კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიქმნა თამუნა მუსერიძის მაჭანკლობით 32 ქართული ოჯახი და რატომ არის ის პატიმრების რჩეული

მართალია, თამუნა მუსერიძეს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, მაგრამ მას არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს მეორე ქორწინებიდან, აკეთებს საქმეს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და ჰყავს მეგობრები, რომლებიც სულ მის გვერდით არიან. როგორც თავად ამბობს, ბედნიერია და ყოველთვის იბრძვის, ცხოვრებაში იმ მიზანს მიაღწიოს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაისახა. თუ როდის გაივლის ის წითელ ხალიჩაზე და არის თუ არა შეყვარებული, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

თამუნა მუსერიძე: მიზანდასახული ადამიანი ვარ და მეტ-ნაკლებად მივაღწიე იმას, რასაც ვგეგმავდი. ვერ გეტყვით, პირად ცხოვრებაში იღბლიანი ვარ-მეთქი, რადგან ორი ოჯახი დამენგრა.
– ორი ოჯახის დანგრევის მიზეზი მხოლოდ უიღბლობაა?
– უიღბლობაც და უჭკუობაც. თუმცა, არსებობს ოჯახები, ასევე უჭკუოდ რომ შეიქმნა და მერე მთელი ცხოვრება ერთად არიან. მე, ორივე შემთხვევაში, სიყვარულით გავთხოვდი. თუმცა, უჭკუობის გამო, ვერ შევინარჩუნე. როცა იცი, რა ნაბიჯსაც დგამ, რომ ამით ვერ შეინარჩუნებ ურთიერთობას, მაგრამ მაინც არ იშლი, ეს უჭკუობაა და მეტი არაფერი. ანუ, ზუსტად ვიცოდი, მაინც დავშორდებოდი, მაგრამ მიყვარდა, იმედი მქონდა, შეიცვლებოდნენ. მაგრამ მე კაცების შეცვლა არ გამომდის. ჩემი პირველი ქმარი – აჩი ფურცელაძე უახლოესი მეგობარი და ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია დღესაც. მეორე ქმართანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა, ცოტას ვფრთხილობ. რამდენჯერ უნდა დაგენგრეს ბოლოს და ბოლოს ოჯახი? თან, როცა შვილი გყავს, როგორ უნდა აუხსნა მას? წარმოიდგინეთ, შვილს უნდა მივაღებინო მამაკაცი მეორე მამად და რომ გავშორდე, ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვს რა ვუთხრა? ეს, მისთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იქნება. ალბათ, ამის გამოც არ მინდა, კიდევ ერთხელ გათხოვება. ჩემი შვილი, ყველაზე მთავარი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში. და იცით რით მგავს? სიჯიუტით. პრინციპული და ჭკვიანია, თავისი სამყარო აქვს. მასთან შემიძლია, ნებისმიერ თემაზე საუბარი. ახლა ხუთი წლისაა სანდრიკა და მთხოვს, კიდევ ერთხელ გათხოვდი, ძმა გამიჩინეო (იცინის). რა იცის, რომ ჩემი აუხდენელი ოცნებაა, მინდოდა მსახიობობა და ბევრი შვილი.
– ვფიქრობ, ეს აუხდნელი ოცნებები სულაც არ არის. მთავარია მონდომება. არ მეთანხმები?
– გეთანხმებით, არ არის აუხდენელი ოცნებები და იმედია, ამასაც ავიხდენ. 30 წლის ვარ, ერთი შვილი მყავს და კიდევ რამდენიმესაც მოვასწრებ (იცინის). რაც შეეხება მსახიობობას, ახლახან გადამიღეს ერთ-ერთ სერიალში. მართალია, პატარა როლია, მაგრამ მაინც ხომ ვთამაშობ? გამახსენდა, ბავშვობაში ადვოკატიც მინდოდა, გამოვსულიყავი და დამეცვა უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების უფლებები, მაგრამ ოჯახში ამის გამო კონფლიქტი მოხდა.
– კონფლიქტში რას გულისხმობ?
– რომ გაიგეს, ადვოკატობა მინდოდა, გადამაფიქრებინეს. მიაჩნდათ, რომ იურისტობა მამაკაცის პროფესიაა და არა ქალის. ამიტომ, გადავწყვიტე, მსახიობი გამოვალ-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ამ სფეროში ჩემი ადგილი არ იყო. თან, არ მიყვარს ისეთ ადგილას „შეტენვა”, სადაც ჩემი ადგილი არ არის. თუმცა, ოცნებებში სულ წარმომედგინა, როგორ ვითამაშებდი ჩემი ოცნების მამაკაცის, ალ პაჩინოს გვერდით და მერე როგორ გავივლიდით წითელ ხალიჩაზე „ოსკარების” დაჯილდოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით დავიჩაგრებოდი, მაინც თანახმა ვარ (იცინის).
– სანამ ოცნებები ახდება, მანამდე რეალური მამაკაცი არ დგას შენ გვერდით? გავიგე, გამოჩნდა ადამიანი, რომელზეც შეყვარებული ხარ, თუმცა ამას არ აღიარებ.
– დამიჯერეთ, მართლა არ დგას მამაკაცი ჩემს გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, ჭორები გავრცელდა. მართლა არ ვარ შეყვარებული, თორემ არ დაგიმალავდით. ვერ ვხვდები, საიდან იგონებენ ამდენ ზღაპარს. უამრავი ფოტო მიდევს სოციალურ ქსელში მამაკაცებთან გადაღებული, მაგრამ ერთი, კონკრეტული ამოიჩემეს და ყველა ამას მეუბნება, ხომ ხარ შეყვარეული მასზე და რატომ მალავო. მოკლედ, გამომაცხადეს ერთ-ერთი მსახიობის შეყვარებულად, რომელთანაც,  შეყვარებულის როლი ვითამაშე პირველ ქართულ მიუზიკლ-სერიალში „რა პატარაა თბილისი”. კი ვამბობდი, ეს როლი ჩემი ოცნების ახდენის პირველი საფეხურია, სამსახიობო კარიერაში-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია პირადულზე. უამრავი ჭორი გამიგია საკუთარ თავზე, მაგრამ როცა ეს ჭორი სხვა ადამიანსაც ეხება, არ მსიამოვნებს.  ამას წინათ, სოციალურ ქსელში დავდე ფოტო, რომელშიც ცოცხზე ვზივარ და ვითომ მივფრინავ. ვიღაც ქალმა მომწერა, ამ ფოტოს გამო, ცეცხლზე ხარ დასაწვავიო. მეცინებოდა, „ფეისბუქის” ჟანა დარკიც გავხდი-მეთქი (იცინის).
– თამუნა, პატიმრების რჩეულად რატომ მოგიხსენიებენ? ბევრი პატიმარი თაყვანისმცემელი გყავს?
– ძალიან ბევრი (იცინის). რადიოში რომ ვმუშაობდი, ციხეშიც მისმენდნენ და უნდა ნახოთ, რამდენ საჩუქარს, ხატებს, წიგნებს, სანთლებს და წერილებს მიგზავნიდნენ ციხიდან, რამდენი მირეკავს დღესაც. ერთმა დამირეკა და მითხრა, ციხეში გისმენდი, ახლა გამოვედი, მინდა გნახო, ცოლად მოგიყვანო და წყალტუბოში წაგიყვანოო (იცინის). ერთთან ვმეგობრობ კიდეც. რომ გამოვიდა, მნახა და დავმეგობრდით. სხვათა შორის, მომავალი ცოლიც მე გავაცანი.
– მართლია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უმაჭანკლე და დააოჯახე?
– თუ დამიჯერებთ, 32 ოჯახი შეიქმნა ჩემი მაჭანკლობით და არცერთის ქორწილში არ ვყოფილვარ. არ დამპატიჟეს და ცოტა მეწყინა. თან, მერე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, შენი სადღეგრძელო პერსონალურად დავლიეთო (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, ქართველი ერის დემოგრაფიული პრობლემა რომ მოვხსენი, ამის გამო, მედალი მეკუთვნის-მეთქი.
– ბოლოს, ისიც მითხარი, როგორ ინარჩუნებ ასეთ წონას და განწყობას, რომელიც პოზიტიურად გადამდებია შენგან?
– ვარჯიშით ვინარჩუნებ წონას. მყავს მწვრთნელი, რომელიც მკლავს და სულს მხდის. თქვენ წარმოიდგინეთ და, კუდუსუნის ძვალიც კი მოვიტეხე ვარჯიშის დროს. დამიჯერეთ, ქალისთვის მთავარი ბედნიერება ოჯახია და ქმარი, რომელიც არ არის აზიატი და არ მოსთხოვს ცოლს სახლში ჩაჯდომას. თუ ქალს სრულფასოვანი ოჯახი აქვს, აუცილებლად თავის საქმესაც გამონახავს, ფორმაშიც იქნება და დროს ყველას გადაუნაწილებს. მეც, საყვარელი მამაკაცისა და ოჯახის გამო, ბევრ დათმობაზე წავალ.
– ძალიან თამამი და ექპერიმენტების მოყვარული ხარ. დაფიქრდი და მიპასუხე, რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში?
– გავიკეთებდი ძვლების დაგრძელებას და სიმაღლეში მოვიმატებდი. მეტს არაფერს აღარ შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში.

скачать dle 11.3