კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა საკონტროლო გასროლით – მამაკაცმა ყოფილი ცოლის ქმარი თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა

41 წლის გიორგი ი-ძე წარსულში თაღლითობისა და იარაღის უკანონო  ტარებისთვის  იყო ნასამართლევი. დანაშაულმა,  რომელიც მან 13 წლის მოზარდის, საკუთარი შვილის  თვალწინ ჩაიდინა, განსაკუთრებით დაამძიმა მისი სასჯელი, რადგან, ორჯერ ნასამართლევი მამაკაცი  პირობითი სასჯელით იყო გათავისუფლებული. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ის მხოლოდ ორი დღის შემდეგ დააკავეს, როდესაც ქვეყნის საზღვრის დატოვებას ცდილობდა.  დაკავებულმა გიორგი ი-ძემ  ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ  ყოფილი მეუღლის ქმარი შურისძიების  ნიადაგზე მოკლა.
შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილ მამაკაცს, ივანე ფ-შვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ჭრილობა გულ-მკერდის, მეორე კი შუბლის არეში ჰქონდა მიყენებული.  თვითმხილველთა განცხადებით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მკვლელმა მამაკაცს  მეორე დაზიანება  ეგრეთ წოდებული  საკონტროლო გასროლით მიაყენა.  ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ივანე ფ-შვილს პირველად რამდენიმე მეტრი მანძილიდან ესროლეს, მეორე  დაზიანება  კი მას მიბჯნით ჰქონდა მიყენებული.
როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, ივანე ფ-შვილი გიორგი ი-ძის  ყოფილი ცოლის მეორე ქმარი იყო. მასთან ერთად იზრდებოდა გიორგი ი-ძის ორი მცირეწლოვანი შვილი. მათ დედაზე, მაკა წ-ზე, ივანე ფ-შვილი მაშინ დაქორწინდა, როცა გიორგი პატიმარი იყო. როგორც დაზარალებული ოჯახის, ასევე ბრალდებულის ახლობლების განცხადებით გახდა ცნობილი, გიორგი ი-ძემ ციხეში ყოფნის დროს შეიტყო, რომ მისი ცოლი გათხოვდა, რაც მან ძალიან მძიმედ გადაიტანა. მკვლელობა მან ციხიდან გათავისუფლებიდან შვიდი თვის შემდეგ ჩაიდინა. 
ამონაწერი გარდაცვლილის მეუღლის მაკა წ-ძის ჩვენებიდან: „გიორგიმ ჯერ კიდევ ციხიდან შემომითვალა,  გათხოვებას არ გაპატიებო. როცა ის დაიჭირეს, ჩვენ უკვე გაშორებულები ვიყავით, თუმცა, შვილებთან ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა. ამის მიუხედავად,  გამუდმებით მაბრალებდა, რომ ბავშვებს მასთან შეხვედრის უფლებას და საშუალებას არ ვაძლევდი. ეს თემა კიდევ უფრო გამწვავდა მისი ციხიდან გამოსვლის  შემდეგ. ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ  კონფლიქტის დარეგულირება მის ძმასა და მშობლებს ვთხოვე.  რამდენჯერმე ჩემს მეუღლესაც შეხვდა ვითომ შემთხვევით და გამოელაპარაკა. ივანემ თავი აარიდა მასთან კონფლიქტს. ბავშვებს შეძლებისდაგვარად ვაძლევდი უფლებას, რომ მამას შეხვედროდნენ, მაგრამ, როგორც ისინი მიყვებოდენენ, სულ იმას ეკითხებოდა, მამინაცვალი ცუდად ხომ არ გექცევათო და მათთან საუბარში მეც შეურაცხყოფას მაყენებდა.  ბოლოს ბავშვების ნახვაც ავუკრძალე. იმ დღეს, როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა, უფროსი შვილი, 13 წლის ნოდო ჰყავდა წაყვანილი. სახლთან მანქანით მოიყვანა. მე სახლში არ ვიყავი. სრულიად შემთხვევით, სადარბაზოს წინ ჩემი მეუღლე შეხვდა და ინციდენტიც იქვე მოხდა – მან ისე ესროლა ივანეს, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მკვლელობა ბავშვის თვალწინ მოხდა. შეშინებული ნოდო, რომელმაც ყველაფერი დაინახა, შოკში იყო.
თვითმხილველთა შორის, რომლებიც ამ ინციდენტს შეესწრნენ, აღმოჩნდა მაკა წ-ძის ოჯახის დამხმარე ქალბატონი: „იმ დროს ეზოში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემი შვილი  მოვიდა და  სადარბაზოსთან მას შევხვდი. დავინახე, როგორ მოიყვანა გიორგიმ ნოდო, მანქანა კი ეზოს კართან გააჩერა. ჩვენი ეზო ჩაკეტილია, მაგრამ პატარა – ეზოს კარიდან  სადარბაზომდე, ალბათ, 20-30 მეტრია. ნოდო სადარბაზოსკენ გამოიქცა. იქვე იყო ივანეც, რომელიც მანქანის საბარგულს წმენდდა.  მე ვერ გავიგონე, როგორ დაუძახა გიორგიმ ივანეს, ამის შესახებ მოგვიანებით მეზობელმა მითხრა, რომელიც ასევე ეზოში იყო. ივანე გიორგისკენ მიტრიალდა და გავიგონე გასროლის ხმა და ივანე მაშინვე ძირს დავარდა. სანამ  გონზე მოსვლა მოვასწარი, დავინახე, როგორ გადმოდგა გიორგიმ მისკენ რამდენიმე ნაბიჯი,  ძირს დაგდებულს თავზე დაადგა და კიდევ ერთხელ ესროლა. ეზოში კივილი ატყდა. იქვე იდგა  ორი პატრა ბავშვიც. გიორგი ცოტა ხანს გაჩერდა გარდაცვლილთან. როცა დარწმუნდა, რომ ივანე  მკვდარი იყო,  მანქანისკენ  მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა და  ეზო  დატოვა.”
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა სასამართლო პროცესზეც.  დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებით, გიორგი ი-ძეს ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მოკვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა განზრახული და ამის შესახებ მათ ციხიდანაც შემოუთვალა. ბრალდებულმა  განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის მიმართ საკუთარი ანგარიში ჰქონდა, თუმცა, მათი მოკვლა არ უფიქრია.  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, გიორგი ი-ძე შურისძიებაზე იმ დღიდან ფიქრობდა, რაც ცოლის გათხოვების შესახებ გაიგო და ხელსაყრელ მომენტსაც სულ ეძებდა.
ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „ივანეზე შურისძიებას ვაპირებდი – ვერ ვაპატიე, ჩემს ყოფილ ცოლზე რომ დაქორწინდა, თუმცა, მკვლელობის მიზეზი ეს არ ყოფილა. ბოლო შეხვედრაზე ბავშვმა მითხრა, ივანე ცუდად გვექცევაო და ეს  ბოლო წვეთი იყო. შემთხვევით შევეჩეხეთ ერთმანეთს ეზოში. დავუძახე და, როგორც კი ჩემკენ შემობრუნდა, იარაღი ამოვიღე და ვესროლე, მეორე გასროლა კი მაშინ გავაკეთე, როცა ახლოს მივედი“ – განაცხადა  გიორგი ი-ძემ როგორც დაკავებისას, ისე სასამართლო პროცესზე.
სასამართლომ გიორგი ი-ძე დამნაშავედ ცნო ჩადენილ დანაშაულში და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3