კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უპირებს თავის მოკვეთას ქეთი ქემოკლიძე კაცის „ახევის” გამო და რის გამო უხდიან მას მადლობას მთავრობის წევრები

უკვე წლებია, ქართველი მეცო-სოპრანო ქეთი ქემოკლიძე მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენაზე დგას და თავისი სილამაზითა და გამორჩეული ხმის ტემბრით მაყურებლის აპლოდისმენტებს იმსახურებს. ქეთი ვენაში ცხოვრობს, თუმცა, პროფესიის გამო, სულ გზაშია. მან საოპერო სცენაზე ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების სიმპათია დაიმსახურა. მის ცხოვრებაში გასულ წელს ბევრი სასიამოვნო სიახლე მოხდა, თუმცა, მიაჩნია, რომ წინ ტრამპლინი ელის. ქეთის ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრების დიდ სცენებზე თუმცა, თავად მიიჩნევს, რომ საქართველოში სულ სხვა განწყობით ემღერება. პლასიდო დომინგოს რჩეული მომღერალი, თავისი გარეგნობისა და ხმის წყალობით, ესპანელი კინორეჟისორის, კარლოს საურის ფილმშიც მოხვდა და საპასუხისმგებლო როლიც შთამბეჭდავად ითამაშა. ასე რომ, ქეთიმ, თავისი ნიჭიერების, სილამაზისა და მონდომების წყალობით, არაერთი ცნობილი უცხოელი ვარსკვლავი მოხიბლა და უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა.

ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, რათა საქველმოქმედო კონცერტებში მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ხოლო, რა გრძნობა აქვს მას სამშობლოში დაბრუნებისას, როგორ მოხიბლა იაპონიის პრინცი და რას გეგმავს სამომავლოდ, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ქეთი ქემოკლიძე: როცა თბილისში ჩამოვდივარ, უბედნიერესი ვარ. მიყვარს თბილისი და, როცა დიდხანს მიწევს მასთან განშორება და ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, ნოსტალგია მემართება. მადლობა ღმერთს, ბოლო პერიოდში ხშირად ჩამოვდივარ და კონცერტებში ვიღებ მონაწილეობას, რაც დიდი პატივია ჩემთვის. მაბედნიერებს ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრა, მათი მოსიყვარულება. თუმცა, როცა ქუჩაში გაჭირვებულ ხალხს ვხვდები და იშვიათად ვხედავ ბედნიერ და ღიმილიან სახეებს, ცუდ განწყობაზე ვდგები. უკვე ათი წელია, უცხოეთში ვარ და, საქართველოში ჩამოსული, ამას უფრო მძაფრად ვხედავ და განვიცდი.

– ათი წლის წინ რომ არ წასულიყავი უცხოეთში და იქ არ მოგესინჯა ძალები, როგორ გგონია, ვინ იქნებოდი დღეს საქართველოში?

– უცხოეთში რომ არ წავსულიყავი, ალბათ, ვიქნებოდი ფინანსისტი და ვიმუშავებდი ფინანსთა სამინისტროში; პოლიტიკაშიც მოვსინჯავდი ძალებს, ეკონომიკის განხრით. ასე თუ ისე, შრომა არ მეზარება და, ვფიქრობ, საქართველოშიც წარმატებული ქალი გავხდებოდი. ადრე მითხრეს, თბილისში რომ დარჩენილიყავი, ისეთი მებრძოლი და სწავლის მოყვარული ხარ, ფინანსთა მინისტრობას გამოჰკრავდი ხელსო (იცინის). მინისტრობა ნამდვილად არ მინდა, ამხელა პასუხისმგებლობასაც ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არასდროს ამვარდნია თავში ჩემი წარმატება; ვცდილობ, დავეხმარო სხვებს და ვიყო მეტად მომთმენი. მე ამ ყველაფერს ჩემი საქმით გამოვხატავ და, რა მნიშვნელობა აქვს, ამას რომელ ქვეყანაში ვაკეთებ?! ყველგან იციან, რომ მე ქართველი ვარ. თუმცა, უცხოეთში, მეტად აფასებენ ადამიანებს, უქმნიან მეტ კომფორტს და იმის შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ნიჭი და უნარი. ზოგადად, უცხოეთში უფრო მეტად ვისწავლე ადამიანების პატივისცემა, რადგან აქ ყველა ყველას უფლებებს იცავს. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და, არავინ იცის, დღეს თუ წარმატებული ხარ, ხვალ ვინ იქნები და სად აღმოჩნდები. ამიტომ, შენი წარმატებით ცხვირი არ უნდა ასწიო და სხვას არ უნდა გადაამეტო თავი, ადამიანად უნდა დარჩე. ჩემთვის აპლოდისმენტები იმ შრომის შედეგია, რასაც წლების განმავლობაში ვეწევი; აღიარებაა იმის, რასაც ვაკეთებ. მომღერლის ცხოვრება ორ იოგზეა დამოკიდებული და, თუ მას რამე დაემართა, შენი წარმატებაც უკან მოგრჩება და ცხვირიც აწეული დაგრჩება.

– ვიცი, არაერთმა პიანისტმა დააზღვია თავისი თითები. არასდროს გიფიქრია იოგების დაზღვევა?

– როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ამაზე სადაზღვევოები თავს იკავებენ. თითებზე ნაკლები რისკია, იოგის დაზღვევას კი ერიდებიან. აქედან გამომდინარე, მომღერალი ორ იოგზეა „მიბმული” და მასზეა დამოკიდებული. 

– საკმაოდ დაკავებული ხარ და, ვიცი, მთელი წელი უკვე გაწერილი გაქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გიწევს საქართველოში ჩამოსვლა და არასდროს ამბობ უარს საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე.

– ამას სიამოვნებით ვაკეთებ. მიხარია, თუ ჩემი ნიჭით გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარები. ყოველთვის, როცა მაქვს შემოთავაზება საქართველოდან, ვთანხმდები, მიუხედავად დროის სიმცირისა. სამწუხაროდ, თებერვალში ბატონ პაატა ბურჭულაძის გრანდიოზულ საიუბილეო კონცერტში ვერ ვიღებ მონაწილეობას, რადგან, სწორედ ამ პერიოდში სპექტაკლი მაქვს დაგეგმილი. ძალიან მწყდება გული, მაგრამ, რას ვიზამთ, შემოქმედი ადამიანის ცხოვრება ხომ წინასწარაა გაწერილი. ახლა ვენაში ვარ და ერთ კვირაში მივემგზავრები ვარშავაში, სადაც „მარია სტიუარტში” ელისაბედის პარტიას ვმღერი. ჩემი შეყვარებულის როლს ასრულებს ასევე ქართველი მომღერალი შალვა მუქერია. ასე რომ, საკმაოდ ამაღელვებელი სპექტაკლი გველის წინ, მაგრამ, როგორ შევძლებ, გავხდე მკვლელი და მარია სტიუარტს თავი მოვაჭრა, არ ვიცი (იცინის), თუმცა, კაცი „ამახია” და ამის გამო ხომ უნდა გადავუხადო სამაგიერო?! (იცინის) დამიჯერეთ, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ მომხიბვლელობის მიღმა ძალა გამოიჩინო – ისე ითამაშო როლი, თითქოს რეალური ხარ და ეს ფაქტი ამ საუკუნეში, დღეს ხდება. ელისაბედის როლი რთულია, თუმცა ძალიან საინტერესო შესასრულებელი. თან, სპექტაკლზე, გარდა მუსიკის მცოდნეებისა და მოყვარულებისა, ხშირად მოდიან სამთავრობო სტრუქტურებიდან, საელჩოებიდან. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი გვხვდებიან და მადლობას პირადად გვიხდიან. უცხოეთში ძალიან უყვართ და აფასებენ საოპერო ხელოვნებას. 

– ცნობილია, რომ პლასიდო დომინგოს რჩეული მომღერალი გახდი, მაგრამ, როგორ მოახერხე, ისე აღგეფრთოვანებინა იაპონიის პრინცი, რომ შენი გაცნობა გადაწყვიტა და საიდუმლოებებიც გაგიმხილა?

– იაპონიის პრინცი „კარმენის” პრემიერაზე მოვიდა. აღფრთოვანდა სპექტაკლით და შემდეგ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. მკითხა, საიდან ხარო. რომ ვუპასუხე, საქართველოდან-მეთქი, გაეღიმა: მე ვიცი ბევრი რამ საქართველოს შესახებ და ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელ – ქართულ ღვინოსაც ხშირად ვაგემოვნებო. ძალიან კეთილგანწყობილი იყო. წარმოიდგინეთ, როცა პრინცი მოდის შენს მოსასმენად, რამხელა პატივია, თან, თუ ქართულ ღვინოსაც აგემოვნებს – ეს ხომ მთლად „პიკია” (იცინის). ზოგადად, გასულ წელს არაერთი წარმატებული გამოსვლა მქონდა და წელსაც უამრავი კონცერტია დაგეგმილი სხვადასხვა ქვეყანაში. შარშანდელი წელი არა მარტო კარიერულად, არამედ, პირადულადაც წარმატებული იყო; წელს კი, მგონია, უფრო გარდამტეხი წელი მელის წინ, მაგრამ, რის გარდატეხას ველი, ჯერ არ ვიცი (იცინის). მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, მე ოპტიმისტი ვარ. ვხუმრობ ხოლმე: შარშან ისეთი წელი მქონდა, ასე მგონია, ამ ერთ წელიწადში გავიზარდე-მეთქი. აი, წელს კი, მჯერა, ამის შედეგი ტრამპლინი იქნება და ვნახოთ. მთავარია, იმედი არ დაკარგო, შრომა არ დაგეზაროს და ყოველთვის აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს და რაც კარგად გამოგდის. შედეგად კი, წარმატებას უნდა დაელოდო – მე, ამ პრინციპით ვცხოვრობ და მიმართლებს კიდეც.

скачать dle 11.3