კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასაფლაო ურჩებისთვის

პირველი მკვლელობა შემთხვევით და გაუაზრებლად ჩაიდინა... საღამოს სახლში გატარებას აპირებდა, მაგრამ ცოლმა, ემამ, უთხრა, რომ დაქალებთან ერთად ბრიჯის თამაში ჰქონდა დაგეგმილი. მოწყენილობა რომ გაექარვებინა, სახლთან ახლოს, ბარში წავიდა ვისკის დასალევად. ედ ჯესონი ხშირად შეივლიდა ხოლმე ამ ბარში და იქ მყოფებს კარგად იცნობდა. იმ დღეს ბარი თითქმის ცარიელი იყო. შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ცხელოდა. ბარმენი მაიკი უხალისოდ და ზანტად წმენდდა ჭიქებს. აშკარად არ იყო ლაპარაკის გუნებაზე. ედიმ ორი ჭიქა ვისკი დალია ყინულით, მაგრამ ისეთი ჩახუთული იყო იქაურობა, რომ მაინც თბილი მოეჩვენა... უცებ გვერდით ვიღაც ტიპი მიუჯდა, ვინმე უეიდი. ჯერ სასმელზე დაპატიჟა, მერე ჰკითხა, ამ ქალაქში გავლით ვარ და ნაშების ტელეფონის ნომრებს ხომ არ მომცემ, ცოტა რომ გავერთოო. ედი მოიღუშა. პირდაპირ უთხრა, მე ცოლი მყავს და ნაშებში არ დავრბივარო. უეიდს გაეცინა – გეტყობა, ცოლი რომ გყავს, იმიტომაც ზიხარ ბარში და იაფფასიანი ვისკით იჭყიპებიო. ედი გაბრაზდა – ჩემი ცოლი ახლა დაქალებთან ერთად ბრიჯს თამაშობს და იმიტომაც ვარ აქო. იმ ტიპმა უტიფრად გაიცინა – ორი ცოლი გამოვიცვალე და ზუსტად ვიცი, რა ბრიჯზეც არის ლაპარაკიო. ედს მოთმინების ფიალა აევსო – ჩემი ცოლი ასეთი არ არისო. უეიდმა ენა მაინც არ გააჩერა, – ყველა ქალი ერთნაირია, თორემ, მალე ნახავო... მოკლედ, იმდენი ქნა, სანამ ჯესონმა ვისკი არ შეასხა სახეში. ისიც წამოუხტა... ბარმენმა – აქაურობას არ დაგამტვრევინებთო და ორივე გარეთ მიაბრძანა. აი, იქ კი ცემა-ტყეპა გაჩაღდა. ედი ჯესონი ბრგე და ღონიერი ყმაწვილი გახლდათ. ნაგავსაყრელზე ბულდოზერის მძღოლად მუშაობდა და კუნთებიც კარგად ჰქონდა გავარჯიშებული. ერთი ისეთი ამოსცხო ნიკაპში, რომ უეიდი ჰაერში ავარდა და ჯესონის მანქანის ბამპერს ზურგით დაენარცხა, ერთი გაიფართხალა და გაშეშდა. ედი გვიან მიხვდა, რომ ადამიანი შემოაკვდა. მანქანიდან ფარანი ამოიღო და უსულო სხეული გულდასმით დაათვალიერა. მკვდარი იყო. ბამპერს სისხლის კვალიც აჩნდა. ჯერ ძალიან შეეშინდა, მერე კი შინაგანმა ხმამ თუ თავდაცვის ინსტინქტმა უკარნახა, რომ სწრაფად უნდა ემოქმედა... გვამი საბარგულში ჩადო. ბამპერი გაწმინდა და სახლში დაბრუნდა. ემა სახლში იყო, მაგრამ ეძინა. რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა, მგონი, თქვა, მეძინებაო და გვერდი იცვალა. ედის მისთვის არც ეცალა. უნდა მოეფიქრებინა, გვამისგან როგორ გათავისუფლებულიყო. მდინარეში ვერ ჩააგდებდა – ადრე თუ გვიან ყველა გვამს გამორიყავს ხოლმე მდინარე... ტყეში რომ დაეგდო ან ჩაეფლა, ან ცხოველები ამოთხრიდნან, ან რეინჯერები, მას კი უნდოდა, გვამი ვერასოდეს ეპოვნათ. უცებ, გონება გაუნათდა – მას ხომ საკუთარი სასაფლაო ჰქონდა – ნაგავსაყრელი, რომელიც კერძო პირის საკუთრება იყო. ედი ყოველ დილით მიდიოდა ნაგავსაყრელზე, ნაგავს მოასწორებდა, ზემოდან მიწას მოაყრიდა და ტკეპნიდა. სტივენს, მის შეფს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს უდაბური ადგილი კარგად მოესწორებინა, ყველა ხრამი და ორმო კარგად ამოევსო და მერე ბინათმშენებლებისთვის მიეყიდა. ედი უთენია გამოვიდა სახლიდან და სამუშაოზე გაეშურა. ნაგვის მანქანები მხოლოდ დილის შვიდ საათზე იწყებდნენ  მოსვლას. მის განკარგულებაში ორი საათი იყო. გვამი ათი მეტრი სიღრმის ორმოში ჩააგდო, მიწა მიაყარა, მერე ნაგვით გამოტენა, ისევ მიწა დააყარა და კარგად დატკეპნა. ახლა უკვე შეეძლო, იმედიანად ყოფილიყო.

ოთხი თვის შემდეგ ცოლი საყვარელთან გამოიჭირა – ქუჩაში დაინახა ვიღაც კაცთან ერთად, როცა ის, წესით, ბრიჯის სათამაშოდ უნდა ყოფილიყო თავის დაქალ დორასთან... საღამოს ემას პირდაპირ ჰკითხა, ვიცი, რომ მღალატობ და მითხარი, რას აპირებო. ცოლმაც უტიფრად მიუგო: 

– რას უნდა ვაპირებდე?! მიყვარს ის კაცი და გავაგრძელებ მასთან შეხვედრებს... ხარ შენ ერთგულების ღირსი? რა გაგიკეთებია ჩემთვის? უბადრუკი გროშები მოგქონდა სახლში, შე ნაგავსაყრელის პრინცო... ერთხელაც არ გყოლივარ კარგ რესტორანში...

ნაგავსაყრელის ხსენებამ ჯესონის ტვინში რაღაც გადაატრიალა... სიამოვნებას გრძნობდა, როცა ცოლს ახრჩობდა. როცა ქალის სხეული ცარიელი ტომარასავით მომჩვარდა, კმაყოფილმა გაიღიმა... უთენია ემის გვამიც ისევე ჩამარხა, როგორც უეიდი და, როცა საღამოს ბარში ლუდს სვამდა, აღმოაჩინა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა... თან, გენიალური იდეაც გაუჩნდა: მას განსაკუთრებული სასაფლაო ჰქონდა გვამებისთვის, რომლებსაც სხვაგან ვერ დამარხავდი – საკუთარი სასაფლაო სერიოზული ბიზნესის საკეთებლად. ერთი ადამიანი სჭირდებოდა, მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც მას ფულს აშოვნინებდა. ცოლმა ხომ იმიტომ უღალატა, რომ ცოტას შოულობდა... სახლში დაბრუნებული ძველ გაზეთებს ეცა და კრიმინალური ქრონიკები გადაქექა. ნიკი ალბერტი – კრიმინალური სამყაროს მეფე მათ ქალაქში და, ალბათ, მთელ შტატშიც – აი, ვინ სჭირდებოდა, მაგრამ ნიკთან შეხვედრა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე, ალბათ, ამერიკის პრეზიდენტთან. მაგრამ ედმა იშვიათი პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა გამოიჩინა და იმდენი მოახერხა, რომ მისმა ბარათმა ადრესატამდე მიაღწია. ბარათში ეწერა: „მე შემიძლია სერიოზული პრობლემა მოგიგვაროთ“... რამდენიმე დღე კიდევ გავიდა მტანჯველ მოლოდინში, მერე ვიღაც ტიპმა მოაკითხა ბარში და პირდაპირ ნიკ ალბერტთან მიიყვანა. ედიმ ყველაფერი მოყვა, გარდა იმისა, რომ ნაგავსაყრელზე უკვე ორი გვამი იყო ჩამარხული, მაგრამ, დაუსაბუთა, რომ ეს საუკეთესო ადგილი იყო არასასურველი გვამების, შესაბამისად, პრობლემების მოსაშორებლადაც. ნიკი დაფიქრდა. რამდენიმე წუთით სათათბიროდ გავიდა გვერდით ოთახში და, როცა დაბრუნდა, ედის პირდაპირ უთხრა, ერთ ამანათში ორასს მოგცემო. ედი სულელი არ იყო. უპასუხა – ათასი მინდაო და ალბერტმაც თავი დაუქნია...

ექვს თვეში ედ ჯესონმა სერიოზული კაპიტალი დააგროვა. ნიკი ალბერტისგან „ამანათები“ სულ მოდიოდა – ცელოფანში მჭიდროდ შეფუთული გვამები და ედიც ღრმად და საიმედოდ მარხავდა... ჭკუა ეყო და ცხოვრების წესი არ შეუცვლია, მხოლოდ უფრო კომფორტულ ბინაში გადავიდა, კარგი ბარით. ზოგჯერ ამ ბინაში სექსუალური და მადისაღმძვრელი გოგონებიც მიჰყავდა, მაგრამ ცოლის შერთვაზე ფიქრს სამუდამოდ გამოემშვიდობა... გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა ნაგავსაყრელს კლიენტი გამოუჩნდებოდა, სხვა ქვეყანაში გამგზავრებულიყო და იქ ახალი ცხოვრება დაეწყო – მდიდრული. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი გვამი დამარხა, იფიქრა, ნეტავი ნიკი ალბერტმა ბიზნესის ბიზნესი ხომ არ დაიწყოო... ანუ, შესაძლებელი იყო, ნიკს თავისი კავშირები აემოქმედებინა – სხვა კრიმინალურ ბოსებთან შეკრულიყო და იმათთვისაც შეეთავაზებინა გვამებისგან გათავისუფლება. ათასს ხომ ედის უხდიდა, ორი ათასს თავად აიღებდა და სუფთად ჩაიდებდა ჯიბეში ათას დოლარს. მკვდრები იმდენი იყო, რომ ამად ღირდა, მაგრამ ედის არ აწყობდა ნიკთან კონფლიქტი და დაპირისპირება, მას ეს ვარიანტიც აკმაყოფილებდა. ხან იმასაც კი ფიქრობდა, თუ ალბერტი თავის კონკურენტებსა და მტრებს იშორებს, ისინი კანონმორჩილი ადამიანები არ იქნებიან, ასე რომ, გარკვეულწილად სასარგებლო საქმესაც ვაკეთებ საზოგადოებისთვისო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ამანათები“ შეწყდა. ედის გაუკვირდა, მაგრამ არ უდარდია. ფული, რომ ვარაუდობდა, იმაზე ბევრად მეტი ჰქონდა; ნაგავსაყრელსაც კლიენტი გამოუჩნდა – მეპატრონემ უთხრა, მალე აქ გეოდეზიურ სამუშაოებს დაიწყებენ, რადგან ამ მიდამოებში ნავთობი აღმოჩნდა, მაგრამ, შენ ახალ ბულდოზერს გიყიდი და ახალ ნაგავსაყრელზე დაგასაქმებ, ადგილი უკვე შერჩეული მაქვს, უსამსახუროდ არ დარჩებიო. ედიმ გაიცინა. ხომ არ ეტყოდა, ორი ნაგავსაყრელის საყიდელი ფულიც მაქვს და ათი ბულდოზერისაც და მალე სამუდამოდ დაგემშვიდობებიო...

„ამანათი“ შუაღამისას მოუტანეს. არასდროს დაინტერესებულა გვამის ვინაობით ან გარეგნობით, მაგრამ ამჯერად რაღაც შეუჩნდა. მაკრატლით ცელოფანი გაჭრა და გვამს სახე გამოუჩნდა... შეძრწუნებისგან ლამის მუხლი მოეკვეთა – ნიკი ეგრევე იცნო. გაშეშებულს და გაქვავებულს ისეთივე სასტიკი იერი ჰქონდა, როგორც სიცოცხლეში... აი, ახლა კი უნდა გაესწრო, მაგრამ, ჯერ გვამი უნდა დაემარხა – უკანასკნელი გვამი თავის უცნაურ სასაფლაოზე.

პოლიცია მაშინ მოვიდა, როცა გვამს ორმოში უშვებდა – ეს მისი ბიზნესის სამწუხარო დასასრული იყო...

 

скачать dle 11.3