კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რა დღეებია არჩეული აღდგომის მარხვაში ზიარებისთვის და რის წინააღმდეგ საბრძოლველად არის დიდმარხვა განკუთვნილი

წელს, 12 აპრილს, მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც წინ 23 თებერვალს დაწყებული დიდმარხვა უძღვის.

– მამაო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ვინახავთ აღდგომის მარხვას, მისადმი დამოკიდებულება მაინც ხშირად ბუნდოვანი და გაუაზრებელია. თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ, სინამდვილეში, არასწორად ვცხოვრობთ და ვიცავთ მარხვას.
მამა გიორგი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე ან სურვილი სიმდაბლისა, ბუნებრივია, მას არანაირი მარხვა არ სჭირდება და არ სჭირდება მას მაცხოვარი. ერთადერთი ცოდვა, რითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა, ხოლო ანგელოზი – სასუფეველში, ეს იყო მედიდურობა, ეს იყო საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულება, მოხიბვლა საკუთარი მდგომარეობით, ღმერთისგან განშორება, ღმერთის გარეშე ღმერთობა. ადამიანი უნდა ევედრებოდეს ღმერთს და აღიარებდეს საკუთარ ცოდვებს. მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში შენდობა ითხოვეთ სხვა ადამიანებისგან; უარი თქვით სიზარმაცეზე, ულოცველობაზე, მარხვის არშენახვაზე, უზიარებლობაზე; იყავით თავმდაბლები; ითხოვეთ სიმშვიდე, სიყვარული; არ განიკითხოთ სხვა; იპოვეთ საკუთარ თავში ცოდვები და უფალი ამ ყველაფერს ასმაგად მოგაგებთ.
– რის კეთებაა აუცილებელი დიდმარხვის განმავლობაში?
– დიდი მარხვის დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ეკლესიაში სიარული, საეკლესიო წესების შესრულებაში მონაწილეობის მიღება. კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურღიაზე დასწრებას, რომელიც მთელი მარხვის განმავლობაში აღესრულება. პირველშეწირულის ლიტურღიის პირველი და მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ეს ღვთისმსახურება საღამოჟამს აღესრულება. უფრო სწორად, ეს არის ზიარება მწუხრის შემდეგ. საეკლესიო ცხოვრების ადრეულ ისტორიულ პერიოდში ეს საღვთისმსახურო წესი მოკლებული იყო დღევანდელ საზეიმო ხასიათს. დიდი მარხვის განმავლობაში, საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, ოთხშაბათსა და პარასკევს მოითხოვება საჭმლისგან სრული თავშეკავება მზის ჩასვლამდე, ამიტომაც, დიდი მარხვის სწორედ ეს დღეებია არჩეული ზიარებისთვის, რომელიც დიდი მარხვის სულიერ ბრძოლაში უმთავრეს იარაღს წარმოადგენს, ისევე, როგორც მარხვის სწორად დაცვა. ქრისტეს სწორედ მარხვის დროს შეხვდა სატანა, მოგვიანებით კი იესომ თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ: ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს იმის ძალა, არ დაემორჩილოს შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით – აქციოს შიმშილი სულიერი ძალებისა და გამარჯვების წყაროდ. საბოლოო ჯამში, მარხვა ერთი რამ არის: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს ან უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და, შიმშილის საშუალებით აღმოვაჩენთ, რომ ეს დამოკიდებულება არ არის ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება; რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის შიმშილია. დიდი მარხვა ის დროა, როდესაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური იმას, რასაც ვამბობთ, რადგან, ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, სიტყვებმა დაკარგეს თავისი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე – ძალაც; დიდი მარხვა ის დროა, როცა ადამიანი თითქოს კვლავ პოულობს სარწმუნოებას და თვით სიცოცხლესაც მისი საღმრთო მნიშვნელობით: თავს ვიკავებთ საჭმლისგან და კვლავ აღმოვაჩენთ მის გემოს, ვსწავლობთ ღმრთისგან მის მიღებას სიხარულითა და მადლიერებით; ვამცირებთ გართობას, მუსიკის სმენას, უაზრო საუბარსა და ზედაპირულ ფიქრებს; ვიღებთ ადამიანებს და, ყოველივე ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ კვლავ ვიპოვოთ თვით ღმერთი და დავუბრუნდეთ მას.
– მხოლოდ აღდგომის მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვები, რომლის წაკითხვა და შინაარსის გააზრება ბევრს უჭირს და ამიტომ  ხშირად მხოლოდ ზედაპირულად უდგებიან. გარდა ამისა,  მის წაკითხვას თან ახლავს მეტანიების შესრულებაც, რომელიც ბევრისთვის ასევე რთულია. 
– თანამედროვე ადამიანები ხშირად ვართ ჩავარდნილი უსაქმურობის ცოდვაში, რომლისგან დახსნასაც შევთხოვთ უფალს ამ ლოცვის დასაწყისში. აქ საუბარია არა მარტო ხორციელ უსაქმურობაზე, არამედ სულიერზეც, როდესაც ადამიანი არ ლოცულობს, არ ადიდებს უფალს, არ მარხულობს. ჩვენი სულიერი უმოქმედობა იწვევს ჩვენს ფიზიკურ უმოქმედობას და ეს, თავის მხრივ, მრავალ ცოდვას წარმოშობს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის მიმწვილველობა, ანუ მოწყენილობა. ეფრემ ასურის ლოცვაში ასევე ნახსენებია მთავრობისმოყვარეობა. ამ ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიდებისმოყვარეობისკენ არიან მიდრეკილი; სურს, რომ ყველა მის გარშემო ტრიალებდეს და, რადგან ეს ასე არ ხდება, ამიტომ ვარდება ის მრისხანების ცოდვაში. მრისხანება კი წარმოშობს ცუდმეტყველებას: საერონი ხშირად ბილწსიტყვაობენ, ხოლო სასულიერონი მრავლისმეტყველებაში ვვარდებით. ლოცვის მომდევნო მუხლებში ვითხოვთ, რომ უფალმა მოგვმადლოს: სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. რადგან ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა, ის აუცილებლად უნდა იყოს წმიდა. უფალი ამას მოითხოვს ჩვენგან: „წმიდა ვარ და წმიდა იყავით თქვენც.” სიწმიდეში კი მხოლოდ სულიერი სიწმიდე არ იგულისხმება, ადამიანი გარეგნულადაც უნდა იყოს მოწესრიგებული; ის სულზეც უნდა ზრუნავდეს და ფიქრობდეს და საკუთარ სხეულზეც. თუ ადამიანი სიწმიდეში ცხოვრობს, მარხულობს, ეზიარება, ის ხვდება, რომ ღმერთი ყველაფერია, თვითონ კი – არარაობა; ღმერთი სიყვარულია, თვითონ კი – ბოროტება; ღმერთი დიდია, თვითონ კი – პატარა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მძიმე განსაცდელში მხოლოდ ბოლომდე მომთმენები ცხონდებიან. თუ ადამიანი არ იცხოვრებს სიწმიდეში, ვერ მიხვდება საკუთარ შეცოდებებს, მას არ ექნება სიყვარული, ვერ დაინახავს საკუთარ ცოდვებს და მუდმივად მოყვასის, სხვა ადამიანების განკითხვაში იქნება. მცნებების დაცვაში კი ერთ-ერთია სხვის განკითხვაზე უარის თქმა. ჩვენთვის ძალიან იოლია, დავინახოთ სხვისი ცოდვა, განვიკითხოთ და ვერ შევძლოთ იმის დანახვა, თუ როგორ ვცოდავთ ჩვენ. დღეს მარხვა ჩვენს შეგნებაში წარმოჩინდება როგორც დრო, რომლის განმავლობაში აკრძალულია ზოგი რამ, მაგალითად, ხორცი, ცხიმი, ცეკვები და გართობა. დადებითი თვალსაზრისით, მარხვა განიხილება როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ არაუგვიანეს ბზობის კვირისა. ამ მოვალეობების შესრულების შემდეგ დიდი მარხვა მთლიანად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას. იმის მაგივრად, რომ დავსვათ ისეთი კითხვები, როგორიც არის: როგორ ვიმარხულოთ, რა არის დიდი მარხვა, – ჩვენ მხოლოდ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით. გაცილებით მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე.

скачать dle 11.3