კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი ქმარი იშვიათად და ცოტას მელაპარაკება

მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ, რაღაცნაირად, ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ. დაქორწინებამდე ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და ურთიერთობის პრობლემა არ გვქონია, ახლა კი სასაუბრო თემა აღარ გვაქვს, თითქოს გაუცხოება დაგვეწყო. შეიძლება, მთელი დღე ისე გავატაროთ ერთად, მხოლოდ ორი-სამი წინადადებით შემოვიფარგლოთ და მერე დაღამებამდე ჩუმად ვიყოთ. რამდენჯერმე ვცადე, რამე საკითხზე გვესაუბრა, მაგრამ არცერთხელ არ ამყვა. მისი პასუხები სამი ვარიანტით შემოიფარგლება: „ჰო“, „არა“ და „არ ვიცი“. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ნუთუ დაოჯახებამ შეამცირა ჩემდამი ინტერესი? სხვა მხრივ საყვედური არ მეთქმის, მაგალითად, თუ რამე მაწუხებს, მაშინვე მივყავარ ექიმთან, ფულსაც დაუნანბლად მაძლევს და საჩუქრებსაც ყიდულობს ხოლმე, ამიტომაც ვერ გამიგია, რა ემართება, რატომ აღარ აქვს ჩემთან ლაპარაკის სურვილი. დაქორწინებამდე სიტყვაძუნწი და მუდო არ ყოფილა, ახლა კი ოღონდ არ ალაპარაკო და, მგონი, თანახმაა, ამაში ფული გადაიხადოს. ერთი პერიოდი ეჭვიც კი გამიჩნდა, ვინმე ხომ არ ჰყავს-მეთქი (საყვარელს ვგულისხმობ) და, შეიძლება ითქვას, თვალთვალი დავუწყე, მაგრამ ვერაფერში გამოვიჭირე: სამსახურიდან ყოველთვის პირდაპირ სახლში მოდის, წვეულებებზე ყოველთვის მივყავარ, მობილურშიც ვერაფერი აღმოვაჩინე და ჩვენი ინტიმური მხარეც, ასე ვთქვათ, წესრიგშია, ჩემს მეგობრებს და ჩემიანებსაც თბილად ხვდება და ყველანაირად ცდილობს, პატივი სცეს. მოკლედ, არანაირი თვალსაზრისით არ მეთქმის საყვედური, გარდა იმ ერთისა, რაც უკვე გითხარით, მაგრამ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს ცხოვრება და, რაც მთავარია, მეშინია, ამით საერთოდ არ გაგვიფუჭდეს ურთიერთობა. ეს ამბავი მხოლოდ ჩემს დას გავანდე და მან მითხრა, რა გენაღვლება, ნუ გაგიბამს საუბრებს, სხვა მხრივ ხომ არაფერს გაკლებს. აბა, ის გირჩევნია, ჩემი ქმარივით, ოცდაოთხი საათი ენას არ აჩერებდეს და სხვა მხრივ ფეხებზე ეკიდოო? რა თქმა უნდა, ასეთი უკიდურესი საპირისპირო სიტუაცია არ მირჩევნია და, სიმართლე გითხრათ, ყბედი და ლაქლაქა კაცები მართლა არ მიყვარს, მაგრამ, ისიც ძალიან ძნელი ასატანია, როცა მთელი დღე ელოდები, როდის დაბრუნდება სამსახურიდან შენი საყვარელი ადამიანი, რომ საღამოს, ვახშმის დროს, შენ შენი სათქმელი უთხრა, იმან თავისი გიამბოს; რომ შენ სიხარულით გაიხარო და მისმა საწუხარმა შეგაწუხოს, მან კი შენი დარდი და სიხარული გაიზიაროს. ჩემი აზრით, მხოლოდ ასე იქმნება სულიერი ერთიანობა ცოლ-ქმარს შორის, მატერიალური მხარე კი მეორეხარისხოვანია.

ანა, 27 წლის.

 

ჩემი სიყვარული თავიდანვე განწირული იყო

ვსწავლობ მეთორმეტე კლასში. მე და ჩემს თანაკლასელს, გოგიტას, ორი წელია, გვიყვარს ერთმანეთი და მომავალში დაქორწინებასაც ვაპირებთ, მაგრამ უკვე სერიოზული პრობლემები და წინააღმდეგობები გვაქვს მშობლების მხრიდან: გოგიტას მშობლები პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩემნაირი რძალი არ უნდათ და არც მიზეზს მალავენ – მე არ ვარ მათთვის შესაფერისი ოჯახიდან, რადგან, ჩემი მშობლები ვერც გვარიშვილობით, ვერც თანამდებობითა და ვერც სიმდიდრით ვერ აკმაყოფილებენ მათ პატივმოყვარეობას) თუმცა ბაგრატიონ-მუხრანსკები არც თვითონ მყვანან, მაგრამ, სამაგიეროდ, გოგიტას მამაც და ბაბუაც პოლიციის (და მილიციის) უფროსები იყვნენ რაიონში და, შესაბამისაც, დიდძალი ქონებაც დააგროვეს. არ მინდა, ჩემი შეყვარებულის მშობლებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, მის დედას და მამას, ორივეს ერთად, ერთი წიგნი არ ექნება ბოლომდე წაკითხული, მაგრამ, რადგან ბევრი ფული აქვთ, ჰგონიათ, რომ მათი შესაფერისი აღარავინ დადის დედამიწაზე. საბედნიეროდ, გოგიტა ამ მხრივ არ ჰგავს მშობლებს; ხანდახან ვატყობ ხოლმე, რომ რცხვენია კიდეც თავისი ოჯახის სიმდიდრის. მართლა ძალიან წესიერი და თავმდაბალი ბიჭია, სულ არ ეტყობა, რომ ფულიანი მშობლების განებივრებული ბიჭია და სწორედ ეს მომწონს მასში განსაკუთრებულად.

ჩემს მშობლებს კი იმიტომ არ უნდათ გოგიტა სიძედ, რომ ეშინიათ, გაუნათლებელ და უწიგნურ, მაგრამ მდიდარ ოჯახში მათი შვილი ვერასდროს იქნება ბედნიერი. დედა მეუბნება, ცოდვიანი ფულით გაზულუქებული და თავში ავარდნილი დედამთილ-მამამთილი ყოველთვის შეეცდება შენს დამცირებასა და დაჩაგვრას; შინამოსამსახურედ გაქცევენ და ხმის ამოღების უფლებაც არასდროს გექნებაო. მე სულ ვუმტკიცებ, რომ გოგიტა ასეთი არ არის, მაგრამ დედას გულის სიღრმეში არ სჯერა და ყველანაირად ცდილობს, ერთმანეთს ჩამოგვაშოროს. დედას მამაც ეთანხმება და მეუბნება, შენთვისაც ჯობია და ჩვენთვისაც, თუნდაც ღარიბ ბიჭს გაჰყვე ცოლად და სულ თავმოყვარეობაშელახულად არ გრძნობდე სახლში თავსო, მაგრამ, რა ვქნა, ჩემი ბრალია, რომ გოგიტა შემიყვარდა?

ხომ არ ვეთანხმებოდი ჩემს მშობლებს, ხომ არაფრად ვაგდებდი მათ შეგონებებს და მაინც ჩემსას გავიძახოდი, სხვას ცოლად არასდროს გავყვები-მეთქი, მაგრამ, სულ ცოტა ხნის წინ ორი ისეთი ჭორი გამივრცელა დედამისმა, უკვე აღარ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩემი და გოგიტას ურთიერთობა. იმ ქალმა ჯერ მთელ რაიონში ყველაზე ჭორიკანა ქალებთან დაიწყო „შეჩივლება“, რომ ვითომ მე ჩემი მშობლების დარიგებით გადავეკიდე გოგიტას და თავი შევაყვარე, რადგან, ჩვენ, მთელი ოჯახი მათ ქონებაზე ვყოფილვართ გაგიჟებულები, მაგრამ, ამ ჭორმა კარგად რომ ვერ მოიკიდა ფეხი, მერე ჩემს სახელსა და პატიოსნებასაც შეეხო და, ისევ იმ ქალებთან იჭორავა, თითქოს მე უკვე დიდი ხანია, ბიჭებში ვგულაობ და გოგიტასთანაც მაქვს ფიზიკური სიახლოვე. ისიც კი აქვს ნათქვამი, ჩემს შვილს რა ენაღვლება, ბიჭია; მაგან და მისმა მშობლებმა იკითხონ, თორემ, ჩვენ ამით სახელი არ გაგვიტყდებაო.

ეს ჭორები, ცხადია, „კეთილმა“ ადამიანებმა ჩვენამდეც მოიტანეს და მამაჩემმა ლამის მთელი სახლი დაანგრია, მეც საშინელი დღე მაყარა და დედასაც. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია ჩემს პატიოსნებაში, ისე გამოვიდა წყობიდან, რომ სახეში გამარტყა და მთელი კვირით ამიკრძალა სახლიდან გასვლა, სკოლაც კი გამაცდენინა. მერე კი კატეგორიულად გამომიცხადა, დალაპარაკებულიც რომ დაგინახო მაგ ნაძირალა ბიჭთან, შენ თვალწინ მოვკლავ, შენ კი სახლიდან გაგაგდებო. ჩემმა თანაკლასელმა გოგოებმა მითხრეს, რომ გოგიტასაც ძალიან უჩხუბია დედამისთან და ბებიასთან და ბაბუასთან გადასულა საცხოვრებლად მეზობელ სოფელში და თვითონაც აღარ დადის სკოლაში, მაგრამ ჩემებს მაგათი სახელის გაგონებაც კი არ უნდათ. მე მაინც მიყვარს გოგიტა და მასაც ვუყვარვარ. გოგოების პირით სულ ბოდიშებს მითვლის, პატიებას მთხოვს და მპირდება, პასპორტებს რომ ავიღებთ, წაგიყვან და ყველასგან შორს ვიცხოვრებთ, მშვიდად და ბედნიერადო, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან ჩვენი სიყვარული თავიდანვე განწირული იყო და როგორმე უნდა ვაიძულო თავი, რომ რეალობას შევეგუო, თუ მანამდე რამე არ დამემართა ამდენი დარდითა და ნერვიულობით. თუ მართლაც რამე დამემართება და მოვკვდები, ახლა, ამ წერილით, საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავეები ჩემი და გოგიტას მშობლები იქნებიან.

მაცაცო, 17 წლის.

скачать dle 11.3