კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით იყო ტრავმირებული გიორგი ლეონიძე, ვისი გადმოყვანა შეძლო მან გერმანიიდან კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით და როგორ გაჭაღარავდა ის ერთ დღე-ღამეში

გიორგი ლეონიძე – ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს სუფთა და ლამაზი სულის ადამიანი ასეთივე ლამაზი სოფლიდან, პატარძეულიდან იყო. მთელი მისი შეგნებული და ღირსეული ცხოვრება კახეთის ამ უმშვენიერეს ადგილს უკავშირდება. დღეს მის დღიურებს მისი ქალიშვილი, – ნესტან ლეონიძე და შვილიშვილი – გიორგი ქავთარაძე გადაგიშლით. სწორედ აქედან შეგიძლიათ, ძალიან ახლოს გაიცნოთ ქვეყნის სათაყვანებელი პოეტი და მწერალი.               

„მარტოობა არ შეეძლო. მარტო სადილზეც არ შესვამდა ერთ ჭიქა ღვინოს, ხშირად უძმარდებოდა კიდეც… სხვაგან ვერ ძლებდა. ერთ კვირაზე მეტს ვერ ჩერდებოდა მოსკოვში. ჩვენ დაგვტოვებდა და წამოვიდოდა. მთელი დღე არქივში იჯდა. უარს ამბობდა დელეგაციებში შორს წასვლაზე… ბოლოს უარი თქვა ინდოეთში თუ ჩინეთში წასვლაზე – იმ სიშორეზე რა წამიყვანს, რა გამაძლებინებსო... ყველა სულიერი უყვარდა, ეცოდებოდა. შინ გაზრდილ ქათამს პირს არ დააკარებდა, არც ცოცხლად ნაყიდს. ხშირად მადლობის ნიშნად მოგვიყვანდნენ ხოლმე ცოცხალ ცხვარს – აღარ იცოდა, რა ექნა – უკან ხომ ვერ გავატან, ეგონებათ, საჩუქარი დავუწუნეო. არაფერი მინდა, რისთვის შეწუხებულხართო, – ეტყოდა ხოლმე… გაუგზავნიდა ამ ცხვარს წყნეთის დარაჯს. ის კი ჩვეულებრისამებრ, ეტყოდა – მგელმა მოიტაცაო… მამას, რა თქმა უნდა, არ სჯეროდა, მაგრამ უხაროდა, კარგია, რომ მაგის ცოდვაში არ ჩავდექიო. ეამებოდა სოფლური პური და კამეჩის მაწონი…

სწყინდა, როცა სანთელზე მოფრენილ პეპლებს კლავდნენ – რას ერჩით, ისედაც ერთი დღე აქვთ, გაიხარონო… მზე უყვარდა. ფარდებს გადასწევდა, მზემ შემოიხედოსო. სიბნელე სძულდა – მგზავრობისას ყოველთვის ასანთს და სანთელს გავატანდით ხოლმე. ბოლოსაც, ალბათ ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, რაც მოხდა… ისევ ისე გავატანე სამუდამო გზაზე ასანთი და სანთელი… სიკვდილი სძულდა – არასოდეს ლაპარაკობდა ამაზე… არ გვახსოვს მისგან ხმის ამაღლება… არ იყო ჩვეულებრივი მამა, მეუღლე, პაპა… პატარა რომ მყავდა და აკვანში იწვა… მამა ჩუმად შესულიყო და არტახები აეხსნა, ხელები გაეთავისუფლებინა. ბავშვი ნახევრად გადმოკიდებული იყო, რომ შევედი. შემეცოდა, ვინ იცის, ხელის გაშლა როგორ უნდოდაო…

სულ გვეფერებოდა, ყველაფრის ნებას გვაძლევდა… ასეთივე მოსიყვარულე შვილი იყო… დედის საფლავზე ცრემლებით ტიროდა. ბებიის გარდაცვალების დღეებში, ბიძაჩემ ლევანს და მამას ერთ ოთახში ეძინათ. დედა ამბობდა – როგორც პატარა ბიჭები ისე ტიროდნენ მთელ ღამესო.

ბოლო წლებში განსაკუთრებით უყვარდა ბუნებაში ყოფნა, სამსახურიდან მანქანით მცხეთისკენ გავლა – ნატახტრისკენ, საერთოდ, ქართლი უყვარდა ძალიან. ჰაერზე გავივლიო, ბავშვებს წაიყვანდა ხშირად… ძალიან აწუხებდა სამხრეთ საქართველოს ბედი: „ისე დავბერდი, ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი“… საფლავებს დაეძებდა. საბას, ბესიკის გადმოსვენება უნდოდა.

არ უყვარდა კინტო და ყარაჩოხელი, უკვირდა მათით გატაცება.

არ უყვარდა კვიპაროსი. სასაფლაოს ხეს ეძახდა. არც პალმა – ჩვენებური არ არისო. წიწვოვანი ხეები მოსწონდა... იყო ძალიან უპრეტენზიო. ძალიან ადვილი იყო მასთან ცხოვრება. არასდროს არაფერს გაიძულებდა, თავს არაფერს მოგახვევდა. უყვარდა თავისუფლება. ძალდატანება დანაშაულად მიაჩნდა. შენიშვნებს ერიდებოდა. არაფერს მოითხოვდა. ფიროსმანის ქუჩაზე, N 29-ში, სადაც ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა, მემორიალის გახსნა უნდოდა. ოცნებობდა ფიროსმანის ძეგლზე. ერეკლეს, დავით აღმაშენებლის, თამარის ძეგლი უნდოდა თბილისში… თამარის ქუჩა და მოედანი… ფიროსმანის საფლავს დაეძებდა… უნდოდა ფილმი ფიროსმანზე. სცენარზე მუშაობდა. ფიროსმანის თვრამეტი სურათი გადასცა მუზეუმს. ეს ერის საკუთრებაა და მე უფლება არა მაქვს, ჩემს ბინაში ჩავკეტოო. ათობით ხელნაწერი, საბუთი, სიგელი, უძველესი წიგნი გადასცა ხელნაწერთა ინსტიტუტს…

ბარათაშვილის კრებულში ლექს „საყურეს“ მიწერილი აქვს მამას ხელით: „თაყვანს ვცემ ილიას და აკაკის, მაგრამ მე გამაკვირვა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ!“

(„ლიტ. საქართ.“ 1993 წ. 4 ივნისი)

„მთელი არსებით სძულდა სიკვდილი. ამიტომ ვერ იტანდა ნადირობას. ზარავდა ნანადირევის დანახვა. ერთხელ ვკითხე, თუ რით სჯობდა თევზაობა ნადირობას. მიპასუხა: „თევზს თვალი არ ეხუჭებაო…“ თუმცა, მე არც მისი თევზაობა მინახავს. ერთი შემთხვევა მახსოვს. ხუთი წლისა ვიყავი, ზაფხულში, ქვიშხეთში ყოფნისას შინ დაბრუნდა, რამდენიმე თევზი დაეჭირა. ცოცხლად მოიყვანა წყლიანი კასრით, მეორე დღეს კი ისევ მტკვარში გაუშვა. იქვე, ქვიშხეთში ჩემთვის საჩუქრად მოყვანილი და ერთთავად ტახტის ქვეშ შეყუჟული კურდღელიც გამაშვებინა ტყეში. გოგლას ხშირად მოჰქონდა ჩემთან ჩიტებიანი გალიები (იმხანად ბაზრებში რომ იყიდებოდა), მაგრამ არ მაძლევდა მათთან თამაშის უფლებას. სასწრაფოდ გამაშვებინებდა ხოლმე, თან მეუბნებოდა: გული ნუ გწყდება, ჩიტები დაგლოცავენო.

დამახასიათებელია, რომ გოგლას ძალზე იშვიათად დავყავდი ზოოპარკში. ვერ იტანდა, გალიაში დამწყვდეული ცხოველების ცქერას, ხოლო ცირკში არასოდეს წავუყვანივარ, – იქ ცხოველებს აწვალებენო… ექვსი წლისა რომ ვიყავი, მიამბო: ინდოეთში ერთი კაცი ცხოვრობდა – ბუდა, რომელიც სიარულის დროს, სულ ფეხქვეშ იყურებოდა – ჭიანჭველა არ გავჭყლიტოო. შენც უნდა ეცადო, ეგრე იცხოვროო. კიდევ უფრო გვიან, რვა წლისა ვიქნებოდი, წყნეთში აგარაკს რომ აშენებდა. ეზოში, ხრეშზე ლითონის დიდი ფირფიტა იდო, რომელზედაც ბავშვები დავხტუნაობდით. ფირფიტის ქვეშ კი ბაყაყები ბუდობდნენ. დაგვინახა და დაეჭვებით მკითხა: მანდ რას შვრებიო? – ვუპასუხე: ბაყაყებს ვჭყლეტ-მეთქი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ნამდვილად გამიბრაზდა. ახლავე ჩამოდი მანდედან, შე მურტალოო. დაბეჯითებით შემიძლია, ვთქვა, არასოდეს არაფერი, ამაზე მეტად ჩემგან არა სწყენია… გოგლა ზოგჯერ თავის თვისებებს დაუმსახურებლად მომაწერდა ხოლმე… ერთხელ ხელში აყვანილი ვეჭირე კიროვისა და მაჩაბლის ქუჩების კუთხეში, ჩვენს სახლთან. ალექსანდრე აბაშელი და მგონი შალვა აფხაიძე შეგვხვედრია. გოგლას უთქვამს, ჩემმა შვილიშვილმა კარგი სიმღერები იცისო. ამის გაგონებისთანავე, უთხოვნელად, სიმღერა დამიწყია: „კალილების ქეკანა ჩოტკით შემოვიალე.“ ამის მეტად აღარასდროს მიმღერია. გოგლა კი იმეორებდა: ნამდვილი ლეონიძეა, ხათრი ვერ გაგვიტეხაო. „კალილების ქეკანას“ მეძახდა ხოლმე… ხუთი-ექვსი წლისა ვიქნებოდი. ნიკო მუსხელიშვილის იუბილეზე სიტყვის სათქმელად მიმავალ გოგლას ბებია ტანსაცმელს უწესრიგებდა, გოგლა კი თვლემდა. მეც გადავწყვიტე, ჩემი ხარკი გამეღო მის გალამაზებაში. ავიღე სამელნე, კალმისტარი, შემდეგ ბამბაც და მისი ჭაღარა თმების შეღებვა დავიწყე. კარგა ხანი ვიმუშავე, როდესაც ბებიაჩემის კივილმა კალამი ხელიდან გამაგდებინა. გოგლა სასწრაფოდ წაიყვანეს აბაზანისაკენ დიდი წიოკობით, ის კი თავს იმართლებდა: „ისეთი მოწადინებით მაახალგაზრდავებდა, რომ ხათრი ვერ გავუტეხეო. გოგლამ იმ საღამოს დამსწრე საზოგადოება ალბათ გააოცა თავისი იისფერი თმებით… 

უზომო იყო გოგლას სიკეთე. შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ჩვეულ წარმოდგენას აღმატებული. მას ყოველდღიურად, ვიმეორებ, ყოველდღიურად, უნდა სცოდნოდა შვილებს, შვილიშვილებს, ძმისშვილებს, დისშვილებს რა ჰქონდათ სადილად, რა უჭირდათ, რა ულხინდათ. თუ ყოველდღე არა, დღეგამოშვებით მაინც უნდა მიეტანა მათთვის სურსათ-სანოვაგე… ობლობაში გაზრდილს კარგად ახსოვდა დედის ძმების – გულისაშვილების დახმარების მადლი. ლუკმა პირში არ ჩაუვიდოდა, თუ იცოდა, რომ ვინმეს უჭირდა. არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: „მოდი, მკითხე რამე, დამელაპარაკე. თორემ დრო მოვა, აღარ ვიქნები და ვინ იცის, როგორ მოგინდეს ჩემთან დალაპარაკება, მეც ხშირად მომნატრებია, ნეტავი მამა-პაპა ცოცხალი მყავდეს, მათ რამეს შევეკითხებოდიო… ოთახში გვერდზე ისე არ ჩაგივლიდა, რომ არ მოგალერსებოდა... იმ ხანად, როდესაც მამის ოჯახში, ქავთარაძეების სახლში (ახლანდელი ლეო ქიაჩელის ქუჩაზე) ვცხოვრობდი, ყოველდღე უნდა მოსულიყო ჩემს სანახავად, აუცილებლად სათამაშოები (უფრო გვიან წიგნები) უნდა მოეტანა და სასეირნოდ წავეყვანე… პატარაობისას გამუდმებით საკუთარ თავთან თამაშით ვიყავი გართული და ვერაფრით ახერხებდნენ შუადღისას ჩემს დაძინებას. გაბეზრებულები მეტყოდნენ ხოლმე: ახლავე დაიძინე, თორემ გუდიანი კაცი მოვა ან არადა მილიციონერს დავუძახებთო. ამის გამგონე გოგლას უთქვამს: „მე რომ მითხრან ახლავე დაიძინე, თორემ ჩეკას გამოვუძახებთო, საერთოდ როდესმე დამეძინება?!..“ ჩემი დაბადებისას კი, საფიქრებელია, სულ სხვა იმედები ექნებოდა. იმთავითვე მაჩუქა თავისი ყრმობის ლექსების რვეული, წარწერით: „ბიჭო გოგიას ვუძღვნი ამ რვეულს პაპა გიორგი ლეონიძე, 13 ივლისი 1945, ტფილისი“. იმავე ხანებს განეკუთვნება გოგლას მიერ დახატული ღვინის ბოთლის ეტიკეტი, წარწერით „მშვენიერი და ტკბილი ღვინო! ბიჭო გოგია. საწყობი ეფემიასი, სოლოლაკში. სოლოლაკის ქ. N6“. გოგლა საკმაოდ კარგად ხატავდა და დედაჩემს ხატვის ნიჭი, ეტყობა, მისგან ჰქონდა გამოყოლილი… გოგლა ძალზე მძაფრად განიცდიდა დიდებული მესხეთის დაცემას; სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ტაო-კლარჯეთის ხილვაზე ოცნებობდა… 1996 წლის ივნისის დასაწყისში, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას ძლივს მივაკვლიე, ართვინსა და ტბეთს შუა გოგლას წინაპართა სოფელს – ლეონიძეს. ამით კი, დედაჩემის, ნესტან ლეონიძის, დანატოვარი თხოვნა შევასრულე. სოფლის სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი (თურქულად ,,ნიოლიძეთა უბანი“). თუმცა, უკანასკნელ წლებში თურქულმა ადმინისტრაციამ მას ახალი სახელი არჩილი მაჰალესი (თურქულად ,,ღვიის უბანი“) – შეურჩია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ და რუსულ რუკებზე სოფელი „ლეონიძე“ ერთი ციცქნა, სულ რამდენიმე კომლია. მთაზეა გაშენებული და ნაძვებითა და ფიჭვებით არის გარემოცული. მენიშნა, გოგლამ თავისი ეზო წყნეთში სულ ნაძვებითა და ფიჭვებით გაავსო. სტუმრებს უკვირთ ხოლმე, გარეკახელ კაცს ფიჭვები ეგრე რამ შეაყვარაო. ოღონდ კუთხურობას, ვერც კახურსა და ვერც ვერანაირს, ვერ იტანდა. როდესაც გადაჭარბებულად ხაზს უსვამდნენ მის კახელობას, იტყოდა ხოლმე: ვერ გაუგიათ, რომ მე მარტო პატარძეულის ან კახეთის პოეტი კი არა ვარ, არამედ სრულიად საქართველოსიო...

ჩემი დაკვირვებით, გოგლა მაინცდამაინც ხშირად არ მიისწრაფოდა პატარძეულისკენ. მისი მგრძნობიარე სული ვერ უძლებდა იქ მოზღვავებული სევდის ნაკადს… გამიგონია, ბავშვობაში სტუმრები რომ მოვიდოდნენ, გოგლა სიმორცხვისგან ან მაგიდის ქვეშ დაიმალებოდა, ანდა ეზოში ხეებს შეეფარებოდა ხოლმეო…ოცდაერთი წლის მარტში, ბათუმიდან ტფილისში გამობრუნებულ ჯარისკაც გოგლას თავისი თოფი ზოოპარკის მახლობლად მდინარე ვერეზე იმხანად არსებული ხიდიდან გადაუგდია, მტერს რომ არ დარჩენოდა. გოგლამ ზუსტი ადგილიც კი მაჩვენა ხიდზე, მაშინ იქ ჯერ კიდევ მდგარი ფასკუნჯის ქანდაკების გვერდით… გოგლას ძალზე უყვარდა საგალობლები. ეკლესიას ისე ვერ ჩაუვლიდა რომ, ჩუმად პიჯაკის შიგნით, გულთან პირჯვარი არ გადაეწერა. ერთხელ მითხრა: ,,ბავშვობაში საქართველოს კათალიკოსობაზე ვოცნებობდიო, მინდოდა, ვყოფილიყავიო გიორგი ბროლა.“ რა თქმა უნდა, უყვარდა ქართლ-კახური მრავალხმიანი სიმღერები, ქუთაისური სიმღერები, განსაკუთრებით, იშხნელებისა. ერთხელ მახსოვს, მოეწონა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის მიერ ორმოცდაათიან წლებში შესრულებული სიმღერა „გაზაფხული“, რამაც ძალიან გამაკვირვა. ოპერებიდან ძალიან უყვარდა ბიზეს „კარმენი“… გოგლა სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სვამდა. არ უყვარდა კონიაკი, არაყი და არც მე მირჩევდა. ათიანი წლების დამლევს, თურმე კონიაკით ძალზე დამთვრალა და სახლში მისულს ყვირილი დაუწყია: მიშველეთ, სოციალ-დემოკრატები მკლავენო!.. საქართველოს სადღეგრძელოს და ისიც მხოლოდ საგანგებო შემთხვევისას ილიასეული ხის ჭიქით სვამდა – ჩვენი ოჯახის ყველაზი ძვირფასი რელიკვიით…საჭმლის მიმართ გოგლა დიდი მოთხოვნილებით არ გამოირჩეოდა. უყვარდა თევზი, ხინკალი, ლობიო, ნიორი, „დედას პური“, კამეჩის მაწონი და განსაკუთრებით ინდაურის თეთრი ხორცი, რომელიც ძალზე იშვიათად თუ ერგებოდა, რადგან ყოველთვის ცდილობდა ახლობლებისთვის დაეთმო. მეც თეფშზე მთლიანად გადმომიღებდა ხოლმე და თან, დიდი კმაყოფილებით მეკითხებოდა: „ხომ კარგია? ხომ მოგწონს?“… გოგლას ზარავდა სუფრაზე შემწვარი გოჭის დანახვა. ამბობდა: ჩვილ ბავშვს მაგონებსო… გოგლასგან გამიგონია, არ შეიძლება, იყო უზნეო და ამავე დროს, პატრიოტიო… გიორგი ლეონიძე თავისი ცხოვრების წესითაც და შემოქმედებითაც, მხოლოდ თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას ემსახურებოდა როგორც მოღვაწე და უმღეროდა, როგორც პოეტი… მრავალწახნაგა პიროვნება გახლდათ და არა „გაორებული მოვლენა“, შეგნებულად ის მხოლოდ საქართველოს ემსახურებოდა და რუსეთის ბატონობის პირობებშიც იძულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი, უკეთესი დროის მოლოდინში, თავისი ქვეყნის გადარჩენის სურვილით იყო ნაკარნახევი… ერთხელ ზედმეტად გათამამებულად მის კაბინეტში შესულს ხუმრობოთ შემომიტია: შენ, ეტყობა არ იცი, რამხელა პოეტს ელაპარაკებიო. მეც იხტიბარი არ გავიტეხე და ხუმრობითვე შევეკითხე: შენ უფრო დიდი პოეტი ხარ, თუ გალაკტიონი-მეთქი? უეცრად სრულიად სერიოზულად მიპასუხა: გალაკტიონიც დიდი პოეტია, ძალზე ფაქიზი პოეტური ბუნების, პოეზიის გედია… ხუმრობა ზოგჯერ ტრაბახნარევი იცოდა: იცის ბიჭმაო, იტყოდა. დიდი კმაყოფილებით იხსენებდა ხოლმე, ნატა ვაჩნაძემ მითხრაო: „ლეონიძე, კოხტა ბიჭო, შენ კი განაცვალე!“… სიძულვილი არ სჩვეოდა, მაგრამ იყო გამონაკლისებიც, როცა ვინმე უღირსზე ძალიან განრისხდებოდა, იტყოდა: „ჩეკისტი, ნამდვილი ჩეკისტი“. მუშტაედის ბაღში სეირნობისას იქვე მდგომ ორჯონიკიძის ძეგლს თუ მოჰკრავდა თვალს, აუცილებლად დასცდებოდა ხმადაბლა: „თუ-თუ-თუ“, ალბათ „(თ) ფუი ეშმაკს!“ ასე მაშინ აკეთებდა, როდესაც რაიმეს წააწყდებოდა სიკვდილთან დაკავშირებულს. ერთხელ იქვე, მუშტაიდის ბაღში ყოფნისას, არ ვიცი, ხუმრობით მითხრა თუ სერიოზულად: შენ რომ აქ პატარა მატარებლით სეირნობ, ეგ რკინიგზა ორჯონიკიძემ საქართველოს მიწების დათმობის საფასურად მიიღო რუსეთისგანო. 

…როგორც ცნობილია, გოგლა დიდი ბიბლიოფილი და სიძველეთა ჩინებული მცოდნე იყო… გარდაცვალების წინა თვეებში, თითქოს მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, გოგლა ცდას არ აკლებდა, რათა მიეკვლია ნინოწმინდის ტაძრის ეზოში ჩამარხული წიგნსაცავისა და თემურ ლენგის მიერ თბილისის აოხრებისას სამარყანდში გაზიდული სამეფო ბიბლიოთეკისთვის…ხშირად მეუბნებოდა: „ხომ ხედავ, ბრძოლით არაფერი გამოდის. ეცადე სამშობლოს შენი ცოდნითა და საქმით ემსახურო. თავისუფლებას კი დრო მოიტანს და მაგ დროისთვის უნდა იყოთ მზად“. ამ სიტყვებს: დრო როცა მოვა – ხშირად იმეორებდა ხოლმე… ტრავმირებული იყო ოცდაჩვიდმეტში უფროსი ძმის, ცნობილი მიკრობიოლოგის, ლევან ლეონიძის დაღუპვით, რომელსაც პატარძეულიდან თბილისში ოცდაერთ წელს დიდი შეიარაღებული რაზმი მოეყვანა სამშობლოს დამცველებისა… მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიიდან შუა აზიაში გერმანელთა გადასახლებისას, გოგლამ უდიდესი ძალისხმევით და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის, კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით, შეძლო ლევანის მიერ გერმანიიდან (ვისბადენიდან) ჩამოყვანილი მეუღლის, მარია ჰოფმანის და მათი, ორი მცირეწლოვანი შვილის უკანასკნელ მომენტში დახსნა. ამ ამბის გამო, იმდენად დიდი სულიერი ტრამვა მიეღო, რომ ერთ ღამეში მთლიანად გაჭაღარავებულიყო („მნათობი“, 1997 წ. N7,გვ. 107-118.).

скачать dle 11.3