კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიღო მსოფლიოს სენსაცია – ორი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ნაშთი გოგი გიორგობიანმა და რატომ იყო ის პატრიარქის ურჩი პირადი ფოტოგრაფი

იშვიათად მინახავს ისეთი გულწრფელი, მშვიდი და საინტერესო რესპონდენტი, როგორიც ბატონი, გოგი გიორგობიანია. ადრეული ასაკიდან ის მოტოციკლით იყო გატაცებული და დღესაც, 71 წლის ასაკში, სიამოვნებით დაჰქრის თბილისის ქუჩებში საყვარელი ტრანსპორტით, რომელიც უკვე 45 წელია, ჰყავს. ამ ტრანსპორტით, ჩაფხუტითა და ფოტოაპარატით ხელში, საქართველოს თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი აქვს მოვლილი და ყველაფერი ფირზე აქვს აღბეჭდილი. ის პატრიარქის პირადი ფოტოგრაფიც გახლდათ და საკმაოდ საინტერესო ისტორიებიც აქვს გასახსენებელი.

გოგი გიორგობიანი: მამაჩემი, მოყვარული მონადირე იყო და ხშირად დავყავდით ოჯახი ქალაქგარეთ, საინტერესო ადგილებში. ალბათ, ამან გამოიწვია, ჩემი მოგზაურობით დაინტერესება. საქართველოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მაქვს მოვლილი, ნანახი და ფირზე აღბეჭდილი.

– როგორც ვიცი, ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც თბილისის ქუჩებში მოტოციკლით დადიოდა და დღესაც, სიამოვნებით გადაადგილდებით ამ ტრანსპორტიით. ბაიკერობისადმი ინტერესი საიდან გაჩნდა?

– ბავშვობაში მიყვარდა ველოსიპედით სიარული და კარგი ველოსიპედებიც მყავდა. ჩემს ქუჩაზე, ერთმა იყიდა მოტოროლერი „ვიატკა” და რომ ვნახე, კინაღამ გადავირიე. მაშინ ოცი წლის ვიყავი და ვოცნებობდი, ნეტავ, ასეთი მყავდეს-მეთქი. არ დამავიწყდება ჩამწარებული ჰქონდათ ოჯახის წევრებს ყოველი სადილობა. მივუჯდებოდი სუფრას და ვიწყებდი: მე მოტოციკლი მინდა-მეთქი (იცინის). ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და წინააღმდეგები იყვნენ. მოკლედ, მე ჩემი გავიტანე. 1962 წლიდან ვმუშაობდი, ხელფასიც მქონდა, ცოტაც ვისესხე და ოცნება ავიხდინე. 320 მანეთი მივეცი „ვიატკაში” და გამყიდველს 5 მანეთიც  ვაჩუქე. თბილისში ვერ ვიშოვე და საგარეჯოში ვიყიდე. ამ მოტოროლერით ბევრი ვიმოგზაურე – ბათუმი, სოჭი, ამბროლაური და კვაისა, ახლანდელი ოკუპირებული ოსეთის ტერიტორია, მოვიარე და ჩამოვედი თბილისში. ეს, დაუვიწყარი მოგზაურობა იყო და მოტოციკლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩემს  მოტოროლერს ხუთნახევარი ცხენის ძალა ჰქონდა, ჩემმა მეგობარმა კი, იყიდა მოტოციკლი „იავა”. ის რომ ვნახე, სულ გავგიჟდი და გადავირიე – თვრამეტი ცხენის ძალა ჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო და ტექნიკურადაც გამართული. მეგობარმა რომ დამსვა, ვიფიქრე: აი, ეს არის ის, რაც მე მინდა-მეთქი. რაღა  მომასვენებდა? იმდენი ვქენი, ფული მოვაგროვე და 730 მანეთად ვიყიდე „იავა”. ზუსტად 45 წელია, მყავს. დავდივარ და დღესაც, როგორც რელიკვია, ისე ვუფრთხილდები. ვხუმრობ ხოლმე, ეს ჩემი უფროსი შვილი, კაცური-კაცია-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, „იავა” რომ ვიყიდე და მოტოროლერის გაყიდვა დავაპირე, პირველი წინააღმდეგი დედა იყო. მთხოვდა, არ გაყიდო, ცოდოაო. მაინც გავყიდე. არ დამიჯერებთ და, ახლაც, სიზმარში ვხედავ, ვზივარ ჩემს პირველ მოტოროლერზე, მივქრივარ და თან ვამბობ, რა კარგი ვქენი, რომ არ გავყიდე-მეთქი. სიზმარშივე უბედნიერესი ვარ. 

– საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ბევრ შეჯიბრშიც მიგიღიათ მონაწილეობა...

– „იავას” მოყვარულთა ჯგუფში გავწევრიანდი, ამას მოჰყვა საქართველოს ნაკრები და 1976 წლიდან მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას. მეგობარს, ვისაც „იავა” ჰყავდა, მის უბანში, ვერაზე, ცხოვრობდა კოკი წერეთელი. მამამისს  ველოსიპედით ჰქონდა მთელი საქართველო მოვლილი და ეკლესიებს ათვალიერებდა. კოკი 1971 წელს გავიცანი, ჩემზე უფროსი იყო. დავმეგობრდით. არ დამავიწყდება, შეგვკრიბავდა ბიჭებს და დავდიოდით ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენი მოტოციკლებით სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში. მქონდა ფოტოაპარატი და ვიღებდი ფოტოებს. მართალია, ჩემი მოტო მოძველებულია, მაგრამ თანამედროვე მოტოციკლებს მირჩევნია. ყველგან მიდის, მსიამოვნებს და მეამაყება, რომ პირველები ვიყავით, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვინც შატილში მოტოთი ავიდა. დღევანდელ ბაიკერებს რომ ვუყურებ, არ მომწონს. გიჟებივით დადიან და სულ ვამბობ, საჭიროა, საქართველოში ჩამოყალიბდეს ბაიკერთა სკოლა-მეთქი. ასე უფრო დაცულები ვიქნებით და ავარიებსაც ავიცილებთ თავიდან. 

– ვიცი, რომ ტელევიზიაშიც მუშაობდით და სამ არქეოლოგიურ ექსპედიციასთან თანამშრომლობდით. თქვენი უნიკალური ფოტომასალა დღესაც შემორჩენილია. როდის დაინტერესდით პროფესიონალური ფოტოგრაფიით?

– 14 წლის ასაკში, დედაჩემის ძმამ მაჩუქა ფოტოაპარატი, რომელიც დღესაც მაქვს. ჩემი მეუღლე ტელევიზიაში მუშაობდა და ერთ-ერთ რედაქციაში ჩემი სლაიდები აჩვენა. დაინტერესდნენ და მიმიღეს სამუშაოდ. ძირითადად, ეკლესიის ხედებს ვიღებდი. შემდეგ ადებდნენ ტექსტს და ისტორიულ თემებზე გადაცემა კეთდებოდა. სხვათა შორის, მსოფლიო სენსაცია მაქვს გადაღებული და ამას არ ვაჭარბებ.  სამ არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ვთანამშრომლობდი – დმანისში და ქართლში. დმანისში, ვახტანგ ჯაფარიძე თხრიდა ქვის ხანის საძვალეს. წარმოიდგინეთ, იმდროინდელი ფრინველებისა და ცხოველების ძვლები აღმოაჩინეს და ეს ჩემი თვალით ვნახე. ვულკანური ქანის ქვეშ კი, აღმოაჩინეს იმდროინდელი სპილოს ბარძაყის ძვალი. გააგრძელეს გათხრა და ბოლოს, აღმოაჩინეს იმავე პერიოდის ადამიანის ქვედა ყბა. არქეოლოგები, სიხარულით ტიროდნენ. მისი პირველი კადრები კი, მე გადავიღე. ანუ, 500 ათასი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა, პირველმა გადავიღე და ამით დღესაც ვამაყობ. შემდეგ, ეს ქვედა ყბა ამერიკაში გააგზავნეს იზოტროპიულ ანალიზზე და იქ დამტკიცდა, რომ ორი მილიონი წლის წინანდელი იყო. 

– ბატონო გოგი, პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორის პირადი ფოტოგრაფი როგორ გახდით?

– ქვემო ბეთლემის ტერიტორიაზე ვცხოვრობდი. მეზობლად მოდიოდა ქალბატონი ნანა, კორესპონდენტი გახლდათ და მითხრა, საპატრიარქოში უნდათ ფოტოგრაფიო. 1995 წლის 4 იანვარს მივედი და პირველი ფოტო სწორედ ამ დღეს, დაბადების დღეზე გადავუღე პატრიარქს. ნინო რამიშვილიც იყო იქ და მასთან ერთადაც გადავუღე ფოტო. იმ დღეს მივხვდი, რომ უფრო მეტად ეკლესიური უნდა ვყოფილიყავი. როცა ილია მეორეს ვხედავდი, პასუხისმგებლობა და სისათუთე მემატებოდა. სხვათა შორის, არ მიჯერებდა პატრიარქი (იცინის). არ დამავიწყდება, პასპორტისთვის უნდა გადამეღო ფოტო. დავაყენე მწვანე ფერი ფონად და არაფრით არ დაჯდა, გინდა თუ არა თეთრ ფონზე გადამიღეო. ავუხსენი, ამ ფონზე იღებენ პასპორტის ფოტოს-მეთქი, მაგრამ თავისი გაიტანა (იცინის). მაინც, თეთრ ფონზე გადაიღო. ერთხელ კი, უსიტყვო დიალოგი შედგა ჩვენ შორის და ეს ფაქტი, სულ მემახსოვრება. მოკლედ, ილია მეორე დგას ეკლესიაში და მე მისგან ათი-თხუთმეტი მეტრის დაშორებით ვდგავარ. უნდა გადავუღო ფოტო, მაგრამ შუქი ცუდად ურტყამს. თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს, უსიტყვოდ გავისაუბრეთ და ისე გაიწია გვერდით, შუქი არ მოხვედროდა მის სახეს და კარგი ფოტო გამოსულიყო. 

– რამდენ ხანს იყავით პატრიარქის პირადი ფოტოგრაფი?

– წელიწად-ნახევარი გახლდით პატრიარქის პირადი ფოტოგრაფი. შემდეგ ციფრული ფოტოკამერები შემოვიდა და მეც წამოვედი. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. უსიტყვოდ მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა და ასევე, უსიტყვოდ დავემშვიდობე. ეს ურთიერთობა მეტად საპასუხიმგებლო, ფაქიზი და სათუთი იყო. ერთ ამბავსაც მოგიყვებით. ჩემამდე, ერთი ფოტოგრაფი ყოფილა, დალევა ჰყვარებია. ერთ დღესაც, პატრიარქისთვის უთქვამს, 5 ათასი მანეთი მინდა, კარგი აპარატურა რომ ჩამოვიტანო მოსკოვიდანო. პატრიარქს მიუცია. ის კი, წასულა და იმ ფულით კარგად უქეიფია რამდენიმე დღე. რომ ჩამოსულა, პატრიარქთან მისულა და უთქვამს, რა ვქნა, ის ფული სასმელში შემომეხარჯაო. წარმოიდგინეთ, ილია მეორეს, საყვედურიც კი არ უთქვამს, შეუნდო. 

скачать dle 11.3