კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესები არ სრულდება დღეს ეკლესიაში სწორად და რატომ აქვთ ერთ ეკლესიაში სხვადასხვა მოძღვრის სულიერ შვილებს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა

დღეს ეკლესიაში ძალიან ბევრი წესია გავრცელებული, რომელთა უმეტესაობასაც თავად ადამიანები, ტაძრის მრევლი იგონებს და აწესებს. ბევრი მათგანი სხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიიდან არის შემოსული. თუმცა, ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– დღეს ჭეშმარიტი მსახურებაც კი არასწორად სრულდება. ორი სახის ტიპიკონისტები არიან: ერთნი ზედმიწევნით ასრულებენ ტიპიკონებს და ამ ყველაფერს თუ ასე ზედმიწევნით არ შეასრულებენ, არ წაიკითხავენ, მართლმადიდებლობის ღალატი ჰგონიათ. მაგრამ, არის მეორე კატეგორია, რომელიც ამ შესრულებას არაფრად მიიჩნევს, მათ ჩონჩხის მაგვარი სტრუქტურა რჩებათ, აჩრდილი ტიპიკონის, რომელსაც ასრულებენ და ამით კმაყოფილდებიან. თუმცა, არცერთი არ არის სწორი.  მაგალითად, დღეს სამრევლო ტაძრებში ცისკარი და მწუხრი თითქმის ერთი მსახურებაა. ცისკარი ცისკარზე უნდა სრულდებოდეს, ჩვენ კი ვიწყებთ მას 3, 4, ან მაქსიმუმ, საღამოს 5 საათზე. არადა ცისკარი დილით ადრე, გარიჟრაჟზე უნდა იწყებოდეს, ყოველ შემთხვევაში, ღამის 12 საათის შემდეგ. მზეც რომ ჩასულია, ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, საღამოს ჩატარდეს ცისკრის ლოცვა. იგივე ითქმის მწუხრის მსახურებაზეც, რომელიც დილით იწყება, როცა საღამოს უნდა იწყებოდეს. ანუ, ბევრი რამ არის შეცვლილი ჩვენამდე სხვა სახით მოსული. რაც მთავარია, დღეს ამ ყველაფრის  არსი და მნიშვნელობა დაიკარგა ქრისტიანულ აღქმაში და ეკლესიის ერთიანობის შეგნება, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ძალიან ბევრი საკითხია, რასაც მოგვარება სჭირდება. მაგალითად, დიდ მარხვაში თევზის მიღება-არმიღების საკითხი. თუნდაც შობის მარხვაში, როცა 25 დეკემბრამდე არ იჭმევა თევზი, პარასკევისა  და ოთხშაბათის გარდა. მერე ახალ წელს პატრიარქის კურთხევით შეგვიძლია მისი მიღება. თუმცა, არსად წერია, რატომ იჭმევა თევზი 25-მდე ან მერე რატომ არ იჭმევა. ამის შესახებ კი ყველაფერი სჯულის კანონში წერია. ასე რომ, არის საკითხები ეკლესიაში, რასაც გამოსწორება სჭირდება.

– სამაგიეროდ, არსებობს ისეთი წესები, რომელსაც თავად იგონებენ და მათ დაცვას სხვებსაც სთხოვენ. 

– ისეთი სასწაულები ხდება ამ მხრივ ეკლესიაში, რომელიც, პირადად მე, არსად მინახავს და არ წამიკითხავს. მაგალითად, პატარა გოგონას ან ბიჭს უთქვამს, ეკლესიაში ვიყავი ღვთისმახურებისას, გადავიწერე პირჯვარი და ამ დროს წელში მოვიხარე, ღმერთის, ან წმიდანის პატივისცემის ნიშნად. იმ დროს მას აძლევს შენიშვნას მონაზონი, სასულიერო პირი ან მრევლი: რას შვები, შენ პირჯვარს იწერ და ამ დროს იხრები, ეს ხომ ჯვრის გაღუნვა, გატეხააო. ჯვრის გატეხა რას ნიშნავს, ეს ხომ სიმბოლიზმიც არ არის, ეს მოწესეობაა, რომელშიც საღი აზრი არ არსებობს, მით უმეტეს, არ არის საეკლესიო სწავლება. ეს არავის უთქვამს, არცერთ მამას არ უსწავლებია. თუ ნებისმიერი მართლმადიებელი არ ჩაეჭიდება ძველი მამების სწავლებას, გარდამოცემას; თუ არ წავიკითხავთ, არ მოვუსმენთ, მაშინ გზას ავცდებით და უკვე ცოტა ავცდით კიდეც. როგორ შეიძლება, ეკლესიის სწავლება დაიყვანებოდეს რომელიმე მონაზვნის ან მღვდლის შეხედულებამდე. მოძღვარი წირვის შემდეგ რომ ჩამოილოცავს: სახელითა მამისა და ძისა და სულიწმიდისათა, ეს ნიშნავს, რომ სამების სახელით ვსაუბრობ და აქედან გამომდინარე, მამების სახელით, ეკლესიისადმი მათი სწორი, შეთანხმებული, ერთობლივი სწავლების მიხედვით. და არა ისე, რომ მე, მამა საბას, რაც მომეპრიანება, იმას ვიტყვი. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ცნობიერების გაუკუღმართებამდე დადის. ერთ მომენტსაც მოვიყვან მაგალითად: როდესაც დიდი გამოსვლის დროს მღვდელი გამოდის საკურთხევლიდან ბარძიმ-ფეშხუმით, იხსენიებს ზოგჯერ კონკრეტულად, თუ ვინმე შეუძლოდ არის, ან ახლად შესვენებულია და  ბოლოს ყველას – ყველა მართლმადიდებელს იქ მდოგმარეს. მაგრამ ადამიანებს მაინც უნდათ, რომ მისი მიცვალებული ან ოჯახის წევრი ცალკე მოიხსენიონ. ეს მათ პატივმოყვარეობას, ამპარტავნებას კარგად კვებავს: მე ცალკე მომიხსენიეს. თუ ვინმე შემომწირავი შემოვა, მას ცალკე უნდა მოხსენიება, რადგან შემომწირველთათვის, მგალობელთათის, სტიქაროსანთათავის ან დანარჩენთათავის მთლიანობაში მოხსენიება არ აწყობს. უნდა თქვან: შემომწირველი მურმანისთვის, გურამისთვის და ასე შემდეგ. 

– ის წესი, რომლის მიხედვითაც მამაკაცები ქალებთან შედარებით საიდუმლოებასთან მიახლებისას უპირატესობით სარგებლობენ, ხშირად დაპირისპირებისა და ჩხუბის მიზეზი ხდება. თან, მამაკაცები ამით კარგად სარგებლობენ ხოლმე.

– ამასაც სწორი აღქმა და გაგება უნდა. ეკლესია იერარქიულია და იერარქიულად მამაკაცი მეტი კი არ არის ქალზე, დაწინაურებულია, რადგან ყველა მამაკაცი პოტენციური მღვდელია და მას შეუძლია, გახდეს მწირველი. ეს იერარქიულობა გამოარჩევს მას, თორემ არაფრით ამაღლებს კაცს ქალზე და არ ნიშნავს, რომ აღსარების, ან ანალოგიაზე მთხვევის დროს, რიგში იდგეს ქალი და მაინცდამაინც მამაკაცი უნდა მივიდეს ჯერ და მერე ქალბატონი. შეიძლება, ქალმა თავისი სურვილით მამაკაცს სცეს პატივი, დაუთმოს ადგილი, წინ გაუშვას, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ისინი მათი ქმრები, შვილები არიან და უბრალოდ, სურთ, მათ პატივი სცენ. თუმცა, თუ ქალი წინ წავა, ეს არანაირად არ არის დანაშაული. აქ ჩვენ სარწმუნოებრივ ხარისხზე ვსაუბრობთ და არა იერარქიულ მდგომარეობაზე. პავლე მოციქულმა თქვა: ქალიც და მამაკაციც, წინდაცვეთილიც და წინდაუცვეთელიც, ყველა ერთია ქრისტეშიო. არ შეიძლება გამოვარჩიოთ – შენ ქალი ხარ, ამიტომ უკან დადექი, კაცს კი – წინ წადიო, რომელიც შეიძლება, სულაც არ არის მორწმუნე, გუშინ მთელი ღამე ქეიფობდა და ნაბახუსევზე მოვიდა ეკლესიაში. იმ ქალბატონს იქნებ უფრო მეტი სარწმუნოება აქვს, მას უფრო მეტად უნდა მონაწილეობა ამ ყველაფერში და უფრო მეტად არის ღირსიც. აქ მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა და არა ის, ვინ არის უპირატესი. ზოგჯერ ეკლესიაში 2 მოძღვარია, პირველს „თავისი“ მრევლი ჰყავს, მეორეს – „თავისი“ და ერთმანეთს ექიშპებიან: მე ამისი მრევლი ვარ და ამ მამაოსთან არ მივალო. მე გავოგნდი, როდესაც ერთმა ადამიანმა, მედავითნემ, ეკლესიის მრევლამა მითხრა: ჩემი მოძღვრის გარდა, სხვა მოძღვარს მამაოს ვერ დავუძახებ, რადგან მხოლოდ ის არის ჩემი მამაოო. ეს უკვე მოძღვრის გაკერპებაა – მასთან ნათელია, მის იქით თურმე ბნელია. ასეთი მრევლი მერე, ნებსით თუ უნებლიედ, ტაძარში, სამრევლოში თესავს განხეთქილებას. სამრევლოში, სადაც ყველა ღმერთისთვის ლოცულობს და ერთი ძღვენი ყველას სახელით, ყველასთვის შეიწირება. რომელ ყველაზეა საუბარი, როდესაც მრევლში ასეთი განხეთქილებაა. ერთი ამბობს: ამ მოძღვართან არ წავალ, რადგან ჩემი მოძღვარი არ არის; მე მასთან ზეთისცხებაზე არ მივალ; მინდა, ჩემმა მოძღვარმა მცხოს ზეთი. გამოდის, რომ აქ მადლის დაყოფა, სულიწმიდის უზურპაცია ხდება – თურმე, იმ მამაოს უფრო კარგი სულიწმიდა ჰყავს; იმას ნაკლები, რადგან უფრო პატარა წვერი აქვს, ან ნაკლებად გაბრწყინებული ჯვარი ჰკიდია, ან მიტრა არ აქვს და მე მასთან არ მივალ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ვინ უნდა მოაგვაროს და რა თქმა უნდა, მოძღვრებმა. ჯერ მათ უნდა ისწავლონ, ეს რა არის და მერე ასწავლონ სხვას. რა ერთობაზეა საუბარი, ეს არის უკვე პატარა სექტები ეკლესიაში. თუ მრევლს სამრევლოში ერთმანეთი არ უყვარს,  ან სხვა მოძღვარი არ უყვარს, ან სხვა მოძღვრის მრევლი, მაშინ რომელ ერთობაზეა საუბარი. ესე იგი, იქ ქრისტიანობაც არ არსებობს. ყველაფრის ტრადიციამდე დაყვანა არ არის სწორი და ამ პრობლემებს თუ არ მოევლება, მაშინ გამოდის, რომ ეკლესიის ის აღქმა, რაც ძველ ქრისტიანებს გააჩნდათ, დავკარგეთ და დავრჩებით ეკლესიურები ეკლესიის გარეშე.

скачать dle 11.3