კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

რატომ უწევდა კარმენ სოლანას ბიჭებთან ჭიდაობა და როგორ დაიმკვიდრა თავი სოფლელმა გოგონამ მსოფლიო სპორტში

ესპანეთის ძიუდოს დედოფალი, შეიძლება ასე ვუწოდოთ კარმენ სოლანას, რომელიც 11 წლიდან ამ სპორტითაა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ კარმენი ქალია, ძიუდო თავისი ცხოვრების წესად აქცია და  35 წლის განმავლობაში აქტიურ სპორტშია ჩართული. ის  შავი ქამრისა და მეშვიდე დანის მფლობელია, ასევე, 13-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 9-ჯერ – ევროპის. ბოლო წლებია, კარმენს ქართველი ძიუდოისტები ჩაჰყავს ესპანეთში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. ჩვენც ამ საკითხით დავინტერესდით, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო ისტორია მოვისმინეთ მისი ცხოვრების შესახებ.

კარმენ სოლანა: ბილბაოსთან ახლოს, პატარა, ზღვისპირა სოფელში დავიბადე. ოჯახში თორმეტი დედმამიშვილი ვიყავით – თერთმეტი და და ერთი ძმა. პირველად ჩემმა ძმამ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე, მევარჯიშა. თავიდან, მშობლების დათანხმება გამიჭირდა. მიაჩნდათ, რომ  ეს სპორტი გოგოსთვის შეუფერებელი იყო.  ჩემი ძმა რომ ვარჯიშობდა, გული მწყდებოდა და ვტიროდი. ბოლოს დედამ მითხრა, რადგან ასე ძალიან გინდა, წადი და ივარჯიშეო. 11 წლის ვიყავი, პირველად რომ მივედი სავარჯიშო დარბაზში. 15 წლისამ ესპანეთის ჩემპიონატი – მოვიგე უფროსებში. მივხვდი, რომ  ამ სპორტით ბევრის მიღწევა შემეძლო. მეც აღარ  გავჩერებულვარ. 13 წლის ასაკში წამოვედი სოფლიდან და იქვე, პატარა ქალაქში დავბინავდი დასთან ერთად. სახლიდან წამოსვლის მიზეზი, რა თქმა უნდა, ძიუდო იყო. უფრო კარგ სკოლაში დავიწყე ვარჯიში. იაპონელი მწვრთნელი მავარჯიშებდა. სწორედ მან გამაცნო ბილბაოელი ტრენერი, რომელმაც თავისთან მიმიწვია. 16 წლიდან ბილბაოში ვაგრძელებ კარიერას. თავიდან, დედას ბიძაშვილთან ვცხოვრობდი, შემდეგ სტუდენტურ საცხოვრებელში გადავედი და ერთ ოთახში 5-6 გოგო ვიყავით. ეს პერიოდი ძალიან მიჭირდა. სულ მარტო ვიყავი უცხო ქალაქში, არავის ვიცნობდი. ევროპის ჩემპიონატზე 16 წლის გავედი და იქაც უფროსებს ვეჭიდავე, 24 წლისანი იყვნენ. შეჯიბრებაზე რომ გავსულიყავი, ფედერაციის ხალხი მოვატყუე, ვითომ 18-ის ვიყავი. არასრულწლოვანს არ მაჭიდავებდნენ. ძალიან ბევრი გაჭირვება შემხვდა, მაგრამ მაინც შევძელი თავის დამკვიდრება.
– ფედერაციის წევრების მოტყუება როგორ შეძელით? დამამტკიცებელი საბუთი არ გჭირდებოდათ, რომ ნამდვილად 18 წლის იყავით?
–  მამაჩემი დამეხმარა და საბუთები გამიკეთა. 3 წლით  უფროსი და მყავდა გარდაცვლილი და მისი სახელით ვიასპარეზე. ეს რომ არ გამეკეთებინა, ვერ გამოვიდოდი ჩემპიონატზე. საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის პირველ ადგილს ვინარჩუნებდი. სწრაფად ვჭიდაობდი. ესპანეთის ჩემპიონატი მეორედ რომ მოვიგე,  ექვსი შეხვედრიდან, თითოეულის მოსაგებად ორ წუთზე მეტი არ დამჭირდა.
– სპორტდარბაზში თქვენ გარდა, კიდევ იყვნენ გოგონები?
– სპორტდარბაზში ყველა ბიჭი იყო. მხოლოდ სამი გოგო ვიყავით და აქედან არც ერთ მათგანს არ სურდა ჩემთან ჭიდაობა. ამიტომ, ბიჭებთან მიწევდა ჩხუბი. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, როგორმე თავი უნდა დამეღწია. ერთადერთი გამოსავალი კი ძიუდო იყო. ამიტომ მიზნად დავისახე ესპანეთის, ევროპისა და მსოფლიოს მოგება. არ მინდოდა, მთელი ცხოვრება სოფელში გამეტარებინა. რთული იყო ისიც, რომ ოჯახს ვიყავი მოწყვეტილი, მშობლებს, და-ძმას ვერ ვხედავდი. დედა მშრომელი ქალი იყო, მამა – მეთევზე. მასწავლებელი რომ მავარჯიშებდა, თვიურ ანაზღაურებას ვერ ვუხდიდით, საშუალება არ გვქონდა. ამიტომ მამა თევზსა და სხვადასხვა ზღვის პროდუქტს უგზავნიდა მას. ამით სცემდა პატივს. მერე რა, რომ გოგო ვიყავი, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემი დევიზია, თუ დაეცემი უნდა წამოდგე და ბრძოლა გააგრძელო. მეც ბევრჯერ დავცემულვარ ცხოვრებაში, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ბავშვი ვიყავი, ბილბაოში რომ ჩამოვედი, ბევრჯერ ცუდად ვყოფილვარ. დედა რომ მირეკავდა და მეკითხებოდა, როგორ ხარო, ვატყუებდი. ჩემს ავადმყოფობას, ან რაიმე მსგავს თუ გაიგებდა, ვიცოდი, სოფელში დამაბრუნებდა. ეს კი არ მინდოდა.
– ტრავმები ხშირად გქონდათ?
– კი, რამდენიმე ოპერაციაც მაქვს გაკეთებული. მეორე ევროპის ჩემპიონატზე რომ გავდიოდი, ორი თვით ადრე თითი მოვიტეხე და მყესი გამიწყდა. 17 წლის რომ ვიყავი, მარტო წავედი საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად. მერე დავურეკე დედას, არ მინდოდა, ენერვიულა ჩემს გამო, ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატზე ნახევარ ფინალამდე ყველას მოვუგე. შემდეგ ნაკერები გამიწყდა და სისხლი ვერ შემიჩერეს, ამიტომ შეჯიბრებიდან მომხსნეს. ძალიან მტკიოდა თითი ბრძოლისას, მაგრამ ვინც შემხვდა, ყველა დავამარცხე. ვიდრე ჩემპიონატი დაიწყებოდა მსაჯმა მკითხა, თითზე რა გჭირსო. გახურების დროს დამიზიანდა და შევიხვიე-მეთქი. 13-ჯერ გავხდი ესპანეთის ჩემპიონი, 9-ჯერ – ევროპის და 4-ჯერ – მსოფლიო პრიზიორი. 96 წლამდე ყველა შეჯიბრება მოვიგე, მაგრამ ოლიმპიადაზე მაინც არ გამიშვეს.
– რამდენი წლისამ დაანებეთ აქტიურ სპორტს თავი?
– 36 წლის ასაკში დავანებე  თავი აქტიურ სპორტს. ახლა ვარ მასწავლებელი, ტრენერი, ძიუდოს ოფიციალური მსაჯი. ბოლომდე ვერ შევეშვებოდი სპორტს, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, ამიტომ ახლა ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მომავალ თაობას გადავცემ. ხშირად მიწვევნ სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქებში, მასტერ-კლასების ჩასატარებლად. მეც ავდგები გადავიკიდებ მხარზე ჩემს კიმონოს და მივდივარ (იცინის).
– ქართველ ძიუდოისტებზე რას ფიქრობთ?
– ქართველებთან ჩემ თავს ვაიგივებ. საქართველოშიც ისევე უჭირთ, როგორც მე – ბავშვობაში. ისინიც იმისთვის იბრძვიან, რომ გაჭირვებას თავი დააღწიონ. ძალიან მაგარი ბიჭები გყავთ, ბოლომდე დებენ თავს წარმატების მოსაპოვებლად. ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებული ძიუდოისტი რომ ჰყავს, ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა. მსოფლიო რეიტინგში ყოველთვის პირველები არიან. მოკლედ, ძალიან ძლიერები და მაგრები ხართ, ქართველო ძიუდოისტებო.
– რამდენადაც ვიცი, ქართველი ძიუდოისტები ჩაგყავთ ესპანეთში მასტერ-კლასების ჩასატარებლად... რას სთავაზობთ მათ და ვინ გყავდათ მიწვეული?
– პირველად, გიორგი ზარანთია ჩამოვიყვანეთ. აქ ის ყველას კუმირია. ძალიან სპეციფიკურ და თავისებურ ძიუდოს ჭიდაობს. ახლა ვარლამ ლიპარტელიანი გვყავს მოწვეული. გვინდა, რომ  მათ თავიანთი ცოდნა და ილეთები ესპანელ ბავშვებსაც ასწავლონ.
– საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?
– ძალიან მინდა, საქართველოში ჩამოსვლა. იმდენს მელაპარაკებიან ბიჭები, რომ ჩამოვალ (იცინის). მინდა თქვენი მთებისა და ზღვის ნახვა. ასევე, აუცილებლად უნდა დავაგემოვნო ქართული ღვინო.
– პირად ცხოვრებას როგორ უთავსებდით ასეთ დატვირთულ რეჟიმს?
– 20 წლამდე სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. სულ ვვარჯიშობდი და დროს ვერ ვუთმობდი. შემდეგ ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონი გავიცანი და მასთან მქონდა ურთიერთობა. ძირითადად სულ მოჭიდავე ბიჭები მაყვარებდნენ თავს (იცინის). ვარჯიშთან ერთად ვმუშაობდი, ბინის ქირა რომ გადამეხადა. ამიტომ, სადაც ვიყავი ის გარემო არ იყო ჩემთვის საკმარისი ცხოვრების მეგზურის ასარჩევად. უფრო შორს მიმიწევდა გული. ძიუდოისტობის მიუხედავად, ძალიან რომანტიკული, მოსიყვარიულე და მგრძნობიარე ვარ.
– ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ?
– როგორ არა. 28 წლის რომ ვიყავი მინდოდა ოჯახის შექმნა, მაგრამ სპორტიდან გამომდინარე, ისევ ვერ შევძელი. სამაგიეროდ, 18 დისშვილი და ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს. ესაა ჩემი ოჯახი და ესენი მახარებენ.
– ქართველ მამაკაცს თუ წაყვებით ცოლად?
– თუ შემიყვარდება, კი. ქართველები ძალიან მოსიყვარულე და კეთილშობილები არიან. თან, მათ იციან საკუთარი ქალის დაცვა. ეს თვისება ძალიან მიყვარს მათში. ქართველი მამაკაცის შემთხვევაში, მინდა დამიცვას, მაგრამ, რომ მაკონტროლოს –  არა (იცინის).

скачать dle 11.3