კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი არასწორი წახალისება ხდება დღეს სასულიერო პირების მიერ და რატომ არ უნდა წავიდნენ ადამიანები მონასტერში პატარ-პატარა ტრაგედიებისა და გაუაზრებელი ქცევების გამო

დღეს მონასტრისადმი ჩვენი დამოკიდებულება ხშირად არასწორი და არაჯანსაღია და, რაც მთავარია, ამის არასწორი პროპაგანდა ხდება. თუმცა, ამ საკითხის შესახებ უკეთ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელოების ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– დღეს, ბევრი ჩვენგანი, როცა რაღაც გაუჭირდება და პრობლემები შეექმნება, ამის მოსაგვარებლად მონასტერში მიდის, თავის პრობლემებს კი „აქ” ტოვებს, თუმცა, საბოლოოდ, ისევ ამ პრობლემებთან ბრუნდება. რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება?
– მთავარი განმსაზღვრელი და სულის ჩამდგმელი ეკლესიაში არის ევქარისტია, ლიტურგია, ღმერთთან ურთიერთობა. თუ  ჩვენ ეს ვიცით და ვაღიარებთ, მაშინ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყველგან არის: სამრევლო ტაძარშიც და მონასტერშიც. როდესაც ადამიანს აქვს პრობლემები, ის წყვეტს, რომ მათ ერში ვერ მოუვლის, ვერ გადალახავს, ამიტომ, ცდილობს, გაერიდოს ამ პრობლემებს და მირბის მონასტერში, თითქოსდა მონასტერში რეალობა აღარ არის – ეს მიდგომა არასწორია, თორემ, მონასტერი მართლა ის ადგილია, სადაც ისეთი ფონია შექმნილი, რომ ადამიანს შეუძლია, განმარტოვდეს (რა თქმა უნდა, თუ ეს ფონი კიდევ არსებობს), სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს და დარჩეს საკუთარ თავთან. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ასეთი მონასტრები, თუმცა, ბევრი არა, რადგან, ბევრგან დაიკარგა მონასტრული სული. თუ ადამიანს მონასტერში უნდა ყოფნა და გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს მონასტრული ცხოვრება, საინტერესოა, ის ამ ყველაფერს როგორ იწყებს, საიდან მომდინარეობს მისი ეს გადაწყვეტილება: პრობლემა აქვს და იმას გაურბის, თუ, მისთვის მნიშვნელოვანია არა პრობლემები, არამედ, მისი სული ითხოვს ამას. ასეთი სულისკვეთებით თუ მიდის ადამიანი მონასტერში, ეს სწორი და მნიშვნელოვანია. ვინც ასე მიდიოდა, ისინი ჭეშმარიტი მონაზვნები იყვნენ და ისინი ქმნიდნენ ნამდვილ მონასტრებს. ის, რაც ხდება დღეს, ძალიან ცუდი პრეცედენტია და ასეთი რამ არ ყოფილა აქამდე. მონასტრული ცხოვრება მეოთხე საუკუნიდან იწყებს ათვლის წერტილს და, აქედან მოყოლებული, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ადამიანები ამ საკითხს ასე უყურებდნენ: მე მინდა ასეთი ცხოვრება და ამიტომ მივდივარ, და არა იმიტომ, რომ პრობლემები მაქვს და მათ გავურბივარ. შავი სამღვდელოება, მონაზვნობა ბევრ ახალგაზრდას – გოგონასა თუ ბიჭს, მოუწოდებს, რომ დატოვონ ეს სოფელი და წავიდნენ მონასტერში. ძველი მეუდაბნოეების, ჭეშმარიტი მამების, მონაზვნების მიდგომა კი ცნობილია ჩვენთვის: ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და ხშირად არც იღებდნენ ახალგაზრდებს თავიანთ მორჩილებაში. საკმარისია, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება წავიკითხოთ, სადაც წმიდა მამა მკაცრად ემიჯებოდა ასეთ რამეს: მკაცრი გამოცდის გარეშე არ იღებდა არავის მონასტერში, რადგან, მონასტრული ცხოვრება არ არის ყველასთვის; ეს არ გახლავთ მასობრივი საქმიანობა, განსაკუთრებით, იმ პრიზმით, როგორც დღეს ხდება – გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. მონაზვნობა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, მონაზონს თვითონ როგორ სწამს, ძალუძს თუ არა ღმერთთან ცხოვრება მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, თავის გადადება: რომ დაუტევოს თავი თვისი, სული თვისი და აიღოს ჯვარი და შეუდგეს უფალს. ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია; ეს დიდი საქმეა და ამის მინიმუმადე დაყვანა ძალიან ცუდია. შავი სასულიერო პირებიდან ბევრი უჩიჩინებს 18-19-20 წლის გოგონას, რომ უნდა წავიდნენ მონასტერში – მე ვხედავ, შენგან კარგი მონაზონი გამოვაო. როდესაც ახალგაზრდა გაუაზრებლად მიდის მონასტერში და მას არანაირი სულიერი თუ ადამიანური გამოცდილება არ გააჩნია, არ იცის დაცემის შემდეგ, როგორ უნდა ადგეს, ერთი ფაქტი მოხდა მის ცხოვრებაში, გარდა იმ „პატარა ტრაგედიისა“ და ამის გამო უნდა წავიდეს მონასტერში. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამის გაუაზრებლად წახალისება ხდება, თან, რის ფონზე: თუ თქვენ მონასტერში წახვალთ, გარანტირებული გექნებათ ცხონება. რა თქმა უნდა, მონასტერში შესაძლებელია ცხონება, მაგრამ, ამის გარანტია არავის აქვს. რამხელა ნომინალიზმია ადამიანის ცნობიერებაში, როდესაც ამბობენ, რომ სამრევლო ტაძარში ისეთი მადლი არ არის, როგორიც მონასტერში; სამრევლო ეკლესიაში ნაყიდი სანთელი უმადლოა, მონასტრის სანთელი უფრო მადლიანია, ისევე, როგორც სასულიერო პირი ან ის ადამიანი, რომელიც მონასტერში დადის. ეს უკვე წარმართული აზროვნებაა და ქრისტიანულ აზროვნებას არ მიესადაგება. მადლი ყველგან არის და მთავარი ისაა, როგორ იღებს მას ადამიანი. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ განსაზღვრავს მადლის გადმოდინებას. მონასტერში უამრავი ადამიანი მიდის და, იქიდან, შეიძლება, დამშვიდებული სახით ბრუნდებიან, რადგან, გარემო მოქმედებს მათზე დადებითად, მაგრამ, მერე იმავე და უარეს ცხოვრებას უბრუნდებიან. იქ წასვლით კი პრობლემები არ გვარდება, ისევ ხვდება იგივე პრობლემები, რომლებიც, შეიძლება, უფრო გართულებულია და, ვეღარ გაუგია, იყო თუ არა საჭირო მონასტერში წასვლა. თუ საჭირო იყო, რატომ ვერ მოგვარდა პრობლემები და, ამის გამო გაორება ემართება, მთელი ცხოვრება ეძებს ღმერთს და, ვერ გაუგია, რომ ღმერთი ჯერ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
– გასათხოვარ გოგონებსაც ხშირად ეუბნებიან: ან უნდა გათხოვდე, ან უნდა წახვიდე მონასტერშიო. არა მგონია, ეს მიდგომა სწორი იყოს.
– თუ ვინმეს უნდა მონასტერში წასვლა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოწოდებაა მისი, უნდა წავიდეს. თუმცა, ამის წახალისება, რომ აუცილებელი და საჭიროა, განსაკუთრებით – ამ დროში, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. თუნდაც იმ დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. ანუ, ცრუ წახალისება არ უნდა ხდებოდეს – რომ, წახვალ და ცხონდები, რადგან, ცხონება ყველგან შეიძლება: ბუნებაში, უდაბნოში, ტყეში, ქუჩაში, სამარშრუტო ტაქსიში, მეტროში, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს უნდა ცხონება, რის საშუალებასაც ქრისტეს მისტიკური სხეული, ეკლესია იძლევა თავისი ცოცხალი გადმოცემით – სახარებით; ამის ალტერნატივა არის აღსრულებული საქმეები, იმ სიყვარულისა და სიხარულის გათავისება, რასაც ღმერთთან ურთიერთობა ჰქვია. მე, როგორც მოძღვარი, ყოველთვის მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მეტი ისწავლონ, განვითარდნენ, თუმცა, განათლებისკენ სწრაფვამ არ უნდა შეიწიროს მათი მომავალი ცხოვრება. მთავარი მიზანი, რასაც დედობა, ოჯახი, შვილების კარგად, პატიოსნად აღზრდა ჰქვია, უნდა შეასრულოს – ეს უფრო მეტ წარმატებად მიმაჩნია, ვიდრე ის, რომ მშრალი აზროვნებით წავიდეს მონასტერში და იქ არაფერი აკეთოს; ღვაწლმოსილი დედაოს ბრმა მორჩილებაში იყოს, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოიხატება ხილის დაკრეფაში, კომპოტის გაკეთებაში, ხელსაქმის სწავლაში, მოქსოვაში, მერე თავისი ნამუშევრის გაყიდვაში და დედაოსთვის ჩაბარებაში. ეს არის ადამიანების ერთგვარი ექსპლუატაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მონასტერში ასე ხდება. მაგრამ, იმ ახალგაზრდების გაშვება მონასტერში, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ნიშნავს მათ ექსპლუატაციას, ზომბირებას. პირადად ჩემი სულიერი შვილი, პატარა გოგონა, ამ ცრუ პროპაგანდის გამო მოხვდა მონასტერში და  მას უშლიან მოძღვართან ურთიერთობას, რადგან, მათი თქმით, თეთრი მღვდლები სულ სხვანაირად ფიქრობენ მონასტრებზე. სხვანაირად კი ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი არ იყოს მოტყუებული, რასაც ეთანხმება მთელი პატროლოგია, წმიდა მამების სწავლება. თანაც, ვინ უკრძალავს მას მოძღვართან ურთიერთობას – დედაო, რომელსაც ამის უფლება არ გააჩნია. როცა 18 წლისას მონაზვნად აკურთხებ ან 15 წლის მიგყავს მორჩილად, ეს საერთოდ კატასტროფაა. განა ყველა იმ სულითაა მოწოდებული, რომ ის მონასტერში იყოს?! 22 წლის ასაკში რომ ეწყება ხორციელი ბრძოლები, ვეღარ უმკლავდება და გამორბის მონასტრიდან. მონასტერი კი გამოცდილების სავანეა, იქ მიდიან ადამიანები, რომლებსაც ამის მოწოდება აქვთ და არა ვიღაცის კარნახით, რადგან, ჩემი გადასაწყვეტია, გავხდები თუ არა მონაზონი. ამაში ღმერთი არ ერევა და, როგორ შეიძლება, ვინმე მამაო ჩაერიოს?! ამიტომ, ჯობია, ბიჭმაც და გოგონამაც, თავისი განათლებით, ცხოვრებით, მეტი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, ოჯახს და საკუთარ თავს, მონასტერშიც კი ის წავიდეს, ვისაც ამის ჭეშმარიტი მოწოდება აქვს.

скачать dle 11.3