კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უფლებები აქვს თურქეთს აჭარის ავტონომიაზე, რა ეკონომიკურ უპირატესობებს აძლევს მას ყარსის ხელშეკრულება და რომელი თურქული კანონის საფუძველზე განიხილავს აჭარას თურქეთის განუყოფელ ნაწილად

ინტერესდაპირისპირებული რუსეთ-თურქეთის საეჭვო დაახლოების პროცესმა ბუნებრივად გაგვახსენა ყარსის ხელშეკრულება, რომლის შესახებაც ბევრი მითქმა-მოთქმაა და რომელსაც პირდაპირ უკავშირდება აჭარის ავტონომიურობის ფაქტი, რაც, თავის დროზე, სწორედ თურქეთის მოთხოვნით ჩაიწერა ზემოხსენებულ ხელშეკრულებაში. თან, ისე საფუძვლიანად, რომ აჭარის ავტონომიის გაუქმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ისევე, როგორც რეგიონზე თურქეთის სახელმწიფოს გავლენისგან თავის დაღწევა. ყარსის ხელშეკრულება (რომელიც გაფორმდა რუსეთს, თურქეთსა და ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკას შორის) დამოუკიდებელმა საქართველომ გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში ცნო თურქეთ-საქართველოს შორის იმხანად გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში (რითაც თითქმის ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი თურქეთთან ტერიტორიულ პრეტენზიებზეც). რა უფლებებს ანიჭებს ყარსის შეთანხმება ჩვენს მეზობელ თურქეთს და რა ზიანის მოყენება შეუძლია მას საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, – თემას ანალიტიკოს სიმონ კილაძესთან ერთად განვიხილავთ.  

– ხშირადაა კამათის თემა ყარსის ხელშეკრულების ვადიანობა-უვადობა. ერთნი ამბობენ, რომ მას ვადა ეწურება, მეორენი საპირისპიროს ამტკიცებენ. რა წერია ამის შესახებ თავად ხელშეკრულებაში?

– დღესაც ხშირად იწერება პრესაში და მაღალი სტატუსის მქონე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თითქოს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის ამა და ამ წელს და საქართველომ უნდა მიიღოს ზომები. მე არ მესმის, საიდან ებადებათ ასეთი აზრები, რადგან მსგავსი რამ ხელშეკრულებაში არ წერია. თუმცა ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ მხარეს აქვს უფლება, მოახდინოს ხელშეკრულების დენონსაცია, თუ აცნობებს მეორე ან დანარჩენ მხარეებს ამის შესახებ წინასწარ. მაგალითად, 1992 წელს თურქეთთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელშიც ჩაიწერა, რომ ყარსის ხელშეკრულება ძალაშია, 10 წლით გაფორმდა, თუმცა, თუ მხარეები არ მოითხოვენ მის შეწყვეტას, ის ავტომატურად გრძელდება და ეს მითითებულია დოკუმენტში. ამ შემთხვევაში კი არც ყარსის და არც რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებაში, საიდანაც გამომდინარეობს ყარსის ხელშეკრულება, არ არის მითითებული ვადა.

– ეს ნიშნავს, რომ ყარსის ხელშეკრულება უვადოა?

– საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში არის ასეთი პრინციპი, თუ ხელშეკრულებაში ვადა მითითებული არ არის, ის არის უვადო, თუმცა ეს არ უშლის ხელს არც ერთ მხარეს, განაცხადოს მისი დენონსაციის შესახებ.

– საქართველო რატომ არ აკეთებს ყარსის ხელშეკრულების დენონსაციას, რადგან ფორმალურია ეს უფლებამოსილება? ბუნებრივია, ეს რიტორიკული კითხვაა.

– რიტორიკული კითხვაა და რიტორიკული პასუხი აქვს: იმიტომ რომ, საქართველომ იცის, ეს რასთანაა დაკავშირებული, თუ არ იცის, ხვდება მაინც გუმანით. 

– და რასთან არის დაკავშირებული?

– საქართველო ვერ მოახერხებს ყარსის ხელშეკრულების დენონსაციას, იმიტომ რომ, ამაში ჩარეულია მესამე მხარეც. მაშინ ამიერკავკასიის რესპუბლიკები –  საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი –  გამოდიოდნენ ერთ მხარედ.

– ახლა უკვე სამნი ვართ, ანუ ყარსის ხელშეკრულება ხუთსუბიექტიანი გამოდის.

–  მაშინ სამსუბიექტიანი იყო –  რუსეთი, თურქეთი და ამიერკავკასიის რესპუბლიკები, ახლა ხუთსუბიექტიანი გამოდის, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა. მაგალითად, სომხეთი არ ცნობს ყარსის ხელშეკრულებას, იმიტომ რომ, ტერიტორიული დავა აქვს თურქეთთან, რაც ჩაწერილია სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა კანონებშიც. ამიტომ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა ცნეს ერთმანეთი, მაგრამ საზღვარი დღესაც ჩაკეტილია მათ შორის. აზერბაიჯანი როგორ მოახდენს ყარსის ხელშეკრულების დენონსაციას, როდესაც დგას ნახჭევანის, საზღვრების საკითხი და, საერთოდ, ცნობილია, როგორი ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან?! საქმე ისაა, რომ ეს ხელშეკრულება არ არის დამოუკიდებელი დოკუმენტი. ის დაკავშირებულია მოსკოვის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებასთან. რა თქმა უნდა, საქართველოს თეორიულად შეუძლია, განაცხადოს, რომ გამოდის ამ ხელშეკრულებიდან, მაგრამ ხომ უნდა გავიანგარიშოთ, რა მოჰყვება ამას?! ვთქვათ, სპეციალური ნოტით მივმართეთ თურქეთს, რომ არც ყარსის ხელშეკრულება გვინდა და 1992 წლის ხელშეკრულებიდანაც უნდა ამოვიღოთ ყარსის ხელშეკრულება, გამოდის, რომ საზღვარი რჩება უპატრონოდ და მისი დადგენა უნდა დავიწყოთ ხელმეორედ. დაგვთანხმდება ამაზე თურქეთი?! იქვე დგება აჭარის საკითხიც.

– დავაზუსტოთ, რომ სწორედ ყარსის ხელშეკრულების გამო არ შეგვიძლია აჭარის ავტონომიის გაუქმება ცალმხრივად და გვჭირდება დანარჩენი ოთხის თანხმობაც.

– რასაკვირველია. ამდენად, ყარსის ხელშეკრულების დენონსაციის მოთხოვნა ფანტასტიკის სფეროა.

– რა უფლებებს ანიჭებს ყარსის ხელშეკრულება თურქეთს აჭარაზე?

– ძალიან ნუ ჩავუღრმავდებით ისტორიას, მაგრამ გავიხსენოთ უახლესი მომენტები. ეს ტერიტორია რუსეთმა თურქეთისგან მიიღო კომპენსაციად, რადგან თურქეთს ფული არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, იქ ბევრი მუსლიმანი ცხოვრობდა. 1918 წელს, როდესაც კავკასიის ფრონტი დაიშალა ბოლშევიკების პროპაგანდის გამო, თურქეთის ჯარები შემოვიდა ბათუმში. მთელი აჭარა დაიკავა, ოზურგეთი და ახალქალაქიც კი, თუმცა გერმანიის დახმარებით ცოტა უკან დავახევინეთ. აი, მაშინ თურქებმა აჭარაში ჩაატარეს პლებისციტი. როდესაც ჯარით იკავებ ტერიტორიას, თავისთავად ცხადია, რომ ის გაყალბდებოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ამ ტერიტორიების თურქეთისთვის გადაცემას და თურქეთი ვითომ საერთაშორისო წესების დაცვით მოიქცა. როდის შემოუერთდა აჭარა საქართველოს? 1920 წლის ზაფხულში, როდესაც თურქეთი დამარცხდა ომში, ანტანტამ მას ჯარების გაყვანა მოსთხოვა და აჭარაში შემოვიდა ანტანტის ჯარები. ისინი აქ იყვნენ 1920 წლის ივლისამდე. როდესაც ანტანტის ჯარები გავიდნენ, ანტანტამ გადმოსცა საქართველოს ეს ტერიტორია. მანამდე კი ნოე ჟორდანიას მთავრობა აჭარის ტერიტორიას უწოდებდა სამუსულმანო საქართველოს და 1918 წელს, როდესაც თურქეთმა პლებისციტი ჩაატარა აჭარაში, საქართველოს მთავრობამ კონტრაქცია გააჩაღა და აჭარის მოსახლეობას აღუთქვა, თუ ჩვენკენ წამოხვალთ, თქვენ გექნებათ ავტონომიაო. ანუ ავტონომია ციდან არ ჩამოვარდნილა ყარსის ხელშეკრულებაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, თანახმა იყო ავტონომიაზე, რომ მუსლიმანი ქართველები თავისკენ გადმოებირებინა. მაშინ ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის მემედ აბაშიძე იბრძოდა, რომ საქართველოსკენ წამოსულიყო აჭარა და, როდესაც ინგლისელები წავიდნენ, ჩვენ შემოვიერთეთ აჭარა. მაშინ მიმდინარეობდა კონსტიტუციის შემუშავება და ჩაიწერა კიდეც მასში აჭარის ავტონომია. ამდენად, იმის თქმა, რომ აჭარას ავტონომია ყარსის ხელშეკრულებით მიენიჭა, არასწორია. აჭარას, საქართველოს კონსტიტუციით, მანამდეც ჰქონდა ავტონომია.

– მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის არსებობას ჩვენვე ვაკონტროლებდით, განსხავებით ყარსის ხელშეკრულებისგან.

– ეს ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ, ეს მომენტი დაფიქსირდა ამ ხელშეკრულებაში და რადგან მას უკვე საერთაშორისო დონეზე მიეცა სტატუსი, ჩვენს ნებაზე არ არის ავტონომიის სტატუსის გაუქმება. როდესაც პარლამენტში ვმუშაობდი, აჭარის დეპუტაციამ მთხოვა, მომეძებნა მასალები არქივებში, თუ როგორ უდგებოდნენ ამ საკითხს 1921 წლიდან მოყოლებული კომუნისტები, რა დოკუმენტებს იღებდა კომპარტია და მე მაშინ მომეცა საშუალება, ეს დოკუმენტები შემეკრიბა. თუმცა ეს მხოლოდ ემოციური მოთხოვნები იყო, თორემ არავინ დამჯდარა და არ გაუანალიზებია, შეიძლებოდა თუ არა აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა და რის საფუძველზე. ასე რომ, აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხი სხვებსაც უნდა შევუთანხმოთ.

– ვიცით, რომ 2008 წლის ომის დროს ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდა და ამბობდნენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე რუსული ბომბები არ ჩამოცვივდა სწორედ იმის გამო, რომ თურქეთმა განაცხადა პრეტენზია აჭარაზე, როგორც თავისი გავლენის უშუალო სფეროზე.

– ყარსის ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ თურქეთი თმობს თავის სუზერენიტეტს. ანუ წერია, ეს ჩემია, მაგრამ გითმობო. სანამ ქემალისტური თურქეთი შეიქმნებოდა, ოსმალეთი ინარჩუნებდა თავის სტატუსს, მართალია, ოკუპირებული იყო ანტანტის ჯარებით, მაგრამ მაინც ჰყავდა თავისი მთავრობა და პარლამენტი. ამ პარალმენტმა 1920 წელს მიიღო „ეროვნული აღთქმა“, სადაც ეს ტერიტორიები –  ართვინი, არტაანი და ბათუმი – ცხადდებოდა თურქეთის განუყოფელ ნაწილებად. ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ ამ ტერიტორიებს თურქეთი ისევ თავისად განიხილავს; რომ დათმო, მაგრამ დროებით. სხვათა შორის, მუსტაფა ქემალმა, როდესაც ახალი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, ოსმალეთის იმპერიის მიერ მიღებული ყველა კანონი და ხელშეკრულება გააუქმა, მაგრამ აი, ეს დატოვა. დასკვნა ხომ უნდა გავაკეთოთ, რატომ დატოვა?! რატომ იბეჭდება ჩვენთვის უსიამოვნო რუკები თურქეთში; რატომ აქვს თურქეთს სურვილი, აღადგინოს ოსმალური იმპერიის გავლენა?! ამას თავისი საფუძვლები და ისტორიული წინამძღვრები აქვს.

– ანუ ჩვენ ახლა აჭარა, ანუ თურქეთის „ტერიტორია“ დროებით მფლობელობაში გვაქვს და შეუძლია, თუ მოუნდა, წაიღოს? შესაძლებელია ასეთი ინტერპრეტაცია?

– თეორიულად არის ასეთი ინტეპრეტაციის საშუალება, მაგრამ თეორია იმიტომაა, რომ პრაქტიკაში ცოტა გავფრთხილდეთ. რასაკვირველია, თურქეთს ყოველთვის ექნება მხედველობაში ეს მომენტი და 2008-შიც ჰქონდა.

– ესე იგი, რუსეთი აღიარებს თურქეთის ამ უფლებას?

– ეს ჩაწერილია მოსკოვის ხელშეკრულებაში… დღეს თურქეთი და რუსეთი უახლოვდებიან ერთმანეთს და ამაზე საუბარია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ჩვენ ვიმეორებთ ამას, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ზედაპირულად ვამბობთ. მართალია, სომხები თავიანთი მიკერძოებულობით გამოირჩევიან, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით სწავლობენ და უამრავი გამოკვლევა აქვთ. აზერბაიჯანს თავი ქუდში აქვს, მაგრამ ისინიც მუშაობენ ამ საკითხზე, წიგნებსაც წერენ. ჩვენთან კი ვერაფერს იპოვით, სანთლითაც რომ ეძებოთ. ზედაპირულად გამოთქვამენ აზრებს. ჩვენს თურქოლოგებს გამოკვლევები აქვთ მხოლოდ საბჭოთა პერიოდამდე. თანამედროვე პერიოდი მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა შესწავლილი. თურქეთის საზღვარი გახსნილია, მაგრამ ვინმე მიდის და მუშაობს თურქეთის არქივებში?! ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს მსგავს თემაზე ლიტერატურა.

– როგორც მახსოვს, ყარსის ხელშეკრულება თურქეთს სავაჭრო კუთხით აძლევს უამრავ უპირატესობას, თუმცა თითქოს მას ამით არასდროს უსარგებლია.

– დიახ, ყარსის ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ თურქეთმა უნდა ისარგებლოს ბათუმის ნავსადგურის რაღაც ნაგებობებით უფასოდ, საქართველომ ხელი არ უნდა შეუშალოს და ასე შემდეგ. მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ სწორედ იმ ხელშეკრულების გამოძახილია, დღეს რომ ბათუმის აეროპორტი ერთობლივ სარგებლობაშია, რადგან არ მინახავს იმ აეროპორტის მშენებლობის კონტრაქტი. თავის დროზე ის კონფიდენციალური იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღეს აჭარაში მოძალებულია თურქული კომპანიები, ძალიან ბევრი კონტრაქტია იმავე ბათუმის ნავსადგურში. მე არ ვიცი, მომდინარეობს თუ არა ეს ყარსის ხელშეკრულებიდან, მაგრამ ფაქტია, რაც მაშინ იყო, ასჯერ იმაზე მეტია დღეს.

– ტერიტორიულ პრეტენზიაზე მეტი რაღა უნდა იყოს, მაგრამ საგანმანათლებლო და რელიგიური გავლენის უფლებაც ხომ არ აქვს? თუმცა ავტონომიის სტატუსი სწორედ რელიგიური ნიშნით ჩაიწერა ყარსის ხელშეკრულებაში.

– იმავე ყარსის ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ რელიგიური უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არსად წერია, რომ ხალხი უნდა აიძულონ, მიიღონ ისლამი. მაგრამ ამას არც უნდა ხელშეკრულება: როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას მიტოვებული აქვს ეს საკითხი, მეორე ქვეყანა ცდილობს, თავისი მენტალიტეტის მომხრეები ჰყავდეს. ჩვენთან რელიგიის თავისუფლებაა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რამეს გვაძალებენ.

– აბა, რა ჰქვია იმას, როდესაც სარგებლობ ჩემი სიღარიბით, ანუ უმწეობით, მთავაზობ, რომ ჩემს შვილს მისცემ განათლებას, აჭმევ, ასმევ, მიგყავს რელიგიურ სასწავლებელში და შემდეგ აბრუნებ?

– ეს არაფორმალურად, მაგრამ ფორმალურად, ანუ იურიდიულად ამას ვერ დააბრალებ თურქეთს. სხვათა შორის, სომეხი მეცნიერები ამბობენ, რომ ყარსის ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო მუხლები, რომლებშიც წერია, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 1946 წელს გაუვიდა. იყო ერთ-ერთი ცნობილი სომეხი კარიერული დიპლომატი ლევონ ეირამჯიანცი. მას აქვს გამოკვლევა ყარსის ხელშეკრულებაზე და იქ ამტკიცებს ამას. საერთოდ, ყარსთან დაკავშირებით სომხეთში უამრავი სტატია იბეჭდება. მთელი სომხეთის პრესა მუშაობს აგიტაციაზე და რუსებიც ხელს უწყობენ. სომეხი დიპლომატის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ იმის შემდეგ, სტატია გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოქვეყნდა, ვერაფერი აღმოაჩინეს, არადა მათ უფრო ღრმად იციან ეს საკითხი.

скачать dle 11.3