კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-11(742)

ქალები უცნაური არსებანი არიან... როცა ისინი მიზანს ისახავენ და ხედავენ მას, თუნდაც საკუთარ წარმოსახვაში, ყველაფერზე მიდიან, მათი შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია... პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ზოგჯერ ქალს ყველაფერი უნდა, თანაც ერთბაშად...

ტატამ, როგორც იქნა, დაასრულა წამწამების შეღებვა და კმაყოფილმა შეათვალიერა სარკეში საკუთარი გამოსახულება... „არა უშავს, მეტ-ნაკლებად გამომივიდა... ჩემი თმაც ისეთი ველურია, ვნებიან ქალებს რომ შეეფერებათ... ხშირი, მბზინავი, ძალიან ღია ყვითელი ფერის და მერე რა მოხდა, თუ შეღებილია... მთავარია, ძვირფასი საღებავით არის შეღებილი... ცხვირი არც გრძელი მაქვს, არც მოკლე... თვალები კი, როცა კარგად მაქვს შეღებილი, ნებისმიერ მამაკაცს აურევს ჭკუას... მთავარი ღირსება კი მაინც ტუჩებია... კიდევ კარგი, რომ ღმერთმა სწორედ ასეთი მომცა – მსხვილი და ხორციანი, თორემ მათი გადიდება მომიწევდა...“

– ვერ დატკბი საკუთარი თავით? – გამოსძახა დოდომ, – აღარ მიდიხარ? ველოდები ვიღაცას...

– ვიცი, ვისაც ელოდები, – შემობრუნდა ტატა, – აღარ დაიღალე მაგ ლაწირაკთან ლოლიავით? არ მოგწყინდა მაინც?

– შენი საქმე არ არის, – უხეშად მიუგო დოდომ.

ტატამ მხრები აიჩეჩა.

– ჰო, რა თქმა უნდა. არ არის ჩემი საქმე. ამაში არც გედავები, მაგრამ ისე, მეგობრულად მაინც გირჩევ, დაიკიდე, რა...

– ტატა, შემეშვი... არ მჭირდება შენი მეგობრული რჩევა. როგორმე მივხედავ საკუთარ თავს. მიდიხარ თუ არა?! 

– ჰო, მივდივარ... მეც შეხვედრა მაქვს საკმაოდ პერსპექტიულ კაცთან, რომელიც შემთხვევით გავიცანი.

– არ მაინტერესებს, – წარბი შეიკრა დოდომ.

– არ აინტერესებს... ძალიანაც გაინტერესებს, მაგრამ მეჯიუტები... – გამოაჯავრა ტატამ, – მიხედე რა საკუთარ თავს. დამიჯერე...

– წადი! – გაღიზიანება შეეტყო ხმაში დოდოს.

– მივდივარ... ჰო, მართლა, პროცენტზე რას იზამ? – თვალები  მოჭუტა ტატამ.

დოდომ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

– ვიცოდი, რომ ამას მკითხავდი. ნუ გეშინია, შენსას მიიღებ.

– ჰო? მიუხედავად იმისა, მოგცემს თუ არა კლიენტი ფულს? როგორი პატიოსანი ხარ?! – ტატამ დოინჯი „შემოიდგა“ და დოდოს გამომცდელად მიაჩერდა.

– ეგრე ნუ მიყურებ, – ვეღარ მოითმინა დოდომ, – და საერთოდაც... 

– კარგი. განებებ. ოღონდ გაფრთხილებ, გული რომ გეტკინება, მე არ ამიწუწუნდე, არ მოგისმენ.

– წადი, რა... – ხვეწნაზე გადავიდა დოდო, – მოვა უკვე. თანაც, შეიძლება ლალიმაც „ააგდოს“ ვინმე. რატომ ცდილობ, ნერვები მომიშალო?

– ვაიმე, დოდოშკა, როგორ ზუსტად ვიცი, რომ მე არ ვიქნები შენი ნერვების მომშლელი?! – წაუმღერა ტატამ და ჩანთა აიღო, შეიძლება, ერთი-ორი დღე არ გამოვჩნდე და ნუ ამიკლებთ რეკვით... გასაგებია?

– წადი! – ორივე ხელი მკერდზე მიიდო დოდოშკამ, – არ დაგირეკავთ!..

ლალი სამარშრუტო ტაქსიში ვერ ავიდა... ტაქსით წასვლა არ უნდოდა. დღე ისედაც „ჩაუვარდა“. ტატა არ ცდებოდა... ლალი ფულს მართლა აგროვებდა და ნამდვილად ჰქონდა შორს მიმავალი, კონკრეტული გეგმები... სახლი უნდოდა ჰქონოდა, ოჯახი... შვილები... გოგოების ჩუმად ოცნებობდა ამ ყველაფერზე, – ხმამაღლა არ ამბობდა, რომ არ დაეცინათ. განსაკუთრებით ტატას შხამიანი რეპლიკების მოსმენა არ უნდოდა. დოდოშკა გაცილებით დამთმობიც იყო და ნაკლებად ჰყოფდა ცხვირს ლალის საქმეებში. როცა საღამოობით „საქმით“ არ იყვნენ დაკავებული, ანუ, კლიენტი არ ჰყავდათ და არც ტატა იყო მათთან, ყოფით და ბუნებრივ თემებზე მეგობრულად საუბრობდნენ. ზოგჯერ დოდო თავისი ყოფილი ქმრის, შვილის შესახებ უყვებოდა. მოკლედ.. ფრაგმენტულად... კინოფილმიდან ამოგლეჯილ, ერთმანეთთან დაუკავშირებელი კადრების მსგავსად... ლალის ცნობისმოყვარეობა კლავდა, ბოლომდე გაეგო დოდოს ისტორიის საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები.

ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია მამაკაცი, რომელმაც მოულოდნელად გადაუღობა გზა და მხრით დაეჯახა... ლალიმ შეჰყვირა, უკვე მზად იყო დაეყვირა უხეშისთვის – „თვალები უნდა გაახილოო“, რომ მამაკაცი შემობრუნდა... მისი ღიმილიანი თვალების შემხედვარე, ლალიმ მაშინვე უკან წაიღო სათქმელი. თუმცა სახეზე უკმაყოფილო იერი მაინც შეინარჩუნა.

– მაპატიეთ, – თქვა მამაკაცმა, – მაგრამ, მგონი, თქვენ დამეჯახეთ.

– ანუ, ბოდიში უნდა მოგიხადოთ? – აღშფოთება ვერ დამალა ლალიმ და მაშინვე გაუქრა ის პირველი პოზიტიური შთაბეჭდილება, მამაკაცის მოღიმარმა თვალებმა რომ გაუჩინა!

ხელი ჩაიქნია და შებრუნდა. ნელ-ნელა ემატებოდა ბრაზი.

– სად მიბრძანდებით, წაგიყვანთ...

– რა მითხარით? – ლალი ერთბაშად შემობრუნდა. კაცი ისევ მეგობრულად, ძველი ნაცნობივით უღიმოდა.

– წაგიყვანთ-მეთქი, მანქანით ვარ.

– აა... ჰო... ანუ, სახლში მიმიყვანთ? ამის თქმა გინდათ?

– თუ სახლში მიდიხართ, მიგიყვანთ. ასეთი გაოცებული რატომ მიყურებთ?

– ძალიან რაინდული ჟესტი იყო. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ რაინდები აღარ არსებობდნენ... ანუ, გადაშენდნენ, – უთხრა ლალიმ უცნობს უკვე მანქანაში, – განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. არავითარი გალანტურობა, ამაზე ოცნებაც სასაცილოა.

– ძალიან რომანტიკული ყოფილხართ, – გაეღიმა მამაკაცს და ქალი უფრო დაკვირვებით შეათვალიერა, – ვცდილობ, გამოვიცნო, სად ცხოვრობთ, რომელ უბანში, რადგან მისამართს არ მეუბნებით.

ლალი უნებლიეთ გაწითლდა, როცა „სამუშაოდ“ არ იყო გამოსული, ძალიან სადად და მოკრძალებულადაც კი იცვამდა. კოსმეტიკასაც მინიმალურად იყენებდა. ახლა დიდ და დაბნეულ ბავშვს ჰგავდა. გულწრფელად გაოცებულს და რაღაცით აღფრთოვანებულს...

– უკაცრავად... სულ დამავიწყდა, – და მამაკაცს მისამართი უთხრა...

– სახელსაც თუ მეტყოდით, არ იქნებოდა ურიგო.

– ლალიკო მქვია, – გაინაზა ლალი, – თქვენიც მითხარით.

– რეზო... ყავა რომ შემოგთავაზოთ, უარს მეტყვით?

– სახლში მიყვანას არ დამპირდით? – ლალი პირველად იყო ასეთ სიტუაციაში. მას მერე, რაც... თუმცა ახლა ამ ყველაფერზე ფიქრი არ ღირდა – კაცი პასუხს ელოდებოდა მისგან.

– იცით, რაშია საქმე? – სიტყვებს არჩევდა, არ იცოდა, რა ეპასუხა.

– ჰო, ვიცი, მეტისმეტად ვიჩქარე. ბოდიშს გიხდით. შეიძლება, ცუდად გამომივიდა. უბრალოდ, მართლა ძალიან მომინდა, თქვენთან ერთად ყავა დამელია...

ლალიმ არ იცოდა, რა ეპასუხა... დარჩენილი გზა ჩუმად იჯდა, მანქანიდანაც თავდახრილი გადავიდა... გმადლობთო, ჩაილაპარაკა და კარი მიხურა.

დოდოს ახალგაზრდა კავალერი კიბეზე შეხვდა. ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია თავხედურად მოღიმარი ბიჭისთვის. მხოლოდ თავი დაუქნია...

– ადრე მოხვედი, – დოდოშკამ ხალათი შეიკრა, – კინაღამ თავზე წემოგვადექი... ხომ იცოდი, საღამომდე დაკავებული ვიყავი.

– დამავიწყდა. თან, ფილმიც არ მომეწონა...

– კინოში იყავი? – გაიოცა დოდოშკამ.

– რა იყო? არ იცი, რომ თვეში ერთხელ კინოში დავდივარ? ეს ერთადერთი გასართობი მაქვს...

– ჰობი, ანუ... – ირონიულად შეუსწორა დოდოშკამ.

– რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი.

– მთავარია-მეთქი, გითხარი? – დოდოშკამ ახლაღა შენიშნა, რომ  ლალის რაღაცნაირად დაბნეული სახე ჰქონდა.

– რა ნახე ამისთანა, თავ-პირი რომ ჩამოგტირის?

ლალიკო დაჯდა. ხელები მუხლებზე დაიწყო და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა.

– რა გჭირს? – დოდოშკა მოლბა და ხელი მხარზე დაადო.

– ვიღაც კაცმა ყავაზე დამპატიჟა და უარი ვუთხარი.

– მოიცა, რას ამბობ? რა ყავა? ვინ კაცი? სრულ ჭკუაზე ხარ?

ლალიკომ თავი გააქნია.

– არ ვიცი...

– აბა, მოყევი ყველაფერი... გარკვევით და გასაგებად. კლიენტი იყო?

– არა, საქმეც ეგაა... ჩვეულებრივი კაცი იყო. აი, ძალიან ჩვეულებრივი. შემთხვევით დავეჯახე ქუჩაში და ყავაზე დამპატიჟა. არა, მანამდე – სახლში წაგიყვანო, მითხრა.

– და, მოგიყვანა?

– ჰო... რა დებილი ვარ. რატომ არ გავყევი...

– მოიცადე, რა პონტში დაგპატიჟა?

– ჩვეულებრივ პონტში, – მოვეწონე... ისე მიყურებდა... მერე კი, ყავა დავლიოთო, მთხოვა...

დოდოშკას გაეცინა.

– გავიგე, ჩვეულებრივი ქალი ეგონე... ისე, როცა ასე გაცვია, ძალიან სათნოდ გამოიყურები. მართლა არ მიკვირს, ის კაცი რომ შეიყვანე შეცდომაში.

– დოდოშკა, შენი ხუმრობა უადგილოა. ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ, – ეწყინა ლალიკოს და ერთბაშად იფეთქა, – სულელი ვარ, რა, არაფერი არ უნდა მეთქვა. არცერთი სიტყვა. ახლა ვნანობ. კარგა ხანს გეყოფათ „საღადაოდ“.

– მოიცა... შენი წყენინება არც მიფიქრია, – დოდოშკამ ძალით დასვა ლალიკო დივანზე და გვერდით მიუჯდა.

– ესე იგი, მოგეწონა.

ლალიკომ თავი დაუქნია.

– მერე, რატომ არ გაჰყევი ყავის დასალევად?

– იმიტომ, რომ მარტო ყავაზე მეპატიჟებოდა... მიხვდი, რასაც ვგულისხმობ?

– ჰო. რა დიდი მიხვედრა უნდა, – დოდოშკამ ამოიოხრა, – კარგი. ნუღარ იფიქრებ მაგაზე და მალე დაგავიწყდება.

– არ დამავიწყდება, – ლალიკო თავის თითებს ჩააშტერდა, – გოგო, იქნებ უნდა წავყოლოდი, ჰა?!

– მგონი, არ ღირდა. ვერ „გაქაჩავდი“ უმანკო გოგოს როლის თამაშს. ეგეთი კაცი არ გამოგადგება, დაიტანჯები.

– როგორი „ეგეთი“? – გამოაჯავრა ლალიკომ.

– აი, „ეგეთი“, რა! ბოზს და პატიოსანს ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევს? – ხელები აიქნია დოდოშკამ.

– ზოგჯერ ისეთი შეუსაბამო ხარ, ვერ გიტან, – შეუბღვირა ლალიკომ.

– რას იზამ, სიმართლე მწარე მოსასმენია. სიმპათიური იყო?

– რა ვიცი, მგონი, კი...

– ქალო, თუ ისიც ვერ შეამჩნიე, სიმპათიური იყო თუ არა, რამ გადაგრია მაშინ?! – ხმამაღლა გაეცინა დოდოშკას.

– ძალიან თბილი ხმა და კეთილი თვალები ჰქონდა. ცუდს რომ არასოდეს გაგიკეთებს, ისეთი კაცის თვალები, – ოცნებით მილულა თვალები ლალიმ.

– გეყოფა. სისულელეებზე ფიქრი არაფერში გჭირდება. მით უმეტეს ოცნება. წამოდი, ყავა დავლიოთ. ორი-სამი დღე სრული თავისუფლება გვაქვს. ტატამ არ გამოვჩნდებიო და არც დამირეკოთო...

– ოჰო, „გასვლითი პაეზდკა“ აქვს? ამჯერად საით გაუტია?! – ცნობისმოყვარედ იკითხა ლალიმ.

– არ ვიცი და მართალი გითხრა, არც მაინტერესებს. შეგვიძლია, ეს დრო საჩვენოდ გამოვიყენოთ.

– ფული მოვუტეხოთ?

 – ჰო, რას გაიგებს. ბევრიც არაფერი დააკლდება.

ლალიკომ ქვემოდან ახედა დოდოშკას და ჩაეცინა.

– ზოგჯერ ძალიან მაოცებს თქვენი ურთიერთობა.

– კარგი რა... მეტი არაფერი გაოცებს?

– კი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ მაინტერესებდეს თქვენი ამბავი.

– ბევრი თუ გეცოდინება, მალე დაბერდები, – გაგონილი გექნება... გინდა ყავა? – დოდოშკამ ჭიქები გადმოიღო და ყავის კოლოფი გახსნა.

– ყავა აღარ გამახსენო, – ამოიოხრა ლალიკომ.

– შენ კიდევ იმაზე ფიქრობ? რა ჰქვია?

– რეზო. როგორ მიხვდი, რომ სახელი მეცოდინებოდა?

– მივხვდი. შენც შენი ნამდვილი სახელი უთხარი, ხო?

– ჰო. ძალიან სულელი ვარ?

– როგორ გითხრა... –  დოდოშკამ თავი გადააქნია, – სულელურად კი გამოგივიდა.

– ტატას არ უთხრა, გთხოვ...

– არ ვეტყვი. არ ინერვიულო. მესმის შენი, ყველაფერი მესმის... – დოდოშკამ ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდგა და მხარზე თანაგრძნობით დაადო ხელი, – ისე, იმდენიც არაფერია ქორწინებაში, რომ სინანულად ღირდეს. თავისუფლება ჯობია.

– შენ ახლა ლაპარაკობ ასე. ყველა ქმარი ხომ არ არის კრეტინი?

– გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავ... – დოდოშკას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აწკრიალებულმა მობილურმა ამის საშუალება არ მისცა... ეკრანს დახედა და ლალიკოს გაუღიმა.

– ისეთი ვინმე რეკავს, სისულელეებზე ფიქრისა და მოწყენისთვის დრო ნაღდად არ გვექნება.

ლალიკო შეიჭმუხნა.

– როგორ მეზარება, რომ იცოდე...

– გეყოფა... ჩადექი ფორმაში. ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ ჩვენს ხელშია. ალო... გისმენ... რა თქმა უნდა... მზად ვარ ყოველთვის... ლალიკოსაც წამოვიყვან... ორმაგი კარგია... მაგაზე შეგიძლია, არ ინერვიულო – შენსას მიიღებ... მაღალ კლასსაც ვაჩვენებთ... „დაკერილებია“ უკვე?.. მომისმინე, სტანდარტი ხომ იცი? ჩვენ ყველა „სორტთან“ არ ვმუშაობთ... ორ საათში... გამოუშვი... – დოდოშკამ მობილური დადო და კმაყოფილმა ჩაიცინა.

– მშვენიერია... კარგად აეწყო... ტატა არ არის. ჩვენ კი სამუშაო გამოგვიჩნდა. თანაც მაღალანაზღაურებადი... აქაურები არ არიან...

– მივხვდი... აქ უნდა ვიმუშაოთ?

– არა, სასტუმროში... ტაქსი მოგვაკითხავს.

– ესე იგი, ტატას ისედაც არ ეკუთვნის არაფერი... ტყუილის თქმა არ მოგვიწევს...

– ძალიანაც ნუ გადარდებს ეგ ამბავი, – სიცილით აიქნია ხელი დოდოშკამ, – არც თვითონ იკლავს თავს, რომ ჩვენთან გულწრფელი იყოს... ერთი ნახე „ჩიხოლები“ კიდევ გვაქვს? და რამდენი გვაქვს? ყიდვა მოგვიწევს...

– თვითონ ექნებათ...

– აჯობებს, მომზადებულები მივიდეთ... არ იცი, უცხოელების „ხუშტურების“ ამბავი? არაფერი აკმაყოფილებთ. სამაგიეროდ, ორმაგად გადაიხდიან, – თვალი ჩაუკრა დოდოშკამ, – პაშკასაც უნდა გადავუხადოთ, მაგრამ საკმარისად დაგვრჩება.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3