კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (154)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

მაფიის შვილობილი

– რა დონეზე იცი?
– ძლიერი კომპიუტერი რომ მქონდეს, საიდუმლო, დახურულ პროგრამებშიც შევაღწევ.
რამზან ბეიმ შალაშის მარჯვენა კუთხისკენ გაიშვირა ხელი და ჯამალს უთხრა:
– იმ კომოდში ნოუთბუქი დევს. გამოიღე და მაჩვენე შენი უნარი.
ჯამალმა კომპიუტერი გამოიღო, შეათვალიერა, ისევ მასპინძლის წინ დაჯდა და უთხრა:
– ცუდი კომპიუტერი არაა. ბოლო მოდელია, მაგრამ, ამით ბევრს ვერაფერს მივღაწევთ.
– მაინც, რისი გაკეთებაა შესაძლებელი?
– დიდი-დიდი, ნებისმიერი ბანკის კლიენტის საიდუმლო ანგარიში გავტეხო.
– შვეიცარიის ბანკშიც შეაღწევ?
– დიახ.
რამზან ბეის შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში რომან ბასკოვის სახელზე ოცი მილიონი დოლარი ჰქონდა შენახული და ჯამალს უთხრა:
– აბა, სცადე და ამ ბანკში რომან ბასკოვის ანგარიში და თანხის რაოდენობა გამიგე.
ჯამალმა კომპიუტერი ჩართო. მანიპულაციებს შეუდგა და, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ რამზან ბეის უთხრა:
– რომან ბასკოვის ანგარიშზე ამ ბანკში ოცი მილიონი დოლარი ირიცხება.
– გასაგებია. ძალიან კარგი. კომპიუტერი გამორთე და შეინახე, – უთხრა რამზან ბეიმ ჯამალს და ბიჭი კვლავ მის წინ რომ მოკალათდა, ჰკითხა:
– ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურების მონაცემთა ბაზის კოდების გატეხვას შესძლებ?
– ძალიან ძნელია, მაგრამ, თუკი შესაბამისი მოწყობილობა მექნა, რაღაც დონეში მაინც შევაღწევ.
– გექნება. შენ მხოლოდ მითხარი, რა გჭირდება და გიშოვით.
– მე მჭირდება... – დაიწყო ჯამალმა, მაგრამ რამზან ბეიმ შეაჩერა და უთხრა:
– მერე იყოს. ახლა წადი და ტანსაცმელი გამოიცვალე. წვერი აღარ გაიპარსო და ამერიკული ტერმინები არ წამოგცდეს. მეომარი ძმები გაჭმევენ და ჩვენი ცხოვრების წესს გაგაცნობენ. ჩემს ერთ-ერთ მეთაურს ვეტყვი, რომ მოგხედოს და, აბა, შენ იცი. ახლა კი თავისუფალი ხარ.
ჯამალი წამოდგა და მასპინძელს უთხრა:
– რამზან ბეი, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს...
– გისმენ, ჯამალ.
– ჩვენმა ძმებმა რომ დამაკავეს, ყველა ნივთი ჩამომართვეს. რაც ამართვეს, მათი ფეშქაში იყოს, მხოლოდ ჯიბის კალკულატორი დამიბრუნონ.
– ყველაფერს დაგიბრუნებენ, მაგრამ, ჯიბის კალკულატორში რა არის ასეთი მნიშვნელოვანი?
ჯამალს გაეცინა:
– ეს ჯიბის კალკულატორი უჩვეულო ელექტრომოწყობილობაა, რომელიც მე გავაკეთე და მხოლოდ ჩემი ცერი თითის დადების შემდეგ მოქმედებს. მას ორი კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი რადიოტალღის დაჭერა და გაშიფვრა შეუძლია, ანუ, ამ მანძილზე ნებისმიერ სატელეფონო საუბარს მოვისმენ. ამ მოწყობილობამ ბევრჯერ გადამარჩინა მტრისგან და ჩვენც გამოგვადგება. მაგალითად, „ნატოს“ ქვედანაყოფების ერთმანეთთან საუბარს მოვუსმენთ და ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაციებს შევიტყობთ.
– კარგი. თუ დაგვჭირდა, გამოვიყენებთ. ნახვამდის.
– ნახვამდის, რამზან ბეი, – ჯამალმა თავი დაუკრა მასპინძელს და შალაშიდან გავიდა.
რამზან ბეიმ ადიუტანტი იხმო და უთხრა:
– ჯალალს დაუძახე!
ჯალალ ჯეინადინი, საიდ რამზან ბეის ასმეთაური, ნდობით აღჭურვილი პირი და მისი მარჯვენა ხელი იყო. ახალგაზრდა, ცისფერთვალება, ათლეტ ჯალალს სპარსული წარმოშობა ჰქონდა და ირანში იყო დაბადებული, თხუთმეტი წლის ასაკიდან კი ავღანეთში იბრძოდა ჯიჰადისტების მხარეზე. მას მამაცი, უშიშარი და დაუნდობელი მებრძოლის სახელი ჰქონდა. განათლება არ გააჩნდა და, ყურანის გარდა, სხვა წიგნი არ ჰქონდა წაკითხული. თუმცა, საკმაოდ საზრიანი იყო და განსაკუთრებული ეშმაკობით გამოირჩეოდა. რამზან ბეი, რომლის ლიკვიდაციისთვისაც ძალიან დიდი ფულადი ჯილდო იყო დაწესებული, ჯალალს სიკვდილს ჰყავდა გადარჩენილი. სწორედ ამის გამო დაიახლოვა ავღანელმა საველე მეთაურმა მამაცი სპარსი მეომარი და ყველაზე მეტად მას ენდობოდა. ერთხელ, როდესაც რამზან ბეის რაზმი დისლოკაციის ადგილს იცვლიდა და პატარ-პატარა ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ, ამერიკელი რეინჯერების ალყაში მოექცნენ. სასტიკი ბრძოლის დროს, ამერიკელებმა რამზან ბეის მრავალი მებრძოლი გაანადგურეს. თავად მეთაური კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება არ შეეძლო. ჯალალმა უწყვეტი ცეცხლის ქვეშ  გაიარა ასიოდე მეტრი ბრძოლით, დაჭრილი რამზან ბეი ზურგზე მოიგდო და ახლომდებარე გამოქვაბულს შეაფარა თავი. ისინი სამი დღე იმალებოდნენ კლდეებში და მთელი ამ დროის განმავლობაში ჯალალი გვერდიდან არ მოშორებია   რამზან ბეის – უვლიდა მას და, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, ჭრილობა ნაკვერჩხლით მოუწვა. თანაც, მალვის მეოთხე დღეს, მძინარე რამზან ბეის გიურზამ უკბინა. ჯალალს ვაქცინა ანტიგიურზინი აღმოაჩნდა, მეთაურს შეუშხაპუნა და მეორედ იხსნა სიკვდილისგან. ბრძოლიდან ერთი კვირის შემდეგ ჯალალმა მისუსტებული და გონებამიხდილი რამზან ბეი ახალ ბანაკში ზურგით მიიყვანა. მან ჯერ მეთაური დააწვინა ლეიბზე, შემდეგ კი თავადაც მოწყვეტით დაეცა, რადგან უკანასკნელი ძალები გამოელია. რამზან ბეი აღფრთოვანებული იყო ჯალალის სიმამაცითა და ერთგულებით, ამიტომ ის ასმეთაურად დანიშნა, დაიახლოვა და მომავალში მნიშვნელოვანი დავალების მიცემას გეგმავდა.
– მეძახდით, რამზან ბეი? – ჰკითხა მეთაურს შალაშში შემოსულმა ჯალალმა.
– დაჯექი და მომისმინე.
– გისმენთ, – უთხრა რამზან ბეის ხალიჩაზე ფეხმორთხმულმა ჯალალმა.
– ჯამალ ჯურთიზე მინდა დაგელაპარაკო.
– ამერიკელზე?
– მასზე.
– გისმენ, რამზან ბეი.
– ეს ამერიკელი ძალიან საეჭვო და საშიში ადამიანი ჩანს. შენ კი იმიტომ დაგიბარე, რომ შენებურად მოჰკიდო ხელი და გაარკვიო, რა სულის კაცია.
ჯალალს გაეცინა და მეთაურს უთხრა:
– თქვენ მხოლოდ მიბრძანეთ, რამზან ბეი და ერთ საათში გამოვტეხავ.
– არა, ჯალალ, ასე არ ივარგებს. რომ ვაწამოთ და სუფთა აღმოჩნდეს, წყენას გულში ჩაიდებს და სერიოზულ მტერს გავიჩენთ. ამიტომ, სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.
– მიბრძანეთ, რა ვქნა, რამზან ბეი.
– შენს რაზმში უნდა ჩარიცხო, გვერდით იყოლიო და თვალი არ მოაშორო. თუ ამერიკელების შემოგზავნილია, აუცილებლად გაიშიფრება და სამაგალითოდ დავსჯით – თავს მოვაჭრით და მის პატრონებს გავუგზავნით. ხოლო თუ ყველაფერს სიმართლეს ამბობს, მაშინ ჩვენს რიგებს ძალიან ერთგული, ჭკვიანი და თავდადებული ალაჰის მებრძოლი შეემატება.
– დიდება ალაჰს! – თქვა ჯალალმა და წვერებზე ხელები ჩამოისვა.
– დიდება ალაჰს! – იგივე გაიმეორა რამზან ბეიმაც და ჯალალს უთხრა:
– აშკარად ეტყობა, რომ კარგი მომზადებულია და ყველაზე მეტად სწორედ ამან დამაეჭვა. მისივე თქმით, მას თვითმომზადება აქვს გავლილი, მაგრამ ბევრი რამ იცის და, შეძლებდა კი ასეთი ახალგაზრდა კაცი სპეციალური ინსტრუქტორების  გარეშე ასეთი დონის მიღწევას? აი, რამ დამაფიქრა.
– რამზან ბეი, მართალია, რომ თითქოს ეს ამერიკელი შაჰ ომარის ვაჟიაო?
– შაჰ ომარს მართლა ჰყავდა ვაჟი, რომელიც ამერიკელებმა გაიტაცეს. ეს ის ამერიკელია თუ მის მაგივრად სხვა შემოგვიგზავნეს, ამის გარკვევა შეუძლებელია, რადგან, ამჟამად ყველა დახოცილია, ვისაც შაჰ ომარის ვაჟის ამოცნობა შეეძლო და ყველაზე მეტად სწორედ ეს მაეჭვებს.
– სურათიც არ არსებობს?
– არა მგონია.
– კარგი, რამზან ბეი, მე მას გვერდით ვიყოლიებ, თვალს არ მოვაშორებ და, თუ შემოგზავნილია, აუცილებლად გავშიფრავ. ერთი აზრიც მომივიდა თავში.
– რა აზრი?
– მას ჩვენ დეზინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და, თუ ის გაჟონავს და რეაგირება მოჰყვება, ესე იგი, ამერიკელი შემოგზავნილია.
– კარგი აზრია, მაგრამ, ჯერ ნუ ვიჩქარებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ დააკვირდი, დეზინფორმაცია კი მერე იყოს. თანაც, ყველაფერი საგულდაგულოდაა მოსაფიქრებელი.
– შეიძლება, ის მართლაც შაჰ ომარის ვაჟია და ამერიკელებმა გადაიბირეს.
– არც ესაა გამორიცხული, – მიუგო ჯალალს რამზან ბეიმ, – ძმებს უთხარი, რომ ამერიკელს ყველა ჩამორთმეული ნივთი დაუბრუნონ. ჩვენებურად გამოაწყვე, კარგად გამოკვებე და, ფორმაში რომ ჩადგება, თავისი ნივთებიანად მომიყვანე. მას რაღაც გონებამახვილური მოწყობილობა ჰქონია და მინდა გამოვცადო.
– გასაგებია, რამზან ბეი. წავალ, საქმეს მივხედავ, – ჯალალმა თავი დაუკრა საველე მეთაურს და შალაშიდან გავიდა.
***
„ეფბეერის“ დირექტორმა გულდასმით მოისმინა თავისი მოადგილის მოხსენება და გენერალ პოულს ჰკითხა:
– რამდენი წლისაა აგენტი უშბა?
– ოცდაერთის, სერ.
– ოცდაერთის, ოცდაერთის... – გაიმეორა დირექტორმა, – მის ასაკში მე და შენ ქაღალდებში ვიქექებოდით, ის კი სტრატეგიული მნიშვნელობის ოპერაციის ცენტრალური ფიგურაა. გაუძლებს კი ამხელა ტვირთს?
– გაუძლებს, სერ! უშბა საუკეთესოთა შორის საუკეთესოა!
– კარგი, გასაგებია, – „ეფბეერის“ დირექტორმა საათს დახედა, – წადი და მოემზადე. ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები, თეთრ სახლში მივდივართ. პრეზიდენტს პირადად მოახსენებ!
– გასაგებია, სერ! ნება მიბოძეთ, წავიდე!
– წადი. ნახევარ საათში მანქანასთან გელოდები.
ერთი საათის შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი და მისი პირველი მოადგილე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შევიდნენ. პრეზიდენტის გარდა იქ იმყოფებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ორმოცდაათიოდე წლის, მრგვალსათვალიანი უცნობი მამაკაცი. ახალმოსულებს პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა და მრგვალსათვალიანი გააცნო:
– იცნობდეთ – მისტერ თომას ბრაუნი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სპეცოპერაციების დაგეგმვის ახალი უფროსი. მისი დანიშვნის ბრძანებას ნახევარი საათის წინ მოვაწერე ხელი. სპეციალურად ამ საუბრისთვის მოვიწვიე, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ.
თომას ბრაუნმა უხმოდ ჩამოართვა ხელი ახალმოსულებს და კვლავ სავარძელში მოკალათდა. პრეზიდენტმა კი „ეფბეერელებს“ სავარძლებზე მიუთითა და თქვა:
– ბატონებო, პირველ ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ეს საიდუმლო შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. არ იწერება და ჩვენ შორის უნდა დარჩეს, – პრეზიდენტმა პაუზა გააკეთა, კაბინეტში მყოფთ მზერა შეავლო და, როდესაც მათი უსიტყვო თანხმობა მიიღო, განაგრძო: – ჩემგან არ გესწავლებათ ამერიკის ინტერესების სამსახური. თითოეულ თქვენგანს დიდი წვლილი მიგიძღვით ამერიკული დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. აქ კი იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ერთი სტრატეგიული საკითხი განვიხილოთ, რომელიც მომავალში ამერიკის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ლაპარაკია ოპერაცია „კარტელზე,” რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ატარებს ავღანეთში და გენერალ პოულს მოვუსიმნოთ – ის ამ ოპერაციის დეტალებს გაგვაცნობს. გისმენთ, მისტერ პოულ, იჯექით და ისე ილაპარაკეთ.
მცირე პაუზის შემდეგ პოულმა თქვა:
– ოპერაცია „კარტელის” მთავარი მიზანია ტერორისტი ავღანელი საველე მეთაურების ფიზიკური განადგურება. ჩვენს სიაში ასეთი ოცი ადამიანია. გეგმის მიხედვით, ოცივე ტერორისტი ერთად უნდა შეიკრიბოს და, ან მოწამლულები უნდა იქნენ, ან მათ ჩვენი ელიტური სპეცდანაყოფები გაანადგურებენ. უკიდურეს შემთხვევაში, ტერორისტების შეკრების ადგილზე განხორციელდება საავიაციო იერიში და ამგვარად მოხდება მათი ლიკვიდაცია. მათ ერთად შესაკრებად დამხმარე ოპერაცია დავგეგმეთ, რომელიც ეტაპებადაა დაყოფილი. უფრო დეტალურად გსურთ, სერ, ამ ოპერაციაში ჩაწვდომა? – ჰკითხა პოულმა პრეზიდენტს.
– დიახ, გენერალო, სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ აქ, – მიუგო პოულს პრეზიდენტმა და თომას ბრაუნს გადახედა, რომელსაც წარბიც არ შეუხრია.
– გასაგებია, – თქვა პოულმა და მოხსენება განაგრძო, – მოგეხსენებათ, რომ ავღანელი ტერორისტები თავიანთ დანაშაულებრივ საქმიანობას ნარკოვაჭრობით აფინანსებენ. მართალია, ამ ბოლო ხუთ წელიწადში ავღანური ჰეროინის წარმოება ორჯერ შევამცირეთ, მაგრამ მათ მსოფლიოში ჰეროინის ბაზრის ორმოცი პროცენტი უკავიათ და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფებიან. ავღანური ჰეროინის წარმოება და შავ ბაზარზე გატანა სწორედ იმ ოც საველე მეთაურს აქვს გადანაწილებული.  ამის გამო მათ შორის არაერთხელ მომხდარა შეიარაღებული დაპირისპირება. თუმცა, ისინი მალევე თანხმდებოდნენ და კონფლიქტიც წყდებოდა. ჩვენს დამხმარე ოპერაციაში სწორედ იმ მომენტს გამოვიყენებთ. ავღანეთის ერთ-ერთი საველე მეთაურია ვინმე აჰმად მანსური. წარმოშობით ის ტაჯიკია და საკმაოდ კარგად ორგანიზებული ტერორისტთა რაზმი ჰყავს, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ერთადერთი საველე მეთაურია, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.
– განათლებული ავღანელი საველე მეთაური? – გაუკვირდა პრეზიდენტს.
– დიახ, სერ. თანაც, მას უმაღლესი კლასის განათლება აქვს მიღებული ევროპაში – ის სორბონის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დოქტორია, ძალიან ნაკითხი და ფართოდ განათლებული ადამიანი.
– უცნაურია, – თავი გააქნია პრეზიდენტმა.
– ეს – ერთი შეხედვით, სერ. აჰმად მანსური საბჭოთა ტაჯიკეთშია დაბადებული და გაზრდილი. მას სორბონამდე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მანსური საფრანგეთში გაემგზავრა და სწორედ პარიზში დაუახლოვდა ჯიჰადისტებს. მანსური მათ ღრმად ჩაითრიეს და საფრანგეთის უშიშროების სამსახურს ორი კვირა ჰყავდა დაკავებული. მერე გამოუშვეს, მაგრამ ქვეყანაში აღარ გააჩერეს. მანსური სამშობლოში არ დაბრუნებულა, ალჟირში გაემგზავრა და სამხედრო მომზადება გაიარა ერთ-ერთ არალეგალურ ბაზაზე. ამის შემდეგ აჰმად მანსური ავღანეთში ჩავიდა და შეიარაღებულ ბრძოლაში ჩაერთო. სულ რაღაც ერთ წელიწადში გავლენიანი საველე მეთაური გახდა, პარალელურად კი ჰეროინის წარმოება-გასაღების ერთ-ერთ მსხვილ ხაზს დაეუფლა. მანსური თავის კოლეგებს გულზე არ ეხატებათ ორი რამის გამო: ესაა მისი ევროპული განათლება და არაავღანური წარმოშობა. სხვა საველე მეთაურები მას უცხო კაცად მიიჩნევენ. ორჯერ პრეტენზიებიც კი წაუყენეს, თითქოს ის მთელი ჩრდილოავღანური ჰეროინის წარმოების ხელში ჩაგდებას ცდილობდა. თუმცა მანსური ამ სიტუაციიდან სუფთად გამოვიდა. სამჯერ მისი მოკვლაც სცადეს და ერთხელ დაჭრეს კიდეც. მიუხედავად ამისა, აჰმად მანსური დღესაც ცოცხალია და მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს კოლეგებს შორის, – პოულმა პაუზია გააკეთა, წყალი დალია და განაგრძო, – ასე დეტალურად იმიტომ შევჩერდი მანსურზე, რომ ჩვენი დამხმარე ოპერაციის არსში კარგად ჩაწვდეთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ჰეროინის იმ სამ ნარკოტრასას, რომელსაც მანსურის მოძულე კოლეგები ფლობენ. გეგმის მიხედვით, ჩვენი უწყება ევროპაში სწორედ იმ სამი ნარკომწარმოებლის ჰეროინს დააკავებს და გაანადგურებს, მანსურისას კი გაატარებს – ამით მათ შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. პარალელურად, მანსურის დაჯგუფების ჩვენი აგენტი წევრი კლაუს ჰაშეკს მოკლავს, მკვლელს კი ჩვენ გავანადგურებთ და, ერთი მხრივ, ჩვენს კვალს მოვსპობთ ამ საქმეში, მეორე მხრივ კი ხმებს გავავრცელებთ, რომ თითქოს ეს ყველაფერი მანსურმა მოიმოქმედა. სწორედ ამის საფუძველზე მოხდება ავღანელ ტერორისტთა მეთაურების შეკრება და ასე შევყრით მათ საერთო ქვაბში, სადაც ისინი განადგურდებიან.
– კლაუს ჰაშეკი ვინღაა? – იკითხა პრეზიდენტმა.
– უმსხვილესი ევროპელი ნარკოდილერი. ძირითადად ის შეისყიდის ავღანური ჰეროინის პარტიებს და შემდეგ ანაწილებს. ჩეხეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელია, ვიცე-პოლკოვნიკი. სავარაუდოდ, ორმაგი აგენტი იყო და საბჭოთა „კაგებეზეც“ მუშაობდა.
პრეზიდენტმა ბრაუნს გადახედა, შემდეგ კი პოულს ჰკითხა:
– ახლა აგენტ უშბაზე გადადით. როგორც ვიცი, ის ამ ოპერაციის ცენტრალური ფიგურაა.
– აგენტი უშბა განსაკუთრებული  უნარით დაჯილდოებული საიდუმლო აგენტია და ჩვენ ის საგანგებოდ შევარჩიეთ. შემდეგ უმაღლესი დონის სპეცმომზადება გავატარეთ და ავღანეთში გადავისროლეთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურთან, საიდ რამზან ბეისთან. უშბას ორი ძირითადი და ერთი სათადარიგო ფუნქცია აკისრია: პირველი ძირითადი ფუნქციაა რამზან ბეის კონტროლი და ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციების მოწოდება; მეორე ძირითადი ფუნქციაა რამზან ბეის დეზორიენტირება და მისი დეზინფორმირება, სათადარიგო ფუნქციად კი უშბას ლიკვიდატორობა დავაკისრეთ, ანუ, თუკი ასეთი საჭიროება დადგება, ჩვენი აგენტი რამზან ბეის ფიზიკურად გაანადგურებს და, შეიძლება, არა მარტო მას.
– გასაგებია, – თქვა პრეზიდენტმა, – როგორც ვიცი, ეგ უშბა ოცდაერთი წლისაა.
– უკვე ოცდაორის, – გაეღიმა პოულს, – თუ ავღანური დროით ვიხელმძღვანელებთ, უკვე ორი საათია, რაც ის ოცდაორი წლის შესრულდა.
– მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს თარიღი მისთვის პირადად მიმელოცა. მაგრამ, ალბათ, ის დროც დადგება, როდესაც ამას გავაკეთებ, – თქვა პრეზიდენტმა და კვლავ ბრაუნს გადახედა, შემდეგ ეფბეერელებს მიაპყრო მზერა და მათ უთხრა: – ბატონებო, ოპერაცია „კარტელში” კორექტირება უნდა შევიტანოთ, ამას ჩვენი სტრატეგიული გეგმა მოითხოვს – დღეიდან მისტერ ბრაუნთან ერთად გაუწევთ კოორდინაციას, – პრეზიდენტმა ბრაუნზე გადაიტანა მზერა და უთხრა:
– გისმენთ, თომ, გააცანი ჩვენს მეგობრებს „კარტელის” ახალი მიმართულება.
მანამდე წარბშეუხრელი ბრაუნი ერთბაშად გამოცოცხლდა. პოზა შეიცვალა და თქვა:
– ბატონებო, ოპერაციის სახელწოდება იგივე რჩება, თქვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში შედის მხოლოდ ცვლილებები. გარკვეულ მოვლენათა გამო, რომლებიც მომავალში უნდა მოხდეს, იცვლება ამ ოპერაციის მიზანი და ავღანელ ტერორისტ საველე მეთაურთა ლიკვიდაცია აღარაა საჭირო. აქედან გამომდინარე, უქმდება ყველა დამხმარე ოპერაციაც, რაც, თავისთავად გამორიცხავს კლაუს ჰაშეკის ლიკვიდაციასა და თქვენდამი კონტროლირებად ნარკოტრაფიკზე ჰეროინის დაკავებას. სამაგიეროდ, აგენტ უშბას უნარჩუნდება თავისი ფუნქციები და, ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება, ახალი ფუნქციაც კი დაემატოს, – ბრაუნმა პაუზა გააკეთა. ეფბეერელებს გაუღიმა და დაამატა: – ბატონებო, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ამ წუთიდან ამ ოპერაციაში ჩვენი უწყება, ანუ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ჩაერთვება და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ახალი ინფორმაცია ოპერაცია „კარტელთან” დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მე უნდა გადმომეცეს და ჩემ გარეშე უშბას არაფერი არ უნდა დაავალოთ. ჩემი მხრივ კი, ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ სიახლეს თქვენ გაცნობებთ. ჩემი ვარაუდით, პირველ ასეთ შეტყობინებას ხვალ, მაქსიმუმ ზეგ მიიღებთ და მას თქვენ ჩემი პირადი კავშირის ოფიცერი მოგიტანთ. აი, სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა.
მარტინ პოულს ხმა არ ამოუღია. „ეფბეერის“ დირექტორმა პრეზიდენტს შეხედა და უთხრა:
– მისტერ ბრაუნთან შეკითხვა მაქვს, შეიძლება?
– ბრძანეთ, – მიუგო პრეზიდენტმა.
– მისტერ ბრაუნ, თქვენ არ გითქვამთ „კარტელის“ შეცვლის მიზანი. შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?
– ბატონო დირექტორო, ჩვენი საბოლოო, ისევე, როგორც ყოველდღიური მიზანია ამერიკის სიძლიერე და ყველანი აქედან გამოვდივართ. ხომ მეთანხმებით? – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ბრაუნმა.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ბრაუნს „ეფბეერის“ დირექტორი, – მაშინ, მე გეტყვით.
– ბრძანეთ, – მიუგო ბრაუნმა.
– „კარტელის” მიზანზე მისტერ პოულმა უკვე მოგახსენათ და გავიმეორებ: ჩვენ მიერ შემუშავებული ოპერაციის მთავარი მიზანი, ისევე, როგორც ყველა ჩვენი ქმედებების მიზანი, რა თქმა უნდა, ამერიკის სიძლიერეა. ავღანელი ტერორისტების ერთბაშად განადგურება ორ მიზანს ემსახურებოდა – ტერორისტული საფრთხის მნიშვნელოვნად შემცირებასა და ავღანური ნარკობიზნესის მინიმუმამდე დაყვანას. ოპერაციის კორექტირება კი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, ტერორიზმის საფრთხეც გაიზრდება და, ნარკობიზნესიც, მინიმუმ, გაორმაგდება, ეს კი ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება და, ვერ ვხვდები, რატომ შეიცვალა ოპერაცია „კარტელის“ მიმართულება. გამოდის, რომ მტრების წისქვილზე ვასხამთ წყალს?
– არა, ბატონო დირექტორო. უბრალოდ, ამ ეტაპზე კონტროლის მექანიზმია ასაწყობი და ჩვენი მტრების სტრუქტურებში უფრო ღრმად უნდა შევაღწიოთ. ბოლოს კი, გარწმუნებთ, რომ ოპერაცია „კარტელი” თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდება და მათ ჩვენ ფესვებიანად ამოვგლეჯთ, ერთხელ და სამუდამოდ გავანადგურებთ.
– მაინც, როდისთვის ვარაუდობთ ამის გაკეთებას?
– ამის განსაზღვრა შეუძლებელია, დრო გვიჩვენებს.
– პროცესი რომ უმართავი გახდეს?
– სწორედ პროცესის მართვააა ახლა ჩვენი მთავარი მიზანი. დავაკვირდებით, შევაღწევთ, ბოლოს კი ერთიანად მოვსპობთ. მე მგონი, ძალიან კონკრეტული პასუხია, – მიუგო ბრაუნმა დირექტორს. მარტინ პოულს კი მოეჩვენა, რომ მრგვალსათვალიანის პასუხი სპონტანური იყო და ბრაუნს თავადვე მოეწონა ასეთი მიგნება.
„ეფბეერის“ დირექტორს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შეიკავა და ხმა არ ამოუღია. ამით პრეზიდენტმა ისარგებლა და თქვა:
– რადგან ყველაფერი გარკვეულია და კითხვები აღარაა, მაშინ ჩვენი შეხვედრა დასრულებულია. გმადლობთ, ბატონებო. იმედია, ყველაფერი წარმატებით დასრულდება და ამერიკის ძლიერებაში მეტ წვლილს შევიტანთ.
საიდუმლო შეხვედრის მონაწილეები ფეხზე წამოდგნენ. ეფბეერელებს ჯერ პრეზიდენტმა ჩამოართვა ხელი, შემდეგ დანარჩენებმა და მათ ოვალური კაბინეტი დატოვეს, პრეზიდენტის თანაშემწე და ბრაუნი კი კაბინეტში დარჩნენ.
 ეფბეერელები უხმოდ წამოვიდნენ თეთრი სახლიდან და ისე იმგზავრეს, სიტყვაც არ დაუძრავთ. სამსახურში რომ დაბრუნდნენ, დირექტორმა თავისი მოადგილე კაბინეტში შეიყვანა და ჰკითხა:
– რას იტყვი, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა შეხვედრიდან?
მარტინ პოული „ეფბეერის“ დირექტორის დიდი ნდობით სარგებლობდა და თავადაც ენდობოდა მას. არასიტყვაძუნწობის მიუხედავად, პოული ფრთხილი ადამიანი იყო და ზედმეტ ლაპარაკს უახლოეს ადამიანებთანაც კი ერიდებოდა. მან ზუსტად იცოდა, რომ დირექტორის კაბინეტი არ ისმინებოდა და შეფს მიუგო:
– კონკრეტულად რა ხდება, ღმერთმა უწყის. ძალიან ნეგატიური შთაბეჭდილება დამრჩა.
– ალბათ, ბრაუნზე.
– ბრაუნზე თავისთავად, მაგრამ, ზოგადად – ამ სიტუაციაზე. ბურუსით მოცული ამბავია. ყველაფერი თავდაყირა დადგა და თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ. რა გამოდის, ჩვენსავე პრინციპებს ვღალატობთ?
– ბურუსი გაიფანტება, თუკი ბრაუნის პიროვნებიდან ამოვალთ, – თქვა დირექტორმა და მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.
– კონკრეტულად, სერ?
– მისტერ თომას ბრაუნი ძველი კანტორელია და პირველი წრთობა სწორედ იქ მიიღო.
– „ცეერუს“ გულისხმობთ?
– სწორედაც.
– მერე, სერ?
– მერე ის, რომ ოცდაშვიდი წლის წინ „ცეერუს“ კავშირის ოცდახუთი წლის ოფიცერი, თომას ბრაუნი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კოლუმბიურ ნარკოკარტელთან და ევროპაში მათ ტრანზიტს კურირებდა.
– რას ამბობთ, სერ!
– ჯერ სად ხარ, მომისმინე.
– გისმენთ, სერ.
– ბრაუნს ჩვენმა ოპერჯგუფმა ჩაავლო, რომელიც კოლუმბიაში მუშაობდა და ნარკოკარტელის გამოაშკარავების ოპერაციას ატარებდა. იმ ჯგუფს ჩემი მეგობარი მეთაურობდა. სხვათა შორის, ის ჩემ მაგივრად გაუშვეს იქ, რადგან, ბოლო მომენტში ჩემი მექსიკაში გაგზავნა გადაწყდა და როლები შევცვალეთ. ბრაუნი შტატებში ჩამოიყვანეს და საქმე აღძრეს, თუმცა, პირველივე დაკითხვიდან ის კანტორამ წაიყვანა და საქმე მოსპეს, ჩემი მეგობარი კი გააფრთხილეს, რომ გაჩუმებულიყო. ოპერჯგუფის დანარჩენი წევრები ისედაც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ხუთივე ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში.  ყველაზე ბოლოს ჩემი მეგობარი დაიღუპა. ის გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში – გაზით იყო გაგუდული. ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს და საქმეც კი არ აღძრულა. სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე ჩემი მეგობარი ინკოგნიტოდ მეწვია სახლში, ბრაუნის ამბავი მომიყვა და მითხრა: ვგრძნობ, რომ ჩემზე ნადირობენ და განაჩენი გამოტანილი მაქვს. ამიტომ, მინდა იცოდე, რომ, ხშირ შემთხვევაში, ამაღლებული იდეალების მიღმა ბინძური თამაში მიმდინარეობს და ზოგჯერ ჩვენც კი არ ვიცით, ისეთ შავ-ბნელ საქმეებში გვხვევენო. წასვლის წინ კი დაამატა, – ნარკომაფიისა და იარაღის ბიზნესის მიღმა უაოლ-სტრიტის ზოგიერთი ბოსი დგას. თომას ბრაუნი კი მათი ინტერესების გამტარებელიაო. რამდენიმე დღეში კი ჩემი მეგობარი გარდაიცვალა.
– რას ამბობთ, სერ?!
– ხვდები, ხომ?
– ძირითადად – კი.
– ერთი სიტყვით, ბრაუნის კვალს დავადექი, თუმცა, ვერაფერი აღმოვაჩინე – არათუ რამე სამხილი, მისი სურათიც კი ვერ მოვიპოვე. ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული მქონდა. მხოლოდ მას მერე ვცადე, ამ საქმეს დავბრუნებოდი, როდესაც ბიუროს დირექტორად დავინიშნე. მაგრამ, ბრაუნის კვალს ვერც აქ მივაგენი. დღეს კი ის ნაძირალა ოვალურ კაბინეტში დაგვხვდა! აბა, ვინ წარმოიდგენდა ამას?
– კი მაგრამ, პრეზიდენტთან დაახლოება როგორ მოახერხა? – მხრები აიჩეჩა პოულმა – არადა, აშკარაა, რომ პრეზიდენტი მას ახლოს იცნობს. უბრალოდ, მარტო სახელით მიმართა. თანაც, აშკარად ეტყობოდა პრეზიდენტს, რომ ბრაუნს ანგარიშს უწევს.
– ასეა, მეც შევამჩნიე.
– რით აიხსნება მათი ახლობლობა?
– როგორც ჩანს, ბრაუნი პრეზიდენტთან უოლ-სტრიტის ერთმა ჯგუფმა დააახლოვა და მათივე რჩევით დაინიშნა ის ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე. იმ ჯგუფზეა ლაპარაკი, ვინც იარაღისა და ნარკობიზნესის შავ ბაზარს აკონტროლებს – იმათზე, ვინც ჩემი მეგობარი მოკლეს და ვინც ამერიკულ იდეალებს ამოფარებული, დიდ ბოროტებას სჩადის. ახლა ხვდები, რატომ შეიცვალა ოპერაცია „კარტელის” მიმართულება და ყველაფერი თავდაყირა რატომ დადგა?
– რა დიდი მიხვედრა უნდა? – თავი გააქნია პოულმა, – ამ ჯგუფის ინტერესებშია, რომ ავღანური ნარკობიზნესი გაიზარდოს და ამ საქმიდან ორმაგი მოგება ნახოს: ერთი მხრივ, ავღანური ჰეროინის წარმოებიდან, მეორე მხრივ კი – ავღანელი ტერორისტებისთვის იარაღის არალეგალური მიწოდების შედეგად.
– სწორედ ასეა.
– ამ ყველაფერს კი, რომ არაფერი ვთქვათ არაამერიკელებზე, ჩვენი ჯარისკაცებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება, – თქვა პოულმა და დაამატა: – რას აპირებთ, სერ?
– ამ ეტაპზე არაფერს.
– არაფერს?
– ჯერჯერობით მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციით უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენი ეს საუბარი, რაც არ უნდა დიდი სიმართლე იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია, არანაირი ფაქტებით არაა გამყარებული და მოკვლევასაც კი ვერ დავიწყებთ.
– პრეზიდენტს რომ აუხსნათ ყველაფერი?
– უაზრობაა.
– ნუთუ ისიც მათთან ალიანსშია?
– არა. უბრალოდ, ის ფაქტებს მოითხოვს და, რომ ვერაფერს წარვუდგენთ, ყველაფერი ამით დასრულდება, – თქვა დირექტორმა. პაუზა გააკეთა და დაამატა: – თანაც, არჩევნები ახლოვდება. პრეზიდენტს კი უოლ-სტრიტის მხარდაჭერა სჭირდება და ჭუჭყიან საცვლებში ქექვას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არ დაიწყებს. მთავარი კი მაინც ფაქტებია და ეს ფაქტები ჩვენ არ გვაქვს.
– ისე გამოდის, სერ, რომ ჩვენ იმ ნაძირლის დირექტივები უნდა შევასრულოთ და ჩვენივე პრინციპების წინააღმდეგ წავიდეთ? არა, ამას მირჩევნია, გადავდგე და გავერიდო ამ ამბავს. ყოველ შემთხვევაში, სინდისი მაინც მექნება სუფთა. მართალია, საჯარო განცხადებას ვერ გავაკეთებ და სიმართლეს ვერ ვიტყვი, მაგრამ, მორალურად ხომ დავკმაყოფილდები?
– და, რით აუხსნი თუნდაც პრეზიდენტს შენს გადაწყვეტილებას?
– თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესებით.
– ამას არავინ დაიჯერებს, ყველამ იცის, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარ. ამით საქმეს უფრო წაახდენ – იმ ნაძირლებს მეტ ასპარეზს მისცემ საბოგინოდ.
– აბა, რა ვქნათ, სერ?
– მარტინ, მენდობი?
– რა თქმა უნდა, სერ!
– მაშინ, დამიჯერე და ნურაფერს შეიმჩნევ. ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავანეიტრალოთ ის ნაძირალა ბრაუნი. იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტას მივაგნებთ.
– მაინც, რას აპირებთ, სერ?
– არჩევნებამდე არაფერს, მერე კი ვნახოთ. თანაც, შევხედოთ, რა მიმართულებით წაიყვანს „კარტელს” ბრაუნი. თუ თავად არ დაუშვებს შეცდომებს, ჩვენ უნდა დავაშვებინოთ.
– კარგი, სერ, ასე ვქნათ. მართალს ბრძანებთ, გადადგომა გამოსავალი არ არის, ჯობია, მოვლენების ეპიცენტრში ვიყოთ.
– ესე იგი, შევთანხმდით?
– შევთანხმდით, სერ!
– კარგი, მარტინ. შეგიძლია, წახვიდე, – „ეფბეერის“ დირექტორმა თავის მოადგილეს გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გაისტუმრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3