კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იცინოდა ბერია მიხეილ ჯავახიშვილის ცემის დროს

„ჩვენს ახალ თაობას ჰაერივით ესაჭიროება ერის პირუთვნელი ისტორია დღეს, როცა საბჭოური რეჟიმის დროს ნაცხოვრებ ბევრ ადამიანსაც კი ჰგონია, რომ სტალინმა უკანონობათა შესახებ არაფერი იცოდა, ბერიას კი საქართველოსთვის სიკეთე უნდოდა... სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებდა იმ საშინელ რეალობაში, ჩვენს თაობებს თანამდევ ცოდვად რომ გადმოჰყვა, დღემდე გვაფორიაქებს და გვაფრთხილებს – ვიბრძოლოთ იმისათვის, რათა არასდროს განმეორდეს ის სისხლიანი დრო...” – ამბობს მწერალი რევაზ კვერენჩხილაძე თავის წიგნში – „საბუთები ღაღადებენ,” რომელშიც საბჭოთა რეჟიმის დროს ნაწამებ ქართველ მწერლებზე, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვისა და დახვრეტის დეტალებზე მოგვითხრობს. მოვუსმინოთ მას, ეს უაღრესად  საინტერესოა:                           
„ლ. ბერიას 1937 წლის 15 მაისის მოხსენებაში მკაცრად გაკიცხული მწერლებიდან, პაოლო იაშვილის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის საბოლოო დამუშავების ჯერი დადგა. იგი ადრიდანვე ლანძღეს „კვაჭი კვაჭანტირაძისთვის” (ავანტიურისტული რომანიაო), „ჯაყოს  ხიზნებისთვის” (კომუნისტების მაგინებლებს ბრიყვი ქართლელებიც დაემატნენო), „დამპატიჟესათვის” (ყალბი, საბჭოთა წყობილების ცილისმწამებლური მოთხრობა არისო) და სხვა ნაწარმოებებისთვისაც. ასე ძალადობდნენ მთელ ჭეშმარიტ ქართულ მწერლობაზე და ეს კარგად ჩანს უბის წიგნაკში მიხეილ ჯავახიშვილის 1924 წლის ჩანაწერიდან: „ლიბრეტოსაც კი მოსკოვი ამტკიცებს... ესაა, რომ, აქ მოსკოვის ნაცვლად საბჭოთა თბილისი იძლევა ნებართვას – რა დაიწეროს, რა დაიდგას...”
1937 წლის 8 ივნისს პრეზიდიუმის სხდომაზე მას ყველანაირი უბედურება დააბრალეს. ბესო ჯღენტი ბეჭდავს წერილს – „მოღალატური სიტყვა და საქმე”; შემდეგ მთელი ცხოვრება მოეწამლა ამაზე ფიქრით, თავს იმართლებდა – მაიძულესო. ეს არ არის სიმართლეს მოკლებული, რადგან, თავადაც დასაჭერად ჰქონდა საქმე... ახლა ადვილია თქმა – ასე რატომ იქცეოდნენ, ხმას რატომ არ იღებდნენო... გულში ბევრი არ ეთანხმებოდა კომუნისტური ხელისუფლებისა და მისი შინსახკომის უსამართლობას და სისასტიკეს, მაგრამ, ხმის ამოღება სიკვდილს ნიშნავდა... იმდროინდელი ვითარების ერთგვარი გათვალისწინების შემდეგ გაეცანით ბესო ჟღენტის იმ წერილს (გთავაზობთ ნაწყვეტს): „...ის გარემოება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი სამშობლოსა და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილე აღმოჩნდა, უსაზღვრო ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის შეგნებაში... ცნობილია, რომ მიხეილ ჯავახიშვილს საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს მოღალატური და კონტრრევოლუციური „მოღვაწეობისა”... მან გაიხსენა თავისი დიდი ხნით მივიწყებული და უკუგდებული სამწერლო საშუალებანი და, მოინდომა, ლიტერატურულ ფრონტზე გაეშალა მუშათა კლასის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული „მუშაობა”...
ამხ. ბერიას სიტყვები: „არავის მივცემთ ნებას, მწერლის ან მხატვრის მაღალი წოდების ამოფარებით აკეთოს თავისი შავი საქმე ხალხის მტრებთან ერთად”.
დაპატიმრებიდან ორი დღის შემდეგ, 17 აგვისტოს, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაითახსირეს თავი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ... გარიცხვას ისეთი საშინელი მოთხოვნა დაუმატეს, მანამდე რომ არ გაუკეთებიათ: „მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი, გარიცხულ იქნეს მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურებული” – აი, ეს მოთხოვნა სამუდამო შავ ლაქად დააჩნდა მწერალთა კავშირს და იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეს შემოქმედებითი კავშირი აიძულა, ასეთი დადგენილება მიეღო...
მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგედიას გულისშემძვრელად გვისურათებს ბერიას ჯგუფის პროცესზე მთავარი სამხედრო პროკურორის, პოდპოლკოვნიკ ლობიშევის მიერ დაკითხული მიხეილ გიორგის ძე ნაცვლიშვილის ჩვენება: „1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ქართველი მწერალი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი. მას ბრალად ედებოდა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა მუშაობა. პირველ დღეს ჯავახიშვილის დაკითხვა ჩაატარა ბერიამ, ქობულოვისა და საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების უფროსის, ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის მონაწილეობით. ამ დაკითხვაზე ჯავახიშვილმა მისცა საკუთარი ხელით დაწერილი ჩვენებები ანტისაბჭოთა საქმიანობის შესახებ. მაშინვე მივმართე აბაშიძეს, რომელიც ჯავახიშვილის დაკითხვაში მონაწილეობდა და ვკითხე, რაშია საქმე-მეთქი? აბაშიძემ რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით მიპასუხა: ჩემთვის რომ ასე ეცემათ, მეც ვაღიარებდი, რომ სიამის ჯაშუში ვარო... ამის შემდეგ გამოვიძახე პატიმარი ჯავახიშვილი, რომელიც ორმა ვახტიორმა მოიყვანა, ვინაიდან მას დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო. მარჯვენა ლოყაზე ყურის არე დალილავებული და გასიებული ჰქონდა. ჯავახიშვილის ცემის შესახებ აბაშიძემ მიამბო: ბერიას ბრძანებით, ყურში მუშტით ისეთი დარტყმა მივაყენე, რომ ჯავახიშვილი სკამიანად გაგორდა იატაკზე და გონება დაკარგა, ბერია კი იცინოდაო. შემდეგ ჯავახიშვილს წყალი ასხეს და გრძნობაზე მოიყვანეს, ხოლო ქობულოვს აბაშიძე გაუფრთხილებია, მეტი ჯავახიშვილს სახეში არ სცემოო. განმეორებითი ცემის შემდეგ, როგორც აბაშიძემ მითხრა, ჯავახიშვილი დათანხმდა, საკუთარი ხელით დაწერილი ჩვენება მიეცა... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებები აშკარად გამონაგონი იყო, ჯავახიშვილმა ისინი არ უარყო ჩემ მიერ ჩატარებულ დაკითხვაზე და ერთი სიტყვაც არ გადაუკრავს, რომ ქობულოვისა და ბერიას მიერ დაკითხვისას სცემეს.”
ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ მალე დააპატიმრეს და დახვრიტეს საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების უფროსი ლევან კონსტანტინე ძე აბაშიძე, რომელიც ბერიასთან და ქობულოვთან ერთად მონაწილეობდა ჯავახიშვილის დაკითხვაში. რაში სდებდნენ ბრალს აბაშიძეს, არ ვიცი... ჩემი აზრი აბაშიძის დაპატიმრების შესახებ ასეთია: ის, ცხადია, დააპატიმრეს იმისათვის, რომ მრავალი თანამშრომლის თანდასწრებით ყვებოდა ჯავახიშვილის ცემის დეტალებს... სავსებით შესაძლებელია, რომელიმე თანამშრომელმა ამის შესახებ შეატყობინა ქობულოვს ან ბერიას და ეს შეიქნა ძირითადი მიზეზი მისი დაპატიმრებისა...
როგორც სასტიკმა შინსახკომელმა გაამჟღავნა, მიხეილ ჯავახიშვილის ცემისას ბერია იცინოდაო. მაგრამ, როგორც ირკვევა, ის არც პატიმრის, თანაც – ქალის, ცემას თაკილობდა – თურმე რეპრესირებულ პროლეტარულ მწერალთა ლიდერის, ბენიტო ბუაჩიძის ცოლს თვით ბერია სცემდა...”

скачать dle 11.3