასაწყისში, ტროცკი სამხედრო კომისრის თანამდებობიდან, უკვე უშუალოდ სტალინის წინადადებით მოხსნეს. ახალ სამხედრო კომისრად კი მიხაილ ფრუნზე დაინიშნა. მან სულ რვა თვე დაჰყო ამ თანამდებობაზე და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
„ჩეკა” სტალინის უპირველესი საინფორმაციო და შემსრულებელი ორგანო იყო, რომლის დახმარებას ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდა. ბუნებრივია, იმ ურთულეს პერიოდში „ჩეკას” მოკვეთა შეიარაღებული ძალებისგან სტალინის გავლენის შესუსტებასაც ნიშნავდა, რაც არანაირად არ ჯდებოდა ქვეყნისა და აქედან გამომდინარე, სტალინის ინტერესებში. 20 ივლისის სადაზვერვო ცნობაში, რომელსაც „ჩეკას” ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი პასუხისმგებელი მუშაკი – სტეპან ლიხაჩოვი აწერს ხელს, წერია: „სამხედრო კომისრის, ამხანაგ ფრუზნეს მიერ პოლიტიკურ კომისართა კორპუსის ლიკვიდაცია შეიარაღებულ ძალებში, ისე სწრაფად ხორციელდება, სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ მას ფარული ინტერესები ამოძრავებს. ეტყობა, ის საკუთარი, პარტიისგან დამოუკიდებელი ხაზის გატარებას ცდილობს, რაც, ჩვენი აზრით, გაურკვეველ, ბუნდოვან მიზნებს ემსახურება.” ამ ცნობიდან ყველაფერი აშკარად ჩანს, სტალინს კი გაურკვევლობა დანაშაულად მიაჩნდა... სტალინი დიდ პატივს სცემდა ფრუნზეს, რადგან მას მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა შეტანილი სამოქალაქო ომში გამარჯვებაში, თუმცა... ზინოვიევმა თორმეტი წლის შემდეგ გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა: „სამხედრო კომისარი (ფრუნზე) საკუთარი თამაშის წესებით მოქმედებდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ მის ზურგს უკან პოლიტიკური ფიგურა იდგა. სტალინი, რომელიც ფრუნზეს ენდობოდა და პატივს სცემდა, შეშფოთებას გამოთქვამდა კამენევთან და ჩემთან საუბარში. ის აღნიშნავდა, რომ მასთან სერიოზული საუბარი იყო საჭირო”. ასეთი საუბარი სექტემბრის დასაწყისში გაიმართა და მას საკმაოდ მწვავე ხასიათი ჰქონდა. ამან სტალინი და ფრუნზე საკმაოდ ააღელვა. 8 სექტემბერს ფრუნზე ზუბალოვოში, საღამოს 6 საათზე ჩავიდა. სტალინი მას დილით დაუკავშირდა და პირადად მიიწვია აგარაკზე. ეს შეხვედრა 8 საათს გაგრძელდა და ფრუნზემ რომ ზუბალოვო დატოვა, ღამის სამის ნახევარი იყო. ფრუნზე მარტო იყო. ამ საუბარს სტალინის მოადგილე – მოლოტოვი და მდივანი – ბაჟანოვი ესწრებოდნენ. მოგვიანებით, ბაჟანოვის დღიურებში ვკითხულობთ: „მე და მოლოტოვი გარინდულები ვუსმენდით მათ საუბარს, რომელიც „შენობით”, ყოველგვარი ოფიციალური ეტიკეტების გარეშე მიმდინარეობდა. სტალინი ფრუნზეს ფარულ ზრახვებში ადანაშაულებდა, ის კი პასუხობდა, ეს ყოველივე ტყუილიაო. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: „ტროცკის სამხედრო შეცდომები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის პოლიტიკურად აპირებდა, ანუ არმიის მეშვეობით ცდილობდა ხელისუფლებაში მოსვლას... სამხედრო გადატრიალებას აპირებდა, გესმის შენ?! სამხედროებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა... ვშიშობ, შენც იმავეს აპირებ”. ფრუნზე ამ სიტყვებზე გაფითრდა, თუმცა ხმის აუკანკალებლად, აგრესიულადაც კი უპასუხა: „კობა, შენ ყოვლად უსაფუძვლო, უმძიმეს ბრალდებას მიყენებ, მაგრამ გარწმუნებ, ეს „ჩეკისტების” მონაჭორია და არმიიდან მათი მოშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა“. სტალინი მაინც თავისაზე იდგა. თუმცა, საუბრის დასასრული საკმაოდ დამაიმედებელი იყო, რადგან ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თუმცა სტალინს ფრუნზე არ გაუცილებია და სამხედრო კომისარი მარტო წავიდა. მეორე დღეს საკუთარ კაბინეტში მკვდარი იპოვეს ლეონიდ მაკეევი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში „განსაკუთრებული განყოფილების” კურატორი იყო და სტალინის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მაკეევს ერთი ტყვია საფეთქელში ჰქონდა მოხვედრილი და ეს ყოველივე თვითმკვლელობას წააგავდა. ეს ვერსია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, თუმცა... როგორც ეტყობა, სტალინი სულ სხვაგვარად ფიქრობდა. აქ, ერთი საკვირველი ფაქტი მოხდა. სტალინი პირადად დაესწრო მაკეევის დაკრძალვას. ამ ფაქტმა ყველა გააკვირვა, რადგან ასეთი რამ მას არ სჩვეოდა. სტალინი ჯერ ფრუზენსთან ერთად ჩადგა საპატიო ყარაულში, შემდეგ კი საკუთარ მანქანაში მიიწვია ის და ერთად იმგზავრეს. ერთი სიტყვით, ეს საკმაოდ საეჭვოდ მეჩვენა. სტალინს, როგორც ეტყობა, ფრუნზესი აღარ სჯეროდა და საამისო საფუძველი გააჩნდა, რომელიც კამენევმა 1937 წელს ერთ-ერთ ჩვენებაში დაადასტურა კიდეც – „სტალინმა მე და ზინოვიევს ფრუნზეს თაობაზე საკუთარი ეჭვები გაგვიმხილა და თქვა, ის გადატრიალებას აპირებსო. მას შემდეგ, რაც კრემლის ეზოში ჩავედით, საკმაოდ შეშფოთებულად ვარკვევდით იმას, იცოდა, თუ არა სტალინმა ფრუნზესთან ჩვენი კავშირის შესახებ”. იმ მომენტში სტალინმა ჯერ არ იცოდა, რომ ზინოვიევი და კამენევი სტალინის წინააღმდეგ ფრუნზეს მეშვეობით ფარულ ინტრიგებს აწყობდნენ – ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მის მოცილებას გეგმავდნენ. ამის შესახებ სტალინმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. ზინოვიევი და კამენევი დიდი სიფრთხილით გამოირჩეოდნენ და კრემლის ინტიგებზე არასდროს საუბრობდნენ.  ამიტომ, ერთ-ერთი ახლობლის, მხატვარ მირონოვის ბინაზე სტალინის წინააღმდეგ მიმართული ინტრიგების მორიგი გეგმის შედგენას შეუდგნენ და იმავდროულად, ზინოვიევმა ფრუნზეს მოცილების წინადადებაც წამოაყენა. მას მიაჩნდა, რომ ფრუნზე მათ განზრახვებს დროზე ადრე გასცემდა. ამ საუბრის სრული ჩანაწერი სტალინს უკვე იმავე ღამეს, 27 სექტემბერს წარუდგინა „ჩეკას” რადიოსამსახურმა... არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, ან ვიმარჩიელო, მაგრამ პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა, ზინოვიევმა ვრცლად ისაუბრა ფრუნზეს ჯანმრთელობაზე. მან თქვა, რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალების შესაძლო გაძლიერების მიზნით, რაც ფრუნზეს პირდაპირი მოვალეობაა, აუცილებელია, სამხედრო კომისარი ჯანმრთელი იყოსო. აქედან გამომდინარე, მან სთხოვა პოლიტბიუროს, რომ ფრუნზე იძულებული გაეხადათ, კუჭის წყლულის ოპერაცია გაეკეთებინა. ამ იძულებიდან 2 კვირაში, ფრუნზე საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. ამ ფაქტს მე ხშირად ვაანალიზებ და ვრწმუნდები, მისი სიკვდილი, ხელს აძლებდა როგორც სტალინს, ასევე ზინოვიევ-კამენევსაც. სტალინს იმის გამო, რომ მისი სრული კონტროლი „წითელ არმიაზე” კვლავ აღდგენილიყო, ზინოვიევ-კამენევს კი – გათქმის შიშით. საეჭვოა, სტალინს ექიმისთვის ფრუნზეს ლიკვიდაცია დაევალებინა, რადგან ბოლოს და ბოლოს, დააპატიმრებდა და ამ ხერხით გადაჭრიდა ამ საკითხს. მკვლელობა ზინოვიევ-კამენევს უფრო აძლევდა ხელს და ეს შეეძლოთ კიდეც, რადგან ექიმი როტმანი, რომელმაც ნარკოზი გაუკეთა ფრუნზეს, სამი დღის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. გაირკვა, რომ ის ზინოვიევის ნათესავი იყო, თან მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით, უფრო სწორად კი ზინოვიევ-კამენევის საქმის ძიებისას, გაირკვა, რომ ფრუნზე, ზინოვიევი, კამენევი და სხვა სამხედრო-პოლიტიკური ძალები სტალინის მოშორებას გეგმავდნენ. ერთ-ერთ ვარიანტად კი ტერაქტი განიხილებოდა, რომელიც 1925 წლის დეკემბრის მიწურულს უნდა განხორციელებულიყო. ეს ფაქტები ჩემთვის 1937 წელს გახდა ცნობილი. 1947 წელს კი, მათი სრული საიდუმლო შეტყობინებები წავიკითხე. ფრუნზეს სიკვდილს დიდი ცვლილებები მოჰყვა. თავდაცვის საქმეთა კომისრად სტალინის უახლოესი თანამებრძოლი – ვოროშილოვი დაინიშნა, ზინოვიევ-კამენევი კი, „სამეულიდან” „ტროცკისტულ” ბანაკში გადავიდნენ.


მიხეილ თევდორაძის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3