კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გააოცა ლისტი ვენაში ჩასულმა ლევან მიზანდარის დიდმა ბაბუამ და რა ასწავლა მან ზაქარია ფალიაშვილს

ლევან მიზანდარი იმ ადამიანების შთამომავალია, ვინც საქართველოს ისტორიაში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა. მისთვის, ორმაგად საპასუხისმგებლოა ალოიზ, ფელიქს და ვალერიან მიზანდარების კვალზე სიარული. თუმცა, ამას პირნათლად ასრულებს, თავადაც კომპოზიტორია და საკმაოდ ბევრს მუშაობს. 

ლევან მიზანდარი: ხშირად, ჩემს გვარს რომ გაიგებენ, ეცინებათ – ცოცხალი მიზანდრი პირველად ვნახეთო (იცინის). ეს გვარი გამოგონილი ჰგონიათ და მხოლოდ,  კინოფილმ „მიმინოსთან“ და ვალიკოსთან ასოცირდება. ბევრმა არც კი იცის, საიდან მოხვდა ამ ფილმში ეს სახელი და გვარი. ამასაც მოგახსენებთ, მოკლედ, პაპაჩემის ძმა, ვალერიან მიზანდარი, ცნობილი მოქანდაკე და სახალხო მხატვარი გახლდათ, რომლის მოსწავლე იყო, რეზო გაბრიაძე. სანამ გარდაიცვლებოდა, რეზოს იმის უფლება, რომ ფილმში ვალიკო მიზანდარის სახელი და გვარი გამოეყენებინათ, მის სიცოცხლეშივე აუღია.  

– თქვენი წინაპარი  ალოიზ მიზანდარი, პირველი ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი იყო,  ხოლო მისი ძმა – ფელიქსი, თვით ზაქარია ფალიაშვილის – მუსიკის პირველი მასწავლებელი. წარმომიდგენია, ეს თქვენთვის რამხელა პასუხისმგებლობა და იმავდროულად, საამაყოა. 

– დიახ, ალოიზ მიზანდარი პირველი ქართველი პროფესიონალი კომპოზიტორი და საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი პიანისტ-ვირტუოზი გახლდათ. სწორედ, მან დაწერა პირველი ქართული საორკესტრო, საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები. ის პირველი დაბეჭდილი ნოტის ავტორი (1863) და ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელია.  

1874 წელს მან, სავანელმა და ალიხანოვმა თბილისში დააარსეს პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა. 

ალოიზის ძმა, ფელიქსი ასევე, პიანისტი და ორღანისტი, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის პირველი მასწავლებელი იყო. ძმების ნაქონი როიალი, რომელიც სახლში მედგა, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს გადავეცი. მასზე ზაქარია ფალიაშვილმაც ისწავლა დაკვრა და ჩავთვალე, რომ კონსერვატორიაში უნდა მდგარიყო. ალოიზის ნაბეჭდი ნოტები და არქივი კი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმიფო  მუზეუმში არსებულ ალოიზ  მიზანდარის არქივს შევუერთე.  მუშაობისას,  პირველად  ვნახე, 1867 წელს ვენაში ალოიზის მიერ ხელით დაწერილი  ნაწარმოებები.  მივხვდი, რომ ჩემს წინ იყო აღმოჩენა –  ქართული, პროფესიონალური მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები!    

– მართალია, რომ ის და აკაკი წერეთელი ახლო მეგობრები იყვნენ და მას ასევე, მეგობრობა აკავშირებდა ლისტთან, ჩაიკოვსკისთან და ბრამსთან?

–  ალოიზს, პეტერბურგში სწავლისას და ევროპაში, კერძოდ, ვენასა და პარიზში გასტროლების დროს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტაინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან, ობერთან, ვენიავსკისთან, მარმონტელთან, ჰერცთან, ტომასთან. პეტერბურგში კი, აკაკი წერეთელი და ალოიზ მიზანდარი ერთ კურსზე სწავლობდნენ.  1865 წელს ალოიზი,  მეცენატი  ირაკლი გრუზინსკის დახმარებით  პარიზში გაემგზავრა დასაოსტატებლად. ლისტი მისი ნიჭით გაოცებული იყო. ალოიზი და ლისტი ხშირად უკრავდენენ ორ როიალზე და ამით მაყურებლისა და მსმენელის აღფრთოვანებას იწვევდნენ. თურმე, სცენაზე ორი როიალი იდგა, ლისტი იწყებდა დაკვრას, მერე შუქი ქრებოდა და ალოიზი აგრძელებდა, რომ აინთებოდა შუქი, გაოგნებული  მსმენელი ვერ ხვდებოდა, როდის ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

პარიზს მოჰყვა ვენა, სადაც გაიცნო ბრამსი. მიზანდარის საკონცერტო გამოსვლებს ვენის კრიტიკა მაღალ შეფასებას აძლევდა, მაგალითად, 1867 წლის გაზეთები: „დერ ვანდერერ“, „დიე დებატე“, „ფორდერბლატ“, „ნოე ვიენნერ თეატერცაიტუნგ“ წერდნენ: „იშვიათი მოხდენილობითა და გენიალური შესრულებით ბატონმა მიზანდარმა მსმენელები განაცვიფრა”. 

– ალოიზ მიზანდარის შემოქმედება, მისი საფორტეპიანო და საორკესტრო ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებია. დაკარგულია მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ოთხხმიანი მესები, რომლებიც თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში სრულდებოდა. როგორც ვიცი, თავად იყავით დაინტერესებული და არქივში ეძებდით მის დანატოვარს. რამეს მიაგენით?

– სამწუხაროდ, დაკარგულია მისი ბევრი ნაწარმოები, თუმცა, ხელოვნების სასახლეში  დაცულია ალოიზ მიზანდარის 4 ხელნაწერი ნოტი. მათგან 2 დაწერილია 1867 წელს ვენაში, ხოლო 2 – თბილისში. ეს არის ქართული საფორტეპიანო და საორკესტრო მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები, მათ შორის პირველი პარტიტურა. ასევე, მის არქივს შევუერთე ალოიზის ძმისშვილის, ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორის, ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალა.  

– ანუ, გვარში რამდენიმე ვალერიან მიზანდარი გყავდათ?  

– დიახ, სამი: პირველი ალოიზის ძმა, რომლის შთამომავლები ვართ დღეს საქართველოში 22-ვე მიზანდარი. მეორე ვალერიანი შვილიშვილია – მოქანდაკე, სახალხო მხატვარი და მესამე,  ალოიზის ძმის, ფელიქსის შვილი - ბრმა დირიჟორი. 

– რატომ ბრმა დირიჟორი?

– 1917 წელს ვალერიანმა  შეკრიბა 65 მუსიკოსი და შექმნა დიდი სამხედრო სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა. 1918 წლიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის  შემდეგ, მას სახალხო გვარდიის ორკესტრი ეწოდა. ვალერიან მიზანდარმა დიდი როლი შეასრულა გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის მომავალში. პრაქტიკულად მიქელაძემ პირველი ნაბიჯები, როგორც დირიჟორმა, ვალიკოს ხელმძღვანელობით გადადგა. ვალიკო ხშირად, თავისი თანდასწრებით მიქელაძეს აძლევდა საშუალებას, ედირიჟორა ორკესტრისთვის. შემდეგ, როცა ვალიკო მის მუსიკალურ ტალანტში დარწმუნდა, ევგენი მიქელაძეს დამოუკიდებელი დირიჟორობის საშუალებასაც აძლევდა. 1919-1922  წლებში, ვალერიან მიზანდარი ოპერის თეატრში მოღვაწეობდა. სამწუხაროდ, მას თვალთ დააკლდა და 1922 წელს სრულიად დაბრმავდა, მაგრამ 3 წლის განმავლობაში, უსინათლოდ უძღვებოდა სამხედრო ორკესტრსა და ოპერაში სპექტაკლებს. ბრმა დირიჟორი უხეშ შენიშვნებს აძლევდა ოპერის ორკესტრანტებს, ზოგი შედიოდა მის მდგომარეობაში, ეცოდებოდა ახალგაზრდა ხელოვანი, ნაწილს აღარ უნდოდა ის დირიჟორად. ამიტომ, ობსტრუქცია მოუწყვეს. რის შემდეგაც ლოგინად ჩავარდა და 1926 წელს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ასე რომ, ბრმა დირიჟორი თუ იყო მსოფლიო მუსიკის ისტორიაში სხვა, არ ვიცი.

– თქვენი საკომპოზიტორო კარიერა როდის დაიწყო?

– დავამთავრე ვირსალაძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ვიოლინოს კლასით; შემდეგ – თბილისის მე-6 გიმნაზიაში, თსუ-ში სწავლასთან ერთად, 7 წელი ვმუშაობდი პედაგოგად და ორგანიზატორად. შეიძლება ითქვას, ჩემი საკომპოზიტორო საქმიანობაც იქ დაიწყო: სკოლაში ჩამოყალიბდა მოსწავლეებისგან შემდგარი გერმანულენოვანი თეატრალური დასი და სპექტაკლებისთვის მუსიკას ვწერდი. რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ საფუძვლიანი პროფესიული მუსიკალური განათლება მაკლდა. ერთ დღესაც, გადავწყვიტე და, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ცნობილ კომპოზიტორს ნუგზარ ვაწაძეს, ჩემი აუდიოდისკი მივუტანე. ვთხოვე, ჩემი ნაწარმოებები გარკვეულ საფასურად გაეორკესტრებინა. შემომხედა და მითხრა, ლევან, ეს ხომ ტყუილად გადაყრილი ფულია, თანაც, შენზე უკეთესად ვერავინ გააორკესტრებსო. დავიწყე მეცადინეობა კომპოზიციასა და ორკესტრირებაში. არასდროს დამავიწყდება ის სისტემატური მეცადინეობის 4 წელი – კვირაში 3-4 ჯერ, ზოგჯერ ყოველდღე, საათობით, მთელი დღით. ერთი ნოტიდან დაწყებული საუბრები ყველაფერზე, მთელს სამყაროზე და მერე, ისევ დაბრუნება იმ ნოტზე. მე მქონია რამდენიმე პედაგოგთან კომპოზიციაში მეცადინეობის მცდელობა, მაგრამ ნუგზართან გაკვეთილი – იყო შემეცნება, სიამოვნება. ის კი არა, სახლში დაბრუნებული, ტელეფონით ვაგრძელებდით გაკვეთილს. მოკლედ, მეცადინეობიდან ერთი წლის თავზე, მზად მქონდა სიმღერის, „სიმშვენიერე სულის“ პარტიტურა, რომელიც ვანდე დავით არჩვაძეს და თბილისის სახელმწიფო ოპერის ორკესტრს, ირაკლი ჩოლოყაშვილის დირიჟორობით. კლიპი რამდენიმე წელი ტრიალებდა სხვადასხვა არხზე. ეს იყო ჩემი სასტარტო ნაბიჯი. ამას მოჰყვა 2009 წელს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ღონისძიება „ალოიზ მიზანდარის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი და ლევან მიზანდარის საკომპოზიტორო დებიუტი“. შესრულდა ჩემი სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები.

– თუ არ ვცდები, მუსიკას კინოფილმებისთვისაც ქმნით, არა?

–  დიახ, 2012 წელს გავიცანი ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტი, რეჟისორი ზურაბ ინაშვილი, რომელმაც დამიკვეთა მუსიკა დოკუმენტური ფილმისთვის „გურჯი ვარ საქართველოდან“. ეს ფილმი სასტარტო აღმოჩნდა ჩემთვის კინოს სამყაროში. ამას მოჰყვა სხვა დოკუმენტური ფილმები,  შემდეგ კი, „თიბისი ბანკის“ 20 წლის საიუბილეო კონკურსი-პროექტი 20/12. მოვხვდი 12 კომპოზიტორს შორის. ჟიურის წევრი იყო გია ყანჩელი. მე ვითანამშრომლე პროექტში მონაწილე ნიჭიერ რეჟისორთან, გაბრიელ რაზმაძესთან ფილმში „როლი“. ახლახან შედგა ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის, „ექვთიმეს” პრემიერა, რომლისთვისაც მუსიკა მე დავწერე. მგონი, კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა.

2013 წლის ივლისში, ფონდის „საქართველოს ნაციონალური ოპერისა“ და მისი ხელმძღვანელის, დავით საყვარელიძის თაოსნობით, გამოცხადდა კონკურსი ახალი ქართული საოპერო ნაწარმოების შესაქმნელად. კონკურსში მეც მივიღე მონაწილეობა და საკუთარი სიუჟეტის და ლიბრეტოს მიხედვით, დავწერე ოპერა „SOS”. ამ ოპერის დადგმა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. 

– ამ ოპერას ჯანლუკა მარჩიანომ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა და „ძალზე მნიშვნელოვანი, აქტუალური და მუსიკალურად მრავალფეროვანი“ უწოდა.   ეს ოპერა, მართლა ეკოლოგიის თემას ეძღვნება?

– დიახ, ქართულ საოპერო მუსიკის ისტორიაში, ეს არის პირვლი ოპერა ეკოლოგიის თემაზე, ხოლო სახელწოდებას „SOS” ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიო საოპერო მუსიკის ისტორიაში. მოქმედი პირები, პლასტმასის ბოთლი, ცელოფნის პარკი, ოჩოპინტრე და ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ დავით საყვარელიძე იქნება რეჟისორი, ირაკლი ჩოლოყაშვილი კი – დირიჟორი. 

– ასევე, თუ არ ვცდები, ალოიზ მიზანდარის დღემდე უცნობ ხელნაწერზეც მუშაობთ, რომლის სახელია „თბილისი-პოლკა“ და სულ მალე, ამ პიესის ორკესტრთან ერთად შესრულებასაც გეგმავთ. ასეა?

– ხელნაწერი  „თბილისი – პოლკა“, სიმფონიური ორკესტრისთვისაა დაწერილი 1867 წელს ვენაში. ეს არის პირველი პარტიტურა ქართულ პროფესიულ მუსიკაში.  იმედი მაქვს, ამ ნაწარმოებს მალე შევასრულებთ ორკესტრთან ერთად.

скачать dle 11.3