კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის და რატომ იწყება გაუცხოება ცოლ-ქმარს შორის, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ყველაფერი კარგად ჰქონდათ

თუ ვიტყვით, რომ ზოგჯერ სიყვარული საკმარისი არ არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის, შეიძლება, ვინმეს ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს. თუმცა ყოველდღიურობა სწორედ ამაში გვარწმუნებს. ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები იწყებენ ჩხუბს და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მათთვის აუტანელი ხდება. მერე კი, ერთბაშად აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ის უცხო ადამიანი კი, ვინც გვერდით ჰყავთ, არ არის ის, ვისთანაც სიცოცხლის ბოლომდე ისურვებდნენ ყოფნას... მაგრამ, ისეც ხდება, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან დაშორება არ უნდა.

ლიკა (37 წლის): სულ ვეკითხები საკუთარ თავს – ეს ყველაფერი როდის დაიწყო-მეთქი და პასუხი არ მაქვს. ექვსი წელია, გათხოვილი ვარ. მანამდე სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი და დაქორწინებას ძლივს მოვაბით თავი. ჯერ სანამ ფეხზე დავდექით... მერე ცალკე ბინა ვიყიდეთ და მოვაწყვეთ... ერთი სიტყვით, უცბად არ მომხდარა ყველაფერი. არც ქარაფშუტა და მცირეწლოვანი გოგო-ბიჭი ვიყავით, რომ რამე გააზრებული არ გვქონოდა.

– რას გულისხმობთ?

– ყველაფერს: ოჯახის დაგეგმვას, სამომავლო გეგმებზე ფიქრს, მსჯელობას – როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ხვალ... ძალიან სერიოზულად მივუდექით ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას – ამის თქმა მინდა. თითქოს ყველაფერი გავთვალეთ და განვსაზღვრეთ. სიყვარულიც იყო ჩვენ შორის, ნდობაც და პატივისცემაც. კარგად ვუგებდით ერთმანეთს, ნამდვილად ჰარმონიული წყვილი ვიყავით და რომანტიკაც არ გვაკლდა. რომ ამბობენ, ოჯახი რომანტიკას კლავსო, ასე არ ყოფილა... პირველი ორი წელი მაინც, რომანტიკულ ზღაპარში ვცხოვრობდი. მაშინაც კი მენატრებოდა, როცა გვერდით მყავდა. ამას მხატვრულად არ ვამბობ, ანუ, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ვგრძნობდით ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მართლა არ ვიცი, რა მოხდა, რატომ და როდის. ჩემი ქმარი მანებივრებდა, საოცარ სიურპრიზებს მიწყობდა. ყველა დღე დღესასწაული იყო ჩემთვის. მიხაროდა მის გვერდით ყოფნა. ხმის ამოუღებლად მესმოდა მისი. მარტო არსად დავდიოდი – სურვილი არ მქონდა, არ მიხაროდა. ემოციები დუღდა... 22 წლის წყვილს შეშურდება ის აღმაფრენა, რომელიც ჩვენს ურთიერთობას ჰქონდა... დღეს კი სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია და, არ ვიცი, რატომ.

– რისი თქმა გინდათ?

– იმის, რომ, ბოლო ერთი წელია, ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა და გართულდა. აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს. რატომ? – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. გრძნობა ისევ მაქვს, ანუ, მიყვარს და, დარწმუნებული ვარ, არც მას გასციებია გული ჩემ მიმართ, მაგრამ, რა ხდება, ვერ გამიგია. რაღაც მომენტში უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის. 

– ასე ერთბაშად მოხდა? სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ?

– სწორედ მიზეზის ძიებაში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ქმარს სხვა ჰყავს და ყველაფრის მიზეზი ეს არის, თუმცა რაღაც პერიოდი მართლაც ასე ვფიქრობდი, ვეძებდი და ვიქექებოდი. როცა მივხვდი, რომ ტყუილად ვწვალობდი, შევეშვი. ვერაფერი ვიპოვე, თუმცა, ფაქტია, რომ რაღაც ხდება. ერთმანეთს თითქმის აღარ ველაპარაკებით. დილა უღიმღამოდ თენდება, ასევე უღიმღამოდ ღამდება.  მინდა, მივიდე და რაღაც ვუთხრა, მოვეფერო, ჩავეხუტო, მაგრამ, რაღაც მიშლის ხელს... 

– ყოველთვის ასე ხომ არ იყო?!

– არა და სწორედ ამას გამოვყავარ წყობიდან. რა მოხდა, რატომ, რა ჩადგა ჩვენ შორის? ზოგჯერ მეჩვენება, რომ სრულიად უცხო ადამიანთან ვცხოვრობ – ეს ის კაცი არ არის, ვინც მიყვარდა და ვის გვერდითაც მინდოდა ცხოვრება.

თუმცა, ამბობთ, რომ, ისევ ისე გიყვართ, როგორც გიყვარდათ.

– რაღაც გაორებასავით მჭირს: როცა სახლში არ არის, როცა ჩემ გვერდით არ არის, საკუთარ თავს ვეუბნები, მენატრება, მენატრება-მეთქი და ერთი სული მაქვს, როდის მოვა და, დარწმუნებული ვარ, რომ იმ საღამოსვე შევძლებ ჩვენი ძველი ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ, არ გამომდის. თითქოს მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებ... უნდა გავიხსენო... თავი უნდა ვაიძულო...

– თქვენ შორის სერიოზული უთანხმოება რაზე იყო?

– სერიოზულს ვერ დავარქმევ. არც მიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდი, ასე შორს თუ წავიდოდა ეს ყველაფერი. რამდენჯერმე დავცინე მის კონკრეტულ შეხედულებებს; ვეკამათებოდი მის პოზიციასა და მოსაზრებებს... რამდენჯერმე უხეშად მივმართე. იმანაც არ დამაკლო... ვუთხარი, მდაბიო ხარ-მეთქი. არ მეგონა, ასე ძალიან თუ ეწყინებოდა. ჩაიდო გულში და დაიბოღმა. ვიცი, რომ, თუ ადამიანი გიყვარს, მის ღირსებას პატივი უნდა სცე, მაგრამ, მისი შეურაცხყოფა ან დამცირება ნამდვილად არ მიფიქრია. გვიან მივხვდი, რა გავლენა იქონია ჩემმა სიტყვებმა... უცებ აღმოვჩნდით ორი მტრული ბანაკივით, რომლებსაც რაღაცის გამო ზავი აქვთ დადებული. ვიცი ერთ-ერთმა მხარემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას და სრული კაპიტულაცია გამოაცხადოს, რომ ოჯახი გადავარჩინოთ, მაგრამ, ერთმანეთს მხოლოდ აუცილებელ საქმეებზე თუ ველაპარაკებით. ყინულია ჩვენ შორის და ვერ გავალღვე. ვხვდები, რომ ეს მე უნდა გავაკეთო.

– მაგრამ, გაუცხოება არ ნიშნავს გაშორებას...

– არა, ამაზე ვერც ვიფიქრებ, გამორიცხულია. სხვა კაცი არ მჭირდება, ჩემი ქმარი მაინც ყველაზე ახლობელია ჩემთვის და, ვერც წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. რთული სიტუაციაა საკმაოდ. მე ვიცი, რას ფიქრობს ჩემი ქმარი – მასაც უნდა სითბო და ალერსი ჩემგან; სიახლოვე და სიყვარული ენატრება.

– რატომ არ აძლევთ ამას?

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი. თითქოს ჯადო გამიკეთეს. მინდა, მართლა მინდა, ჩავეხუტო და ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვენი ურთიერთობის პირველ დღეებში, მაგრამ, რაღაც მაბრკოლებს. 

– ხვდებით, რომ ასე საქმე განქორწინებამდე მივა?

– დიახ, ვხვდები. ეს ის არის, რისიც ძალიან მეშინია. არ მინდა... ჯერ კიდევ არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ. უბრალოდ, მას ეშინია, რომ კიდევ ვეტყვი რაღაც ისეთს, რაც მის თავმოყვარეობას შეურაცხყოფს. მესმის მისი...

– უნდა დაელაპარაკოთ, ეს აუცილებელია.

– დიახ, მეც ვხვდები, რომ ეს უნდა გავაკეთო. იცით, არ მესმის, როგორ მივედი აქამდე იმ გიჟური სიყვარულის შემდეგ. გრძნობა ხომ ისევ არის, არ გამქრალა... ჩვენ შორის გაუცხოება იმით დაიწყო, რომ არ შევეცადეთ, გავრკვეულიყავით სიტუაციაში. მაგრძნობინა, რომ ეწყინა, მეც თავდაცვაზე გადავედი და არ გავარკვიეთ ჩვენ შორის სიტუაცია... არ ვილაპარაკეთ და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვერ შევამჩნიეთ, როგორ მივედით გაუცხოებამდე, განხეთქილებამდე. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ მე უნდა დავიწყო პრობლემაზე ხმამაღლა ლაპარაკი. ალბათ, ბოდიშიც, უნდა მოვუხადოთ ერთმანეთს – მხოლოდ მაშინ თუ შევძლებთ, ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. შანსი აუცილებლად უნდა მივცე მასაც და, უპირველესად, საკუთარ თავსაც. თან, ვერ წარმომიდგენია, რომ ჯერ კიდევ გუშინ ყველაფერი კარგად გვქონდა. ვფიქრობ, რომ მარტო მე და ჩემი ქმარი არ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, ანუ, არ ვართ გამონაკლისები. ლაპარაკი აუცილებელია, ნებისმიერ სიტუაციაში... ზოგჯერ ჩხუბიც კი კარგია, სერიოზულად ვამბობ, – გაჩუმება ქმნის პრობლემას, თანაც ისეთს, რომელსაც კიდევ უამრავი პრობლემა მოჰყვება. ერთხელ დატოვებ რაღაცას უთქმელს და, მორჩა – მერე, შეიძლება, ხმა საერთოდ ვეღარ ამოიღო. სკანდალამდე მისვლა არ არის საჭირო, მაგრამ, ჯანსაღი კამათის არ უნდა შეგეშინდეს, თორემ, ვერც მიხვდები, როგორ დაიწყება თქვენ შორის გაუცხოება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ოჯახისა და თქვენი ურთიერთობის გადარჩენის შანსი გაქვთ?

– ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ვცადო. ჩვენ, ქალები, ხშირად  იქ ვავლენთ თავმოყვარეობას, სადაც ამის აუცილებლობა არ არის. მთავარია, ეს შინაგანი ბარიერი დავძლიო. სიტყვით უფრო ადვილია, ვიდრე საქმით – ვერ ვდგამ პირველ ნაბიჯს.

– ანუ, რატომ ვერ შეამჩნიეთ თქვენ შორის დაწყებული გაუცხოება?

 – იმიტომ, რომ, მეგონა, თავისით მოგვარდებოდა პატარა გაუგებრობა. იმას რომ ეწყინა და დაიბოღმა ჩემს სიტყვებზე, მეც არ დავიხიე უკან – ასეთი რა ვუთხარი-მეთქი. ერთი წვეთით იწყება წყალდიდობა, ხომ გაგიგიათ... არ შეიძლება, ეჯიუტო ადამიანს, რომელიც გიყვარს. არ შეიძლება, მას გაეჯიბრო და პრინციპები გამოავლინო. სწორედ ეს უაზრო პრინციპებია, განხეთქილების ვაშლი. უარს იტყვი, დაელაპარაკო და მოუსმინო? – მიხვალ იქამდე, სადამდეც მე მივედი. ისეთ ჩიხში შეხვალ, საიდანაც, შეიძლება, ვეღარც კი გამოხვიდე...

скачать dle 11.3