კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭკუაზე მოიყვანეს

ბინა ღარიბული და გულისამრევად ჭუჭყიანი იყო. მისი უბადრუკი ინტერიერი და ავეჯი მხოლოდ იმას არ მოჰგვრიდა ზიზღს, ვინც ქუჩაში ათევდა ღამეს, თუმცა იქ მყოფ მამაკაცს ეს ამბავი დიდად არ აწუხებდა. უშნოდ გამოჩირკვნილ ხის მაგიდასთან იჯდა და მსხვილკალიბრიან რევოლვერს წმენდდა. ოთახში სუფთა და ახალი მხოლოდ გატეხილ ტელევიზორზე მიფენილი აბაზანის პირსახოცი და მამაკაცის  ერთი წყვილი სამოსი იყო თავისი ფეხსაცმელებითურთ. კარი სწრაფად გაიღო და ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, თითქმის ბავშვი – ოცი წლის ძლივს იქნებოდა.
– ეს კარი ღია რატომ არის? შემოსასვლელი კარიც თავისუფლად გავაღე. ჩემ მაგივრად ის რომ მოსულიყო? ძალიან გაუფრთხილებლად ხომ არ იქცევით?
ახალგაზრდა კაცს მაფიის წევრებისთვის დამახასიათებელი კოსტიუმი ეცვა – შავი და ტანზე კარგად მომდგარი, თანაც ორბორტიანი. ფართო ჰალსტუხიც ეკეთა. ხმაც ნერვულად უჟღერდა.
ჰოგანმა ირონიულად შეხედა და მხრები აიჩეჩა.
– ვინ „ის“?
– როგორ თუ ვინ? ის, ვინც უნდა მოვკლათ. ჩვენ ხომ ერთ საქმეზე ვართ აქ. ადრე კი მოსულხართ... ამბობენ, ძალიან მაგარი ვინმეაო, ლეგენდააო...
– ლეგენდებიც კვდებიან – ყრუდ, პირქუშად ჩაილაპარაკა ჰოგანმა. ახალგაზრდამ ოთახი მოათვალიერა. უცებ პირსახოცი და ტანსაცმელი შენიშნა.
– ეს რა არის? თქვენია? საინტერესოა... რიტუალი გაქვთ? შესრულებული სამუშაოს შემდეგ ბანაობთ?
ჰოგანმა ეჭვით აათვალიერა:
– მოიცა, შენ ახალბედა ხომ არ ხარ? პირველად გამოგიშვეს საქმეზე?
– არა, რა თქმა უნდა. მენისთან ეს ჩემი მეოთხე კონტრაქტია. მანამდეც მქონდა რამდენიმე საქმე... ჰო, მართლა, მენიმ რამე გითხრათ ჩვენი კონტრაქტის შესახებ?
ჰოგანმა უკმაყოფილოდ შეხედა.
– მომისმინე. ჯერ ერთი, არასდროს არავის უთხრა შენი ნამდვილი სახელი და არც კონტრაქტის დეტალები განიხილო თუნდაც პარტნიორთან – ჩვენს საქმეში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება დღევანდელ სამიზნეს, ვიცი მხოლოდ ის, რომ იმავე საქმით არის დაკავებული და ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან მაგარი ვინმეა, ძალიან... მაგრამ მე ეს ნაკლებად მაღელვებს, ხელი არ ამიკანკალდება.
– და მაინც, რატომ დატოვეთ კარი ღია?
– იმიტომ, რომ, ვიცოდი, პირველი შენ მოხვიდოდი. ის პუნქტუალური ტიპია, სხვანაირად მაგარიც ვერ იქნებოდა. არა, შენ აშკარად ახალბედა ხარ.
ჯიმიმ თვითკმაყოფილი იერით გაიცინა:
– მე?! მე ვსპობ პრობლემებს, მით უმეტეს – ცოცხალ პრობლემებს. ასე იყო მეისონის შემთხვევაშიც.
– მეისონი შენ მოკალი? ეს შენ იყავი? – ჰოგანს ჩაეღიმა, – მართლა? საინტერესოა... ეგ რა გაქვს, პისტოლეტი?
– ჰო, ძალიან მოსახერხებელია. თან, არასდროს გიმტყუნებს. რევოლვერმა, თანაც მსხვილკალიბრიანმა, შეიძლება, ერთხელაც, არ გაისროლოს ცივსისხლიანად და შეუბრალებლად – ეს არის ჩემი პრინციპი, – ამაყად წარმოთქვა ახალგაზრდამ. სხვათა შორის, იმ ტიპმა, რომელსაც ველოდები, მენი „გადააგდო“. მე რაღაც დეტალები ვიცი.
– ძალიან ბევრს ლაპარაკობ... იმაზე ბევრს, ვიდრე საჭიროა. შენს ადგილას გავჩუმდებოდი და იარაღს გავწმენდდი.
ახალგაზრდა რაღაცის თქმას აპირებდა, უკმაყოფილოდაც კი შეიჭმუხნა, მაგრამ, ერთბაშად შეკრთა და დაიძაბა.
– მგონი, შემოსასვლელი კარის ხმა იყო... თქვენ ვერ გაიგეთ?
ჰოგანმა თავი გააქნია.
– აშკარად რაღაც ხდება იქ... ვნახავ...
– იარაღი აქ დატოვე და ჩუმად გაიხედე, – ჭკუა დაარიგა ჰოგანმა. ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა – პისტოლეტი მაგიდაზე დადო. მერე ისევ აიღო და ფრთხილად გაიხედა დერეფანში. ნელ-ნელა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ფრთხილობდა. ცდილობდა, ნაკლები ეხმაურა. პისტოლეტი გასასროლად შემართული ეჭირა... ამასობაში ჰოგანმა სწრაფად გადატენა რევოლვერი და მარჯვენა მხარეს დაიდო... ერთბაშად გულისგამგმირავი ყვირილი გაისმა და ცარცივით გაფითრებული ჯიმი ოთახში შემოვარდა:
– ღმერთო! აბაზანაში გვამია და იქაურობა სულ სისხლშია მოსვრილი. გესმით? იქ... – სწორედ ამ მომენტში ჰოგანი წამოხტა, რევოლვერის ლულა მარჯვედ მიადო შუბლზე, ხელიდან კი პისტოლეტი გამოჰგლიჯა.
– არ გაინძრე! – მკაცრად ჩაულაპარაკა და პისტოლეტი ზურგს უკან, ქამარში გაირჭო, რევოლვერი კი არ მოუშორებია. ჯიმის თვალები ისევ გაფართოებული ჰქონდა, მერე გაჭირვებით ამოილუღლუღა:
– მიხვდი. ის ძალიან ადრე მოვიდა და ჩემს მოსვლამდე მოამთავრეთ ყველაფერი. შესაბამისად, მთელი ფული თქვენ გინდათ. გამოვიცანი? ღვთის გულისათვის, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დაიმსახურეთ თითოეული დოლარი. აიღეთ და მოიხმარეთ. მე ვეტყვი მენის...
– გაჩუმდი! ვერაფერიც ვერ გაიგე... ლეგენდა ეს მე ვარ, აბაზანაში კი ის არის, ვისთან ერთადაც უნდა მოგეკალი...
ჯიმი აკანკალდა. ჰოგანმა კეფაში, თმაში ჩასჭიდა ხელი და მაგრად მოქაჩა:
– ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთო, ლაწირაკო! ესე იგი, მეისონი შენ მოკალი? რა სასაცილოა! მე მახსოვდა, რომ ეს მე გავაკეთე... იცი, ალბათ, რაც გელოდება. მე შანსს არავის ვაძლევ, საკუთარ თავსაც კი...
– არ მომკლათ, ძალიან გთხოვთ... მე, მე, საერთოდ გავქრები... დავიკარგები.... ჩემ შესახებ ვერასოდეს ვერაფერს გაიგებთ. საფულეში ფული მაქვს, აიღეთ, თქვენი იყოს... მე... მე... მართლა პირველად ვიყავი საქმეზე. არასდროს არავინ მომიკლავს. მაგ პისტოლეტიდან არც კი გამისროლია...
– გეყოფა... ვერ ვიტან, როცა ბევრს ლაპარაკობენ! ვეღარ ვითვლი, რამდენი გამისტუმრებია საიქიოში... ზოგი თვალდახუჭული კვდება, ზოგი პირდაპირ მიყურებს, ბოლო წუთებამდე.
ჯიმი ატირდა:
– არ მომკლა... გემუდარები... არ მომკლა... ღმერთს გეფიცებით, მართლა ვეღარასოდეს მნახავთ... ჩემ შესახებაც კი ვერაფერს გაიგებთ. თუ მოგატყუებთ, მიპოვეთ და მომკალით... – ბიჭი უკვე მთელი ხმით ღრიალებდა და კანკალებდა...
– შემთხვევით, ხომ არ ჩაიფსი, პატარავ? – ჰოგანმა მის შარვალს შეხედა, – კარგი, ზუსტად ათი წამი გაქვს და ორი უკვე გავიდა... – ჰოგანს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ჯიმი უკვე კისრისტეხით გარბოდა. გაისმა კარის გაჯახუნების ხმა...
ჰოგანმა ამოიოხრა და ისევ მაგიდას მიუჯდა. რამდენიმე წუთში ოთახში ერთიანად სველი და რაღაც წითელი, გაურკვეველი ნივთიერებით მოთხუპნული კაცი შემოვიდა.
– კიდევ ცოტა ხანიც და გავითოშებოდი იმ აბაზანაში. რა საჭირო იყო, მაინც ვერ ვხვდები. ვითომ დივანზე რომ წამოვწოლილიყავი, არ დაიჯერებდა?
– ნუ ხარ სულელი. მე პროფესიონალი ვარ და მოვიქეცი ისე, როგორც რეალურად მოვიქცეოდი ასეთი სცენარის დროს. აიღე პირსახოცი და მშრალი ტანსაცმელი. მენი კი იდიოტია... როგორ მოუვიდა აზრად ასეთი რამე დაევალებინა – ჩემი საშუალებით ჭკუაზე მოეყვანა თავისი დისშვილი, რომელსაც, თურმე, დაქირავებული მკვლელის პროფესია იზიდავს?!
– რა გინდა, დღეის შემდეგ აღარ მიიზიდავს, – გაიცინა ბლეიკმა, – შენ სამუდამოდ დაუკარგე ამის სურვილი.
– იმედია, – ჩაილაპარაკა ჰოგანმა უხალისოდ, – მაგრამ, თუკი მენი კიდევ მოინდომებს, მსგავს სპექტაკლში მიმაღებინოს მონაწილეობა, თავად მას გავაგორებ... პროფესია – პროფესიაა... საფრთხობელა არ ვარ, ვინმე შევაშინო, მით უმეტეს, ასეთი ლაწირაკები... ჩაიფსა შიშით, წარმოგიდგენია?
– გავიგონე, ფულს როგორ გთავაზობდა. რატომ არ გამოართვი?
– ბლეიკ, რა ვერ გაიგე? მე პროფესიონალი ვარ. თუ ენას არ გააჩერებ, იმ აბაზანაში კიდევ ერთხელ მოგიწევს ჩაწოლა, ოღონდ, ახლა სამუდამოდ... ფუჰ, რა საზიზღრობაა... პირველად მომცეს ფული ვიღაცის არა მოკვლაში, არამედ შეშინებაში... საზიზღარი განცდაა!..

скачать dle 11.3