კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ადვილად აღარავის ვენდობი

სტუდენტობის პერიოდში მყავდა დაქალი – კესო, რომელიც ჩემს სხვა მეგობრებს არ მოსწონდათ და არც მალავდნენ ჩემთან თავიანთ განწყობას. მე ეს მწყინდა, რადგან კესო ძალიან მიყვარდა და ყველაფერში ვენდობოდი, რაზეც სულ მეჩხუბებოდნენ – არ არის ეგ გოგო შენი ერთგული, ძალიან შურიანია, ყველა საიდუმლოს ნუ უყვებიო. კესო ხვდებოდა ამას, ამიტომ თვითონაც არ იყო მათ მიმართ კარგად განწყობილი და მეუბნებოდა, მაგათ შენი ყველაფერი შურთო. ჩემს მეგობრებს იმ დონეზე არ ვუჯერებდი და ვბრაზდებოდი, რომ ყველას ჩამოვშორდი, კესო კი განსაკუთრებით ახლობელი გახდა ჩემთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავისი ძმის ძმაკაცი, ნიკა გამაცნო, რომელმაც ისე დამახვია თავბრუ, რომ, მეგონა, მასზე უკეთესი ბიჭი ქალაქში არ დადიოდა. არადა, მანამდე ერთი ბიჭი მიყვარდა და იმასაც ვუყვარდი, მაგრამ კესომ იმდენი ცუდი რამე მითხრა იმაზე, რომ დაგვაშორა. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ჩემი მეგობრები მართლები იყვნენ. მთელი ამ ამბების შემდეგ, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ნიკა ჩვეულებრივი ბაცაცა ქურდი იყო. თუმცა, რა შემთხვევით, რამდენჯერაც ჩემთან მოდიოდა კესოსთან, მის ძმასთან ან სხვა მეგობრებთან ერთად, მათი ყოველი წასვლის შემდეგ ხან რას ვეღარ ვპოულობდი ხოლმე სახლში, ხან – რას, მაგრამ, აზრადაც არ გამივლია, რომელიმეზე რამე მეფიქრა. ერთხელ კი ჩემმა დამ ცოტა მორიდებით მითხრა, თუ აკვირდები, ყოველთვის იმათი მოსვლის შემდეგ იკარგება ნივთებიო. ამის გამო სერიოზულად ვიჩხუბეთ, თუმცა, ჩემი დის ნათქვამი, როგორც ჩანს, ეჭვად ჩამრჩა გულში. ერთხელაც, მარტო ნიკა და კესოს ძმა მოვიდნენ ჩემთან. მე ორივეს მოვუმზადე ყავა, თვითონ კი ტუალეტში შევედი. ხელს რომ ვიბანდი, ოქროს ბეჭედი მოვიხსენი და სარკის თაროზე დავდე, მაგრამ მერე გაკეთება დამავიწყდა და იქ დამრჩა. წასვლამდე ჯერ კესოს ძმა შევიდა ტუალეტში, მერე – ნიკა. ჩემთან ცოტა ხანს დარჩნენ და წავიდნენ. ბეჭედი მხოლოდ დაწოლის წინ გამახსენდა. მაშინვე გავედი ტუალეტში, მაგრამ იქ არ დამხვდა. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. იმდენად ამერია ტვინი, რომ ეჭვიც კი შემეპარა, ეგებ სხვაგან შევინახე-მეთქი. გადავაქოთე ყველაფერი და, ვერსად რომ ვერ ვიპოვე, მხოლოდ მაშინ ვიფიქრე, რომ იმ ორიდან ერთ-ერთის აღებული იყო, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა. თუ ბრალს დავდებდი, ორივესთვის უნდა დამებრალებინა და მერე თვითონ უნდა გამოტეხილიყო, ვინც აიღო. როგორ არ ვაწყვე გეგმები, მაგრამ, მაინც ვერცერთს ვერ ვუთხარი. შემეშინდა, დედამ ან მამამ არ გაიგონ-მეთქი და, ამიტომ იძულებული გავხდი, დისთვის მეთქვა ჩემი გასაჭირი. ჩემმა დამ იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, ერთგვარი „ტესტი“ მოეწყო ორივესთვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ, ერთი ნაცნობისგან ორი ცალი პატარა ვიდეოთვალი ვითხოვეთ; ერთი ოთახში დავაყენეთ, ერთი – სააბაზანოში. მერე ოთახში ბუფეტზე 100-ლარიანი დავდეთ და ზემოდან ისე დავადეთ საფერფლე, რომ კუპიურის ნახევარი მოჩანდა; აბაზანაში კი ოქროსფერი საყურეები (ბიჟუტერია) დავაწყვეთ სარკის თაროზე. ამის შემდეგ, როგორც კი მშობლები სადღაც წავიდნენ ერთად, ნიკას დავურეკე და ვთხოვე, გამოიარე ჩემთან, მე და ჩემი და მარტო ვართ სახლში და რამე კარგ ფილმს ვუყუროთ-მეთქი. როგორც ყოველთვის, კესოს ძმასთან ერთად მოვიდა – ასე სიამის ტყუპებივით დადიოდნენ ხოლმე ყველგან. ცოტა ხანში ჩემმა დამ მითხრა, მაღაზიაში ჩავალ და ხუთ წუთში ამოვალო, ჟაკეტი მოიცვა და გავიდა. რამდენიმე წუთში მირეკავს, ფული დამრჩა და ჩამომიტანეო. მე ბიჭებს ვუთხარი, ახლავე დავბრუნდები-მეთქი და მეც გავედი. მე და ჩემს დას ეს ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა – გვინდოდა, ბინაში მარტო დაგვეტოვებინა ბიჭები. ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ მე და ჩემი და დავბრუნდით, ჩვენი სტუმრები კი კომპიუტერს უსხდნენ და რაღაც ფილმს უყურებდნენ, მაგრამ, აშკარად აფორიაქებულები  ჩანდნენ. მე თვალი გავაპარე ბუფეტისკენ და ასლარიანი იქ აღარ იდო. ჩემს დას თვალით ვანიშნე, სააბაზანოში შეიხედე-მეთქი. ის რამდენიმე წამში დაბრუნდა იქიდან და თავის ოდნავი გაქნევით მანიშნა, რომ იქ არაფერი აღარ დევსო. ამასობაში ჩვენი აწრიალებული სტუმრები წამოდგნენ და წასვლა დააპირეს. მაშინ ჩემმა დამ გასასვლელი კარი ჩაკეტა და ორივეს ძალიან მკაცრად უთხრა – ან ახლავე დააწყობთ მაგიდაზე ფულსა და საყურეს, ან პატრულს ვიძახებო. ორივემ თავი გაიგიჟა – ამას როგორ გვიბედავ და როგორ გვაკადრებო და მერე აქეთაც კი გადმოვიდნენ შეტევაზე. მაშინ ჩემმა დამ უთხრა, კამერები გვაქვს მთელ ბინაში დაყენებული და ჩაწერილ ვიდეომასალას პოლიციაში წავიღებთო. ამის მერე კი იკადრეს და ამოალაგეს ნაქურდალი, მაგრამ ახლა მე ვუთხარი, ამ რამდენიმე დღის წინ სააბაზანოდან წაღებულ ბეჭედსაც დამიბრუნებთ და იმ ნივთებსაც, რომლებიც სხვადასხვა დროს მომპარეთ, თუ არა და, თქვენს თავს დავაჭერინებთ-მეთქი. ნივთები აღარ გვაქვს, გავყიდეთ, ბეჭედი კი ხვალ უნდა გაგვეტანებინა გასაყიდად და ერთ საათში მოგიტანთო.

პოლიციას აღარ შევატყობინეთ, მაგრამ კესო დავიბარე და ყველაფერი მოვუყევი, თან საშინლად გავლანძღე, რადგან, აღმოჩნდა, რომ მან მშვენივრად იცოდა თავისი ძმისა და ნიკას საქმიანობის შესახებ. მაგრამ, ამაზე არანაკლებად მატკინა გული იმან, რომ, თურმე ჩემი ადრინდელი შეყვარებული თვითონ მოსწონდა და, რომ დავეშორებინეთ ერთმანეთს, იმიტომაც გამაცნო თავისი ძმის ძმაკაცი.

ამ ამბებიდან რამდენიმე წელი გავიდა. ცხადია, კესოს სამუდამოდ დავშორდი და ისევ ჩემს მეგობრებს დავუბრუნდი, რომლებიც ამ ბოროტი გოგოს გამო ჩამოვიშორე. მართალია, ძალიან ბევრი ნერვიულობა გადავიტანე, მაგრამ, ჭკუვაც ვისწავლე – მას მერე ასე ადვილად აღარავის ვენდობი.

მარიკა, 26 წლის.

 

გაუფრთხილდით თქვენს სიყვარულს და ერთმანეთს!

გწერთ ციხიდან. მინდა, მარადიული სიყვარული გისურვოთ და გთხოვოთ, რომ გაუფრთხილდეთ ამ გრძნობას, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. თუ ასე არ მოიქცევით, ჩემსავით ინანებთ და გვიან იქნება. მეც არ მოვუფრთხილდი ჩემს უდიდეს სიყვარულს, არ მოვუარე. მეგონა, რადგან მე მიყვარდა, მასაც სულ უნდა ვყავრებოდი ისეთი, როგორიც ვიყავი, მაგრამ, ასე არ ყოფილა. შევიკალი ის გოგო ჩემი არეული ცხოვრებით, გადავღალე, გადავწვი და ბოლოს იმ ზომამდე მივიყვანე, რომ სიყვარული შიშით შეეცვალა. ვგრძნობდი, რომ, კი არ ვუყვარდი, მხოლოდ ეშინოდა ჩემი. მაშინ ეს მაცოფებდა, უარესად ვიქცეოდი და ათას რამეში ვადანაშაულებდი, ახლა კი ვხვდები, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე ვაიძულე, რომ შევძულებოდი.

საერთოდ, როცა კაცი ოჯახს მოეკიდება, მით უმეტეს, თუ სიყვარულით ირთავს ცოლს და, თანაც, შვილი უჩნდება, თუ თავისი ქუჩური ცხოვრება არ მიატოვა, სიყვარულსაც დაკარგავს, ცოლ-შვილსაც და ჩემსავით მარტოდმარტო დარჩება. 7 წლის შვილი მყავს, რომელიც ხუთი წელია, არ მინახავს, უჩემოდ იზრდება და არც კი ვიცი, როგორია. ჩემს სანახავადაც არავინ მოდის, რომ ბავშვის სურათი მაინც მომიტანოს. არც ჩემს ყოფილ ცოლს მოუკითხავს არასდროს და, დარწმუნებული ვარ, ბავშვს ეუბნება, მამაშენი გარდაიცვალაო. არადა, იცით, როგორ ვუყვარდი? 

მე ახლაც ისევ ისე მიყვარს, მაგრამ ჩემი სიყვარული განწირულია, ვიცი, რომ მომავალი არ აქვს და, კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია.

ამიტომ, გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს!

გელა, 39 წლის.

скачать dle 11.3