კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, როგორ მოვიქცე
ძალიან უბედური ქალი ვარ: ახალგაზრდა დავქვრივდი და მარტომ გავზარდე ერთადერთი შვილი. მაგრამ ბედმა ესეც არ მაკმარა, ჩემმა ბიჭმა ცოლი შეირთო და, საქორწინო მოგზაურობიდან რომ ბრუნდებოდნენ, ავარია მოუვიდათ. ყველა გადარჩა, ვინც მანქანაში იჯდა (ღმერთმა კარგად ამყოფოთ), ჩემი შვილი კი ისე დაიმტვრა, სამუდამოდ ხეიბარი დარჩა და ეტლშიც ვერ ჯდება – ლოგინს მიეჯაჭვა. საწყალი ჩემი რძალი ორი წელი თითქმის არ გადიოდა სახლიდან და ქმარს უვლიდა, მაგრამ, მერე იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო, რადგან, მარტო ჩემი ხელფასი არ გვყოფნიდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ვიგრძენი, რომ ეკას ვიღაც თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რადგან, ძალიან შეიცვალა (ხომ იცით, ქალის თვალს ეს არ გამოეპარება). მეც ქალი ვარ, თან, ადრე დაქვრივებული, ვიცი, რა ძნელია გათხოვილი ახალგაზრდა ქალისთვის უმამაკაცოდ ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, ვერც ვამტყუნებ, მაგრამ, ეს რომ ჩემმა საცოდავმა შვილმა გაიგოს, ვიცი, რომ თავს აღარ იცოცხლებს, ისედაც სულ იმას გაიძახის, ნეტავ მალე მოვკვდებოდე, რომ ეკამ თავისი ცხოვრების გზა ნახოსო. ამას კი ამბობს, მაგრამ, ისე უყვარს ცოლი, ხატივით შესცქერის და მის მზეს იფიცებს.
არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე – რა ვთხოვო ჩემს რძალს: როგორმე მოითმინოს და გაუძლოს თავის ხვედრს თუ, სულაც, წავიდეს სახლიდან და ბედს ეწიოს
დუდანა, 52 წლის.

აღარავისი არ მჯერა
მთელი ცხოვრება ველოდი ნამდვილ სიყვარულს, ისეთს, ყველაფერს რომ დაგავიწყებდა და, როგორც იქნა, შევხვდი მამაკაცს, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობა შემეძლო. ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით: აეროპორტის სალაროსთან მივედი ბილეთის ასაღებად. რამდენიმე კაცი იდგა და რიგში ჩავდექი ვიღაც კაცის შემდეგ. ცოტა ხანში ის კაცი ჩემკენ მოტრიალდა და მითხრა, თუ შეიძლება, დამიმახსოვრეთ, გავალ და ორ წუთში დავბრუნდებიო. ამას რომ მეუბნებოდა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თვალებით გამბურღა და ამ მზერამ მთლიანად მომაჯადოვა. მე ბილეთი უკვე აღებული მქონდა და, ის იყო, იქიდან წამოსვლას ვაპირებდი, რომ აქოშინებულმა მოირბინა. რომ დამინახა, გაუხარდა – კიდევ კარგი, მოგისწარით, თორემ, რიგს დავკარგავდიო. მე წამოვედი, ის კი ბილეთის საყიდლად მივიდა მოლარესთან.
ერთი კვირის შემდეგ უნდა გავფრენილიყავი ამერიკაში და მთელი ის კვირა იმ კაცზე ვფიქრობდი – რატომღაც გულში ჩამრჩა მისი მზერა. თვითმფრინავში რომ ავედი, გაოცებისა და სიხარულისგან კინაღამ შევყვირე – სწორედ ჩემ გვერდით იჯდა და ღიმილით შემომცქეროდა. მერე მითხრა, ვიცოდი, რომ კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთსო. მთელი მგზავრობის განმავლობაში თან მყვებოდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რა ბედნიერება ყოფილა, როცა მამაკაცი თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებს. მოკლედ, ამერიკაში რომ ჩავფრინდით, უკვე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. სხვათა შორის, ანდრო თვითონაც გამომიტყდა სიყვარულში და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ჩემნაირ ქალს ეძებდა და რომ ჩვენ ძალიან ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა, ანუ, პრაქტიკულად, ხელი მთხოვა.
მე ორ თვეში უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში, სანდრო – ნახევარ წელიწადში, მაგრამ, იმ ორი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს, რადგან ერთ ქალაქში ვცხოვრობდით. იქ ყოფნისას ყველაფერი დავგეგმეთ და, გადავწყვიტეთ, თბილისში შეხვედრისთანავე გაგვეცნო ერთმანეთის მშობლები და ქორწილზეც მოგველაპარაკა.
ექვსი თვე, შეიძლება ითქვას, თვალის დახამხამებაში გავიდა. ანდრო თბილისში დაბრუნდა და მე აეროპორტში დავხვდი. რადგან მანქანა არ მყავდა, ჩემს დაქალს, ლიკას ვთხოვე და მან წამიყვანა. რადგან ანდრო ძალიან დაღლილი იყო მგზავრობით, გადავწყვიტეთ, ორი დღის შემდეგ შევხვედროდით. ერთ ძალიან საყვარელ კაფეში შევხვდით ერთმანეთს, პატარა, მიყრუებულ ქუჩაზე, – გვინდოდა, მარტონი ვყოფილიყავით და ხალხმრავალ ადგილებს გავერიდეთ. ის იყო, ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ, რომ კაფეში ლიკა შემოვიდა და თავზე დაგვადგა. ძალიან გამიკვირდა მისი იქ დანახვა და რაღაცნაირად არ მესიამოვნა, მაგრამ, არ შევიმჩნიე. მანაც გაიოცა, რომ დაგვინახა და გვითხრა, ჩემს საყვარელ კაფეში რა ქარმა გადმოგაგდოთო. არადა, არასდროს უხსენებია, რომ საერთოდ იცოდა ამ კაფეს არსებობა. უცერემონიოდ დაჯდა ჩვენს მაგიდასთან და ანდროს უთხრა, ჩემთვისაც შეუკვეთე ყავა და ნამცხვარიო. ანდრომ, რა თქმა უნდა, არაფერი აგრძნობინა, მაგრამ, აშკარად შევატყვე, რომ გუნება გაუფუჭდა. ლიკა ბოლომდე ჩვენთან დარჩა და იმდენი მოახერხა, რომ ჩვენ გაგვაცილებინა თავი (იმ საღამოს „შემთხვევით“ იყო უმანქანოდ). რამდენიმე დღის შემდეგ კი ანდრომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა – სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. ძალიან შეწუხებული ხმა ჰქონდა და შემეშინდა, რამე უბედურება ხომ არ შეემთხვა-მეთქი. მაშინვე გავიქეცი. სკვერში სკამზე იჯდა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. მაშინვე ცუდი მიგრძნო გულმა, მაგრამ მთლად ასეთ საშინელებას არ ველოდი. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, ანდრომ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა, ყველაფერი ვიცი შენი წარსულის შესახებ, რომ არ დაგემალა და თვითონვე გეთქვა, კიდევ შეიძლებოდა მეპატიებინა, მაგრამ, რადგან დამიმალე, ვეღარ გენდობი და, ამიტომ, უნდა დავშორდეთო. კინაღამ გავგიჟდი – რა წარსულზე მელაპარაკები-მეთქი. რა და, შენი მეგობრის ქმრისგან ბავშვი რომ გააჩინე, მერე კი სამშობიაროში დატოვე, ამის შემდეგ კი მეორე დაქალის ქმარს დაუწყე „ჩალიჩიო“. კინაღამ გავგიჟდი, რადგან მსგავსი არასდროს არაფერი ჩამიდენია; ის კი არა, შეყვარებულიც კი არ მყოლია ცხოვრებაში, მაგრამ ანდრომ არ დამიჯერა. რომ ვკითხე, ვინ გითხრა ჩემზე ასეთი სიბინძურე-მეთქი, მიპასუხა, არიან წესიერი ადამიანები, რომლებიც ჩემზე ზრუნავენო.
კინაღამ შევეწირე ანდროსთან ასეთ მოულოდნელ დაშორებას. რამდენიმე დღე ისეთ დეპრესიაში ვიყავი, არავის დანახვა არ მინდოდა. მერე, ცოტა რომ გამოვედი მდგომარეობიდან, ლიკას დავურეკე – ძალიან ცუდად ვარ და შენი ნახვა მინდა-მეთქი. საკმაოდ ცივად დამელაპარაკა და მითხრა, არ გეწყინოს, მაგრამ, შენთვის არ მცალიაო. გამიკვირდა და მეწყინა, მაგრამ, რა უნდა მეთქვა. მერე მეორე დაქალს ვთხოვე მოსვლა. ის მაშინვე მოვიდა და მთელი დღე ჩემთან იყო, საღამოს კი სასეირნოდ გამყვა. ჩემს სახლთან ახლოს სკვერია და იქ დავსხედით. ცოტა ხანში კი ქალის კისკისი გავიგონეთ. ხმა მეცნო და რომ გავიხედე, სახტად დავრჩი: ლიკა და ანდრო ჩახუტებულები მოდიოდნენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ. რა თქმა უნდა, მაშინვე ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის.
მას მერე აღარც კაცების გონიერების მჯერა და აღარც ქალების მეგობრობის. ვიცი, რომ გამიჭირდება ასე ცხოვრება, მაგრამ, ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.
თამთა, 28 წლის.

скачать dle 11.3