კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (26)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ინტიმური საუბრები

უსიყვარულოდ გათხოვება დიდი შეცდომაა

გარიგებით გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ „კატასტროფულ“ ასაკამდე ჯერ კიდევ შორს ვიყავი, ჩვენი ნათესავი ქალები ძალიან აქტიურად ჩაერივნენ ჩემს პირად ცხოვრებაში, ერთ-ერთმა კი განსაკუთრებით იაქტიურა და თავისი თანამშრომლისა და დაქალის შვილი გამაცნო.

ანდრო ანკეტური მონაცემებით, მართლაც, სასურველი კი არა, საოცნებო საქმრო იყო: გარეგნობით ნორმალური; მატერიალურად უზრუნველყოფილი (თან, ცალკე ბინით); კარგი სამსახურითა და სამეგობრო წრით; აგარაკი და მანქანა – თავისთავად; დისერტაცია – დაცული; ჰყავდა ახალგაზრდა, ნორმალური მშობლები და უმცროსი ძმა, რომელსაც ახალი შერთული ჰყავდა ცოლი და შვილს ელოდნენ; არ ეწეოდა, სვამდა ზომიერად, მხოლოდ წვეულებებზე და არ ჰქონდა ეგრეთ წოდებული „შავი“ წარსული. სხვათა შორის, არც სიტყვა-პასუხი ეშლებოდა და არც საზოგადოებაში მოქცევა.

ერთმანეთი „შემთხვევით“ გაგვაცნეს წვეულებაზე. სიმართლე გითხრათ, მე მართლა არ ვიცოდი, ანდროს კი სცოდნია, რომ მე უნდა გავეცანი და, როგორც ჩანს, მაშინვე მოვეწონე, რადგან, მთელი საღამო მიწევდა კავალრობას და ცდილობდა, თავი მოეწონებინა.

მიუხედავად იმ ღირსებებისა, რაც ჩამოვთვალე, ანდრო არ მომეწონა, უფრო სწორად, პირველი ეფექტი ნამდვილად იყო: მაღალი, დახვეწილი, სასიამოვნოდ მოსაუბრე ახალგაზრდა მამაკაცი ნამდვილად იზიდავდა ქალების ყურადღებას, მაგრამ, რაც უფრო მეტად მეკონტაქტებოდა იმ ერთი საღამოს განმავლობაში, მით მეტად უფერულდებოდა ჩემი თავდაპირველი შთაბეჭდილება და წვეულების ბოლოს უკვე აშკარად ვიგრძენი, რომ ეს კაცი ნერვებს მიშლიდა – ნამდვილი ნარცისი იყო, საკუთარ თავზე შეყვარებული „მარიაჟი“ და „პაკაზუხა“.

დამშვიდობებისას თავისი ტელეფონის ნომერი მომცა და მეორე დღისთვის დამინიშნა პაემანი.

სახლში რომ მივედით, დედაჩემს ვუთხარი, მაგ ტიპს არ გავყვები და ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ-მეთქი. დედაჩემმა კი ეს სიტყვები ისე შეიცხადა და ისეთი დღე მაყარა, კინაღამ სახლიდან გავიქეცი. იმის ნაცვლად, რომ ეკითხა, რატომ არ მოგეწონაო, პირდაპირ მომახალა: ბედი კარზე მოგდგომია და ვერ ხვდები. არ გაჰყვები კი არა, მადლობელი იყავი, ასეთმა ბიჭმა შენი ცოლად შერთვა თუ იკადრაო, მერე ოჯახის დანარჩენი წევრებიც აჰყვნენ და მეც მაშინვე ჩავიქნიე ხელი საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე და მათ სურვილს დავმორჩილდი: ორი პაემნის შემდეგ (სხვათა შორის, ორივე ძალიან უინტერესო და უსახური პაემანი იყო) ანდრომ ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი, რომ მშობლები არ გამენაწყენებინა თუ გამებრაზებინა. ერთი სიტყვით, ცოლად გავყევი კაცს, რომელიც არ მიყვარდა; გავუჩინე და გავუზარდე ორი შვილი და მთელი ჩემი ცხოვრება ოჯახს მივუძღვენი – ამაში ვახშობდი ხანდახან გულის სიღრმეში წამოტივტივებულ პროტესტის გრძნობას. თავიდან თავს იმით ვიმხნევებდი, რომ თანდათან შემიყვარდება-მეთქი, მაგრამ, ესეც არ მომხდარა, რადგან, შეუძლებელი იყო ასეთი უინტერესო მამაკაცის შეყვარება და მეც შევეგუე ბედს; სამაგიეროდ, ვცდილობდი, მაქსიმალური მიმეცა შვილებისთვის და ისე ჩამომეყალიბებინა მათი ხასიათი და პიროვნული თვისებები.

ასე უინტერესოდ გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო 18 წელიწადი და, მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი შვილები გავზარდე (რაც მთავარია ადამიანისთვის), მაინც მიმაჩნია, რომ მე, როგორც ქალს, პირადი ცხოვრება არასდროს მქონია და ჩემი რომანტიკული ოცნებებიც აუხდენლად და განუხორციელებლად გაქრა უმისამართოდ. ამიტომ, ყველა ქალს ვურჩევ: ნუ გათხოვდებით უსუყვარულოდ, თორემ, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებათ.

ინგა, 45 წლის.

 

რაც ქმრისგან წამოვედი, თავს ბედნიერად ვგრძნობ

ჩვენს უბანში ორი ძმა ცხოვრობდა. უფროსი წყნარი, სერიოზული, ცოტა მუდო ტიპი იყო, უმცროსი კი – ცოცხალი, აქტიური, მხიარული, თავისი სამეგობროს სული და გული. უფროსი, ავთო, როგორც იტყვიან, შემდგარი მამაკაცი იყო: გელა კი ნამდვილი თანამედროვე თბილისელი ბიჭი იყო – უკრავდა, მღეროდა, გოგოებს მოსწონდათ. უმაღლესი კი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ, ვერცერთ სამსახურში ფეხი ვერ მოიკიდა – რამდენიმე თვეში ანებებდა თავს და როგორც თვითონ ამბობდა, თავის ადგილს ეძებდა. მოკლედ, ძმები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ამ განსხვავებულობის გამო ხშირად უსიამოვნებებიც მოსდიოდათ, რადგან ავთოს, თურმე, „უტყდებოდა“ (როგორც თანამდებობის პირს), ასეთი არასერიოზული ძმა რომ ჰყავდა. სხვათა შორის, მშობლებიც ყოველთვის უფროსი შვილის მხარეზე იყვნენ, რადგან ის იყო მათთვის ავტორიტეტი, კერპი და ღმერთი.

მიყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, როცა ჩემს ბედნიერ მომავალზე ვფიქრობდი, ყოველთვის გელასნაირი ქმარი წარმომედგინა ჩემ გვერდით, მაგრამ, მოხდა ისე, რომ, სრულიად მოულოდნელად ავთოს გავყევი ცოლად  (თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, როგორ მოხდა ეს).

ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ამ ექვსი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოგვსვლია ჩხუბი, ერთხელაც არ მოუყენებია სიტყვიერი და, მით უმეტეს – ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ, ავთოს ქმრად კი არა, მკაცრ უფროსად აღვიქვამდი, საკუთარ თავს კი – მდივან-კურიერად, რომელსაც სამადლოდ მისცეს სამსახური და ამის გამო სიცოცხლის ბოლომდე მონასავით მორჩილი უნდა ვყოფილიყავი. ავთო არასდროს მელაპარაკებოდა ჩვეულებრივად, მისი ტონი ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო; არასდროს წავსულვართ ერთად მის მეგობრებთან ან თანამშრომლებთან და, სხვათა შორის, არც თვითონ დამყვებოდა ჩემიანებთან. ერთი სიტყვით, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით ორი აბსოლუტურად უცხო ადამიანი, რომლებსაც არაფერი აკავშირებდა ერთმანეთთან, გარდა შვილისა. ამას ძალიან განვიცდიდი, ღამეებს ტირილში ვატარებდი, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. სხვათა შორის, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე ძმების ჩხუბი. ჩემს სახელს რომ მოვკარი ყური, სულო ცოდვილო და, მივაყურადე. გელა საყვედურობდა ძმას, ცოლს ასე რატომ ექცევი, ის ხომ შენი შვილის დედააო. ავთომ უპასუხა, ცოლი მონასავით უნდა ამყოფო და შენი ერთი გაღიმებაც კი დიდ წყალობად უნდა მიიღოს, თუ გინდა, რომ სულ მორჩილებაში გყავდესო. ამ სიტყვების გამო გელამ ძმას თავდაჯერებული და ამპარტავანი იდიოტი უწოდა, მერე კი უთხრა, მაცაცოს ადგილას რომ ვიყო, გაგეყრებოდი და ბავშვს თვალით არ დაგანახვებდი, რადგან, შენი შემხედვარე, ისიც შენნაირი ეგოისტი და დესპოტი გაიზრდებაო. მოკლედ, ძმებმა სერიოზულად იჩხუბეს და იმის შემდეგ გელა ჩვენთან აღარ მოსულა, მარტო მე მირეკავდა და მეკითხებოდა, შენ და ბავშვი როგორ ხართ, რამე ხომ არ გჭირდებაო.

ერთ დღეს კი, როცა მეგონა, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იყო და ამიტომ დააგვიანდა, ვიღაც უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, შენს ქმარს საყვარელი ჰყავს და მიხედეო. სიმართლე გითხრათ, არც მეწყინა და არც გული გამხეთქვია; პირიქით, რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც, რომ მომეცა რეალური მიზეზი თუ საბაბი, ამ ქვის ურჩხულისგან დამეღწია თავი. იმ საღამოსვე ჩავალაგე ჩემი და ბავშვის ნივთები და ჩემს მშობლებთან დავბრუნდი. მარტო გელას დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. მაინც მეგონა, რომ გამამტყუნებდა, მაგრამ, მითხრა, კიდევ კარგი, ახლა მაინც მიხვდი, როგორ უნდა მოქცეულიყავიო.

მას მერე ორი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ავთოს ერთხელაც არ უნახავს შვილი, მხოლოდ მისი მშობლები მოდიან ათასში ერთხელ. გელა კი ძალიან გვაქცევს ყურადღებას. ამას წინათ კი ჩემმა ყოფილმა დედამთილმა მითხრა, ჩემი შვილი იმიტომ არ გეკონტაქტებათ, რომ არ დააფასე ის ბედნიერება, რომ მისი ცოლი გახიდო. მეც ავდექი და ვუთხარი, ბედნიერი ახლა ვარ, ის ექვსი წელი კი ჩემთვის ყველაზე უბედური პერიოდი იყო-მეთქი. ამაზე ქალბატონი ძალიან გამწარდა, სასწრაფოდ ჩაილაგა პარკში ბავშვისთვის მოტანილი ბოტასები და რაღაც სათამაშო (ანუ, რაც მოიტანა, ჩემზე გაბრაზებულმა, უკან წაიღო), მომაძახა – უნახავმა რა ნახაო და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი. ცხადია, იმის შემდეგ შვილიშვილის სანახავად აღარც მოსულა. მე კი მართლა ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან, რაც ქმრისგან წამოვედი, თავისუფლად ვსუნთქავ და არავის დატუქსვისა და თვალების ბრიალის აღარ მეშინია.

მაცაცო, 33 წლის.

скачать dle 11.3