კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როდის ემსგავსებიან მარხვაზე მყოფი ქრისტიანები მორიელს და როგორ აბრკოლებენ და უშლიან ხელს ისინი არაეკლესიურ ადამიანებს

დღეს ძალიან ბევრი ინახავს მარხვას, დადის ეკლესიაში, მაგრამ ხშირად ისინი ამას არასწორად აკეთებენ და ამ არასწორი მიდგომებით სხვებსაც ცოდვაში აგდებენ და აბრკოლებენ. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ჩვენ ხშირად გვახასიათებს გემოთმოყვარეობა ამა თუ იმ ხატის, ამა თუ იმ ტაძრის, ამა თუ იმ მოძღვრისა და მარხვის მიმართ: ეს ხატი მომწონს, ეს – არა; ეს მოძღვარი მომწონს, ეს – არა და ასე შემდეგ. ქრისტიანი მარხვაშიც მოწესრიგებული უნდა იყოს: თმა დაივარცხნოს, დაიბანოს და ნუ ეჩვენება საზოგადოებას მმარხველად. დღეს თანამედროვე მართლმადიდებლები, სამწუხაროდ, ბაძავენ ძველ ფარისევლებსა და მწიგნობრებს და საზოგადოებაში, თავშეყრის ადგილებში თუ სამსახურებში აცხადებენ, რომ მარხვაზე არიან; მოჩვენებითად დამწუხრებულ, შეწუხებულ სახეს იღებენ, როცა სუფრასთან სხდებიან და ბევრად არ განსხვავდებიან ფარისევლური სულისგან. არ არის მართებული ასეთი მარხვა და არც ისეთი, როდესაც აცხადებენ: მარხვაში არ ვეწევი თამბაქოს, არ ვჩხუბობ, გარკვეულ ცოდვებს არ ჩავდივარო, მაგრამ, როგორც კი მარხვა განსრულდება, მაშინვე ძველ მდგომარეობას უბრუნდება. თუ ქრისტიანი ხარ, მარხვაშიც, მარხვის მერეც და მარხვის წინაც, შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს მართლმადიდებლური. აქვე დავძენ, რომ ადამიანის ცხოვრების წესი მართლმადიდებლური ცხოვრების წესია. დაუშვებელია, ვინმეს ადამიანურ ცხოვრებაზე ჰქონდეს პრეტენზია და ის არ ცხოვრობდეს ეკლესიურად. ბევრი თანამედროვე ადამიანი შუბლშეჭმუხნილი აცხადებს, მე არ შემიძლია, ეს ყველაფერი გავაკეთოო. მაგრამ, თუ ადამიანი საკუთარ თავს გონიერ, მოაზროვნე არსებად მიიჩნევს, როგორ შეიძლება, მან თქვას: არ შემიძლია მარხვა შევინახო, არ შემიძლია აღსარება ვთქვა, თამბაქო არ მოვწიოო, ანუ, თუ არ შეგიძლია, უარი თქვა შენს ცოდვებზე, მაშინ უარი უნდა თქვა ადამიანურ ცხოვრებაზეც. რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან? ცხოველს რაც უნდა და როგორც უნდა, ისე აკეთებს, ადამიანი კი გონიერი, მოაზროვნე არსებაა, მან უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, თავისი უფალი და შემოქმედის მორჩილებაში უნდა გაატაროს თავისი მოღვაწეობის, ლტოლვილობის ჟამი. თუ მას ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაში, არ იცავს მცნებებს, არ დადის ეკლესიაში, მაშინ, როგორც უნდა, ისე იცხოვროს. მაგრამ, ყველა გონიერი არსება ხვდება, რომ არსებობს უხილავი, მარადიული ძალა, რომელიც ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. შენ გარშემო სიცოცხლე ჩქეფს, სიყვარული, სიკეთე, ეკლესია არსებობს, შენ კი ამბობ, რომ არცოდნა არცოდვაა. თუ არ შეგიძლია, ეკლესიური ცხოვრებით მცნებები დაიცვა, მაშინ, არც მარხვა გიშველის, არც მარხვის დაუცველობა. 

– და მაინც, დღეს ბევრი ინახავს მარხვას, ზოგი – სწორად, ზოგი – არასწორად. 

– აქ უკვე მეორე საშიშროებამ იჩინა თავი: თითქოს ყველა მარხულობს, მაგრამ, ერთეულები მარხულობენ; თითქმის ყველა მარხვაზეა, მაგრამ, მარხვას ნაკლებად იცავენ. დღეს ადამიანმა მარხვაც თავისი ამპარტავნების გამოსაჩენად და დასაკმაყოფილებლად მოიგონა, რათა ვინმეს წინაშე აღიმაღლოს თავი. იმის მაგივრად, რომ მარხვაში სიმდაბლე, სიყვარული მოიპოვონ, საკუთარი თავი შეიმეცნონ,  შეიცვალონ, პირიქით, უფრო მეტ ამპარტავნებასა და ცოდვაში ვარდებიან. მარხვის შენახვით ადამიანი ისეთი აღარ უნდა იყოს, როგორიც მარხვის დაწყებამდე იყო და, თუ მარხვის დამთავრების შემდეგ ისევ ძველ  მდგომარეობას დაუბრუნდება, მაშინ მთელი მისი მარხვა და მოღვაწეობა ფუჭი იქნება. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თითოეული მარხვა ისე უნდა დაიცვას, თითქოს ის მისთვის ბოლო მარხვაა – ხომ შეიძლება, ვერ დავასრულოთ მარხვა, ვერ შევეგებოთ მაცხოვრის აღდგომას?! მაგრამ, ბევრი იმაზე ფიქრობს, როდის დამთავრდება მარხვა და როდის მიირთმევენ არასამარხვო კერძებს. ბევრი მარხვაშიც ცდილობს, თავისი გემოთმოყვარეობა დაიკმაყოფილოს – ისეთი გემრიელი კერძები, ტორტები, ნამცხვრები და ღვეზელები მოიფიქრეს,  შეიძლება, ისეთები ხსნილშიც ვერ ვჭამოთ. მარხვაში ქრისტიანს უნდა გაეღვიძოს სულიერი მარხვა. მარხვამ თუ არ დაგვამდაბლა, თუ არ გაგვახსენა, რატომ არ უნდა მივიღოთ ან არ მივიღოთ ესა და თუ ის ნაყოფი, პირიქით, ამპარტავნებაში ვვარდებით, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და ვშორდებით უფალს. გარშემო ყველას განვიკითხავთ, ვინც მარხვას არ იცავს, არ დადის ეკლესიაში, არადა, ჩვენ უარესად ვიქცევით. სამწუხაროდ, ბევრი, როგორიც მოდის ეკლესიაში, ისეთივე მიდის მარხვის შემდეგაც და ახლა უკვე მომდევნო მარხვას ელოდება. როცა ხსნილია, ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის – მაშინ დაკავებულები არიან, არ მოდიან ეკლესიაში, არ სცალიათ. მაგრამ, მარხვისადმი იმდენად მაგიური დამოკიდებულება აქვთ, რომ, როგორც კი მარხვა დაიწყება, მაშინვე გამოცხადდებიან ტაძარში – მარხვას ვიწყებო. ამას მივესალმები, მაგრამ, თუ საკუთარ თავს ხორციელი სიამოვნება არ ავუკრძალეთ, დაპურებულები, გალაღებულები, ნაყროვანებაში თუ ვიქნებით მარხვაში, არაფერი გამოვა, რადგან, მარხვა უნდა იყოს სულიერი, მოძღვრის კურთხევით. მორჩილების, მოძღვრის ლოცვა-კურთხევის, თავმდაბლობის, აღსარებისა და ზიარების გარეშე მარხვა იქნება დიეტა და არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს. 

– ხშირად ქრისტიანები მარხვაში ამთავრებენ ეკლესიურ, სულიერ, მარხულ ცხოვრებას.

– წმიდა მამა ამბობს: შეიძლება იყოს მარხვა, მარხულობდე და არ იყო მარხვაზე; შეიძლება, არ იყოს მარხვა, არ მარხულობდე, მაგრამ იყო მარხვაზე. ჩვენი მოთხოვნილებები – გემოთმოყვარეობა და ამპარტავნება, უნდა დავიმარხოთ; უნდა დავივიწყოთ, როგორი ქედმაღლები ვართ. თუ ჩვენ მარხვის დღეებში ამას შევძლებთ, მერე ყველა ნორმალური მმარხველი მიხვდება, რომ, კი არ უნდა დაამთავროს მარხვა, თავისი ცხოვრების წესიდან უნდა გააგრძელოს: მარხვა გართობიდან, მარხვა – ნაყროვანებიდან, ბილწისტყვაობიდან, სიძულვილიდან, ბოროტებიდან. მარხვის დროს მოდის მრევლი და კითხულობენ: რა ვჭამოთ და რა არ ვჭამოთო. რომ უნდა გეყიდა ხორცი, ყველი და რძის ნაწარმი და იმ თანხით მოწყალებას გასცემ – აი, ეს არის ნამდვილი მარხვა და 24 საათი რომ არ მისჩერებიხარ კალენდარს – როდის დამთავრდება მარხვა. მარხვა არის მკურნალობა, სიმდაბლე, ლოცვა, სიარული ეკლესიაში, რომ მარხვის შემდეგ ისეთივე ქედმაღალი, მოჩხუბარი, ბოროტი აღარ იყო. სამწუხაროდ, ისინი, რომლებიც არ მარხულობენ, ამჩნევენ, რომ მათი ოჯახის წევრი, რომელიც მარხვაზეა, არაფრით გამოირჩევა მათგან და უფრო მეტად ჩხუბობს, განიკითხავს, ბრაზობს. მორიელი ერთი თვე არ ჭამს და მას შხამი ემატება. ბევრი ქრისტიანი მარხვაში მორიელს ემსგავსება – ხედავს, რომ სხვა გემრიელად მიექცევა არასამარხვო კერძებს, თვითონ კი არ ჭამს და გაბოროტებულია. მის შემხედვარე ბევრ ადამიანს აღარ მოუნდება მარხვის შენახვა და საერთოდ ეკლესიაში წასვლა. ვაბრკოლებთ იმათაც, რომლებიც არ მარხულობენ, რადგან მარხულები ისეთი შეწუხებულები, საცოდავი სახით იყურებიან, რომ მათ შემხედვარეს აღარაფერი მოგინდება. 49-დღიანი მარხვა შეინახე და შენში არაფერი მოხდა – ესე იგი, დიეტაზე იყავი? მარხვის დამთავრებისას სიმშვიდე, თავმდაბლობა, სიყვარული უნდა დაგვეუფლოს და მოგვემატოს, სულიერება ხომ ადამიანის ცვლილებაა და არა ლოცვების ბევრჯერ წაკითხვა. ვინმეს საწყენად არ ვამბობ, მაგრამ, დღეს ბევრი მოძღვარი თუ მრევლი მიბრძანდება წმიდა მიწაზე, ათონის მთაზე და ამბობენ: 10-ჯერ, 25-ჯერ ვიყავი იერუსალიმში, ათონის მთაზეო, მაგრამ, შე დალოცვილო,  შენში არანაირი ცვლილება არ არის და, თუ გინდა, მეასედ წადი. ისე გადავაბიჯებთ და გადმოვაბიჯებთ მაცხოვრის საფლავს, მეტრიან სანთლებს ავანთებთ და ვამბობთ: იქ არის ანთებული. მაგიურ დანიშნულებას ვანიჭებთ ამ ყველაფერს, რაც უკვე აღარ არის მართლმადიდებლობა. იქაც უნდა წავიდეთ, აქაც, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სრული სისავსით არის ყველგან. მარხვა და ლოცვა იმისთვის არის, რომ ჩვენ დავმდაბლდეთ, გავიზარდოთ და მივხვდეთ, რომ ცოდვილები ვართ; ბევრი სიბინძურე და უკეთური თვისება აღმოვაჩინოთ ჩვენში და მათი მკურნალობა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ბოლომდე არ განვიკურნებით. 

скачать dle 11.3