კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უარყო სტალინმა ბერიას წინადადება, იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობიდან დახსნის შესახებ

გასროლა კრემლში

არავინ თქვას, რომ ადამიანის ამოცნობა ბოლომდეა შესაძლებელი და ნურც იმას დაიკვეხნის ვინმე, რომ კარგად შემოწმებული და, ერთი შეხედვით, ერთგული ადამიანი აბსოლუტურად სანდოა. ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის პირადი უშიშროების სამსახური ათასგზის გადამოწმებული, დამუშავებული და აქედან გამომდინარე, სანდო ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, მაგრამ მათი საიმედოობის ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მისცემს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, თუ რა ერთგული, სტალინზე ფანატიკურად შეყვარებული და თავგანწირული ადამიანებისგან შედგებოდა დიდი ბელადის პირადი დაცვა, თუმცა, ღალატის უცხო ბაცილა ჩვენშიც შემოიჭრა...

1942 წლის 7 იანვარს, საღამოს 19 საათსა და 45 წუთზე, კრემლის სამთავრობო კომპლექსის – გენსეკის ფლიგელის პირველ სართულზე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც დიდი ბელადი მარცხენა მხარში დაიჭრა პისტოლეტიდან გასროლილი ერთი ტყვიით... ის ავბედითი დღე მკაფიოდ დამამახსოვრდა.

მოსკოვში თოვდა. ტემპერატურა მინუს 16 გრადუსი იყო და, თან, საშინელი ქარი ქროდა. იმდენად ძლიერი თოვა იყო, რომ მეეზოვეები ვერ აუდიოდნენ კრემლის ეზოს დასუფთავებას. წინა ღამე სტალინმა კუნცევოში გაათენა და, კრემლში რომ მივედით, ეზოში მიხვეტილი თოვლის რამდენიმე უზარმაზარი გროვა დაგვხვდა, რომლის გატანაც ვერ მოესწროთ. სტალინი უგუნებოდ იყო. საერთოდ, ისედაც ცოტას ლაპარაკობდა მანქანაში, მაგრამ იმ დღეს სიტყვა არ დაუძრავს. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მან ეზოს მორიგე ოფიცერს უბრძანა, რომ თოვლის გროვები მალე მოეშორებინათ. სტალინი სადარბაზოში შევიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ლიფტში ჩამჯდარიყო, ფეხით განაგრძო გზა თავისი კაბინეტისკენ, სადაც მას პოსკრებიშევი ელოდა. იოსებ ბესარიონოვიჩ, – მოახსენა პოსკრებიშევმა, – სანამ თქვენ მანქანით მოემგზავრებოდით კუნცევოდან, დაუნინ სტრიტი (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო რეზიდენცია ლონდონში) დაგვიკავშირდა და თქვენთან საუბარი მოითხოვა. 

სტალინს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დაუქნია, რაც ნიშნავდა, რომ მზად იყო პრემიერ უინსტონ ჩერჩილთან სასაუბროდ. სახელმწიფოს მეთაურებმა 40 წუთი ისაუბრეს. ჩერჩილმა სტალინს სასურსათო და ტექნიკური დახმარების შესახებ აუწყა, რის გაწევასაც დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები  აპირებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი სამი ქვეყნის კავშირს მეორე მსოფლიო ომში. იმავე დღეს სტალინთან საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელობა შეიკრიბა. მათ ოპერაცია „ხაფანგის“ (ეს უდიდესი, წარმატებული სადაზვერვო ოპერაცია იყო მეორე მსოფლიო ომში, რომელიც ბელადმა მოიფიქრა) დეტალები დააზუსტეს და სტალინმა მის დაწყებას მოაწერა ხელი. ამასობაში სადილობის დრომ მოაღწია. ჩვეულებრივ, სტალინი თავის დასასვენებელ ოთახში სადილობდა, მაგრამ, რატომღაც, მან კრემლის ოვალურ სასადილოში გააშლევინა სუფრა ესტონელ მზარეულ ქალს, რომელიც ჯერ კიდევ ლენინის დროიდან კვებავდა ბოლშევიკებს. სადილობისას სტალინმა მზარეული ქალი მაგიდასთან დაისვა, მასთან ერთად მიირთვა და თან კრემლში ცხოვრების პირველ წლებს იხსენებდა. სადილის შემდეგ დიდი ბელადი ოდნავ ხასიათზე მოვიდა და კრემლის კინოდარბაზში რუზველტის მიერ გამოგზავნილი ფილმის საყურებლად შევიდა. შუა სეანსის დროს პოსკრებიშევმა დიდ ბელადს გუნება-განწყობა კვლავ გაუფუჭა – კინოდარბაზში შევარდა და მოახსენა: „ამხანაგო სტალინ, გუდერიანის ტანკებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს, ჩვენს პოზიციებზე შემოიჭრნენ და შეტევას განაგრძობენ“. სტალინი სწრაფად წამოდგა, დარბაზი უხმოდ დატოვა და თავის კაბინეტში დაბრუნდა, სადაც მას გენშტაბის მაღალჩინოსნები ელოდნენ ჟუკოვის მეთაურობით. სამხედროებთან შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა და საკმაოდ მძიმედ ჩაიარა. სამხედროებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბელადი ძალიან იშვიათად გამოდიოდა წყობიდან და ნებისმიერ სიტუაციაში სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, იმ დღეს საკმაოდ აფორიაქებული ჩანდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, სტალინის ასეთი მდგომარეობა მისი ვაჟის, იაკობის შესახებ მიღებული ცნობებით იყო გამოწვეული. საბჭოთა დაზვერვის ცნობით, იაკობი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ფაშისტებს სტალინთან ვაჭრობის ყველა იმედი გადაეწურათ. მზვერავების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციებს ფოტოსურათებიც ერთვოდა, რასაც, როგორც მოგვიანებით იხსენებდა მოლოტოვი, ყველაზე მეტად აუღელვებია სტალინი. მოლოტოვის თქმით, სტალინი, თურმე, კარგა ხანს ათვალიერებდა სურათების სქელ დასტას, რომელიც მაგიდაზე ჰქონდა გაშლილი და გულდასმით აკვირდებოდა. „იქიდან (სურათებიდან), – იგონებს მოლოტოვი, – ტუსაღის ზოლიან ტანსაცმელში გამოწყობილი, გამხდარი და გატანჯული ადამიანის სახე გვიმზერდა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, სულიერად ვერ გაეტეხათ. იაკობი იმ სურათებში ძალიან ჩამოჰგავდა ახალგაზრდა სტალინს, იმ კობას, რომელიც მე ჯერ კიდევ ჩვენი რევოლუციური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე გავიცანი. როგორც ჩანს, თავად სტალინმაც მშვენივრად უწყოდა ეს და, შესაძლოა, ასეთმა მსგავსებამ გამოიწვია მასში ის გრძნობები, რამაც ხასიათი წაუხდინა. სტალინისა და ჩემ გარდა, კაბინეტში ბერიაც იმყოფებოდა, რომელმაც სურათები მოუტანა. ბერია თვალს არ აშორებდა დიდი ბელადის მოძრაობებს და, ეტყობა, ბოლომდე ჩაწვდა მის ფიქრებს, მიხვდა, რა ცეცხლიც ტრიალებდა მის სულში და, უეცრად ალაპარაკდა: „ამხანაგო სტალინ, ნება მიბოძეთ, ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ და, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ვფიქრობ, ეს საკითხი წარმატებით გადაიჭრება“. სტალინმა მრისხანე მზერა ესროლა ბერიას და ამ უკანასკნელს სიტყვა შუაზე გაუწყდა. სტალინმა იცოდა, რას სთავაზობდა მას ბერია და მრისხანებაც ამან გამოიწვია. ბერიას გეგმით, სპეციალურად გაწვრთნილ მებრძოლებს, რომლებსაც წინასწარ გადასხამდნენ მტრის ზურგში, მოულოდნელი იერიში უნდა მიეტანათ საკონცენტრაციო ბანაკზე და იაკობი ტყვეობიდან გამოეხსნათ. ასეთი გეგმა სტალინმა ადრეც კატეგორიულად უარყო და საკმაოდ გაღიზიანებულმა უპასუხა: „ჩემი პოზიცია უცვლელია. არ მაქვს უფლება, პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ასეთ უაზრო ავანტიურაზე გავგზავნო ათასობით საუკეთესო მებრძოლი. ხალხი ჩვენ ახლა აქ, მოსკოვის მისადგომებთან გვჭირდება და, ვერ დავუშვებ, ერთ რიგით ადამიანს ამხელა პატივი დავდოთ“. შემდეგ სტალინმა ბერია დაითხოვა კაბინეტიდან და, როგორც კი მან კარი გაიხურა, მომმართა: „მე ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, ფაშისტების ნება-სურვილზე გავიარო, – შემდეგ სტალინი დადუმდა, გაიარ-გამოიარა და მოულოდნელად, სრულიად სხვა ხმით, რომელიც მე მთრთოლვარეც კი მეჩვენა, წარმოთქვა: მე მას ვერც ბავშვობაში გავუწიე მამობა, რადგან, სულ ცეცხლის ქვეშ ვიდექი და ახლაც უძლური ვარ“. სტალინის ასეთი უცნაური სიტყვები თავისი უძლურობის შესახებ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ვიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი. ასეთი შეცვლილი სტალინი არასოდეს მენახა.“ მოლოტოვის ამ მოგონებიდან აშკარად ჩანს სტალინის სულიერი მდგომარეობა იმ 7 იანვარს. როგორც ჩანს, დიდი ბელადი ორ ცეცხლ შუა იდგა: ერთი მხრივ, მასში მამობრივი გრძნობა ღვიოდა და შვილის უმძიმესი მდგომარეობა ტანჯავდა, მეორე მხრივ კი, უდიდესი პასუხისმგებლობა საბჭოთა ხალხის წინაშე, საშუალებას არ აძლევდა, საკუთარ პირმშოს დახმარებოდა. როგორც ცნობილია, მეორე გრძნობამ გადასწონა და იაკობი ზაქსენჰაუზენშივე დაიღუპა, ისევე, როგორც მილიონობით ადამიანი... ასეთი გადახვევა იმისთვის დამჭირდა, რომ სტალინის მდგომარეობა დამეხატა იმ საბედისწერო და ავადსახსენებელ დღეს, სასწაულებრივად რომ გადაურჩა სიკვდილს. 20 საათზე სტალინი ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელებს უნდა შეხვედროდა. 19 საათსა და 30 წუთზე ის კაბინეტიდან გამოვიდა და ფეხით გაემართა ეზოსკენ. კიბეებზე მას კალინინი შეხვდა, რომელსაც გაზეთ „პრავდის“ ბოლო ნომერი ეჭირა. მათ ხუთიოდე წუთი ისაუბრეს და ერთმანეთს დაშორდნენ. კრემლში დაცვა ყოველ კუთხე-კუნჭულში იდგა და სტალინის გამოჩენისას სმენაზე დგებოდა და მხედრულ სალამს აძლევდა უმაღლეს მთავარსარდალს. პირველ სართულზე სტალინს სამიოდე პირადი მცველი მოჰყვებოდა, მე და ვლასიკი კი სადარბაზოს გასასვლელთან ველოდებოდით. იქვე მანქანების კორტეჟიც იდგა და ყველაფერი მზად იყო გასამგზავრებლად. სტალინი დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით მოდიოდა. მორიგე ოფიცერი, რომელიც სადარბაზოს კართან, მარცხნივ იდგა, დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია – მსგავსი რამ ხშირად ემართებოდათ ხოლმე ადამიანებს სტალინის დანახვისას და განსაკუთრებული ამაში არაფერი იყო. სტალინი გასასვლელისკენ მიდიოდა და, როდესაც მასა და იმ ოფიცერს შორის მანძილი დაახლოებით ათ მეტრამდე შემცირდა, უეცრად ოფიცერმა პისტოლეტი ამოაძვრინა მარჯვენა სახელოდან, სტალინისკენ მიმართა და თითი სასხლეტს გამოჰკრა... ყველაფერი ეს წამის მეათასედში მოხდა. ტერორისტის მოძრაობის ყველა ფაზა თვალნათლივ მახსოვს. გაისმა გასროლა. სტალინი წაბარბაცდა, მაგრამ, წონასწორობა შეინარჩუნა და არ დავარდნილა. თავდამსხმელმა მეორე გასროლა ვეღარ მოასწრო – სტალინის თანმხლებმა ერთ-ერთმა მცველმა პირდაპირ მარჯვენა მაჯაში მოარტყა მას ტყვია და პისტოლეტი ხელიდან გააგდებინა, დანარჩენმა ორმა კი „დააფარეს“ და საშუალება არ მისცეს, განძრეულიყო. სტალინი მარცხენა მხარში დაიჭრა. ტყვიამ ძირითადად კუნთში გაიარა, მაგრამ, ძვალსაც ჰქონდა ოდნავ შეხებული. მცირე ქირურგიული ჩარევა მაინც გახდა საჭირო. ტერორისტი ოფიცერი ანტონ ფროლოვი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი სამსახურის ერთ-ერთ საუკეთესო მუშაკად ითვლებოდა. თავდამსხმელი ბერიას უწყებამ წაიყვანა და მას თავად ბერია უტარებდა დაკითხვას. ფროლოვი ყოველმხრივ შემოწმებული იყო და ყველას გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი. ის ფსიქიკურადაც შეამოწმეს, მაგრამ, ჯანმრთელობის დარღვევა ვერ აღმოუჩინეს. სიმართლე თავად ფროლოვმა აღიარა. როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ ოციანი წლების ბოლოს გადაუბირებიათ ის ტროცკისტებს და სტალინის მოსაკლავად დაუგეშავთ. „მე მთელი ეს პერიოდი ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი სტალინის მოსაკლავად“, – განაცხადა ფროლოვმა. თუმცა, მან ეს მაინც ვერ შეძლო – „ბრაუნინგიდან“ გასროლილმა ტყვიამ მიზანს ვერ მიაღწია.

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3