კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შურმა გააბედვინა

დონალდი სახეგაბრწყინებული ატრიალებდა ხელში ლატარიის ბილეთს: – დარწმუნებული ვარ, საღამოს ორ მილიონს მოვიგებ. გული მიგრძნობს... – თქვა და ყავა ხმაურით შეხვრიპა.
ცოლმა, ბერტამ, წარბს ზემოდან გადახედა და ცხელ ტაფაზე ბეკონის ნაჭრების დალაგება დიწყო – ეს დონალდის საყვარელი კერძი იყო დილაობით.
– წარმოგიდგენია?! სულ რაღაც ერთი დოლარი გადავიხადე ამ ფარატინა ქაღალდში და მე ის გამამდიდრებს... უნდა მოვიფიქრო, როგორ დავხარჯო: შენ ახალ მანქანას გიყიდი, აი, ისეთს, მარგარეტს რომ ჰყავს. ხომ მოგწონს? მშვენიერი „ჰონდაა“. მეც ვაღიარებ, რომ ლამაზი და კარგი მანქანაა...
– არ მინდა, ჩემი მანქანითაც კმაყოფილი ვარ. შეიძლება ძველია, მაგრამ, საიმედოა შენსავით... – ჩაიბურტყუნა ბერტამ, ქმარს თეფშზე შებრაწული ბეკონი ყველის ფირფიტებთან ერთად დაუწყო და წინ დაუდგა.
ქმარმა განცვიფრებით შეხედა:
– რა დაგემართა? არ გიხარია, რომ ორ მილიონს მოვიგებთ? რაც ამ ბილეთის შესახებ დავიწყე ლაპარაკი, გაღიზიანებული და ჩუმი ხარ. რა მოხდა?
– არაფერი. ხომ ხედავ, სადილს ვამზადებ. თანაც, ჯერ ხომ არ მოგიგია.
– ვიცი, რომ მოვიგებ, გული მიგრძნობს, – დონალდმა ბეკონი და ტოსტის ნაჭერი მთლიანად შეიტენა პირში და, სანამ დაღეჭავდა, გაღებული ტუჩებიდან ნერწყვი გადმოუვიდა. ბერტა უკმაყოფილოდ დაიჭყანა:
– არ გაწყენს კარგი მანერების სწავლა. უკვე მეტისმეტი მოგდის – საზიზღრად იქცევი, გულისამრევად.
დონალდმა ცოლს უკმაყოფილოდ შეხედა:
– გინდა, გამომასწორო? მილიონები რომ მექნება, მერე ჩემი მანერებიც მომხიბვლელად მოგეჩვენება, – კაცმა დანარჩენი კერძი უსიტყვოდ შეჭამა, ხელსახოცით ტუჩები გაიწმინდა და საათს შეხედა. ლატარიის გათამაშებამდე ოთხი საათი იყო დარჩენილი. ბერტა ისევ სამზარეულოში ფუსფუსებდა. ჭურჭელს რეცხავდა – დონალდი წყლის ხმაურზე მიხვდა ამას. სასტუმრო ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო.
ბერტა ნამდვილად ჭურჭელს რეცხავდა, თან ქმრის უდარდელ ცხოვრებაზე ფიქრობდა: დონალდი საუზმობდა, ვახშმობდა, სადილობდა, ტელევიზორს უყურებდა... მერე იძინებდა... დილით კი სამსახურში მიდიოდა... არასდროს, არცერთხელ არ გაურეცხავს თუნდაც საკუთარი თეფში,  გასარეცხ ნიჟარამდეც კი არ მიუტანია – საჭიროდ არ მიაჩნდა. ბერტამ ამოიოხრა. საყიდლებზეც არ დადიოდა დონალდი. მისი მთავარი ფუნქცია სახლში ფულის მოტანა იყო და, რადგან ამას ახერხებდა, საკუთარი მისია შესრულებულად მიაჩნდა და, უკვე ოცდაათი წელი იყო, რაც ასე გრძელდებოდა. ბეტი კი ამ უმადურს სარეცხს ურეცხავდა, აჭმევდა, ასმევდა, უვლიდა... შარვლებსაც კი გადაუკეთებდა ხოლმე, როცა დონალდი რამდენიმე კილოგრამს მოიმატებდა. ქალს არ შესწევდა უნარი, რამე შეეცვალა ამ საშინელ რუტინაში, არადა, იხრჩობოდა, სუნთქვა უჭირდა... ჭურჭელი გაწმინდა და კარადაში შეალაგა, მერე სასტუმრო ოთახში შეიხედა. ქალმა საქსოვი აიღო და სავარძელში ჩაჯდა. ქმარმა ალმაცერად გახედა. საუბრის სურვილმა სძლია.
– როგორც კი ორი მილიონი მექნება, ახალ, სისხლსავსე ცხოვრებას დავიწყებ, – დონალდი ლატარიის ბილეთს ჩააშტერდა. სახე ისევ გაუბრწყინდა – აშკარად ძალიან ბედნიერი იყო...
 ბერტა შეიჭმუხნა.
– ჩვენ ისედაც გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება, – თქვა უხალისოდ.
– რას ამბობ, ჩვენ ხომ ვოცნებობდით უკეთეს ცხოვრებაზე? – გაიოცა კაცმა.
– ეს შენ ოცნებობდი და ლატარიის ბილეთებსაც შენ ყიდულობდი.
– ბერტა, რაღაც ძალიან მოწყენილი მეჩვენები. ვნანობ, რომ შვილები არ გაგაჩენინე, შეცდომა იყო. ნამდვილად, ბავშვები არ მოგაწყენდნენ. აი, მარგარეტს ოთხი ჰყავს. ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალია.
ბერტა გაწითლდა. ხელებზე დაიხედა. უკვე შესამჩნევმა ნაოჭებმა გააღიზიანა. ბოლო დროს სარკეში ჩახედვა შესძულდა, საკუთარი თავი შესძულდა... იმ ქალს აღარ ჰგავდა, თავის დროზე დონალდმა რომ შეირთო ცოლად – აღარც თმა ჰქონდა ლამაზი და ფუმფულა, ვეღარც მოკლე, წითელ კაბას ჩაიცვამდა და ვერც მამაკაცებს აურევდა თავგზას, ერთი სიტყვით, ბერტას უკვე აღარ მოსწონდა საკუთარი თავი, საშინლად აღარ მოსწონდა. მართალია, დონალდიც აღარ ჰგავდა მზეჭაბუკს, მაგრამ, ის ამას ვერ ამჩნევდა. პირიქით, საკუთარ სიმპათიურობაში დარწმუნებული, ხარბად ათვალიერებდა ლამაზმანებს. მეზობელ მარგარეტსაც კი უჭვრეტდა ურცხვად.
– იქნებ, შენთვის უკეთესი იქნებოდა, მარგარეტი მოგეყვანა ცოლად? – ჰკითხა დამცინავად და ბოროტი ირონიით.
– შეიძლება, – დონალდი აქსუტუნდა. არ უნდოდა, ნერვები მოშლოდა გათამაშების წინ. არავითარ შემთხვევაში განწყობა არ უნდა გაეფუჭებინა, დღეს მისი ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო.
– საღამოს წიწილა გვაქვს შემწვარი? – ჰკითხა ცოლს მშვიდად.
– როგორც ყოველთვის, ოთხშაბათობით, – თავი დაუქნია ქალმა, – ბროკოლის სალათასთან ერთად... შენ მართლა ფიქრობ, რომ ორი მილიონი უფრო ბედნიერებს გაგვხდის?
– უფრო ბედნიერებს? – დონალდმა ცოლს ბრაზით შეხედა, – ესე იგი, შენ ახლა უბედური ხარ? იმ სახლში, რომელიც მე ვიყიდე ჩემი გამომუშავებული ფულით; იმ მანქანით, რომელიც ასევე მე ვიყიდე; იმ ყველაფრით, რის საყიდელ ფულსაც მე გამოვიმუშავებ?! ჰო, რა თქმა უნდა, მე ხომ ვერ ვხვდები, როგორ და რით უნდა გაგიფერადო უბადრუკი ყოფა... – დონალდმა მუშტი  დასცხო მაგიდის ზედაპირს, – უმადური ცოლი მყავს! მგონი, მართლაც მარგარეტის შერთვა აჯობებდა... ის არ იწუწუნებდა და კმაყოფილი იქნებოდა ჩემით...
დონალდი ტელევიზორისკენ შებრუნდა. სწორედ ამ დროს ტელევიზორში მათ რაიონში მომხდარი მკვლელობის ამბავს გადასცემდნენ. მკვლელისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. ის სახლში შევიდა, სახლის პატრონს სამზარეულოს დანით ჩვიდმეტი ჭრილობა მიაყენა და გაიქცა... მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ ისინი ცხელ კვალს ასცდნენ... შემდეგ – რეკლამა და გათამაშებაც დაიწყო... პირველი ნომერი რომ გამოაცხადეს, დონალდი შეხტა.
– ბეტი, შეგიძლია, ბარგი ჩაალაგო... აი, ჩემი ბედნიერი ბილეთი... ახალ ცხოვრებას ვიწყებ...
– მე არ მცალია, მარგარეტს ბუჩქების საჭრელი მაკრატელი ვთხოვე, ბუჩქები უნდა შევასწორო...
– რაც გინდა, ის ქენი... – დონალდმა რძით სავსე ჭიქას ხელი წამოავლო და ტელევიზორს მთელ ხმაზე აუწია... ბერტა ოთახიდან გავიდა და, უკან დაბრუნებული, სამზარეულოს ზღურბლთან გაჩერდა. „დღევანდელ გამარჯვებულს ორი მილიონი ერგება! ორი მილიონი – დაბეგვრის გარეშე! – გაჰკიოდა წამყვანი. „შვიდი!“ – ბერტამ თვალები დახუჭა – ამ რიცხვში დაქორწინდნენ... „ოცდაორი!“ – მაშინ ზუსტად 22 წლის იყო დონალდი... „ოცდაათი“ – ოცდაათი წელი გავიდა მათი ერთად ყოფნიდან... ბერტას თვალები დაებინდა, მუშტები გამეტებით მომუჭა და უცებ მიხვდა, რომ ხელში ისევ სეკატორი ეჭირა...
– ორმოცდათორმეტი!  ბერტა, მე მილიონერი ვარ! – იბღავლა დონალდმა.
„ორმოცდათორმეტი...“ – ზუსტად ამდენი წლის არის ახლა დონალდი... ბერტამ სეკატორი შემართა და ნელა გაემართა სასტუმრო ოთახისკენ.
– დონალდ! დონალდ, შემომხედე!
– მომშორდი, ბერტა! არ მცალია ახლა შენთვის!.. – დონალდმა ხელში ააფრიალა ვარდისფერი ბილეთი. მას ცოლისკენ არც კი გაუხედავს და არ დაუნახავს, როგორ შემართა ქალმა სეკატორიანი ხელი... ამიტომაც, ისე მოკვდა, ვერ გაიგო, რა შეერჭო მას გულში... ბერტამ სეკატორის ტარი წინსაფრის კალთით გაწმინდა და ქმრის გვერდით დააგდო. ერთბაშად გულზე მოეშვა... ბილეთი ჭეშმარიტად მომგებიანი გამოდგა. ბერტამ აიღო, დახედა, მოკეცა და ჯიბეში ჩაიდო. მერე ფანჯარა გამოაღო და სახე საღამოს გრილ ნიავს შეუშვირა. ნელ-ნელა სახე ღიმილმა გაუნათა... ჰო, დონალდს ტყუილი უთხრა – მოგზაურობაზე და ცხოვრების შეცვლაზე ყოველთვის ოცნებობდა... ახლა კი ამის შანსი მიეცა და უცებ ხმამაღალი ყვირილი აღმოხდა:
– დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა!..

скачать dle 11.3