კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზება მიიღო ნოდიკო ტატიშვილმა შვედეთის სამეფო კარისგან და რატომ დასტრიალებდნენ მას პრინცესები

რამდენიმე დღის წინ ნოდიკო ტატიშვილი სტოკჰოლმში ზამთრის სამეფო მეჯლისზე გახლდათ მიწვეული მომღერლის რანგში. მეჯლისზე მისმა ვიზიტმა მშვენივრად ჩაიარა და ემოციებით აღვსილი, ახალი შემოთავაზებებით დაბრუნდა თბილისში. გარდა ამისა, ის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ, კარგ ფორმას ისევ ინარჩუნებს.

ნოდიკო ტატიშვილი: ორი კილოგრამი მოვიმატე და მიხარია, რომ მეტი არ მომიმატია. ყველაზე მთავარი კი ის არის, დედაჩემი მაკონტროლებს და რომ ვჭამ, მეუბნება: გეყოფაო.
– ამდენი წლის შემდეგ ვარცხნილობაც შეიცვალე.
– ვარცხნილობის შეცვლა ჩემი სტილისტის, ბადრის დამსახურებაა. რამდენიმე წელია, მეხვეწება და როგორც იქნა, მივეცი ამის საშუალება. გაამართლა ჩემი იმედები. ცოტა ადრე რომ მივნდობოდი, უკეთესი იქნებოდა.
– ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმში იყავი სამეფო მეჯლისზე.
– ეს იყო ზამთრის სამეფო მეჯლისი, რომელიც საქველმოქმედო ხასიათისაა და იმართება დედოფალ სილვიას საქველმოქმედო ფონდის ეგიდით. შემოსული თანხა ამ ფონდში ირიცხება და უკვე დიდი ხანია, ის ბავშვებს ეხმარება. მოკლედ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. წელს ამ მეჯლისზე საქართველოს სამეფო ოჯახიდან მიწვეული იყო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელიც არაჩვეულებრივი ქალბატონია, თბილი. მას განსაკუთრებულად შეხვდნენ. მან კი დააჯილდოვა ორი პიროვნება, რომლებიც სისტემატურად ეწევიან ქველმოქმედებას. 
– როგორ ვიცი, შენამდე ამ მეჯლისზე არ ყოფილა ქართველი მომღერალი.
– არ ყოფილა. მე და სოფო გელოვანს დაგვიკავშირდნენ, „ევროვიზიიდან” გამომდინარე. სოფო ვერ წამოვიდა, რადგან ბავშვი ეყოლა, ჩემი ნათლული – აკაკი ლანდია. მთხოვეს, რომ მემღერა: „თბილისო“, „სულიკო“, „ევროვიზიის“ სიმღერა და ერთი მსოფლიო ჰიტი. წავედი ჩემი რეპერტუარით. საოცარი პატივისცემა იგრძნობოდა მათი მხრიდან ჯერ კიდევ დაკონტაქტების მომენტიდან. მეკითხებოდნენ: რომელი რეისით იმგზავრებთ, რომელი ავიახაზებით, ორ სასტუმროს გთავაზობთ და რომელში იცხოვრებთო. მოკლედ, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღეს. ვცხოვრობდი „გრანდ ჰოტელში“, რომლის დარბაზში 13 თებერვალს გაიმართა სამეფო მეჯლისი. ასეთი ლამაზი დარბაზი მე არ მინახავს. რაც შეეხება საზოგადოებას, „პერო-საზოგადოება“ იყო, მაგრამ ჩვენთან რომ არის ხელოვნურად, ძალით შექმნილი „პერო-საზოგადოება“, ჭერს რომ ურტყამენ ცხვირს, ასეთები  არა. ისინი ნატურალურად ასეთები არიან – ბუნებრივები, გულწრფელები, უშუალოები. ის, რაც ჩვენთან ხელოვნურად იქმნება, ერთი პეროს ნაცვლად 80 რომ აქვთ, იქ ასეთი რამ არ ყოფილა. ყველაფერი ძალიან ორგანული და ბუნებრივი იყო. მეჯლისს დედოფალი არ ესწრებოდა, მაგრამ იყო მისი დეიდაშვილი, სამეფო კარის წარმომადგენლები, ჰერცოგები, ლორდები, სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდგვაროვნები. მოკლედ, მსუყე, „მეჯესტი“ საზოგადოება იყო. თავი ლორდად, პრინცად ვიგრძენი.
– და მეგობრებმა დაგაბარეს...
– ძმაკაცებმა დამაბარეს, პრინცესები ჩამოგვიყვანეო, მეგობარმა გოგონებმა კი – პრინცებიო. ჯერჯერობით ვერ შევასრულე მათი თხოვნა. იქ ყველა კავალერთან ერთად იყო: ქალი და მამაკაცი. თან, ვინმე რომ შეათვალიერო, მიხვიდე და უთხრა: შენი გაცნობა მინდაო, ცოტა უხერხულია. ისე, ღამით, რომ დავიძინე, კი მესიზმრებოდა როგორ დამტრიალებდნენ თავზე პრინცესები.
– შენ  გარდა, ალბათ, სხვა მომღერლებიც აფორმებდნენ მეჯლისს.
– ჩემ გარდა, იყვნენ კიდევ შვედი მომღერლები, ძირითადად, იყო კლასიკური მუსიკა და ბოლოსთვის მე მომიტოვეს. როდესაც ოფიციალური მხარე დამთავრდა, მეორე დარბაზში გამოვედით. შემდეგ ისევ ძველ დარბაზში დავბრუნდით, რომელიც უკვე, როგორც იქ ამბობდნენ, „საცეკვაო დროისთვის“ იყო მოწყობილი. პირველად ვიმღერე „თბილისო“, აღმოჩნდა, რომ ბევრმა იცოდა ეს სიმღერა, მისამღერზე მყვებოდნენ, მოხიბლულები იყვნენ. შემდეგ დანარჩენი სიმღერები ვიმღერე, ძალიან კარგი აპლოდისმენტები მივიღე. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოშიც არ მქონია აპლოდისმენტების დეფიციტი, მაგრამ, როცა სხვა კონცერტზე ვყოფილვარ, თითქოს ერიდება ხალხს ტაშის დაკვრა. იქ, პირიქით: რასაც გრძნობენ, მომენტალურად გამოხატავენ, არაფერს იტოვებენ გულში. საკმაოდ დიდი ოვაციები იყო, ბედნიერი წამოვედი იქიდან და მეორე დღეს შევხვდი შვედეთში ჩვენს ელჩს, ბატონ კოტე ქავთარაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მე და სოფო „ევროვიზიაზე“ რომ ვიყავით, ბატონი კოტე ძალიან დაგვეხმარა – ქართული საღამო გააკეთა, ჟურნალისტები დაპატიჟა, დააგემოვნებინა ქართული ღვინო, სამზარეულო. ზედ გადაგყვა ისიც და მთელი საელჩოც. ასევე, არაჩვეულებრივი ადამიანები, ქართველი ცოლ-ქმარი მუშაობს საელჩოში. მათაც შევხვდი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ საელჩოს ჰქონია ქართული საკვირაო სკოლა, სადაც დაახლოებით 20 ბავშვი დადის და სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას.
– მეჯლისის თემას დავუბრუნდეთ.
– ვახშამიც ძალიან კარგი იყო: მარცხენა მხარეს რომ ძალიან ბევრი ჩანგალია და მარჯვენა მხარეს – ბევრი დანა, წინ კი – კოვზები, ჭიქების მრავალფეროვნება. გვემსახურებოდნენ მიმტანები, რომლებიც იყვნენ 60 წლის ზევით, სპეციალურად ჰყავდათ შერჩეულები. ვახშამი იყო ძალიან გემრიელი. დედამ ადრე მითხრა: როდესაც ასეთ მეჯლისზე მოხვდები, ჭამა ბოლო დანით და ჩანგლით უნდა დაიწყოო და ასე მიჰყვეო. მოკლედ, დედაჩემის რჩევას მივყევი და არ შევრცხვი, ვიჯექი ბეჭებში გამართული. კლასიკურმა მუსიკამ ისე დაამშვენა საღამო, რომ საბოლოოდ, ამ ყველაფერმა ჩემზე წარუშრელი შთაბეჭდილება დატოვა – მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩემია. მერე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვეუბნებოდი, იქნებ ჩვენთანაც გაკეთდეს ასეთი სახის საქველმოქმედო საღამო-მეთქი და მეც მაქვს ამის სურვილიო.
– აშკარად სამეფო კარის მომღერლობა მოგინდა.
– ჰო, ზუსტად ის მაკლდა, რომ სამეფო კარის მომღერალი ვყოფილიყავი. თან, პირდაპირ შვედეთის სამეფო კარიდან დავიწყე.
– სტოკჰოლმის დათვალიერება მოახერხე?
– სიმართლე გითხრა, არაბუნებრივად ციოდა, ყინავდა. ერთხელ გავედი, სუვენირები ვიყიდე, ერთი, ორი ფოტო გადავიღე. ძალიან მაგარ ადგილას ვცხოვრობდი, სასტუმრო „გრანდ ჰოტელში“, რომლის მოპირდაპირე მხარეს არის სამეფო სასახლე, ხოლო გვერდით შენობა, სადაც „ნობელის კომიტეტია“ განთავსებული. როგორც მითხრეს, იქ მეფეს არ უშვებენ. მეჯლისზევე დამპატიჟეს უკვე მეფის მეჯლისზე, რომელიც სამეფო დარბაზში გაიმართება აპრილში. ვნახოთ, როგორ მოვახერხებ, რადგან სხვა გასტროლებიც მაქვს. გარდა ამისა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მაისში შეიძლება, მე და სოფოს შვედეთში გვქონდეს კონცერტები. ყველაზე საინტერესო რაც გავიგე, ეს იყო, რომ შვედეთში ჰქონიათ „სტრესის შვებულება“. მაგალითად, ადამიანი გადადის გზაზე, ავტომობილმა დაუსიგნალა, შეეშინდა, სტრესი მიიღო. მიდის სამსახურში, წერს, რომ სტრესი მიიღო და იღებს შვებულებას თავის ანაზღაურებით.
–  რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში?
– ჯერ ისრაელში გვაქვს კონცერტი, იქ მივდივარ. 20 მარტს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ტარდება ბასილაიას ხსოვნის საღამო, რამაც ძალიან გამახარა. რა თქმა უნდა, „ივერიის“ წევრები და ბასილაიას ოჯახის წევრები დაესწრებიან. ასევე, ვიქნებით ახალგაზრდა თაობიდანაც მომღერლები და  ძალიან მაგარი ბენდი. გამიხარდა, რომ ასეთი სერიოზული სახით კეთდება მაესტროს საღამო.

скачать dle 11.3