კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფრიკის რომელ ტომებში ხდება ქალების წინდაცვეთა და სად მიირთმევენ გამხმარ თაგვებსა და მაიმუნებს

ზურაბ გურიელიძისთვის მოგზაურობა ერთდროულად ჰობიცაა და მისი საქმიანობის შემადგენელი ნაწილიც. როგორც მოგეხსენებათ, ის ზოოპარკის დირექტორია და ჩვენს ინტერვიუში მასთან სწორედ მოგზაურობაზე ვისაუბრებთ.

ზურაბ გურიელიძე:
მოგზაურობა, შეიძლება ითქვას, ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, რადგანაც ბუნების, განსაკუთრებით ცხოველთა სამყაროს, შესწავლა ყოველთვის დაკავშირებულია მოგზაურობასთან. დროთა განმავლობაში, ეს საქმიანობა მოთხვნილებად მექცა.
– თქვენი მეხსიერება რამდენ ქვეყანაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინახავს?
– საკმაოდ ბევრი ქვეყანა გამოდის. ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე მიმოგზაურია. პირველი ადგილი თავისთავად აფრიკას ეკუთვნის. მას ვერ შეედრება ალბათ ვერც ერთი კონტინენტი. ისიც, სადაც ნამყოფი ვარ და სადაც – არა.
– რამდენიმე ჩვენც გაგვიზიარეთ.
– ჩემთვის აფრიკის ქვეყნებიდან, ყველაზე უფრო საყვარელი ტანზანიაა. იქ ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვარ ნამყოფი. ამოუწურავი შთაბეჭდილებების ქვეყანაა. მოგზაურობა, ძირითადად, ჩრდილო ტანზანიიდან იწყება. იქ ბევრი საინტერესო ადგილია. როგორც კი ქალაქ არუშადან გადიხარ, ხვდები საოცრებათა ქვეყანაში. აქ არის უამრავი ცხოველი. ეს გახლავთ  მასაებით დასახლებული ქვეყანა. მასაები არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე ისეთივე პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც – მათი წინაპრები. როდესაც ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ, მათაც ვესტუმრო სოფელში. ამაში ვიხდი გარკვეულ თანხას, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, თუ ერთადერთს არა. ისინი გიყვებიან თავიანთ შესახებ, გაჩვენებენ თუ როგორ ცხოვრობენ, წარმოგიდგენენ თავიანთ რამდენიმე ცეკვას, სიმღერას, ესაა სულ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ღარიბი და ერთფეროვანი პროგრამა აქვთ,  ეს ძალიან საინტერესოა. მათთან საუბარი ინფორმაციულია. მათაც ბევრი რამ აინტერესებთ ჩვენზე. მაგალითად, ერთ-ერთმა ადგილობრივმა რომ გაიგო, ჩვენ შორეული ქვეყნიდან ვიყავით, იკითხა: მზე ჩადის თუ არა საქართველოშიო. ასევე ძალიან გამხიარულდა, ჩვენს ფულზე გამოსახული ლომი რომ ნახა. მოკვდა სიცილით, როგორც ჩანს, ქართველებს არ გინახავთ ლომი როგორ გამოიყურებაო.
– მასაების რომელიმე ტრადიციაზე მიამბეთ.
– მორანების ტრადიციაზე გიამბობთ. მორანები არიან მასაის ტომის მეომრები. ბიჭი მორანი რომ გახდეს, უნდა მოინადიროს ლომი. ამისთვის 13 წლის ასაკიდან უშვებენ მარტოს. მასაების იარაღია შუბი და სიმი – დაახლოებით 50 სანტიმეტრი სიგრძის ხანჯალივით იარაღი. თუ მამაკაცს ლომი არ მოუპოვებია, ის მორანი ვერ გახდება.
– ლომზე როგორ ნადირობენ?
– როდესაც ლომს ალყას შემოარტყამენ, ერთ-ერთი ყოველთვის ცდილობს, ლომი კუდით დაიჭიროს. დანარჩენები კი შუბს ესვრიან. აუცილებელია, თავდასხმის დროს წამოსულ ლომს გაღებულ ხახაში ჩასცენ შუბი.
– მასაებშიც ხდება ქალების წინდაცვეთა?
– საერთოდ, აფრიკის ბევრ ქვეყანაში ხდება ქალების წინდაცვეთა, მაგრამ მასაებს ეს არ ახასიათებთ. ქალების წინდაცვეთის ტრადიცია უფრო დასავლეთ აფრიკის ტომებშია გავრცელებული. აღმოსავლეთში მსგავსი არ მსმენია. ეს ორი მხარე კულტურით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი ძირითადი ღვთაებაა ლენგაის მთა, რომელიც არის მოქმედი ვულკანი.
– მრავალცოლიანობა გავრცელებულია?
– მასაებში მრავალცოლიანობა არის. პატარძალს ყიდულობენ საქონლით, ან თხით. აქაც შეზღუდვაა. მამაკაცი აუცილებლად მორანი უნდა იყოს, რომ ცოლი შეირთოს.
მასაები არიან დედამიწაზე, ალბათ, ყველაზე მაღალი ადამიანები. გამხდარი და საკმაოდ ლამაზები. ქორწინება იმით გამოიხატება, რომ ყველა გათხოვილ ქალს აუცილებლად თავი აქვს გადაპარსული. ატარებენ დიდი ზომის საყურეებს, რის გამოც ყურები ჩამოწელილი აქვთ.
მთელი მათი ჩაცმულობაა ტანზე შემოხვეული, ძირითადად წითელი პლედი. თუმცა, ახლა სხვა ფერებსაც იყენებენ, მაგრამ ტრადიციული ფერი წითელია, რომელსაც ადრე თვითონ ამზადებდნენ. ახლა ძირითადად, ჩინეთში დამზადებულს მოიხმარენ. მე ვიყიდე მასაებისგან ასეთი პლედი სუვენირად და თბილისში რომ ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ ჩინეთში დამზადებული ყოფილა. ასე რომ, ახლა მისი ფასეულობა მხოლოდ ისაა, რომ მასაებისგანაა შეძენილი. ბიჭები რიდესაც მორანობისათვის ემზადებიან შავად იმოსებიან, სახე თეთრად აქვთ მოხატული. მასაების ფეხსაცმელებია კიდევ ძალიან საინტერესო, რომელსაც ადრე, ალბათ, ტყავისგან კერავდნენ. ახლა კი ძველი საბურავებისგან ამზადებენ სანდლების მაგვარს.
შევხვდი ერთ-ერთ მასაის, რომელიც მეცნიერულად საუბრობდა სხვადასხვა საკითხზე და აღმოჩნდა, რომ მას ინგლისის რომელიღაცა უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. შემდეგ კი დაუბრუნდა თავის ტომს, დადის კვლავ პლედშემოხვეული და ასეთი ყოფა ურჩევნია.
ტანზანიაზე რომ ვისაუბროთ – ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია ზანზიბარის კუნძულები. აქ ზურმუხტისფერი გამჭვირვალე ოკეანეა, სადაც  ძალიან კარგად ჩანს ფსკერი ზედაპირიდანაც კი. მდიდარია საოცარი წყალქვეშა მარჯნის ბაღებით. აქ ბინადრობენ დელფინები, რომელთაც არ უყვართ, როცა ხელით ეხებიან და მიდიან მაშინვე. რაც შეეხება ხმელეთს, ამ ადგილებში ცხოველთა სამყარო შედარებით უფრო მწირია. იქ მდებარეობს ჯოზანის ტყე, სადაც ბინადრობენ ზანზიბარული წითელი კოლობუსები. ესენია პატარა მაიმუნები. მათ შორისაა ჯგუფები, აბსოლუტურად რომ არ უფრთხიან ადამიანს. უფრთხიან კი არა, სურათს რომ ვუღებდით, ობიექტივს ხელს კიდებდნენ და შიგნით იყურებოდნენ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ისე გადის რამდენიმე საათი მათთან ურთიერთობაში, რომ ვერ გრძნობ.
– რა ენაზე ურთიერთობდით მათთან?
– მათმა უმრავლესობამ ინგლისური იცის. ასევე, საუბრობენ სუაჰილის ტომის ენაზე, რომელიც ამდენი მოგზაურობის შემდეგ, უკვე ჩვენც გვესმის. სუაჰილი არის აღმოსავლეთ აფრიკის, „ინგლისური”, ანუ საერთაშორისო ენა. კენია, ტანზანია, რუანდა, ბურუნდი, უგანდა – მათი ოფიციალური ენა ინგლისურთან ერთად, სუაჰილიცაა.
– რომელი მოგეჩვენათ ყველაზე განვითარებულად აფრიკის ქვეყნებიდან?
– რა თქმა უნდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ის მნიშვნელოვნად განვითარებული და ძალიან საინტერესო ქვეყანაა. აქ დიდი ქალაქებია. მაგალითად, კეიპტაუნი. რაც ნაკლი აქვს ამ ადგილს ისაა, რომ იქ აფრიკა ამ ქალაქის ირგვლივ ნაკლებად არის შემორჩენილი, სამაგიეროდ, ოკეანეა ძალიან საინტერესო. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა, რაც აფრიკაში მინახავს, ეს იყო ვეშაპების მიგრაცია კეთილი იმედის კონცხთან და სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან. ეს არის საოცარი, სამხრეთული ნამდვილი ვეშაპი. დაახლოებით 20 მეტრის სიდიდის ცხოველი. დაუვიწყარი სანახავია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ხტუნავენ წყლიდან.
არ შეიძლება ისაუბრო აფრიკაზე და გამოტოვო ვიქტორიას ჩანჩქერი. ის ორ ქვეყანაშია ზიმბაბვესა და ზამბიაში. მე ვარ ნამყოფი ზიმბაბვეს მხრიდან. 1 200 მეტრია სიგანეში და აქედან, ათასი მეტრი მდებარეობს ზიმბაბვეში, 200 – ზამბიაში. სიმაღლე 500 მეტრიდან 100 მეტრამდეა. გარშემო თითქმის ყველგან წვიმს. სადაც გაიხედავ, ირგვლივ ყველგან ცისარტყელებია. ძალიან საინტერესო ადგილია, მიუხედავად იმისა, რომ გალუმპული გამოდიხარ ბოლოს. ძირითადი პრობლემაა, როგორ გადაარჩინო ფოტოაპარატი, საკუთარ თავზე აღარ ფიქრობ.
აფრიკელებს აქვთ ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეული, ეს რა თქმა უნდა, ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც ყველა აფრიკული ქვეყნისთვის ერთი და იგივეა. ეს გახლავთ: ლომი, ლეოპარდი, სპილო, კამეჩი და მარტორქა. ეს 5 ცხოველი უნდა ნახო აუცილებლად. მათგან ყველაზე რთული სანახავია ლეოპარდი.
– აფრიკულ სამზარეულოზე რას მეტყვით?
–  აფრიკელებს საკმაოდ პრიმიტიული სამზარეულო აქვთ. ადგილობრივი სასმელებიდან გასინჯული მაქვს ჩაგას ტომის ლუდი, რომელსაც ჰქვია მბეგე. ეს ბანანის ლუდია, მომჟავო გემო აქვს, საინტერესო და სპეციფიკური. სამხრეთ აფრიკაში აქვთ ბილტონგი. ეს არის მზეზე გამოყვანილი სხვადასხვა ცხოველის გამხმარი უმი ხორცი. მათი ძირითადი საკვები მოხარშული ბოსტნეულია. მიირთმევენ სიმინდის ფაფას, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს ღომს, თუმცა აფრიკელებს სულგუნი არ აქვთ.
– რძის პროდუქტები აქვთ საერთოდ?
– რძეს სვამენ პირდაპირ. მე არ გამისინჯავს მასაების ცნობილი კოქტეილი – ეს არის ძროხის სისხლი და რძე ერთმანეთში არეული. არ მქონია შემთხვევა მისი გასინჯვისა, ისიც არ ვიცი, გავსინჯავდი თუ არა. ეს სასმელი დააქვთ სპეციალური გოგრისგან დამზადებული ჭურჭლით და ძალიან სჯერათ, რომ ლომი თუ ჭრილობას მიაყენებთ, ამ სასმლით აუცილებლად განიკურნებიან. სანელებლებს აფრიკელები არ მოიხმარენ. რაც კი შესაძლებელია, ყველაფერს ჭამენ. აფრიკელთა საკვები ძირითადად თხის ხორცია. დასავლეთ აფრიკაში მიირთმევენ გამხმარ მაიმუნებს.
– ებოლაც მაიმუნებისგან არ გავრცელდა?
– როგორც ამბობენ, ებოლა გავრცელდა მაიმუნისა და ღამურასგან, რომლებსაც აფრიკელები საკვებად იყენებდნენ, ახმობენ და ისე. როგორ მიირთმევენ, არ მინახავს. თუმცა, ზიმბაბვეში მინახავს როგორ მიირთმევენ შემწვარ თაგვს. აფრიკა ხილით მდიდარია. ალბათ, ყველაზე გემრიელი ანანასი სადაც კი გამისინჯავს, ეს იყო ტანზანიაში. ასევე, არის ასეთი, მანიარას ტბა, რომლის გვერდზეც მდებარეობს დასახლება ნტოლამბუ.  იქ არის წითელი ბანანები, რომელიც ძალიან გემრიელია.
კიდევ ფასებზე მინდა გიამბოთ, ტურისტისთვის და ადგილობრივისთვის ფასებში განსხვავება არის საოცარი. შევაჭრება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და სიხარულითაც გევაჭრებიან. იყო შემთხვევა, როცა ჩვენმა გიდმა ერთ დოლარად იმდენი წითელი ბანანები შეგვიძინა, რომ მანქანაში ძლივს ვტევდით, მაშინ, როცა მე ამ რაოდენობის ბანანის ყიდვა, ალბათ, 100 დოლარი დამიჯდებოდა.

скачать dle 11.3