კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ინახავს მეგი გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის ნიღაბს საკუჭნაოში და როგორ დაიხოკა მან ღაწვები კანცელარიასთან

პარლამენტის ექსდეპუტატი მეგი გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ იმ  წევრთა შორისაა, ვინც ახალ ხელისუფლებას  ყველაზე აქტიურად „აქციების  ფლანგიდან” უტევს.  ამ სფეროში დიდი და ძველი გამოცდილება აქვს, თუმცა ბოლო დროს ამ მხრივ ისე დაოსტატდა, ექსპრემიერს უცნაურ პერფორმანსებს უწყობს. სად  დადის მეგი გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის ნიღბით და  როგორ „დაიფინა” მან მომღერალ ლეპსის ფანები, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.  

– რაც პოლიტიკას ჩამოშორდით, ძალიან აქტიურად დაიწყეთ გამოსვლა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ და საკმაოდ რადიკალურიც ხართ. 

– ვინ გითხრათ, რომ პოლიტიკას ჩამოვშორდი? არსებობს ყოფნა ხელისუფლებაში და არსებობს ოპოზიცია. ნურავის ჰგონია, რომ ერთსა და იმავე პოზიციას იქნება გამოკერებული. ყველაფერი იცვლება. მე  ყველა იმ პროცესში ვარ ჩართული, რაც ემსახურება ბრძოლას რუსეთუმეებისა და კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ. ისინი კი  დღეს ხელისუფლებაში არიან. არ ვმალავ, რომ რადიკალური ვარ. 19 წლის ვიყავი ეს ბრძოლა რომ დავიწყე და ამასთან შეგუება როგორ უნდა შევძლო?  სიცოცხლის ბოლომდე ასეთი ვიქნები – არ გავახარებ საქართველოში იმ ხალხს, ვინც მტერთან თანამშრომლობს და რუსულ ინტერესებს ემსახურება. 

– ცოტა ხნის წინ, თბილისში გრეგორი ლეპსის კონცერტი გაიმართა, რომელიც თქვენ და თქვენი გუნდის წევრებმა ლამის ჩაშალეთ. კულტურულ ურთიერთობებს რაღას ერჩით? 

–  იმ კონცერტის ჩაშლა რომ მდომოდა, ჩავშლიდით –  გარეთ კი არ მოვაწყობდით „სირცხვილის კორიდორს”. ვიყიდდით ბილეთებს, შევიდოდით კონცერტზე და ვიმღერებდით საქართველოს ჰიმნს. ემღერა მერე ლეპსის თუ მაგარი ბიჭი იყო და ვნახავდი, როგორ ააცეკვებდა მხრებს ნინო ბურჯანაძე (იცინის). ეს კულტურული ღონისძიება იყო? კაცი, რომელიც კონცერტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ამბობს,  დიახ, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია და პუტინის ყველა ქმედებას ვამართლებო, კულტურულ ღონისძიებას ატარებდა ანწუხელიძის  სამშობლოში,  სადაც ქართული მიწა-წყალი პუტინის ვერაგობის გამო დავკარგეთ?! ლეპსი წარმოშობით ქართველია, გვარად ლეფსვენიძე – როცა ამას ამბობს ქართველი, მან ჩემს ქვეყანაში რატომ უნდა იმღეროს? 11 000 ფანი „დავიფინეთ” ძირს  მე და ჩემმა მეგობრებმა. ბევრი მოვიდა კიდეც ჩვენთან და ჩვენ შემოგვიერთდნენ.  ისინი ლეპსის ფანები ისე იყვნენ, როგორც მე ვარ ჩინგიზ ხანის ფანი. 

– ამ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან  თქვენც ხშირად ხართ. საკმაოდ უცნაურ აქციებს აწყობს იქ  „მდედრიონი”, როგორც თქვენ და თქვენს მეგობრებს  გიწოდეს.    

– მდედრიონიც გვიწოდეს და  კიდევ ეკა ბესელიამ დაგვარქვა „მეგი გოცირიძე  და მისი რაზმი”. არანაირი რაზმი ჩვენ არ ვართ, არც ლიდერია  ჩვენში რომელიმე.  ჩვენ წლების მეგობრები ვართ, ეროვნული მოძრაობიდან 25 წელი ერთად გავატარეთ. ასე რომ, პოლიტიკის გამო არ ვართ „შეკრულები”. რაც შეეხება იმ აქციებს, რასაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ,  ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც უსუსტესი პიროვნება, ჩვენი პერფორმანსებით უნდა „მოვკლათ”, ოღონდ მოვკლათ არა ფიზიკურად. მრავალათასიან მიტინგს ხშირად ასეთი აქცია ჯობია. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, ამაზე ჩემი კვლევები მაქვს ჩატარებული.  ბიძინას    სახლიდან გამოვიდა ამბავი, რომ ამ პერფორმანსებმა, თურმე,  ძალიან შეაშინა. მაგას ხომ სამი ექვსიანის, სატანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.  ჩვენ, როგორც გვეძახის სექტანტებს, „სატნებს”,  ასეთივე რიტუალებს ვუწყობთ – შავი ლენტები გვაქვს მობმული.  როცა მის დაცვას ერთ-ერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა გამოფატრული თოჯინა მიაწოდა, რითაც მას რაფალიანცის მკვლელობა შეახსენა, როგორც მერე გავიგე, ამას ძალიან უმოქმედია. ერთი თვე   ცუდად იყო, ეგონა, იმ თოჯინაზე ჯადო ჰქონდა გაკეთებული. ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში თვითონ თქვა, რომ ოკულტიზმი აინტერესებს, ჰო და აგერ ბატონო! თუმცა, ის თოჯინა, მხოლოდ იმიტომ იყო გამოფატრული, რომ დაცვას არ ეფიქრა, მასში ასაფეთქებელი ან რაიმე მსგავსი იყო.   იმ თოჯინას ოკულტიზმთან კავშირი  არ ჰქონია.  

– ამ პერფორანსების ავტორი და რეჟისორი ვინაა? ნაციონალური მოძრაობის ლიდერები?   

–  ჩემს ზემოთ არავინაა. ჩემ ზემოთ არის ღრუბლები. პერფორმანსების ავტორი ძირითადად მე ვარ, ან რა  უნდა ამ პერფომანსების დაგეგმვას? განსაკუთრებული იდეები გვჭირდება?  – კაცი ამბობს საღამოს ცხრა საათზე სტაფილოს წვენს ვიღებ  და ვიძინებო, მეტი რა იდეა გინდა? ავდივართ ბატონო, ყველას ხელში გვიკავია უწყნარი  სტაფილო, გვაცვია თეთრი ანაფორები, სუდარები, იმიტომ რომ, მივდივართ „ანგელოზთან”, „მესიასთან” და „ბიძინა-მართალთან”.  ამის გამო ფრთებსაც კი  ვიკეთებთ. სახეზე გვიკეთია პატივცემულის ნიღაბი, რომელიც ჩვენივე მეგობრის დახატულია.  ორი ასეთი პერფორმანსის შემდეგ, ისეთი გაცრეცილი სახით გამოჩნდა ტელეეკრანზე, ცოტა შეგვაშინა. ამიტომაც ავიღეთ ტაიმაუტი. 

– პოლიციასთან არ გაქვთ პრობლემები?

– პრობლემები რატომ უნდა გვქონდეს? ჩვენ ვაწყობთ მშვიდობიან აქციებს, არ ვაზიანებთ სახელმწიფო დაწესებულებებს, არ ვესვრით კვერცხებს, საღებავს. ჭორვილელ ივანიშვილს და კოკელ ნორას ბიჭს ვკითხო, სად მივალ ჩემს ქალაქში? ან  რისთვის უნდა დაგვაკავონ? კაცებიც კი არ  გვყავს ასეთ აქციებზე. კაცი აქციის დროს შარია. ხომ სულ იმას გვაძახებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უკანონო მოსმენები იყოო, ახლა კანონიერად გვისმენენ. ასე რომ, როცა ტელეფონით ვათანხმებთ დეტალებს, „მათთვისაც” ვამბობთ ხოლმე: მოვდივართ ბიჭებო, აბა, თქვენ იცით, დაგვხვდით! ამის თქმა და პოლიციის მიკროავტობუსი შუშის სასახლესთანაა.  ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს პოლიციელებმა  გვითხრეს: ახლოს არ მოხვიდეთ, არ მოგვიახლოვდეთ, თორემ დაგაპატიმრებთო.  კარგი-მეთქი ვუთხარი, გავცდით პოლიციელებს და პერფორმანსი დავდგით გალავნის ბოლოს, სადაც კამერაა დამონტაჟებული. როგორც ვიცი, უფრო კარგად ნახა პატივცემულმა ჩვენი პერფორმანსი. ისიც  ზუსტად ვიცი, რომ კამერებთან თვითონ არის ხშირად –  თვითონ ბიძინა შიფრავს ყველა გადაადგილებას. ვიცი, რომ ამ სტატიის შესახებ აუცილებლად მოუყვებიან და კარგად გადახედოს დაცვას, მომსახურე პერსონალს. ცოტა ხანს დავასვენებთ, მერე ელოდოს ჩვენგან ახალ სიურპრიზებს. ახლა ეპიტაფიას ვამზადებთ და უფრო მომზადებულები მივალთ. ისე ვართ დაოსტატებულები, რეპეტიციები არ გვინდა – პირველი დუბლითაც შესანიშნავად გამოგვდის.         

– ბიძინას ნიღაბს სად ინახავთ?

–  ბიძინას ნიღაბს საკუჭნაოში ვინახავ. თეთრი ანაფორაც იქ მაქვს, ფრთებიც და მთელი ჩემი „აღკაზმულობაც”.  ამას წინათ კანცელარიის წინ დავდგი პერფორმანსი, მარტო ვიყავი. წინა დღეს იქ ჩავატარეთ პერფორმანსი „ოცნებების სასაფლაო”, ვიტირეთ, დავიხოკეთ ღაწვები. 12 წელი ჩანტლაძის დრამწრეზე დავდიოდი, თეატრთან და იუმორთან მწყრალად არ ვარ.  კანცელარიასთან მივიტანეთ გვირგვინი და ყველა ის დაპირება,  რომელიც საარჩევნოდ გასცეს და არ შეასრულეს. აქცია რომ დამთავრდა, ყველაფერი ავიღეთ, ავკრიფეთ და წამოვედით, გვირგვინი  დავუტოვეთ ადგილზე. მეორე დღეს გავიგე, რომ მთვარობის სხდომა იმართებოდა. მოულოდნელად ჩანიშნეს, უცებ ვერავის ვერ ვიპოვიდი და მარტო წავედი კანცელარიასთან.   ქართული ოცნების დროშა ვეთხოვე ნაცნობ ქოცებს, რომელიც მხრებზე მქონდა შემოხვეული. სახეზე ივანიშვილის ნიღაბი მეკეთა, ხელში მეკავა სტაფილო და დიდი ცოცხი.    დაცვა ისე  შეშინდა ჩემს დანახვაზე, კანცელარიაში შეიკეტნენ და ფანჯრებიდან  მიყურებდნენ. მე ვუთხარი, მოდი, ნუ გეშინიათ, გამოდით გარეთ-მეთქი. ერთი მომიახლოვდა, ვერ გაარკვია, ქალი ვიყავი თუ კაცი. უკაცრავად ვინ ბრძანდებითო, – მკითხა. მე  პირველი მოქალაქე ვარ, ცოცხით მოვედი, რომ ჩემი მოყვანილი მთვარობა გავხვეტო-მეთქი. მოკლედ, ასეთი ამბავი დავაწიე კანცელარიას. ოღონდ ისე წამოვედი იქიდან. დროშა ვერ დავუბრუნე ჩემს ნაცნობ ქოცებს.

скачать dle 11.3