კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდნენ პაატა და ირინა ციქურიშვილები „ვაშინგტონის საპატიო მოქალაქეები“ და როგორ მოიპოვა მათმა შექმნილმა სინეტიკის თეატრმა წელს ვაშინგტონის „ოსკარად“ წოდებული „ჰელენ ჰეისის“ ოცდასამი ნომინაცია

ამერიკაში, ვაშინგტონში ქართველი ხელოვანების მიერ დაარსებულმა სინეტიკის თეატრმა წელს ვაშინგტონის თეატრალურ „ოსკარად“ წოდებულ „ჰელენ ჰეისის“ 23 ნომინაციაში გაიმარჯვა. გასულ წელს კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – პაატა ციქურიშვილსა და მის მეუღლეს, სოლისტ ირინა ციქურიშვილს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ვაშინგტონის საპატიო მოქალაქეების“ სტატუსი მიენიჭათ. წლევანდელი სეზონი კი თეატრმა ჩვეული წარმატებით დაიწყო. ამ ყველაფრის შესახებ პაატა ციქურიშვილს ვესაუბრეთ.

– ვალენტინობას ახალი სპექტაკლის პრეზენტაცია გქონდათ, როგორ ჩაიარა?
– დიდი ამბები და ოვაციები მოჰყვა. დავდგით ახალი სპექტაკლი – შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“, რომელიც, თავისთავად, სიყვარულს ეხება და კარგად დაემთხვა ვალენტინობას. ალბათ, კიდევ ერთი კვირა ვითამაშებთ. საერთოდ, ძველ სპექტაკლებს ძალიან იშვიათად ვაბრუნებ. სულ ახლებს ვდგამ და უკვე სამოცი სპექტაკლი მაქვს დადგმული.
– თქვენი და თქვენი დასის შემოქმედებისთვის წელს უამრავი ნომინაცია მოგენიჭათ. ჯამში – 23 და თან, ეს ძალიან პრესტიჟული, ვაშინგტონის თეატრის „ოსკარად“ წოდებული „ჰელენ ჰეისის“ ნომინაციებია.
– „ჰელენ ჰეისის“ 23 ნომინაცია კი გამიხარდა, მაგრამ ნამეტანი ბევრია. ხომ არ დაგვცინიან-მეთქი, ერთი პერიოდი ეგეც კი ვიფიქრე (იცინის). ყველა სპექტაკლი, რომელიც 2014 წელს გამოვუშვით, ყველა კატეგორიაში ნომინირებულია. ყოფილა შემთხვევა, რომ გვქონია რამდენიმე ნომინაცია, მაგრამ ახლა, 23 რომ გამოაცხადეს, ვერ აღვიქვი. ძალიან მიხარია. ირინა თითქმის ყოველ წელს ნომინირებულია და არაერთხელ თუ ორჯერ. თავის კატეგორიაში საკუთარ თავს ეჯიბრება ხოლმე. ამას უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ, ამჯერად რომ ყველამ ყველაფერში ნომინაცია მიიღო, ეს ძალიან დიდი წარმატებაა. სეზონი მნიშვნელოვანი ნახტომით დავიწყეთ. წამყვანი მსახიობი ქალის ნომინაცია ირინამ მიიღო, მამაკაცის – ბენ ქიუნისმა; მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის – ირაკლი კავსაძემ, ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის – ირინკა კავსაძემ. ასევე, სპექტაკლის დიზაინერმა, კოსტიუმების დიზაინერმა, საუკეთესო დასმა ერთად, მე – რეჟისურაში. საუკეთესო სპექტაკლი გახდა „მეთორმეტე ღამე“. ასევე, საუკეთესო სცენარის ნომინაცია მიიღო სამმა სპექტაკლმა და მუსიკაში – კოკი ლორთქიფანიძემ და ტომას შაუერმა. მოკლედ, ძალიან ბევრი ნომინაციაა (იცინის).
– საინტერესოა, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, მით უმეტეს, როცა ვაშინგტონში უამრავი თეატრი გიწევთ კონკურენციას?
– უპირველესად, დაუღალავი შრომა. ალბათ, მიხვდები, რას ნიშნავს წელიწადში ხუთი ახალი სპექტაკლის გამოშვება. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ძალიან გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და ეს გვეხმარება. ალბათ, სადღაც იღბალიც არის. მართალია, ვაშინგტონში კონკურენცია დიდია, ოთხმოცდაათი თეატრია, მაგრამ ჩვენ მაინც განსხვავებულები ვართ. ყველაფერს უცნაურად ვაკეთებთ. არატრადიციულ სპექტაკლებს ვდგამთ. სხვანაირი თხრობის ხელწერა გვაქვს. გვყავს ჩვენი დასი. აქ რა არის, იცი? როგორც ასეთი, რეპერტუარის თეატრი არ არსებობს, როგორც ჩვენთან. აქ მსახიობებს მოიწვევ, სპექტაკლს გამოუშვებ და „ვსიო”, კარგად იყავი. მე მოვახერხე და რაღაცნაირად, დასი შევკარი. ზოგი მსახიობი უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენთან არის – იმდენად ძლიერები და შეთამაშებულები არიან უკვე, რომ ეს გამოარჩევთ. ეს კი მე მეხმარება, რომ სპექტაკლები სწრაფად გავაკეთო. მნიშვნელოვანია გუნდური თამაშიც და ორგანიზებულობა. რომ არა ეს, არაფერი გამოვიდოდა. თუმცა, ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ჩვენი გამორჩეული სინთეზური ხელოვნებაა, რომელშიც კონკურენტი არ გვყავს.
– გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. თქვენ და თქვენი მეუღლე, „ვაშინგტონის საპატიო მოქალაქეები“ გახდით. ელოდით ასეთ დაფასებას?
– „ჰელენ ჰეიზი“ თეატრალური „ოსკარია“ და ასე თუ ისე, ველოდით. მაგრამ, „საპატიო ვაშინგტონელობაზე“, არც მიფიქრია. ეს არ არის თეატრალური ჯილდო. ამ ჯილდოზე ჩვენთან ერთად ათი კაცი იყო წარდგენილი. მათემატიკოსი, პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. ამ სტატუსით აჯილდოებენ მას, ვინც ვაშინგტონის განვითარებაში შეიტანა წვლილი. ჩათვალეს, რომ ჩვენ ვაშინგტონი გავხადეთ უკეთესი, ჩვენმა თეატრმა შეცვალა ვაშინგტონის თეატრალური სახე. 1996 წელს ჩამოვედით ჩვენ ამერიკაში და თავისთავად, ვცადე, გამეკეთებინა ის, რაც ვიცოდი. მაგრამ, იმდენად სხვანაირი და უცხო იყო ყველაფერი, რომ შოკში ჩავვარდი. არ არსებობდა არაფერი ტრადიციული, სპექტაკლების გარდა და მერე ჩვენ შევქმენით სინთეზური თეატრი. დღეს უკვე ვაშინგტონში ძალიან ბევრი თეატრია, სადაც ბევრ ისეთ რამეს იყენებენ, რასაც ჩვენ. ანუ, ჩვენი ზეგავლენა მათზე დიდია.
– რაც ძალიან საამაყოა. გარდა ამისა, გასული წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნდით სცენაზე, როგორც მსახიობი. რის გამო აიღეთ ამხელა პაუზა?
– საერთოდ, მე ყველაფერი მსახიობობით დავიწყე და დღესაც მიმაჩნია, რომ არტისტი ვარ. მაგრამ, გქონდეს თეატრი, იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, თან, თეატრში, სადაც სახელმწიფო დაფინანსება არ გაქვს და თავად გიწევს ბიუჯეტზე ზრუნვა, თანხების მოზიდვა, სპექტაკლის გარდაც, ძალიან ბევრი სამუშაოა და ამდენი დრო აღარ მრჩება. როგორც რეჟისორი, ყოველწლიურად რომ ოთხ-ხუთ სპექტაკლს ვუშვებ, ეგეც ძალიან დიდი დატვირთვაა. ამიტომ, ფიზიკურად აღარ მრჩება დრო. მსახიობობას კიდევ ძალიან დიდი დრო უნდა. თან, როცა უკვე გათამამებული გყავს მაყურებელი, შენგან კიდევ უფრო მეტს ელიან. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ვფიქრობ, რა მეშველება, ახლა რა უნდა გავაკეთო-მეთქი (იცინის). თუმცა, იმდენად მინდოდა სცენაზე დაბრუნება, მოვახერხე და სიმართლე გითხრა, ძალიან ვისიამოვნე. როგორც ჩანს, მომნატრებია სცენა. ეს მაინც თავისებური და განსხვავებული შეგრძნებაა. ალბათ, კიდევ მოვძებნი რამეს საჩემოს. კიდევ ერთი მიზეზია, რაც არ უნდა კარგად ვლაპარაკობდე ინგლისურად, აქცენტი მაინც მაქვს. ამიტომ, უნდა მოვძებნო როლი, რომელიც ეგზოტიკური იქნება და აქცენტი მოუხდება. მაგალითად, დრაკულა. ადრეც მაქვს ნათამაშები და შესაძლოა, ცოტა შეცვლილი სახით დავაბრუნო.
– შექსპირის იუბილესთან დაკავშირებით „ჰამლეტიც“ დააბრუნეთ, რომელიც დასაწყისშივე თქვენი წარმატების მიზეზი გახდა, არა?
– შექსპირის „ჰამლეტი“ იყო ჩემი პირველი სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელთან“ ერთად. მე დავაბრუნე ეს სპექტაკლი შარშან. ისე, შექსპირის 11 სპექტაკლი მაქვს დადგმული. თვითონ შექსპირი იმდენად პოპულარულია ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც, რომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა რამე განსხვავებული და ორიგინალური. დავდგი სპექტაკლი უტექსტოდ. გადაირივნენ, ისე მოეწონათ და მაშინვე აიტაცეს.
– თქვენი შვილები თუ აგრძელებენ თქვენს გზას?
– ჩემი ბიჭი დიდი ხანია, თეატრშია. 23 წლისაა და უკვე 18 სპექტაკლი აქვს ნათამაშები. ბავშვობიდან სცენაზე დგას (იცინის). მეორე გოგო მყავს, 13 წლის და ისიც უკვე იწყებს. თეატრში ცალკე მაქვს გაკეთებული თინეიჯერების ანსამბლი, სადაც ბავშვებს ვამზადებ და ვინც უკვე გაწვრთნილია, დასში გადმომყავს. ჩემი გოგო უკვე არის ჩართული.
– თქვენ და თქვენი მეუღლე, სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, ორი ხელოვანის ერთად ცხოვრება რთულია, ანგრევთ, არა?
– კი, ჩვენ ეს სტერეოტიპი დავანგრიეთ. მე და ირინა რომ შევუღლდით, გვქონდა მიამიტური საუბარი და მე ირინას დავპირდი, რომ ერთ დღეს ამერიკაში გვექნებოდა ჩვენი თეატრი და მე მის გარშემო ავაწყობდი ყველაფერს. ასეც მოხდა (იცინის). თავიდან უცხო ქვეყანაში ძალიან რთული იყო. მერე ისე ინტენსიურად და სწრაფად განვითარდა ყველაფერი, ის ფაქტორი, რომ მე და ირინა ცოლ-ქმარი ვართ, მეორე პლანზე გადავიდა. ჩვენ ძალიან კარგად შეთამაშებული კოლეგები ვართ. მე ზედმიწევნით ვიცი მისი ხასიათი, მასზე უკეთესადაც კი. ხშირად ვამბობთ, რომ ერთმანეთთან კი არა, ჩვენ თეატრთან ვართ შეუღლებულები. ასეც არის.
– წეღან თქვით, რომ „სტუმარ-მასპინძელი“ დადგით. საინტერესოა, როგორ მიიღო ამერიკელმა მაყურებელმა ქართული თემატიკა?
– გავრისკე, როცა „სტუმარ-მასპინძელი“ გავაკეთე. ხომ იცი, რომ იტყვიან, „ბუნებამ ამიტანა“. ვგრძნობდი, რომ გამოვიდოდა. ეს იყო 2001 წელი, როცა აქ ტერორისტული აქტი მოხდა და მაშინ გადავწყვიტე, როგორც არტისტს, ჩემი პროტესტი გამომეხატა რაც ხდებოდა იმის მიმართ და ამავე დროს, ვაჟას შედევრი შემეთავაზებინა ამერიკელებისთვის მუსლიმანურ-ქრიტიანულ-კავკასიური თემით. იმდენად ძლიერი გამოვიდა და ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, ხუთჯერ დავაბრუნე. პრესა წერდა, რომ ასეთი ამბავი შეიძლება, იყოს პაკისტანშიც და სხვა ცხელ წერტილებშიც. „ვაშინგტონ პოსტმა“ დაასახელა „ათწლეულის ხუთი საუკეთესო სპექტაკლი“ და ერთ-ერთი იყო „სტუმარ-მასპინძელი“. ამიტომაც ჩამოვიტანე საქართველოში, მინდოდა, ქართველებსაც ენახათ. კიდევ ჩამოვიდოდი საქართველოში დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამას დიდი ფინანსები სჭირდება.
– დიდ წარმატებებს მიაღწიეთ, თუმცა, ალბათ, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ, ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდებათ?
– წარმატება თავისით არ მოდის. პირველი სირთულე აქაურობასთან შეგუება იყო. აქ ფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით ჩამოდიხარ და გგონია, რომ დოლარები ხეებზე კიდია. თავიდან ეს ქვეყანა ძალიან თავისებური და უცხო აღმოჩნდა ჩემთვის. ვერ გავიგე, თეატრი როგორ ფუნქციონირებდა. ერთი წელიწადი გამოქცევაზე ვიყავი. მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე ყველაფერი და შევეჩვიე. გადავწყვიტე, სახეზე თეთრი ნიღაბი წამესვა და პანტომიმა მეთამაშა ბარებსა თუ სხვა ადგილებში. მერე სადღაც მიმიწვიეს, ვიღაც რეჟისორს შევხვდი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სტანისლავსკის თეატრი. როცა მე და ჩემს პარტნიორს შორის პირველი უთანხმოება მოხდა, მე ერთ რამეს მივხვდი, რომ ეს თეატრი კი კარგია, მაგრამ აქ ასეთი იმდენია, კონკურენციას ვერ გავუწევდით. მე მაინც სინთეზურ ხელოვნებაზე ვფიქრობდი და კონფლიქტი გვქონდა. ვუთხარი, შენ შენი სპექტაკლები გქონდეს და მე ცალკე გავაკეთებ-მეთქი. შევქმენი სინეტიკის თეატრი, სახელიც მე მოვიგონე. პირველი აღიარებისა და შვიდი ნომინაციის შემდეგ, იმდენად დაიბოღმა მეორე მხარე, რომ ზუსტად ერთ კვირაში მე და ირინა საკუთარი შექმნილი თეატრიდან გაგვაგდეს (იცინის). მე მაშინ არ ვიცოდი ადმინისტრაცია და აღმოვჩნდი ქუჩაში. ძალიან რთული პერიოდი იყო. მაგრამ, ამერიკა უნიკალური ქვეყანაა იმით, რომ აქ ყველაფერს თავად ხალხი ინახავს. ერთ-ერთი ქალბატონი დამიდგა გვერდში და დაგვასპონსორა, თორემ მე წამოსვლას ვაპირებდი. თქვა – მინდა ჩემს ქალაქს ვაჩუქო ასეთი თეატრი და მისი წყალობით, ფეხზე დავდექით. ის დღესაც ერთ-ერთი სპონსორია. რომ ჩამოვედი, ენა არ ვიცოდი და ესეც სირთულე იყო. ემიგრაციაში წასვლას რომ გადაწყვეტ, ენა უნდა ისწავლო (იცინის).

скачать dle 11.3