კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იარა იზა გიგოშვილმა ფეხით ხუთი თვე იერუსალიმამდე და რა უცნაური რამ თქვა მან გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე

მისი ყველა როლი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად ძლიერი იყო, ისეთივე ძლიერი, როგორიც თავად გახლდათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უკურნებელი სენი შეეყარა. მან ამ საშინელ ავადმყოფობას სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა და, შვიდი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, დაჯაბნა კიდეც, მაგრამ... ის 2003 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა. დღეს ჩვენ ამ ნიჭიერ მსახიობს, არაჩვეულებრივ ქალბატონს, იზა გიგოშვილს გავიხსენებთ. მის დღიურებსა და ფოტოალბომს მისი ვაჟი ნიკა თავაძე დაგათვალიერებინებთ.                  

ნიკა თავაძე: „როცა დედა თეატრიდან წამოვიდა, მე და მამაჩემმა (მსახიობი და რეჟისორი მერაბ  თავაძე, – ავტორი) გადავწყვიტეთ საკუთარი თეატრი გაგვეკეთებინა. მსახიობისთვის, მით უმეტეს, ისეთი მსახიობისთვის, როგორიც იზა იყო, ძნელია, დარჩე სცენის გარეშე. ძველ თბილისში მივაგენით რაღაც მიტოვებულ ადგილს. ესეც ძალიან ძნელია – არაფრისგან რაღაც შექმნა. გავასუფთავეთ დამწვარი შენობა, იატაკი საკუთარი ხელით დავაგეთ და გამოვიდა ასეთი არაჩვეულებრივი თეატრი. 

რაც შეეხება რუსთაველის თეატრიდან იზას წამოსვლას... როგორ ავხსნა? როცა ცოლსა და ქმარს შორის კონფლიქტი ხდება, მათთვის მთავარი რჩება ნაყოფი. მე ასე ვიტყოდი, რომ იზასა და რობიკოს შემოქმდებითი ნაყოფი დარჩათ – ის, რაც მათ ერთად შექმნეს. იზა თვითონვე ამბობდა: როგორ უნდა ვიყო ნაწყენი ამ ადამიანზე, რომელთანაც შემოქმედებითად ყველაზე კარგი წლები გავატარე და ყველაზე ბედნიერი ვიყავიო. რა თქმა უნდა, წყენა იყო – იზა თეატრის გარეშე დარჩა, მაგრამ, იმასაც ამბობდა: რუსთაველის თეატრიდან წამოსვლამ სამეფო უბნის თეატრი შემაქმნევინა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარო და დახვდა თავის ყოფილ თეატრს თავისსავე თეატრში, რაც ძალიან სიმბოლური იყო – რუსთაველის თეატრში რემონტი ჰქონდათ და ცოტა ხნით აქ გადმოვიდნენ – 14 იანვარს, ძველით ახალ წელს შემოვიდნენ... ბოლო პერიოდი ლოგინიდან ვერ დგებოდა, ძალიან უნდოდა, რობიკოს დახვედროდა თავის თეატრში. ვუთხარი: მოდი, ასე გავაკეთოთ – როდესაც თეატრში შემოვლენ, ტელეფონზე დაგირეკავ და დაელაპარაკე რობიკოს-მეთქი. პარტერიდან სკამები ავალაგეთ, პატარა მაგიდები დავდგით, ხილი, ტკბილეული დავაწყეთ და, რომ შემოვიდნენ, უცებ აინთო ფოიერვერეკები და გაისმა მუსიკა „კავკასიური ცარცის წრიდან”. ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი. დავსხედით მაგიდებთან და იზამაც დარეკა – თეატრს სამეფო უბნის თეატრში შემოსვლა მიულოცა და უსურვა, რომ, ის ორი წელი, რომელსაც ისინი ამ თეატრში გაატარებდნენ, ბედნიერი და კეთილი ყოფილიყო მათთვის. 14 იანვარს ვიზეიმეთ და აღვნიშნეთ ეს ამბავი. 16 იანვარს იზამ უკვე გონება დაკარგა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა... იზას ავადმყოფობა 1997 წელს გავიგეთ. ყველანი გაოგნებულები ვისხედით და ვფიქრობდით – ახლა რა უნდა გავაკეთოთ, უნდა ვისხდეთ და ყოველდღე ველოდოთ საშინელებას? იქნებ, კიდევ იყოს რაღაც გამოსავალი-მეთქი. არავინ იცის, საიდან მოდის ავადმყოფობა და რა უნდა ჩვენგან. ეს არის სისხლის დაავადება, ხანგრძლივი და დაუნდობელი. ვინც მას იცნობდა, იცოდა, როგორი ვაჟკაცური ბუნების ქალი იყო. ამ ავადმყოფობას ფსიქოლოგიური ბრძოლა გამოუცხადა. ექიმები ამბობდნენ, ასეთი ძლიერი რომ არ ყოფილიყო იზა, ავადმყოფობა აქამდე მოერეოდაო...

ეს იყო თავის საქმეზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანი. ყოველთვის თეატრზე ფიქრობდა. არ მახსოვს დღე, წუთი, წამი, თეატრზე არ ეფიქროს. როდესაც ჩაწვა, მაშინაც მუშაობდა – პიესას წერდა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ტკივილები ჰქონდა. ფეხზე ვერ დგებოდა – ამბობდა, ფეხები არ მემორჩილებაო. მე ვეუბნებოდი: არა უშავს, ფეხები თუ არ გემორჩილება, მთავარია, ხმა არ დაკარგო, ანგინა არ დაგემართოს. ხმას რომ ამოიღებ, იმდენ რაღაცას ამბობ, ეგეც საკმარისია-მეთქი, – ასე ვამხნევებდი. ბოლო პერიოდში სულ მასთან ვიყავი. მელაპარაკებოდა, რომ თეატრში აუცილებლად უნდა დაიდგას „მეფე ლირიო”. ცოტა უცნაური რაღაცაც თქვა – თქვენ რას ფიქრობთ ლირი მე რომ ვითამაშოო. ეტყობა, თავისი ფიზიკით იგრძნო ლირის მდგომარეობა, თამაში რომ მოუნდა. წარმოიდგინა, რომ ლირი ასეთი იქნებოდა... მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მისი ბოლო როლი სცენაზე „შუშანიკის წამება” იყო. მისი ასეთი ნამუშევარი არსად მინახავს, „კავკასიური ცარცის წრის” ჩათვლით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ ბოლო როლში მთელი ამ წლების გამოცდილება ჩადო.  

მამა სულ თავს ევლებოდა. ასეთი მამაჩემი ჯერ არ მინახავს და ვერც წარმომიდგენია მამაკაცი, რომელიც ამის გამკეთებელია, რაც მან დედასთვის გააკეთა. მაშინ დავინახე, რამხელა სიყვარული ყოფილა მათ შორის. მან შეუძლებელი შეძლო... იზა ჩემი ძმაკაცი იყო, ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვიყავით. ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვარ მისით... იზა ყოველთვის უცნაური იყო. მაგალითად, როდესაც თქვა, იერუსალიმში ფეხით უნდა წავიდეო, მართლა  წავიდა. ერთ დღესაც, მე და მამაჩემი ვიღვიძებთ და სამზარეულოში ვსხდებით ჩაის დასალევად. ამ დროს, იზა შემოდის და ამ ამბავს გვეუბნება. როგორ უნდა მიიღო ეს, თუ არა იუმორით? კაი, ბატონო, როდის აპირებ და საგზალი რა გაგატანოთ-მეთქი. თქვენ ხუმრობთ და მე მართლა წავალო. მერაბიც სხვანაირი კაცია. ვფიქრობ, რომ, საყვარელ ადამიანს ყური უნდა დაუგდო, რა უნდა მას. მერაბმა წარმოიდგინა, მართლა რომ წავიდეთ იერუსალიმში ფეხით, როგორ შეიძლება ეს მოხდესო. დავსხედით ჩემს სიძესთან (დედის მხრიდან ნიკას დის ქმართან, – ავტორი), ოთარ ვეფხვაძესთან ერთად, რომელიც მხატვარია და დავიწყეთ ურიკების ხატვა. ეს ურიკები წელზე უნდა მოგვება, შიგ საგზალი, ტანსაცმელი, კარვები უნდა ჩაგვეწყო და ასე, ფეხით უნდა წავსულიყავით. შევიმუშავეთ ჩვენი მოგზაურობის ერთი ვარიანტი, მეორე, მესამე და, ბოლოს, ექვსთვიანი ფიქრის შემდეგ წავედით. ხუთი თვე ვიარეთ. ვიყავით: იზა, მე, მერაბი, ჩემი სიძე, ჩემი პატარა დისშვილი და კიდევ 15 მეცნიერი. თან გადამღები ჯგუფიც გვახლდა. მერაბმა ამ მოგზაურობაზე გააკეთა როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმი, სადაც იზა მთავარ როლს თამაშობს. ერთი სიტყვით, გავიარეთ ფანტასტიკური გზა, რომლითაც ჩვენი წინაპრები დადიოდნენ. ეს იყო 1990 წლის ზაფხულში. თაყვანი ვეცით მაცხოვრის საფლავს, მოვინახულეთ ჯვრის მონასტერი, გადავიღეთ ფილმი და წამოვედით. ვცხოვრობდით კარვებში. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო“. 

скачать dle 11.3