კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-2(753) 

მეორე დილით, გამრეკელს ადრე გაეღვიძა. ადგა. შხაპი მიიღო და მსუბუქად ისაუზმა. შემდეგ ქალაქში გავიდა და პაველ ნოჟკინისა და მისი ცოლ-შვილისთვის საჩუქრები შეიძინა. ბოლოს ტაქსი გააჩერა და ნოჟკინთან წავიდა.

სტალინის დროს აშენებელი, ფეშენებელური სახლის გაჩახჩახებულ, ფართო სადარბაზოში გამრეკელი სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ოფიცერმა გააჩერა და თავაზიანად ჰკითხა:

– სად მიბრძანდებით, ამხანაგო?

– პაველ ნოჟკინთან, – მიუგო მერაბმა.

– ერთი წუთით მოითმინეთ, – თქვა ოფიცერმა და ტელეფონზე დარეკა. შემდეგ ყურმილი დადო და გამრეკელს უთხრა:

– მიბრძანდით. გენერალი გელოდებათ.

მერაბი მეოთხე სართულზე ავიდა. ლიფტთან მას ნოჟკინი შეეგება. გადაეხვია და უთხრა:

– როგორ ხართ, მერაბ კონსტანტინოვიჩ? რამდენი ხანია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ.

– გილოცავ, ჩემო პაველ. გენერალი გამხდარხარ და მე კი ეს არ ვიცოდი.

– გმადლობთ, მერაბ კონსტანტინოვიჩ. ერთი თვეა, რაც გენერლობა მივიღე. სახლში მობრძანდით.

 – „კაგებეს“ გენერლობა სახუმარო საქმე არაა, – თქვა მერაბმა.

ნოჟკინმა გამრეკელს ანიშნა, – გვისმენენო და მიუგო:

– დიდი ნდობა გამომიცხადეს და ვცდილობ,  გავამართლო.

სუფრასთან ძველი მეგობრები ზოგად თემებზე საუბრობდნენ და აკრძალულ თემებს არ შეხებიან. მერაბი მომენტს ეძებდა, რომ პესკასელზე ჩამოეგდო საუბარი. პაველმა გამრეკელს ჰკითხა:

– ჩვენი საერთო ნაცნობები როგორ არიან, მერაბ კონსტანტინოვიჩ?

– რა უჭირთ, – მიუგო გამრეკელმა და დრო იხელთა, – ჰო, მართლა, ნესტორი როგორაა? ათასი წელია, არ მინახავს.

– ორი წელია, არ შევხვედრივარ, – მიუგო ნოჟკინმა, თან ანიშნა, – აივანზე გავიდეთო.

ხუთიოდე წუთის შემდეგ გენერლები ფართო აივანზე გავიდნენ. გააბოლეს და საკმაოდ შექეიფიანებულმა ნოჟკინმა გამრეკელს უთხრა:

– ნესტორი ისევ უცხოეთშია. მე მგონი, ლათინურ ამერიკაში. კონკრეტულად სად, არ ვიცი.

– ლათინურ ამერიკაში?

– კი.

– დააქვეითეს?

– არა, რას ამბობ, მერაბ კონსტანტინოვიჩ, პირიქით.

– პირიქით?

– დიახ. პირიქით. ყური მოვკარი, რომ ჩვენები რაღაც ოპერაციას ატარებენ და ნესტორიც სწორედ ამიტომ გაგზავნაეს იქ. მაგარი ვინმეა. მისნაირი კადრი სულ ორი-სამი თუ იქნება ჩვენთან. ხელმძღვანელობა ძალიან ენდობა და იმიტომაც გაუშვეს. ვფიქრობ, რეზიდენტი უნდა იყოს, – ნოჟკინმა ტუჩებზე მიიდო თითი და ხმას დაუწია, – მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ხომ იცი, სად ვმუშაობთ?

– უყურე შენ ნესტორს?! მაგას კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ძალიან მაღალა აფრინდებოდა, – გაეცინა გამრეკელს, თავისთვის კი გაიფიქრა, – ესე იგი ვცდებოდი. გამორიცხულია, რომ „კაგებეს“ ნესტორის ფანტომ-კალმარობა გამოპარვოდა. თანაც, უკვე ორი წელია, რაც უცხოეთში ყოფილა. გამოდის, რომ ცრუ კვალზე ვდგავართ და კალმარი სხვაგან უნდა ვეძიოთ.

ნოჟკინმა კვამლი გამოუშვა. გაეცინა. ხელი ჩაიქნია და მერაბს უთხრა:

– ჩვენი საქმე წასულია. სრული ქაოსია ქვეყანაში და მას ასი ნესტორიც ვერ უშველის.

– ვითომ? – განგებ თქვა გამრეკელმა.

– მერაბ კონსტანტინოვიჩ, შეიძლება, ერთი კითხვა?

– რა თქმა უნდა.

– რატომ დატოვეთ მინისტრის პოსტი?

– იმიტომ, ჩემო პაველ, რომ ცხრა აპრილის სისხლი ჩემთვის და სხვა პატიოსანი ხალხისთვის არ მოეწერათ.

– ჰოდა, თქვენს კითხვაზე ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ გაეცით პასუხი, – გაეცინა ნოჟკინს.

– მართალი ხარ. ცხრამეტ თებერვალს დავტოვე თანამდებობა და ჯერ კიდევ მაშინ ვივარაუდე, რომ სისხლისღვრა გარდაუვალი იყო.

– ეგ რა არის. ბევრად უფრო მეტი სისხლი დაიღვრება. ქვეყნის საქმე წასულია, – თქვა ნოჟკინმა და ხმადაბლა განაგრძო, – სახელმწიფოს სათავეში უტვინო, მოღალატე ინდაურები არიან და ამხელა ქვეყანას შლიან.

– ჰო. ქაოსია, ქაოსი. მეც ესე ვფიქრობ და კარგი არაფერი გველოდება. 

– გვეყოფა პოლიტიკა. სუფრას დავუბრუნდეთ, მერაბ კონსტანტინოვიჩ, – ნოჟკინმა გამრეკელს ზურგზე ხელი მოუთათუნა და მასთან ერაად სასტუმრო ოთახში დაბრუნდა.

ძველი მეგობრები რომ აიშალნენ, საღამოს ცხრა საათი შესრულდა. ნოჟკინი გამრეკელს გადაეხვია და ჰკითხა:

– თბილისში როდის ბრუნდებით?

– ზეგ დილით მივფრინავ.

– სამწუხაროა. ხვალ დილით, ოთხი დღით ლენინგრადში უნდა გავემგზავრო. კარგი იქნებოდა, სადმე რესტორანში დავმსხდარიყავით და თავისუფლად გვესაუბრა.

– თბილისში ჩამოდი და იქ გავაგრძელოთ.

– აუცილებლად. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, ორი-სამი დღით გესტუმრებით, – მიუგო ნოჟკინმა და გამრეკელი ტაქსამდე მიაცილა.

მერაბ გამრეკელი იმედგაცრუებული დაბრუნდა სასტუმროში. გულის სიღრმეში სწყინდა, რომ პესკასელში შეცდა და ფანტომი ნესტორი არ აღმოჩნდა. შემდეგ საკუთარ თავზე გაბრაზდა და გაიფიქრა: „რა გჭირს, გენერალო. ძალიანაც კარგი, რომ ნესტორი პატიოსანი აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება ხომ ამაზე ფიქრი გღრღნიდა და ბოლოს ხომ მაინც გაირკვა ყველაფერი. დამშვიდდი. სწორი გზა მონახე და სხვაგან ეძებე ეგ ფანტომ-კალმარი. სხვაგან? მაგრამ სად? მაინც ვინაა ეს იდუმალი ნაძირალა, რომელმაც ასე შემოგვიტია?“

გამრეკელმა გააბოლა. შემდეგ ტელეფონის ყურმილი აიღო. ნომერი აკრიფა და დაელოდა.

– გისმენთ, – გაისმა ქალის ხმა.

– თუ შეიძლება, პავლეს სთხოვეთ.

– გისმენთ, – მოესმა მერაბს ლიადოვის ხმა.

– გამარჯობა, პავლე. მერაბ გამრეკელი ვარ. როგორ ხარ?

– შენ როგორ ხარ, მერაბ?

– რა მიჭირს. მოსკოვში ვარ და შენი ნახვა მინდა.

– ჩემთან მოდი.

– ხომ არ აჯობებდა, რომ სადმე დავსხდეთ?

– სად?

– სასტუმრო „როსიას“ ბარში. აქ ვცხოვრობ. – კარგი. თხუთმეტ წუთში მოვალ.

თერთმეტის ნახევარი სრულდებოდა, როდესაც ლიადოვი და გამრეკელი ერთმანეთს ბარში შეხვდნენ. კოქტეილები შეუკვეთეს, მაგიდასთან ჩამოსხდნენ და გააბოლეს.

– მოხდა რამე, მერაბ? – ჰკითხა ლიადოვმა გამრეკელს.

მერაბ გამრეკელმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო ლიადოვს და ბოლოს უთხრა:

– სულ აგვებნა თავგზა და ვერაფერი გაგვირკვევია.

– ჯაბა სად არის?

– საიმედო ადგილზე. ჩვენს ახლობლებთან.

– მთავარია, საიმედოდ იყოს. სად და ვისთან, არ მაინტერესებს. რა იცი, რა ხდება.

– რას გულისხმობ?

– რაც შენ მითხარი, იმას. არც მე გავჩერებულვარ წამით და იმ ფანტომ-კალმარის გაშიფვრაზე ინტენსიურად ვმუშაობ. მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი ნულია. რამდენჯერაც კვალს დავადექი, იმდენჯერ გაწყდა ჯაჭვი და ყოველთვის ჩიხში შევედი.

– ჩვენც მასე ვართ. როგორც უკვე გითხარი, ამ საქმეს თავი და ბოლო ვერ გავუგეთ.

– დიდი ვერაგი ვინმეა ეგ კალმარი. ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ კარგად ინფორმირებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგაა.

– მაინც, რატომ ფიქრობ ასე?

– თბილისში რომ ზვიადაურს მკვლელი გოგონა დაადგა ერთი კვირის წინ, ჩემი თანამშრომელი იყო.

– რას ამბობ?

– ჰო. ასეა. ანფისა ზიკოვა. ჩემთან მუშაობდა. სხვათა შორის, ყველას ჯობდა.

– მერე?

– მერე ის, რომ სახლში მას ჩანაწერები აღმოვუჩინეთ.

– რა ჩანაწერები?

– დღიურები.

– რა ეწერა იმ დღიურებში?

– რა და თურმე ის შეშლილი შეკვეთილ მკვლელობებს ასრულებდა.

– ქილერი იყო?

– არა, მკვლელობებში ფულს არ იღებდა. უბრალოდ, ვიღაც იყენებდა მას და ეს ყველაფერი პატრიოტიზმით იყო შეფუთული. ვიღაც „ამხანაგი ვასო“ ავალებდა მას ამას.

– ამხანაგი ვასო?

– ჰო. ასე მოიხსენიებს ის გიჟი იმ ადამიანს. როგორც ეტყობა, ვიღაცამ მაგრად დაამუშავა ანფისა და ვფიქრობ, ის ვიღაც კალმარია.

– კვალს ვერ დაადექით?

– ვერანაირად. ის არანორმალური მხოლოდ შესრულებულ საქმეებს აღწერდა და ამხანაგ ვასოს ახსენებდა. სად ხვდებოდა იმ ადამიანს და ვინ და როგორია, ამაზე არაფერს წერს. ვფიქრობ, ანფისამ არც კი იცოდა იმ ვასოს ნამდვილი ვინაობა და ვასო, უბრალოდ ფსევდონიმია.

– მდა. ახლა ვასო, – თავი გააქნია გამრეკელმა.

– იცი, კიდევ რა ეწერა იქ?

– რა?

– რა და იმ გიჟს, თურმე, მე არ მოვწონდი და დღიურში ჩაუწერია, – ამხანაგ ვასოს უნდა ვთხოვო, რომ გენერალ პავლე ლიადოვის ლიკვიდაციის ნება მომცესო.

– შენ რაღას გერჩოდა?

– აბა, მე რა ვიცი. ეტყობა იდეოლოგიურად არ მოვეწონე.

– უყურე შენ? კიდევ კარგი, რომ ცოცხალი არაა ეგ გოგო, თორემ ვასოს რომ ნებართვა მიეცა, შენც მოგკლავდა.

– არ მგონია?

– რა არ გგონია?

– ამხანაგ ვასოს რომ ჩემი მოკვლის ნებართვა მიეცა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩემი განყოფილებიდან ინფორმაციები გაჰქონდა იმ ძუკნას ვასოსთან და ჩემს სიკვდილს შეიძლება, ეს არხი გადაეკეტა მისთვის.

– ამჟამად რა ხდება შენთან?

– სრული გაურკვევლობაა. ვფიქრობ, ჩემს გაშვებას აპირებენ და სანამ ასე მოხდება, მე თვითონ წავალ. განცხადება უკვე დავწერე და ხვალ მინისტრს შევუტან.

– მერე რას აპირებ?

– რასაც შენ. პენსიაზე გავალ. ოჯახს მივხედავ. დროა უკვე. მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედების დევნაში გავატარე და ცოლ-შვილი ყოველთვის გვერდზე მრჩებოდა. თანაც, უკვე არ ღირს იქ გაჩერება. ქვეყანა იშლება და ჯობია, საკუთარ თავს მივხედოთ. აი, ნახავ, რა უბედურებები დატრიალდეს.

– მეც სწორედ ასე ვფიქრობ. ამიტომ, შემოგვიერთდი და ერთად გავიტანოთ თავი.

– რას გულისხმობ?

– ამას მაშინ გაიგებ, თბილისში თუ გვესტუმრები. ჯერ სხვებსაც უნდა დაველაპარაკო და არ მგონია, უარი მითხრან.

– ისედაც ვაპირებდით მე და ჩემი ცოლი სოხუმში, ზღვაზე დასვენებას და დავაჩქარებ ამ საქმეს. ხვალ სამსახურიდან წამოვალ. სამ-ოთხ დღეში ზღვაზე გავემგზავრებით და თბილისშიც იქიდან ჩამოგაკითხავ. შენ როდის ბრუნდები უკან?

გამრეკელმა საათს დახედა და ლიადოვს უთხრა:

– რა დრო გასულა. დილის ექვსი საათია. შემოგვათენდა. ჩემი თვითმფრინავი ცხრაზე მიფრინავს.

გამრეკელი და ლიადოვი სასტუმროს ნომერში ავიდნენ. ცოტა ხანი იქაც ისაუბრეს. შემდეგ ქვევით ჩავიდნენ და ტაქსით გაემგზავრნენ. მერაბმა ლიადოვი სახლში მოიყვანა, გამოემშვიდობა და აეროპორტში წავიდა.

***

თბილისში დაბრუნებულ გამრეკელს ნოე ბუცხრიკიძე დახვდა. გენერალმა იმავე საღამოს შეკრიბა მეგობრები და ყველაფერი დაწვრილებით უამბო მათ. შემდეგ გააბოლა და ნოეს ჰკითხა:

– შენ რა ქენი. მშვიდობიანად დააბინავე ჯაბა და ნინო?

– ყველაფერი რიგზეა, ბატონო მერაბ. ჯაბა და ნინო ბორისს ჩავაბარე, ჩემი ქვისლი თვალის ჩინივით გაუფრთხილდება მათ.

– ბორისს არაფერი უკითხავს?

– მე თვითონ ვუთხარი, რომ ვითომ ნინო პათოლოგ ქმარს ემალება, – მიუგო ნოემ მერაბ გამრეკელს და ზვიადაურს გაუღიმა.

– როგორ გგონია, რამეს ხომ არ ხვდება შენი ქვისლი?

– მე მგონი, არა, – თავი გააქნია ბუცხრიკიძემ, – მაგრამ, რომ ხვდებოდეს კიდეც, ამით არაფერი შეიცვლება და ბორისი საიმედოდ მიხედავს.

– ამის დედა ვატირე, ეს საქმეა? ერთი კვირის მოყვანილი ცოლი ცხრა მთას იქით გავუშვი სხვის იმედზე, – ჩაეცინა ზვიადაურს, – ისე არ გამიგოთ, ვეჭვიანობდე, მაგრამ, ეს ნაძირალა კალმარი რაც შეიძლება მალე უნდა გავშიფროთ და მოვსპოთ.

გამრეკელმა თანაგრძნობით შეხედა ვაჟას და თქვა:

– კი, რაც შეიძლება, მალე. ახლა კი ისინი იქ უნდა იყვნენ, სადაც არიან.

გენერალმა გააბოლა და დაამატა: 

– სამ-ოთხ დღეში ლიადოვი ჩამოვა თბილისში და რას იტყვით, გავანდოთ მას ჩვენი საქმე?

– რა თქმა უნდა, – ყველა ერთხმად დაეთანხმა გამრეკელს. ვაჟა ზვიადაურმა კი აღნიშნა:

– პავლე ლიადოვზე თავს დავდებ – მისგან ღალატი გამორიცხულია. თანაც, მაღალი დონის პროფესიონალია და დიდი ძალა შემოგვემატება.

– მეც ვენდობი. მაგის საქმეებსაც კარგად ვიცნობ, – თქვა გამრეკელმა, – მასთან საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი საქმის შემოთავაზება უნდოდა და იმ მომენტში თავი შეიკავა. ვფიქრობ ის აქ იტყვის თავის სათქმელს.

– ჩვენ კი მოვუსმენთ, – გაეღიმა კოტე სოხაძეს.

– ლიადოვი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და სერიოზული სათქმელი ექნება, – დაამატა ზვიადაურმა. ბუცხრიკიძემ კი გამრეკელს ჰკითხა:

– რას ფიქრობთ, ბატონო მერაბ, მაინც, რისი თქმა სურს გენერალ ლიადოვს?

– თუ ინტუიცია არ მღალატობს, მე მგონი, პავლე იმასვე შემოგვთავაზებს, რასაც ჩვენ უკვე ჩავუყარეთ საფუძველი, – მიუგო გამრეკელმა ნოეს, – პავლე ლიადოვიც ჩვენნაირად ხედავს მომავალს. არც მას ჰყავს ჩვენზე ნაკლები მტრები, ვერც ის შეეგუება უსამართლობას და თავდაცვა მასაც სჭირდება.

– ძალა ერთობაშია, – გაეღიმა ბუცხრიკიძეს.

– კი, ასეა და ერთად, შეკრულად, შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ, – მიუგო გამრეკელმა.

***

პავლე ლიადოვი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ესტუმრა მერაბ გამრეკელს. წინა საღამოს კი მას პაველ ნოჟკინმა დაურეკა და უთხრა:

– საღამო მშვიდობისა, მერაბ კონსტანტინოვიჩ. ბოდიშს გიხდით, რომ ასე გვიან გაწუხებთ. ხომ არ გაგაღვიძეთ?

– არა, პაველ, რას ამბობ. როგორ ხარ, ძვირფასო?

– არა მიშავს. თქვენ?

– მეც არა მიშავს. ხომ მშვიდობაა?

– ეჰ, მერაბ კონსტანტინოვიჩ, მშვიდობა რომ არაა, ასე გვიან ამიტომ გირეკავთ. კი ვიფიქრე, დილით შევეხმიანები-მეთქი, მაგრამ, გულმა არ მომითმინა.

– რა მოხდა?

– ნესტორ პესკასელი დაიღუპა, მერაბ კონსტანტინოვიჩ.

პაველ ნოჟკინის სიტყვების გაგონებაზე გამრეკელს ელდა ეცა. იმიტომ კი არა, რომ პესკასელის სიკვდილის ამბავი შეიტყო, არამედ იმიტომ, რომ ნესტორი მას ბოლომდე ეგონა ფანტომ-კალმარი და იმედი ჰქონდა, უახლოეს პერიოდში მას მოიხელთებდა და საკადრისს მიუზღავდა. „მკვდარს რა პასუხს მოვთხოვ? კიდეც რომ ნესტორი ყოფილიყო ფანტომი, ახლა ამას როგორ გავიგებ? თუმცა, თუ ნესტორი იყო ფანტომ-კალმარი, მაშინ, ჩვენ გვეშველა და ვეღარავინ მოგვიგზავნის მკვლელებს. მაგრამ, თუ ნესტორი სუფთა იყო და ვცდებოდი, მაშინ უფრო მეტი დარტყმის ქვეშ ვართ ყველანი, რადგან, არანაირი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს და უფრო მეტად დაუცველები ვართ“, – გაიფიქრა გამრეკელმა. ნოჟკინს კი ჰკითხა:

– სად და როგორ?

– როგორ, მერაბ კონსტანტინოვიჩ და, საშინლად, ავიაკატასტროფაში. საბჭოთა დიპლომატებით სავსე პატარა თვითმფრინავი ზედ პერუს, კოლუმბიისა და ბრაზილიის საზღვარზე ჩამოვარდა. ეკიპაჟის ხუთივე წევრი და ოცდაშვიდივე მგზავრი, მათ შორის ნესტორიც, დაიღუპნენ. ყველა დაიწვა და დანახშირდა.

– ეს რა მითხარი, პაველ, საცოდავი ნესტორი!

– აბა?! ძალიან დამწყდა გული.

– როდის ასაფლავებენ?

– დღეს დაასაფლავეს.

– დღეს?

– დიახ, მერაბ კონსტანტინოვიჩ. მე ხომ მივლინებაში ვიყავი და სულ რაღაც ორიოდე საათის წინ დავბრუნდი. პირდაპირ სამსახურში მივედი და იქ შევიტყვე ეს საშინელი ამბავი. გუშინ ჩამოუსვენებიათ მიცვალებულები, დღეს კი ყველა დაასაფლავეს. ნესტორი მხედრული პატივით დაკრძალეს და ცერემონიალს პირადად თავმჯდომარე დაესწრო.

– სამწუხაროა, რომ ადრე  არ ვიცოდი, თორემ, მეც ჩამოვიდოდი.

– მეც ძალიან ვწუხვარ, რომ ნესტორი უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე, – თქვა ნოჟკინმა.

– პაველ, შეცდომა გამორიცხულია?

– რას გულისხმობთ, მერაბ კონსტანტინოვიჩ?

– ყველა ცხედარი იპოვეს? ხომ შეიძლებოდა, რომ ვინმე გადარჩენილიყო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნესტორს ვგულისხმობ. თუ ცხედრები დანახშირდა, მათ ხომ ზუსტად ვერავინ ამოიცნობდა და, ამიტომ, სასწაულის იმედი მაქვს.

– გამორიცხულია, მერაბ კონსტანტინოვიჩ, – ამოიოხრა ნოჟკინმა, – ჯერ ერთი, ყველა ცხედარი ნაპოვნია. ყველაზე მთავარი და ჩვენთვის სამწუხარო კი ისაა, რომ ნესტორი ნამდვილად დაიღუპა და ამას წყალი არ გაუვა.

– დარწმუნებული ხარ, პაველ?

– სამწუხაროდ, კი.

– შეგიძლია, მითხრა, რატომ?

ნოჟკინი შეყოვნდა. შემდეგ, რატომღაც, ხმას დაუწია და გამრეკელს მიუგო:

– მერაბ კონსტანტინოვიჩ, ნესტორს, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ცეცხლგამძლე, ტიტანის ჩემოდანი ებარა, ეს ჩემოდანი მას ხელზე ხელბორკილით ჰქონდა მიბმული და სხვისთვის გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ ეეძლო. ერთ-ერთ ცხედარს სწორედ ეს ჩემოდანი აღმოუჩინეს ხელზე მიბმული, ესე იგი, ის ნესტორი იყო.

– გასაგებია, პაველ. სამწუხაროა. მთელი არსებით განვიცდი.

– მეც, მერაბ კონსტანტინოვიჩ, – ამოიოხრა ნოჟკინმა, – ბოდიშს გიხდით, რომ ასე გვიან ასეთი ცუდი ამბავი შეგატყობინეთ.

– რას ამბობ. კარგი ქენი, რომ დამირეკე. პაველ, თბილისში ჩამოსვლას ხომ არ აპირებ? იქნებ გამონახო სამი-ოთხი დღე, რომ მესტუმრო და საცოდავი ნესტორის მოსაგონარი შევსვათ?

– ვეცდები, მერაბ კონსტანტინოვიჩ. როგორც კი დროს გამოვნახავ, მაშინვე გეწვევით. სამ-ოთხ დღეს, ალბათ, ვერ მოვახერხებ, მაგრამ ერთი-ორი დღით როგორმე შევძლებ. ღამე მშვიდობისა. მეტს აღარ შეგაწუხებთ.

– ღამე მშვიდობისა, პაველ, გელოდები, – მიუგო გამრეკელმა ნოჟკინს და ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო.

მერაბმა საათს შეხედა. ისრები შუაღამეს უახლოვდებოდა. თამარი და ბავშვები გაგრაში ისვენებდნენ და გენერალი მარტო იყო სახლში. მან გააბოლა და ოთახში გაიარ-გამოიარა, თან ნოჟკინის მონათხრობს აანალიზებდა: „როგორც ჩანს, პაველი სიმართლეს ამბობს. „კაგებეში“ ამ მხრივ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა დაყენებული და ნესტორის საგანგებო ჩემოდანს მხოლოდ პესკასელი თუ წამოიღებდა. „კაგებეში“ დაზღვევის გამოცდილი სისტემაა და ჩემოდნიან პესკასელს თავისი მეთვალყურე ეყოლებოდა, რომელიც ბოლომდე მიადევნებდა მას თვალს და მხოლოდ მას მერე წავიდოდა, როცა თვითმფრინავი აფრინდებოდა. ესე იგი, ნესტორ პესკასელი დაიღუპა. თუკი ის მართლა ფანტომ-კალმარი იყო, მაშინ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებები უახლოეს პერიოდში  შეწყდება, ხოლო თუკი კვლავ გაგრძელდება, მაშინ ნესტორი მართალი კაცი ყოფილა და, გამოდის, რომ მასზე ტყუილად მქონდა ეჭვი“, – გაიფიქრა გენერალმა. შემდეგ საწოლზე წამოწვა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ფანტომ-კალმარზე ფიქრში შემოათენდა.

ის-ის იყო, ღამენათევ პესკასელს ჩათვლიმა, რომ ტელეფონმა დარეკა. მერაბმა ყურმილი აიღო და უპასუხა:

– გისმენთ!

– პავლე ლიადოვი ვარ, მერაბ, ხომ არ გაგაღვიძე?

– არა, რა გამაღვიძე! სად ხარ, პავლე, რატომ დაგაგვიანდა ჩამოსვლა?

– თბილისში ვარ, ახლახან ჩამოვყევი სოხუმის მატარებელს.

– ვაგზლიდან რეკავ?

– კი, ვაგზლიდან.

– ახლავე მოვალ და წამოგიყვან. ტაქსების გაჩერებაზე დამელოდე.

– არ გინდა, მე თვითონ მოვალ. უბრალოდ, იმიტომ დავრეკე, რომ მეკითხა – უხერხული ხომ არაა, ასე ადრე მოგადგე?

– რას ამბობ, პავლე, რა ადრე! – მიუგო მერაბმა, თავისი ბინის მისამართი უთხრა ლიადოვს და დაამატა: – მაქსიმუმ ათ წუთში თუ არ მოხვალ, შენზე საკავშირო ძებნას გამოვაცხადებ.

– არაა საჭირო, მოვდივარ, – მიუგო ლიადოვმა და ყურმილი გათიშა.

ლიადოვი მართლაც ათ წუთში მივიდა გამრეკელთან და მასპინძელს გადაეხვია.

– სად ხარ, გენერალო, რა არ ვიფიქრე! რატომ დაგაგვიანდა ჩამოსვლა? – ჰკითხა გამრეკელმა ახალმოსულს.

– მოსკოვში შევყოვნდი, სანამ საქმეები გადავაბარე, შემდეგ გასამგზავრებლად მოვემზადე. მხოლოდ გუშინ შუადღეზე ჩავფრინდით მოსკოვიდან სოხუმში და ჯერ ოჯახი დავაბინავე, შემდეგ კი მატარებლის ბილეთი ავიღე და შენთან წამოვედი.

– მოდი, ვისაუზმოთ, მოშიებული იქნები.

– მარტო ხარ?

– კი. ჩემები გაგრაში ისვენებენ.

– სიმართლე გითხრა, ცოტა არ იყოს, მომშივდა.

– შენ შხაპი მიიღე და გაგრილდი, მანამდე მე საუზმეს გავაწყობ, – მიუგო მასპინძელმა სტუმარს და ლიადოვს სააბაზანოსკენ მიუთითა. თავად კი სამზარეულოსკენ გაემართა სუფრის გასაშლელად.

გენერალი ლიადოვი ოცი წუთის შემდეგ გამოვიდა სააბაზანოდან და სამზარეულოში გაშლილი სუფრა დახვდა.

– გთხოვთ, ამხანაგო გადამდგარო გენერალო, – ნახევრად ხუმრობით უთხრა გამრეკელმა ლიადოვს, – ჯერ წაიხემსე, შემდეგ კი ცოტა გადავკრათ.

თადარიგის გენერლები ოდნავ რომ დანაყრდნენ, მერაბმა წითელი ღვინით სავსე ჭიქა ასწია და სტუმარს უთხრა:

– ამით შენს ჩამოსვლას გაუმარჯოს!

– როგორც ქართველები იტყვით, – ჩემს ჩამოსვლას და შენს დახვედრას გაუმარჯოს, – თქვა ლიადოვმა და ღვინით სავსე ჭიქა გამოცალა.

სანამ პავლე ლიადოვი რკინიგზის სადგურიდან გამრეკელთან მიდიოდა, მერაბმა სოხაძეს, ზვიადაურსა და ბუცხრიკიძეს დაურეკა და მასთან მოსვლა სთხოვა. სამივე თითქმის ერთდროულად მივიდა გამრეკელთან და ყველანი სასტუმრო ოთახში, სავარძლებში მოკალათდნენ.

– მე დავიწყო თუ ჯერ შენ იტყვი შენს სათქმელს, პავლე? – ჰკითხა გამრეკელმა ლიადოვს.

– პირველი სიტყვა მასპინძელს ეკუთვნის, – მიუგო ლიადოვმა, რაზეც ზვიადაურს გაეცინა – ვაჟა კარგად იცნობდა თავის  ყოფილ უფროსს და იცოდა, რომ ლიადოვს მოსმენა უფრო უყვარდა, ვიდრე ლაპარაკი.

– ასე იყოს, ჯერ მე ვიტყვი, – მერაბმა პავლეს ზვიადაურზე მიანიშნა და თქვა: – შენ ვაჟას, რომ იტყვიან, მოხარშულს იცნობ, ფაქტობრივად, შენს ხელში დავაჟკაცდა. კოტე სოხაძე და ნოე ბუცხრიკიძე სანდო, პატიოსანი და პროფესიონალი ხალხია. სამწუხაროდ, გულბათ მარგიანი გამოგვაკლდა. ერთი სიტყვით, ჩვენ გარკვეული ბაზისი შევქმენით საიმისოდ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელი დიდი საფრთხეებისგან დავიცვათ თავი. აქ კი იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შემოგთავაზოთ, შემოგვიერთდე და ერთად ვიმოქმედოთ საერთო მტრის წინააღმდეგ. შენც, ისევე, როგორც ჩვენ, მეტი თუ არა, ნაკლები მტრები არ გყავს და მარტო ყოფნა და მათთან ბრძოლა გაგიჭირდება, ხოლო, ბრძოლა რომ მოგვიწევს, თანაც, საკმაოდ სასტიკი – ეს აშკარაა.

– გეთანხმები. კონკრეტულად რას მთავაზობთ?

მერაბმა პავლეს ოქროს, შეიარაღებისა და არქივის ამბები მოუყვა და უთხრა:

– ეს ყველაფერი საიმედოდ გვაქვს გადამალული და, საჭიროებისამებრ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

– გამოდის, რომ არალეგალურ, საიდუმლო ორგანიზაციას ვქმნით.

– კი, ასეა.

– საჭირო, აუცილებელი საქმეა და თანახმა ვარ. მაგრამ, შეკითხვები მაქვს.

 გისმენ.

– ჩვენი და ჩვენი ოჯახების დაცვა კონკრეტული მიზანია და, როგორც მივხვდი, სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ერთობა.

– დიახ, – დაეთანხმა ლიადოვს გამრეკელი.

– ზოგადად რა მიზნები გაქვთ, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ?

– ზოგადად, რამდენსაც გავწვდებით, პატიოსან ადამიანებს დავიცავთ და დავეხმარებით.

– რა თქმა უნდა, საიდუმლოდ, ხომ?

– ძირითადად – კი.

– სწორია. ჩვენს საქმეში საიდუმლოდ მოქმედება და საიდუმლოების დაცვა უმთავრესია. ახლა ის მითხარი, რა ადამიანურ რესურსებს ეყრდნობით?

– ჩვენ ხუთნი – ბირთვი ვიქნებით, ანუ, რომ იტყვიან, ორგანიზაციის ტვინი. გარდა ამისა, შეთვალიერებული გვყავს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლის გამოყენებაც შეიძლება. მათ ჩვენ ვაკვირდებით. გამოჩნდებიან სხვებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ გარდა დანარჩენებს ყველაფერი არ ეცოდინებათ, მაგრამ, ყოველმხრივ საიმედო ხალხი გვჭირდება და ასეთები საკმაოდ მრავლად არიან.

– ძირითადად, ალბათ, ჩვენს კოლეგებს გულისხმობ.

– კი.

– ყველაფერი სწორია. მეც მათ აზრზე ვარ და მსგავსი რამის თქმა შენთვის ჯერ კიდევ მოსკოვში მინდოდა, თუმცა თავი შევიკავე.

– მე ამას მივხვდი, – გაეცინა გამრეკელს.

– პატარა კაპიტალი, შეიარაღება და საკმაოდ მნიშვნელოვანი არქივი მეც საიმედოდ მაქვს გადამალული, – თქვა ლიადოვმა.

– ძალიან კარგი, – მიუგო მერაბმა.

– გარდა ამისა, საიმედო, ერთგული და პროფესიონალი ხალხის ჯგუფიც მყავს.

– მშვენიერია.

– ახლა, რაც შეეხება ჩვენს მიზნებს. ზოგადად, სწორი მიმართულება გვაქვს აღებული, მაგრამ, მე უფრო კონკრეტული წინადადება მაქვს.

– თქვი, გისმენ.

– მე იმ ხალხის „შავი სია” მაქვს, ვინც ლიკვიდირებული უნდა იქნას და ეს ფუნქციაც ჩვენ უნდა ვიკისროთ, – თქვა ლიადოვმა და პაუზა გააკეთა. შემდეგ ოთხეულს გადახედა და დაამატა: – ეს არც უბრალო შურისძიებაა და არც მკვლელობა მკვლელობისთვის, არამედ, არის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნა. ჩემი „შავი სიის” ფიგურანტები ან უკვე არიან თავგასული ნაძირალები, ან უახლოეს მომავალი გახდებიან ასეთები და მათი დროული მოსპობა აუცილებელია. ამით ჩვენ ჩვენს მიზანს უფრო იოლად მივაღწევთ და საქმეს გავიადვილებთ. რას იტყვით?

– რბილად რომ ვთქვათ, კაცის მოკვლა არც თუ ისე სასიამოვნო რამაა, თუნდაც ყველაზე ნაძირლის და თუნდაც არაპირდაპირ, ანუ, როდესაც შენ ბრძანებ და სხვა ასრულებს. ამიტომ, ყოველ ასეთ ვერდიქტს ჩვენი მხრიდან საფუძვლიანი განსჯა უნდა უძღოდეს წინ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, – თქვა გამრეკელმა, რაშიც მას დანარჩენებიც დაეთანხმნენ.

– თავისთავად, – თქვა ლიადოვმა. მაგიდაზე უბის წიგნაკი დადო და დაამატა: – აი, ჩემი „შავი სია” და მასში პირველ ნომრად თქვენი უბოროტესი მტერი რუზგენ ჩოჩიანია. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ის საიქიოში გადასახლდეს. რას იტყვით? შემსრულებელიც არის და მხოლოდ ჩემს ბრძანებას ელოდება.

– ჩოჩიანი რომ ჩვენი მტერია და მოსაკლავია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, მისი ახლა მოკვლა არ შეიძლება, – თქვა გამრეკელმა.

– რატომ? – იკითხა პავლემ.

– იმიტომ, რომ მან კალმარის სახელი იცის და მხოლოდ მისი მეშვეობით თუ გავალთ იმ მონსტრზე.

– მაშინ, მოვიტაცოთ და ყველაფერი დავაფქვევინოთ, შემდეგ კი მოვსპოთ.

– ამ ეტაპზე ესეც გამორიცხულია.

– რატომ?

– იმიტომ, პავლე, რომ მას კბილებამდე შეიარაღებული ოცეული ოცდაოთხი საათის განმავლობაში გვერდიდან არ შორდება და მოტაცება არ მოხერხდება. ჩვენ ეს საკითხი უკვე განვიხილეთ და ასეთ დასკვნამდე მივედით.

– სამწუხაროა, მაგრამ, არა უშავს. ცოტა ხანს კიდევ იცოცხლოს იმ ნაძირალამ და სიაში იქით გადავწიოთ. იმედია, რომ მას კალმართან ერთად მოვსპობთ, – თქვა ლიადოვმა.

– ახლა კი კალმარზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ, – მიუგო ლიადოვმა გამრეკელს.

მერაბმა ლიადოვს ნესტორ პესკასელის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:

– მთელი ცხოვრება ასე გაორებული ვიყავი მის მიმართ და ვერ ვარკვევდი, მართლა ის იყო ფანტომ-კალმარი თუ სხვა ვინმე.

– აბა, რა გითხრა, მერაბ. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ, თითქმის გამორიცხულია, რომ ასეთი ნაძირალა „კაგებეს“ გენერალი გამხდარიყო. იქ ყველაფერს ძალიან საგულდაგულოდ ამოწმებენ. არა მგონია, რომ პესკასელის ფანტომ-კალმარობა გამოჰპარვოდათ. ვფიქრობ, რომ ცდებოდი, – უთხრა ლიადოვმა გამრეკელს.

– ახლა კი ახალ ამბავს გეტყვით. მეც გუშინ შევიტყვე.

– რა ამბავს, მერაბ? – იკითხა სოხაძემ.

– პესკასელზე.

– მოხდა რამე?

– წუხელ პაველ ნოჟკინმა მოსკოვიდან დამირეკა და მითხრა, რომ გენერალი ნესტორ პესკასელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა სამხრეთ ამერიკაში. თვითმფრინავი სამი სახელმწიფოს საზღვართან ჩამოვარდა და ოცდათორმეტი ადამიანი დანახშირდა. მათ შორის იყო პესკასელიც და ის გუშინ დაკრძალეს მოსკოვში.

– ბატონო მერაბ, თუკი გვამები დანახშირდა, ისინი როგორ ამოიცნეს? ხომ შეიძლება, რომ ნესტორ პესკასელი მათ შორის არ ყოფილიყო?

– ჰკითხა გამრეკელს ნოე ბუცხრიკიძემ.

– გამორიცხულია.

– რატომ?

მერაბმა ნოეს ცეცხლგამძლე ჩემოდნის ამბავი მოუყვა და ბოლოს უთხრა:

– „კაგებეს“ დაზღვევის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ იქ შეცდომა პრაქტიკულად გამორიცხულია. ჩემოდნიან პესკასელს თავისი მეთვალყურე ეყოლებოდა და მხოლოდ მას მერე მოაცილებდა თვალს ნესტორს, როდესაც თვითმფრინავი აფრინდებოდა. ის თვითმფრინავი კი აფეთქდა და მასში პესკასელი იჯდა. ამიტომ ის მკვდარია.

– ლოგიკურად ასეა, – დაეთანხმა გამრეკელს ბუცხრიკიძე.

მერაბს გაეცინა და ნოეს უთხრა:

– ვხვდები, რომ შენც, ჩემი არ იყოს, ნესტორზე ეჭვობდი, მაგრამ პესკასელი ნამდვილად დაიღუპა.

– კი, ვეჭვობდი, – დაუდასტურა ნოემ და დაამატა: – თუ მართლა ნესტორი იყო კალმარი, მაშინ ჩვენ არავინ შეგვაწუხებს, ყოველ შემთხვევაში, მისი მხრიდან. ხოლო, თუკი კალმარის კვალი კვლავ გამოჩნდა, მაშინ ნესტორ პესკასელი სუფთა ყოფილა, მცდარ კვალზე ვმდგარვართ და ჩვენი ამოცანა კალმარის გამოაშკარავების საქმეში ბევრად უფრო რთული ყოფილა.

– სწორედ ასეა, – დაუდასტურა გამრეკელმა ნოეს.

– ჰოდა, ბატონო მერაბ, მაშინ ჩოჩიანს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3