კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უჩნდება ზოგიერთ ქალს გათხოვების შემდეგ თავისუფლების დაუოკებელი სურვილი

ამბობენ, რომ დაქორწინების შემდეგ კაცებს ძალიან ენატრებათ თავისუფლება, ქალები კი – პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ოჯახის შესაქმნელად. მათ არ უყვართ თავისუფლება; არ უნდათ იყვნენ დამოუკიდებლები და ლაღები; მხოლოდ ოცნებობენ, რომ გათხოვდნენ და მთლიანად დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება თუ ბედი მამაკაცს, მაგრამ, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ქალებს უყვართ და აფასებენ თავისუფლებას... და თუ სიყვარულის გამო თმობენ მას, სულაც არ ნიშნავს, რომ თავისუფლების ფასი არ იციან. ქალს შეუძლია, შესწევს უნარი, მოითმინოს ბევრი, მაგრამ, ერთ დღესაც, თუკი გაუგო თავისუფლებას გემო, ის ბორკილებით თავს აღარ შეიზღუდავს...

მარიკა (36 წლის): დედაჩემი მეუბნებოდა: არ უნდა გათხოვდე იმიტომ, რომ გათხოვილი იყო, არ არის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელიო... ამას მეუბნებოდა ქალი, რომელსაც შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა ერთადერთ კაცთან – მამაჩემთან! მაგრამ მე მაინც თავისუფლად მზრდიდა. არ მბოჭავდა იმით, რომ გათხოვების შემდეგ მე აღარ ვიქნებოდი მე. პირიქით, სრულიად საპირისპიროს მინერგავდა.

– ანუ, რისი თქმა გინდათ, გათხოვილი ქალები თავის პიროვნულ ნიშან-თვისებებს კარგავენ?

– გარკვეულწილად – კი. თქვენ, შეიძლება, არ ხართ დაკვირვებული, მაგრამ, ქალების უმრავლესობა გათხოვების შემდეგ აღარ არის ის, ვინც მანამდე იყო. შეიძლება, არც არავინ აიძულებთ, შეიცვალონ, მაგრამ, ეს მაინც ხდება, თანაც, არცთუ იშვიათად.

– როგორ თუ აღარ არის ის, ვინც იყო?

– ჰო, აღარ არის, რადგან, უარს ამბობს იმ ძალიან თავისზე, რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა, რათა უფრო მოეწონოს თავის რჩეულს, ანუ, კაცისთვის აკეთებს ამას და მიდის ასეთ მსხვერპლზე – ნელ-ნელა იძენს იმ კონკრეტული კაცისთვის მოსაწონ თვისებებს, რომელიც უყვარს, თუმცა, შეიძლება, სულაც არ მოსწონდეს ის თვისებები, რაც მოსწონს მის მეორე ნახევარს. კაცები არ აკეთებენ ამას, არ იტვირთავენ თავს. ძალიან, ძალიან შეყვარებული უნდა იყოს მამაკაცი, თანაც, უიმედოდ, რომ შეიცვალოს ხასიათის კონკრეტული ნიშნები, უნარები, ჩვევები...

– როგორ გგონიათ, რატომ? 

– იმიტომ, რომ ქალები უფრო მაქსიმალისტები ვართ. სიყვარულშიც ვერ ვნახულობთ ზღვარს. ვინმემ იცის, რატომ კარგავს ინდივიდუალობას? არავინ მოითხოვს ჩვენგან ასეთ მსხვერპლს და რისთვის ვაკეთებთ ამას? გავთხოვდი, რადგან, ჩემი ორი უახლოესი დაქალი გათხოვდა, ანუ, მათი წაბაძვით.

– წაბაძვით რას ნიშნავს, არ გიყვარდათ და ისე გათხოვდით?

– მიყვარდა კიდეც, მაგრამ ქორწინებაზე საკმაოდ ზერელე წარმოდგენა მქონდა. არ ვიცოდი, რას ნიშნავს ოჯახი. 27 წლის ასაკშიც კი არ ვიყავი მზად ოჯახისთვის. მინდა, კარგად გამიგოთ, რას ვგულისხმობ ამაში. კი, კარგია – გიყვარს-უყვარხარ; იცხოვრებთ ერთად; დაბადების დღეებზე და ქორწილებში გაპრანჭული წახვალ მეუღლესთან ერთად – აი, სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქალს ქმარი თავის მოსაწონებლად, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისთვის სჭირდება, რეალობა კი სხვანაირია ხოლმე.

– როგორია რეალობა?

– დავიწყოთ იმით, რომ ოჯახი არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მაგრამ, თანაბარი პასუხისმგებლობა. მეორე და უმთავრესია პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება. ერთმანეთი უნდა მიიღონ ისეთი, როგორებიც არიან სინამდვილეში, თამაში არცერთს არ უნდა სჭირდებოდეს – არც ცოლს და არც ქმარს. როგორც წესი, კაცები უფრო ქორწინებამდე თამაშობენ ხოლმე, ქალები კი – ქორწინების შემდეგ. მამაკაცი თავს აჩვენებს, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებს; რომ სანიმუშო, ერთგული ქმარი იქნება; არ შეზღუდავს არაფერში, პირიქით, ყველაფერში დაეხმარება... მაგრამ, ოჯახის შექმნის შემდეგ რადიკალურად სხვანაირად იქცევა – ჩვეულებრივი ბატონი და მონათმფლობელი ხდება. ჩემი ქმარი ასეთად ჩამოყალიბდა და, სხვისიც რომ ასე იქნება, თითქმის დარწმუნებული ვარ.

– რაში გამოიხატება მონათმფლობელობა?

– ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ, ამ ცხრა წლის განმავლობაში წვეთ-წვეთობით იმდენი ნეგატივი დამიგროვდა, მალე ვიფეთქებ. ჯერ ერთი, სულ აქვს მცდელობა, თავის ჭკუაზე მატაროს და ეს ყველაფერში გამოიხატება: ისე უნდა ჩავიცვა, როგორც მას მოსწონს და მიაჩნია, რომ მიხდება; იმ ფილმს ან გადაცემას უნდა ვუყუროთ, რომელიც მისთვის არის საინტერესო... როცა ასე არ ვიქცევი, ირონიული ფრაზებით მშხამავს და მეკამათება: უგემოვნოც ვყოფილვარ და უგუნურიც, რადგან, არ ვუჯერებ ჩემზე ბევრად ჭკვიან, გემოვნებიან, „პრადვინუტ“ ქმარს. როგორ, მე შენზე უკეთ ვერ ვხედავ, რა გიხდება და რა არაო?! ძალიან დიდი ამბიცია აქვს. დავუშვათ, არ მიხდება ის, რაც მე მომწონს... არ მაქვს უფლება, ისე ჩავიცვა, როგორც მსიამოვნებს და მიხარია?! რატომ უნდა „გადავკეთდე,“ არ მესმის.

– ანუ, რაღაც პერიოდი უჯერებდით?

– დიახ და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პრობლემა. არ იყო ჩემთვის მარტივი მისი ნება-სურვილით ცხოვრება. ისე დამენგრა ნერვული სისტემა, ვერც მივხვდი. შინაგანად ავირიე. გამოვიფიტე და ისეთი ნერვიული გავხდი, ყველაფერი მაღიზიანებდა, თვითონაც აღარ მომწონდა საკუთარი თავი. არადა, თავიდან ოჯახური ცხოვრება მართლა მსიამოვნებდა. ჩემი ქმარი სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში მორბოდა. ერთად ვამზადებდით ვახშამს ან სადმე მივდიოდით საჭმელად და გასართობად. ძალიან ვხალისობდით. მაშინ, იმ ბედნიერ პერიოდში, ვფიქრობდი, რომ იდეალური წყვილი ვიყავით. ნეტავი, რაზე უნდა ვიჩხუბოთ-მეთქი, მეღიმებოდა. თურმე, სად ვიყავი...  ერთ დღეს, ეს ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ მოხდა, ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, რომ დაღალა რუტინამ, რომელიც ჩვენს ოჯახში გაჩნდა. მეც არ ვყოფილვარ ისეთი ქალი, რომელსაც თავისი მრავალფეროვნებით შეუძლია კაცის გაგიჟება. ამ ყველაფრის მერე, მის ყველა დაგვიანებაზე ძალიან ვეჭვიანობდი. ვდარდობდი, თან, ვამართლებდი ქმარს – კაცებს მეტი თავისუფალი სივრცე სჭირდებათ-მეთქი. მეც ვნერვიულობდი და, პიკზე მყოფი, ჩემს დაქალებთან რომ მივდიოდი, ეს ჩემს ქმარს არ მოსწონდა. ასეთი შეხვედრების შემდეგ სისულელეებით თავგამოტენილი მოდიხარო, – მეჩხუბებოდა, – სახლში იყავი და ბავშვს მიხედე. მე როგორ მედრები, მე კაცი ვარ და ბევრი რამის უფლება მაქვსო... ნელ-ნელა ჩავიკეტე საკუთარ თავში. სურვილი აღარ მქონდა, ჩემი ქმრისთვის გული გადამეშალა, სიყვარულზე ხომ საერთოდ აღარ არის ლაპარაკი – გრძნობა მის მიმართ გამიქრა და უცებ მომინდა თავისუფლება. აღარ მსიამოვნებდა სახლში ჩემი ქმრის ყურება. როცა ვუთხარი, გავშორდეთ-მეთქი, გაოგნდა – რატომო? ეჭვიანობ ჩემზეო? არავინ მყავს, უბრალოდ, ვიღლები და ყურადღება ამიტომ მოგაკელიო... ძალიან შეფუცხუნდა. ჯერჯერობით სანიმუშოდ იქცევა, მე კი მაინც აღარ მინდა ოჯახი. საერთოდ, მამაკაცის გვერდით ცხოვრება აღარ მინდა. არაჩვეულებრივი შვილი მყავს, არც შემოსავლით ვარ ქმარზე დამოკიდებული და ვიცხოვრებ მშვიდად და ბედნიერად: არც სახლს ამირევს ვინმე, არც ჩემს გაკეთებულ საჭმელს დაიწუნებს, არც ნერვები მომეშლება... ისე ცოტა ხანს ვცოცხლობთ ადამიანები, არ ღირს, ვიღაცის მითითებებითა და დირექტივებით იცხოვრო, მით უფრო, თუ გრძნობ, რომ ბედნიერება შენს თავისუფლებაშია. ჩემს ქმარს ამ ყველაფერს ვერც ავუხსნი და ვერც გავაგებინებ. ახლა ძალიან დაღლილი ვარ – იმ დაძაბულმა პერიოდმა დამღალა, როცა ქმარს წითელ კოჭს ვუგორებდი. არ ვიცი, თუ მიმიღებს ასეთს – თავისუფალსა და ეგოისტს (ამ სიტყვის კარგი გაგებით), შეიძლება, დავრჩე კიდეც მასთან, თუმცა, რეაბილიტაციის პერიოდი დამჭირდება; თუ არა, აუცილებლად გავშორდები. ჩემი ცხოვრება ისეთი უნდა იყოს, როგორიც მე მინდა.

скачать dle 11.3