კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსკოვში მცხოვრები ქალბატონი ბაბუის მეგობრის შთამომავლობას წლებია ქუთაისში დაეძებს

38 წლის იულია სერგეის ასული ივანოვა ეძებს ირაკლი არსენიძის ნათესავებს.

ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემის მეგობრისა და თანამებრძოლის, 1914 წელს დაბადებული ირაკლი არსენიძის შთამომავლებს. როგორც ვიცი, ისინი ქუთაისში უნდა ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ძალიან აფასებდა ირაკლის. ის მასთან სტუმრადაც იყო ჩასული ქუთაისში. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ და ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათი პოვნა და მათთან კავშირის აღდგენა. მაქვს ირაკლი არსენიძის ფოტო, რომელსაც გიგზავნით. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი შთამომავლები გამომეხმაურებიან.

– როგორ და რატომ გადაწყვიტეთ ბაბუის მეგობრის ნათესავების პოვნა?

– პირველ ყოვლისა, მინდა, ყველაფერი თავიდან გიამბოთ. მე მქვია იულია ივანოვა, ვცხოვრობ მოსკოვში. უკვე წლებია, მაქვს დიდი სურვილი, ვიპოვო ბაბუის მეგობრისა და თანამებრძოლის, ირაკლი არსენიძის ნათესავები. ვიცი, რომ შეიძლება ეს გასაკვირი იყოს და ყველა ამას ვერ გამიგებს, რადგან, ის ხალხი არ მიცნობს და ჩემ შესახებ არაფერი სმენიათ. მაგრამ ბაბუა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ძალიან აფასებდა ირაკლის, მისთვის ის საუკეთესო მეგობარი იყო და ის ჩვენ ხშირად გვიყვებოდა მის შესახებ ბევრ ისტორიას. ბაბუა და ირაკლი ერთად იბრძოდნენ ფაშისტების წინააღმდეგ, ომის დამთავრების შემდეგ კი მათ განაგრძეს მეგობრობა და ბაბუა საქართველოშიც კი იყო ჩასული ირაკლისთან სტუმრად. ვიცი, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო და ამჟამად, შეიძლება, მისი ნათესავები სულაც აღარ ცხოვრობდნენ ქუთაისში, მაგრამ, იმ დროს ირაკლი იქ ცხოვრობდა – საუბარი მაქვს 1947-50 წლებზე. ვფიქრობ, რომ, ყველა ის ადამიანი, რომელმაც გამოიარა მეორე მსოფლიო ომი, მარად ხსოვნისა და, პატივისცემის ღირსია და ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ისინი. ირაკლის ნათესავების პოვნას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ბაბუების შთამომავლებმაც ვიმეგობროთ. ირაკლი არსენიძე დაბადებული იყო 1914 წლის 17 იანვარს. ბაბუაჩემს კი ერქვა დავიდ ეფიმის ძე დაშევსკი (ის დაბადებული იყო 1915 წლის 18 იანვარს). ისინი ერთად იბრძოდნენ ფრონტზე. მახსოვს, ბაბუა მიყვებოდა, რომ, როდესაც ის საქართველოში ჩავიდა ირაკლისთან სტუმრად, ქუთაისში – მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე ჰკითხა გამვლელებს, თუ სად ცხოვრობდა ირაკლი არსენიძე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლის ვინაობა ყველამ იცოდა. ბაბუა მაშინვე მიაცილეს ირაკლის სახლამდე. ხოლო თავად ირაკლი ისეთი გახარებული იყო თურმე ბაბუაჩემის ჩასვლით, რომ მთელ ქუჩაზე ყვიროდა: ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა, ჩემი თანამებრძოლიო. ამ ისტორიის დავიწყება ჩვენთვის შეუძლებელია და, მინდა, ვიპოვო ირაკლის ნათესავები, რომ ერთად გავიხსენოთ ჩვენი წინაპრების მეგობრობა და მათი გმირობები. ბაბუა ყვებოდა, რომ საქართველოში მას არაჩვეულებრივად გაუმასპინძლდნენ, რომ ეს არის შეუდარებლად თბილი და ლამაზი ქვეყანა. ვიცი, რომ ამჟამად ჩემსა და თქვენს სამშობლოებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ხალხის ნება არ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალია. მე ბევრი მსმენია ბაბუაჩემისგან მის მიერ ომში გადატანილ საშინელებებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლისაც ექნებოდა მოყოლილი თავისი შვილიშვილებისთვის ისტორიები ამის შესახებ.

– აქამდე თუ ეძებდით მათ და როგორ?

– მე ვეძებდი რაიმე ინფორმაციას ირაკლი არსენიძის შესახებ ინტერნეტში და აღმოვაჩინე მეორე მსოფლიო ომის დროს გაცემული დაჯილდოების მფლობელების ვინაობა, მაგრამ იქ არ წერია მისამართები. ამიტომ, გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა. მინდა, ირაკლი არსენიძის ნათესავებმა იცოდნენ, რომ მოსკოვში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც პატივს სცემს და ახსოვს მათი დიდი წინაპარი. თუკი მომეცემა ამის საშუალება, მინდა, პირადადაც გავიცნო ეს ხალხი. იმედია, ფოტო, რომელიც წლებია, შენახული მქონდა, გამოგადგებათ და თქვენი დახმარებით ჩვენ ვიპოვით ამ გმირი ადამიანის შთამომავლებს. ჩემთვის სულ ერთია, ვინ იქნებიან ისინი – მისი შვილები, შვილიშვილები თუ შვილთაშვილები, მთავარია, ვიპოვო მისი მონაგარი.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3