კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ყაჩაღობდნენ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები და რატომ მოიკლა თავი კაბინეტში ციხის მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა

ნაცნობი ხელწერა
1973 წლის 16 აპრილს თბილისში მოქალაქე პავლე ჩოჩიშვილის ბინა გაძარცვეს. ჩოჩიშვილი იუველირი იყო.
– თელასიდან ვარ. თქვენს ხაზზე დენის მოპარვა ფიქსირდება და უნდა შევამოწმოო, – მითხრა მამაკაცის ხმამ და კარი რომ გავაღე, ბინაში სამი ნიღბიანი კაცი შემომივარდა. მათ ფული და ოქრო მოითხოვეს. მე ხუთასი მანეთი და ორი ოქროს ძეწკვი გამოვიტანე, მათ კი მეტი მოინდომეს და, რომ ვუთხარი, არ მაქვს-მეთქი, ერთ-ერთმა მათგანმა თვითონ დაიწყო ძებნა, ჩემს სამალავს მიაგნო და ყველაფერი წაიღეს. მე კი წასვლის წინ პირში ჩვრები ჩამტენეს და რადიატორზე მიმაბეს, – უთხრა პავლე ჩოჩიშვილმა მაიორ წულაიას, რომელიც ამ დანაშაულს იძიებდა. გურამ წულაიას გაეცინა და თავის ხელქვეითებს მიუბრუნდა:
– „კლოუნის” ხელწერას ჰგავს. როგორც ჩანს, მას მიმბაძველი გამოუჩნდა.
– რატომ მიმბაძველი, ამხანაგო მაიორო? – იკითხა მერაბ ქორქიამ, რომელიც წულაიასთან სტაჟირებაზე იმყოფებოდა და პირველ საქმეზე მუშაობდა.
– იმიტომ, უმცროსო ლეიტანანტო, რომ, „კლოუნი“, იგივე ზურაბ ჯიქია, პატიმრობაში იმყოფება, რვა წელი აქვს მისჯილი და სასჯელს რუსთავში იხდის, – მიუგო სტაჟიორს წულაიამ, შემდეგ კი ყველა ხელქვეითს მიმართა:
– მოკლედ, ასე: ყურადღება მიაქციეთ გადამყიდველებსა და საკომისიო მაღაზიებს – შესაძლოა, მძარცველებმა იქ მიიტანონ ძვირფასი ნივთები, – შემდეგ კი წულაია სტაჟიორს მიუბრუნდა: შენ კი, ქორქია, არქივში წადი და კლოუნის საქმეები შეისწავლე, ყველა მათი „პაძელნიკის” ვინაობა ამოიწერე და დაადგინე, ვინ სადაა. გასაგებია?
ძვირფასი მედალიონი
ჩოჩიშვილის გაძარცვიდან ერთი კვირის თავზე, ანუ, 23 აპრილს, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე საიუველირო საკომისიო მაღაზიის გამგემ, ამბაკო კაკაბაძემ, გურამ წულაიას  ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული ორასგრამიანი ჯაჭვი მიუტანა, რომელზედაც მსხვილი მედალიონი ეკიდა, მასზე კი ზოდიაქოს ნიშანი – თხის რქა იყო გამოსახული. კაკაბაძე წულაიას კარგად იცნობდა და უთხრა:
– ეს, თუ არ ვცდები, ნაძარცვი ნივთი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, შენ რომ ნივთების სია მომეცი, აღწერილობით ერთ-ერთს ჰგავს.
– კი. ეს არის, – თქვა წულაიამ, – ვინ მოიტანა?
– ერთი ტიპია, პლეხანოველი. „წვინტლიანს“ ეძახიან. ჩვენთან ხშირად მოაქვს ხოლმე სხვადასხვა ბარახლო და იაფად გვაბარებს. კარტოჟნიკია და თამაშობს, – უთხრა კაკაბაძემ წულაიას, – ძალიან გამიკვირდა, ასეთი ძვირფასი ნივთი რომ მოიტანა. სამას მანეთს ითხოვს, არადა, ეს მედალიონი მინიმუმ სამი ათასი ღირს. საღამოს ფულისთვის მოვა და მიხედე.
წვინტლიანი, იგივე 29 წლის მალხაზ კობეშავიძე, საღამოს 5 საათზე საიუველირო მაღაზიიდან გამოსვლისას აიყვანეს და მილიციის სამმართველოში მიაბრძანეს. 
– საიდან გაქვს ეს მედალიონი? ჰკითხა მას წულაიამ.
– ვიპოვე, – მიუგო კობეშავიძემ მაიორს, – გუშინ პადიეზდიდან რომ გამოვედი, იქვე ეგდო.
კამერაში იფიქრე და თუ სიმართლის თქმას მოისურვებ, ხვალ მომიყევი, – უთხრა წულაიამ წვინტლიანს და საკანში გაისტუმრა, თავად კი ჩაილაპარაკა: აქ რაღაც სხვა ამბავია. წვინტლიანი ყაჩაღს არ ჰგავს, სიმართლეს ამბობს და უნდა გავუშვა. მე მგონი, ვიღაცა ცდილობს, ჩვენ ტყუილ კვალზე გაგვიშვას.
საინტერესო დამთხვევა
მერაბ ქორქიამ ოთხი დღე თავაუღებლად იმუშავა არქივში, კლოუნის ექვსი საქმე საფუძვლიანად დაამუშავა და მაიორს ზურაბ ჯიქიას ათი „პაძელნიკის” სრული მონაცემების სია გადასცა. წულაიამ ყველა მონაცემი დეტალურად გააანალიზა და ერთობ საინტერესო დეტალს მიაგნო. აღმოჩნდა, რომ, რეციდივისტი ზაზა გიორგაძე და წვინტლიანი, იგივე მალხაზ კობეშავიძე, გვერდიგვერდ ეზოებში ცხოვრობდნენ. გიორგაძე დაპატიმრებული იყო და სასჯელს კლოუნთან ერთად იხდიდა რუსთავის კოლონიაში. მაიორმა წულაიამ თავი გააქნია და თქვა:
– ძალიან საინტერესო დამთხვევაა. ვფიქრობ, რომ, კლოუნს, გიორგაძესა და წვინტლიანს ერთმანეთთან კავშირი აქვთ.
– პაძელნიკები არიან? – იკითხა უმცროსმა ლეიტენანტმა.
– არა, უბრალოდ, კლოუნი ჩვენს ყალბ კვალზე გაშვებას ცდილობს და ამისთვის წვინტლიანს იყენებს.
– ეგ როგორ, ამხანაგო მაიორო?
– ვფიქრობ, რომ წვინტლიანს სამკაული მართლაც დაუგდეს და ეს კლოუნისა და გიორგაძის ბრძანებით გაკეთდა.
– რა აზრი ჰქონდა ამას, ისინი ხომ ციხეში სხედან და დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ? ასეთი რამის გაკეთებას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა დანაშაულს ჩაიდენ და სხვას გადააბრალებ, – უთხრა ქორქიამ მაიორს, რომელმაც თავი გააქნია და მიუგო:
– მართალს ამბობ, მაგრამ უნდა დავადგინოთ, კლოუნი და გიორგაძე სულ ციხეში სხედან თუ, ისინი ვინმეს პერიოდულად გამოჰყავს გარეთ .
– ეგ როგორ, მაგათ ვინ გამოუშვებს?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, მგონია, რომ ჩოჩიშვილი სწორედ კლოუნისა და მისი პაძელნიკების გაძარცულია. ამიტომ, ციხეში ჩვენი კაცი უნდა შევუშვათ და ყველაფერი გავარკვიოთ. რას იტყვი, მერაბ, შეძლებ ამას?
– შევძლებ, ამხანაგო მაიორო!
ოპერაცია „ოქროს ზოდები“
1973 წლის 4 ივნისს, რუსთავის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში 23 წლის პატიმარი მიიყვანეს, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ახალბედა პატიმარი კარლო მელქაძე იყო და საკუთარ თავს „ალპინისტს“ უწოდებდა. ის ქალაქ სოჭში, იუველირის ძარცვისა და მისი დაჭრისთვის გაასამართლეს, საქართველოში კი იმიტომ ჩამოიყვანეს, რომ ფული გადაიხადა და არ გააციმბირეს. სინამდვილეში, ახალგაზრდა პატიმარი უმცროსი ლეიტენანტი მერაბ ქორქია იყო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დამუშავებული ოპერაციის მიხედვით მოქმედებდა. ოპერაცია ძალიან გასაიდუმლოებული იყო, რადგან, ეჭვი ჰქონდათ, რომ დანაშაულში მილიციის მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულები.
„ალპინისტი“, სინამდვილეში კი მერაბ ქორქია, ადვილად დაუახლოვდა კლოუნსა და ზაზა გიორგაძეს, მათი ნდობა მოიპოვა და მათთან ერთად ერთ ბარაკში ცხოვრობდა. პატიმრობიდან სამი თვის შემდეგ, ანუ 6 სექტემბერს, კლოუნმა და გიორგაძემ ალპინისტი დაიმარტოხელეს და ჯიქიამ მას უთხრა:
– შენ რომ თქვი, სოჩელ იუველირს სარდაფში ოქროს ზოდები აქვსო, მართალია თუ გვაბოლებდი?
– გაბოლებდით?! – გაეცინა ალპინისტს, – ზუსტად ვიცი, რომ მას ათი ათკილოგრამიანი ზოდი აქვს გადამალული. ის და ბიძაჩემი პაძელნიკები იყვნენ, ერთად იბრძოდნენ და დაცემული ბერლინიდან ტანკით ჩამოიტანეს. ბიძაჩემს პარალიჩი დაემართა და დაიბრიდა, მაგრამ, მე მაინც გამაგებინა ეს და იმ იუველირს იმიტომ შევუვარდი ბინაში. რომ არა მისი ავჩარკა, ახლა ეს ოქრო ჩემი იქნებოდა და ციხეშიც არ ვიჯდებოდი.
– აქედან რომ გაგიყვანოთ და საქმის გაკეთებაში დაგეხმაროთ, თანახმა ხარ, რომ ეგ ოქრო ხუთ ნაწილად გაყო? – ჰკითხა ალპინისტს  კლოუნმა.
– დამცინით?
– არა, სერიოზულად გეუბნები.
– პაბეგი უნდა ავიკიდო?
– ჯერ თქვი, თუ გაწყობს.
– მაწყობს რომელია, ოცი კილო ოქრო ერთ კაცზე მთელი ქონებაა.
– ესე იგი, გაწყობს?
– რა თქმა უნდა. მაგრამ, რომ გავიქცევით, მთელი ძაღლობა ფეხზე დადგება, ძებნას დაგვიწყებენ და, შეიძლება, სოჩაში ჩასვლა გაგვიჭირდეს.
– დარდი ნუ გაქვს. აქედან „ძაღლები” გაგვიყვანენ და არც არავინ დაგვიწყებს ძებნას. მერე კი საქმეს რომ გავაკეთებთ, „ძაღლებს” გადავაგდებთ, ოქროს მოვხვეტავთ და უცხოეთში მოვხევთ, – უთხრა კლოუნმა, – ზონის უფროსი და სპეცნაწილის გამგე ხელს გვიწყობენ და ასე გავაკეთეთ ორი საქმე.
– მოსულა, ძმაო. მიდი!
1973 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ჯიქია, გიორგაძე და ალპინისტი, განსაკუთრებული განყოფილების უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა გენადი მიქატაძემ საკუთარი მანქანით გამოიყვანა კოლონიიდან და თბილისში ჩამოიყვანა, წასვლის წინ კი კლოუნს მიმართა:
– აბა, თქვენ იცით, არ დაიწვათ. დილის ხუთ საათზე მოვალ და უკან წაგიყვანთ.
მიქატაძე რომ წავიდა, ალპინისტმა კლოუნს უთხრა:
– რა დილის ხუთ საათზეო, მარტო სოჩაში ჩასვლას მოუნდება უფრო მეტი დრო.
– მოვატყუე. მას ჰგონია, რომ თბილისში ვჩალიჩობთ. კაროჩე, წავედით! ჩვენი პაძელნიკები ვაგზალზე გველოდებიან და „ერევანი-მოსკოვს“ მივყვებით.
ერთი საათის შემდეგ, ანუ, 1973 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 10 საათზე, მილიციის ოპერჯგუფმა კლოუნი და მისი ბანდის კიდევ სამი წევრი თბილისის რკინიგზის სადგურზე აიყვანა; პარალელურად კი, რუსთავის კოლონიაში კოლონიის უფროსი, პოლკოვნიკი ოთარ მაისურაძე და პოდპოლკოვნიკი გენადი მიქატაძე დააპატიმრეს. შემდგომმა ძიებამ მილიციის კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი გამოავლინა. სამი მათგანი დააპატიმრეს, ერთმა კი საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი.

скачать dle 11.3