კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ქრისტიანს და რის მიხედვით არ უნდა შევარჩიოთ ნათლიები

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს – დღეს, როდესაც მაცხოვარი მოინათლა და რომლის დროსაც უდიდესი სასწაულია თეოფანია, ანუ მაცხოვრის განცხადება აღსრულდა. რა მოვლენები ხდებოდა ამ დღეს და როგორ უნდა მოიქცეს 19 იანვარს ქრისტიანი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– დღევანდელ დღეს ჰქვია „განცხადება“ უფლისა, ანუ „თეოფანია“ – ნათლისღება უფლისა და დიდი აიაზმა, ანუ – „დიდი სიწმინდე.“ ჩვენი ცოდვილი ბაგეებით სულიწმიდის მადლმა დღეს აკურთხა მატერია – წყალი, რათა ეს წყალი მთელი წლის განმავლობაში გვქონდეს ოჯახებში, ვისხუროთ, ვიხმიოთ, ჩვენს სახლებს ვასხუროთ, ოჯახებში მივიტანოთ, სნეულები განიკურნენ და მოხდეს ჩვენი დაუძლურებული სხეულის ცხოველმყოფელობა, განახლება.

– რაში დასჭირდა განკაცებულ ღმერთს ნათლისღება? 

– ღმერთს არც შობა სჭირდება, არც აღდგომა, არც ნათლისღება, ის უკვე საუკუნის უწინარეს არის შობილი, არის ძე ღმერთი, წმიდა სამების ჰიპოსტასი და ამ ყველაფერს ის იტვირთავს თავდამბლობით ჩვენთვის. მოვიდა იესო ქრისტე და ნათელიღო იოანესგან, განიხვა ცა, რომელიც დახურული იყო ადამიანის დაცემის შემდეგ; არავინ ასულა ზეცაში, გარდა ზეციდან გარდამომავალი იესო ქრისტესი. გახსნილი ცა კი დაინახა იოანე ნათლისმცემელმა. ის აჩერებდა იესო ქრისტეს: „მე შენგან უნდა ვიღო ნათელი და არა შენ ჩემგან”. და ამ დროს მაცხოვარი საოცარ სიტყვებს ეუბნება: „ესრე არს საჭირო, რათა აღესრულოს ყოველი სიმართლე.” ღმერთი არის ჭეშმარიტი, უცოდველი, მაგრამ ის იღებს მონის სახეს, იღებს ნათელს იოანეს ნათლისღებით, რომელიც ადამიანებს სინანულისთვის ამზადებდა, რათა ჩვენ, ცოდვილები, გავხდეთ ქრისტიანები. ერთ-ერთი თანამედროვე მოაზროვნე შესანიშნავ სიტყვებს ამბობს: „ქრისტიანობა – ეს არის ყველაზე ანტირელიგიური სარწმუნოება.” ყველა რელიგიაში ადამიანის ცხონება ხდება მცნებების დაცვით. ასეა ჩვენთანაც: ადამიანს თუ უნდა ცხონება, ეუბნებიან: მოინათლე, აღსარება თქვი, ეზიარე, მცნებები დაიცავი და ცხონდები. მაგრამ ქრისტიანობაში არის სხვა საიდუმლოებებიც, სხვა გარკვეული, ასე ვთქვათ, უცნაური მდგომარეობა, რომელიც ძალიან საინტერესოა. ქრისტიანობაში ცხონდა ავაზაკი, რომელიც არც მონათლული იყო, არც აღსარება ჰქონდა ნათქვამი, არც ნაზიარები იყო, სიკეთე არ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ, სიკვდილის ბოლოს მიხვდა თავის დაცემულ მდგომარეობას, თავის ცოდვილ მდგომარეობას და მოუხმო იესო ქრისტეს. წმიდა მამები ადამიანის ცხოვრებაში ორ ეტაპს გამოყოფენ: 1. ადამიანის მოსვლა ეკლესიაში – ადამიანს სჭირდება მადლი, რომ მოვიდეს ეკლესიაში. სამწუხაროდ, ჩვენთვის სწავლება ნათლისღების შესახებ ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ის განცხადებულია ეკლესიაში. როგორ ხდება ჩვენი მოსვლა ეკლესიაში: პატარაობაში არავინ არაფერი გვკითხა, დედამ და მამამ ჩაგვკიდეს ხელი, მოძებნეს ნათლია – სოფელში, ქალაქში ცნობილი, წარმატებული ადამიანი, მიგვიყვანეს ეკლესიაში; მღვდელმა რაღაცეები წაიკითხა, ოქროს ჯვრები ჩამოგვკიდეს, მღვდელს თანხა გადაუხადეს, შეანერწყვეს ეშმაკს და ამით დამთავდა ჩვენი პირველი მისვლა ეკლესიაში. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია ბევრისთვის. რაც შეეხება მეორე ეტაპს – როცა გარკვეულ ასაკში შეხვედით, გონება ღმერთმა გაგიხსნათ, მადლი გადმოვიდა თქვენზე და მიხვდით, რომ უფრო მეტი რამ გჭირდებათ: მე მჭირდება აღსარება, ზიარება; მე მჭირდება მოძღვარი – ანუ, ეს არის მადლის მეორე მხარე, რომელიც არის მაცხოვნებელი. ამიტომაც ადამიანის ცხოვრება უნდა გავყოთ ორ გარკვეულ ეტაპად, ორ მადლისმოქმედებად: ქრისტემდე, როდესაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს ნათლიამ, მღვდელმა და მეორე: ქრისტესთან ერთად ცხოვრება. „რაოდენიც ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს“ – ეს სიტყვები პავლე მოციქულს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ესეც ბუნდოვანია ჩვენთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ დღეს ხშირად კითხულობენ: ნათლიას მე უნდა დავურეკო თუ იმან უნდა დამირეკოს მე? ჩვენი დამოკიდებულება ამ დღისადმი იმით შემოიფარგლება, ვინ ვის უნდა დაურეკოს, ვინ უნდა მიუტანოს საჩუქარი და, საბოლოოდ, ამით მთავრდება ყველაფერი. ეს ძალიან დიდი ცოდვაა. ყველანი ვართ ნათლიები და ხშირად ამაყადაც ვამბობთ: 20 ბავშვი მყავს მონათლული, 15, 30; ზოგს ისიც კი არ გახსოვთ, ვინ გყავთ მონათლული. ნათლისღება რა არის? როგორც მაცხოვარი ბრძანებს: ვინც ირწმუნებს და მოინათლება, ის ცხონდება, ანუ, ჯერ მოინათლება და ირწმუნებს კი არა, ჯერ ირწმუნებს და მერე მოინათლება. 

– ნათლობის დღეს ვისი რწმენით ინათლება ბავშვი: მშობლის, მღვდლისა თუ ნათლიის? რადგან, მას იმ დროს არ შეიძლება რწმენა გააჩნდეს? 

– სამწუხაროდ, აქაც ბუნდოვანი დამოკიდებულება გვაქვს. ამიტომაც, მინდა, ყველა ნათლიას შევახსენო მათი მოვალეობები: თქვენ თქვენი ნათლულების მაგივრად ეშმაკს შეანერწყვეთ და თქვით: „განვეშორებით ეშმაკისგან, ყოველთა არაწმიდა სულებისგან”... ამ დროს ხშირად ბავშვი ტირის, ნათლიები კი იცინიან და ერთი სული აქვთ, როდის წავლენ და მიეახლებიან გემრიელ ტრაპეზს. პირობა, რომ ქრისტეს შეუდგებიან, ბავშვის მაგივრად დადებული აქვთ ნათლიებს და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მერე მშობელს მოჰყავს ბავშვი ეკლესიაში, მშობელი არ ეზიარება, სტიქაროსნები კი დაიჭერენ ბავშვს, თავში და ფეხებში ჩაავლებენ ხელს, არის ჭიდაობა, ერთი ამბავი და ასე მიგვყავს ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში. მერე, დრო რომ გადის და მღვდელი გკითხავთ: სად არის თქვენი შვილი ან ნათლულიო, არც კი იცით, ის სად არის და რატომ არ დადის ეკლესიაში, იმიტომ რომ, მშობლები და ნათლიები არ არიან ქრისტიანები, ნათლია არასწორად აირჩიეთ – მდიდარი ამა სოფლისა. 

 ხშირად მისვამენ ასეთ კითხვებს: მე და ჩემს ნათლულს ერთი ბავშვი გვყავს მონათლული  და, შეიძლება თუ არა, კიდევ მოვნათლოთ? მე მოვნათლე იმის შვილი და, მას თუ შეუძლია, მონათლოს ჩემი მამიდის ბებია?.. – და ასე შემდეგ. ეს ხომ არ არის მართლმადიდებლობა, ეს ხომ ჩვენი უპასუხისმგებლობა და გაუნათლებლობაა! ნათლია ერთია საკმარისი: გოგონას – გოგონა, ბიჭს – ბიჭი, ესეც ნორმალურია. ორი-სამი ალბათ იმიტომ არის, რომ ფიქრობთ: იქნებ ერთი მაინც გამოდგეს კარგი, დააწინაურებენ, წარმატებული იქნებაო. ამიტომ, როცა ამ საიდუმლოში აპირებთ მონაწილეობის მიღებას, მღვდელი უნდა იყოს მორწმუნე, მშობლებიც მორწმუნეები და ნათლია შეარჩიეთ ნორმალური, არა სიმბოლურად მორწმუნე, რომელიც წირვაზე დადის და ლოცულობს, არამედ, მის ცხოვრებას გადახედეთ.  ნათლია უნდა შეირჩეს სულიერი ღირსებების და არა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში ნათლიის ინსტიტუტი არ არსებობს. არადა, ნათლიამ ნათლულის სულიერ აღზრდაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. ნათლია სარწმუნოების დოგმატებში კარგად უნდა იყოს განსწავლული, ხშირი აღმსარებელ-მაზიარებელი უნდა იყოს, ზეპირად უნდა იცოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლო – „მრწამსი“ და უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანული წესებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მას უფლება, იწოდოს სხვა ადამიანის ნათლიად, მიმრქმელად. ის ადამიანები, რომლებიც უფლის წინაშე ნათლიებად არიან დადგენილები, განკითხვის დღეს პასუხს აგებენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულეს თავიანთი მოვალეობანი. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ადამიანს მხოლოდ ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს, სასურველია, მამაკაცს – კაცი ნათლია, ხოლო დედაკაცს – ქალი. ასევე, განსაზღვრულია ნათლიის ასაკი – ის აუცილებლად 12 წლის ზემოთ უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვი თვეში ერთხელ მაინც მიიყვანოთ ეკლესიაში, მცირე კატეხიზმო ჩაუტაროთ, ესაუბროთ მისი მფარველი წმიდანის შესახებ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენში არ უნდა იყოს სიმბოლური თავმდაბლობა, რომ მერე არ ვთქვათ: არ ვიცი, ვინ იყო ჩემი ნათლია, მას ჩემთვის არაფერი უსწავლებიაო. სხვათა შორის, პატარების ნათლობა მეცხრე საუკუნეში შემოდის, ბასილი დიდი 30 წლის იყო, როცა მოინათლა, იოანე ოქროპირი  კი – 26 წლის. მაშინ ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ ნათელმირონობას: სინდისის თავისუფლებით შეჰპირდა ღმერთი ადამიანს. ამიტომ, კარგად შეასრულეთ თქვენი სურვილები, თვალები, სმენა, ხელები, თქვენი ყველა გადაადგილება, რომ მერე არ შეგრცხვეთ იმის, რომ გარეგნული ქრისტიანები ვართ და არა შინაგანი. 

скачать dle 11.3